ბრძანება N 24435
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24435
05 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ --------------ს (ს/ნ ----------------------)
(ფაქტ. მის.: ---------------------------------;
იურ. მის.: ----------------------------------;)
2025 წლის 25 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №88) განიხილა ი/მ --------------ს (ს/ნ ----------------------) №------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 აგვისტოს №227-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს და განმარტავს, რომ საქონლის თვითღირებულებაში არ არის გათვალისწინებული გეზისა და საბაჟო საწყობის თანხები. ამასთან, მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ მიღებული ჯგუფების ფასნამატის საშუალო მაჩვენებლები არასწორია და თუ ვერ ხდება შეძენილი და რეალიზებული საქონლის დაჯგუფება, საჭიროა რომელიმე სხვა ალტერნატიული მეთოდით იქნას დადგენილი ფასნამატი, მათ შორის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას აუდირებული ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12968 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ --------------ს (ს/ნ ----------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 21 აგვისტოდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 7 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 26 აგვისტოს №18940 ბრძანება და ამავე თარიღის №227-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 544 990 ლარი, მათ შორის გადასახადი 320 721 ლარი, ჯარიმა 164 478 ლარი და საურავი 59 791 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
პირი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2023 წლის 21 აგვისტოს. ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. 2023 წლის პირველი სექტემბრიდან სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით. გადასახადის გადამხდელი ახორციელებს საქონლის (ძირითადად შოკოლადი, ყავა, საღეჭი რეზინი და სხვ.) იმპორტს ------დან და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობისთვის აღებული აქვს იჯარით ფართი ქ. ------ ------ს №----ში. პირს თავის სახელზე რეგისტრირებული აქვს ერთი მოქმედი სალარო აპარატი (--------). შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ივნისის №13288 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ --------------ს (ს/ნ ----------------------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა 183 605 ლარის თვითღირებულების ნაშთი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს -9%-ს (უარყოფითი). გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, ვერ განხორციელდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, რომლის ფარგლებშიც დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საბაჟო ოპერაციები (შეძენები), დოკუმენტური რეალიზაციები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დასახელებების 14 ჯგუფზე განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა თითოეული ჯგუფისთვის დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი და გაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში, გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ამასთან, შემოწმების შედეგად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის ერთობლივმა შემოსავალმა 2023 და 2024 წლებში (ორივე წელს) გადააჭარბა 500 000 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე, 90-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს 2025 წლიდან გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი და დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა;
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საბაჟო ოპერაციების, დოკუმენტური რეალიზაციებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი მასალების დამუშავების შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დასახელებების 14 ჯგუფზე განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა თითოეული ჯგუფისთვის დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასულობებიდან მისაღები შემოსავალი, რომელიც გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო საბაჟო ოპერაციების, დოკუმენტური რეალიზაციებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების დამუშავების შედეგად დოკუმენტის გარეშე რეალიზებული ჯგუფებად დაყოფილი საქონლის თვითღირებულებაზე გაევრცელებინა თითოეული ჯგუფისთვის დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ --------------ს (ს/ნ ----------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №12968 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 21 აგვისტოდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №18940 ბრძანება და №227-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 544 990 ლარი, მათ შორის გადასახადი 320 721 ლარი, ჯარიმა 164 478 ლარი და საურავი 59 791 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ პირი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2023 წლის 21 აგვისტოს. ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. 2023 წლის პირველი სექტემბრიდან სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით.გადასახადის გადამხდელი ახორციელებს საქონლის იმპორტს და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობისთვის აღებული აქვს იჯარით ფართი . პირს თავის სახელზე რეგისტრირებული აქვს ერთი მოქმედი სალარო აპარატი . შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №13288 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა 183 605 ლარის თვითღირებულების ნაშთი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს -9%-ს (უარყოფითი). გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, ვერ განხორციელდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, რომლის ფარგლებშიც დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საბაჟო ოპერაციები (შეძენები), დოკუმენტური რეალიზაციები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დასახელებების 14 ჯგუფზე განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა თითოეული ჯგუფისთვის დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი და გაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში, გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ამასთან, შემოწმების შედეგად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის ერთობლივმა შემოსავალმა 2023 და 2024 წლებში (ორივე წელს) გადააჭარბა 500 000 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე, 90-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს 2025 წლიდან გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი და დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 79( „ა“); 80(1); 83( „ბ“); 89(2 „ა“); 100(1.3 „ბ“); 102(1 „ა“); 105(1.2); 158(1); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1);