ბრძანება N 18229
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18229
07 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------)
(ფაქტ. მის.: ----------------------------)
(იურ. მის.: -----------------------------)
2024 წლის 24 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) №90958/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №249-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრულ ჯგუფებში არასწორად არის მითითებული დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებები, რაც იწვევს საქონლის მაღალ ფასნამატს.
2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3449 და 7 ივნისის №13510 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 17 აპრილის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 17 ივნისს გამოსცა №14092 ბრძანება და №249-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 72 323 ლარი, მათ შორის, გადასახადი 43 532 ლარი, ჯარიმა 19 015 ლარი და საურავი 9 776 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა შერეული საქონლით (ტანსაცმელი, ტექსტილი, სასტუმროს აქსესუარები) ქ. -----ში და -------ში ბაზრობის ტერიტორიებზე. აგრეთვე, საბუღალტრო პროგრამით უფიქსირდება ონლაინ ვაჭრობით მიღებული შემოსავალი. რეგისტრირებული აქვს სამი საკონტროლო სალარო აპარატი. რეგისტრაციის მისამართებია: ----ის რაიონი, სოფ, ------; ქალაქი -----ი და ----ის ბაზრობის ტერიტორია. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შემოწმებისთვის საჭირო პირველადი დოკუმენტაცია, აგრეთვე, საბუღალტრო პროგრამა ორისი, რომელშიც არასრულად არის აღრიცხული საქონლის მოძრაობა, კერძოდ, საქონელი ჩამოწერილია წლის ბოლოს, შესაბამისად, ვერ ხერხდება საცალოდ და საბითუმოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების იდენტიფიკაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ საქონლის რეალიზაცია ძირითადად ხორციელდება დოკუმენტის გარეშე (2021 წელს დოკუმენტურად რეალიზაციის წილი მთლიან ბრუნვაში შეადგენს 9%, 2022 წელს-7%, 2023 წელს 33%), გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული წლიური ფასნამატი ჩამორჩება ი/მ --------ის 2021-2023 წლების დოკუმენტურ ფასნამატს, აგრეთვე, ანალოგიური საქონლის რეალიზაციისას გამოყენებულ სხვა აუდირებულ ფასნამატს. გადამხდელს არ გააჩნია მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან/და რეალიზაციისათვის უვარგისი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან, მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" და "ბ.გ" ქვეპუნქტების მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, 2021-2023 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, ხოლო დანარჩენ საქონელზე შესაბამისი საანგარიშო პერიოდების სხვა აუდირებული ფასნამატი. აღნიშნული ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. შემოწმების მიერ თითოეული წლის საწყისი და საბოლოოო ნაშთად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები. საცალო რეალიზაციით მიღებული შემოსავალი დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის წილის პროპორციულად ჩაიშალა ჯგუფების მიხედვით (სულ 19 ჯგუფი). შედეგად, გაიზარდა, როგორც 2021-2024 წლებში მიღებული შემოსავალი, ასევე 2021 წლის პირველი დეკემბრიდან დადგენილი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახადის გადამხდელს წარმოექმნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაცია. ამასთან, შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 17 აპრილის N8932 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ ბუღალტერიაში არსებულ და ფაქტობრივად არსებული საქონლის ნაშთებს შორის. შემოწმების მიერ აღნიშნული საქონელი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 159-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა და გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შემოწმებისთვის საჭირო პირველადი დოკუმენტაცია, აგრეთვე, საბუღალტრო პროგრამა ორისი, რომელშიც არასრულად არის აღრიცხული საქონლის მოძრაობა. საგადასახადო შემოწმების შედეგად შედეგად გაირკვა, რომ საქონლის რეალიზაცია ძირითადად ხორციელდება დოკუმენტის გარეშე. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული წლიური ფასნამატი ჩამორჩება ი/მ -------ის 2021-2023 წლების დოკუმენტურ ფასნამატს. გადამხდელს არ გააჩნია მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით გადამხდელის. შედეგად, გაიზარდა, როგორც 2021-2024 წლებში მიღებული შემოსავალი, ასევე 2021 წლის პირველი დეკემბრიდან დადგენილი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 17 აპრილის N8932 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ ბუღალტერიაში არსებულ და ფაქტობრივად არსებული საქონლის ნაშთებს შორის. შედეგად, 2021 და 2022 წლის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 533 855 ლარი, ხოლო 2021-2024 წლებში დღგ-ს ბრუნვამ შეადგინა 938 835 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3449 და №13510 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 17 აპრილის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №14092 ბრძანება და №249-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 72 323 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შემოწმებისთვის საჭირო პირველადი დოკუმენტაცია, აგრეთვე, საბუღალტრო პროგრამა ორისი, რომელშიც არასრულად არის აღრიცხული საქონლის მოძრაობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ საქონლის რეალიზაცია ძირითადად ხორციელდება დოკუმენტის გარეშე , გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული წლიური ფასნამატი ჩამორჩება მომჩივანის 2021-2023 წლების დოკუმენტურ ფასნამატს, აგრეთვე, ანალოგიური საქონლის რეალიზაციისას გამოყენებულ სხვა აუდირებულ ფასნამატს. გადამხდელს არ გააჩნია მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები.
ასევე,არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან/და რეალიზაციისათვის უვარგისი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან, მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" და "ბ.გ" ქვეპუნქტების მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, გაიზარდა, როგორც 2021-2024 წლებში მიღებული შემოსავალი, ასევე 2021 წლის პირველი დეკემბრიდან დადგენილი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახადის გადამხდელს წარმოექმნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაცია.
ამასთან, შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ N8932 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ ბუღალტერიაში არსებულ და ფაქტობრივად არსებული საქონლის ნაშთებს შორის. შემოწმების მიერ აღნიშნული საქონელი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 159-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა და გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.ასევე, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 164(1); 165(1.2); 168(1); 269(7); 282(1);