გადაწყვეტილება № 27479/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27479/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----1.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27479/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. ხელფასის სახით განაცემების, ასევე, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-611 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №10644 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 567 059.57 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 877 940.36
დღგ - 533 555.27
საშემოსავლო გადასახადი - 344 385.09
ჯარიმა - 444 504.4
საურავი - 244 614.81
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო მომსახურების გაწევა. კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 4 ფილიალს, რომელიც არის კაფე-ბარის კონცეფციის.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.07.2025 წლამდე. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2025 წლის №28788 ბრძანება და №006-611 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №10644 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების, ახსნა-განმარტებების, ბუღალტრული პროგრამიდან ამოღებული რეპორტების, ასევე, შეკვეთების პროგრამის დამუშავების შედეგად, დადგინდა, რომ საწარმოს სრულყოფილად არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რიგ შემთხვევებში წარდგენილი აქვს დღგ-ის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. შედეგად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა დღგ-ის ბრუნვები პერიოდების მიხედვით, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად რამდენიმე საანგარიშო პერიოდში გაზრდილ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საკითხის 2026 წლის 17 აპრილის სხდომაზე განხილვისას, საჩივრებში წარდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა დამატებით არგუმენტაციის ან/და დოკუმენტაციის/მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, აღნიშნულის გათვალისწინებით საკითხის განხილვა გადაიდო 2 კვირის ვადით. თუმცა გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დამატებითი არგუმენტაცია ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1) დაფუძნების დღიდან, 2009 წლიდან, კეთილსინდისიერად ასრულებდა ყველა საგადასახადო ვალდებულებას და არასოდეს ყოფილა შემჩნეული სამართალდარღვევაში. არსებობის განმავლობაში კომპანიას ბიუჯეტში დაახლოებით 15 მილიონი ლარი აქვს გადახდილი.
2) 2020 წლის 30 ივნისს დირექტორად დაინიშნა ---- პ/ნ ----, რომელსაც იმ პერიოდისათვის დირექტორის თანამდებობა ეკავა ----- რამდენიმე ცნობილ რესტორანში. ახალი დირექტორის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში შემოსავლების სამსახურმა დაიწყო ყველა იმ სამეწარმეო საზოგადოების საგადასახადო შემოწმება, სადაც ეს უკანასკნელი მოღვაწეობდა. 2020 წელს დაწყებული საგადასახადო დავა 2025 წლამდე გაგრძელდა. აწ გარდაცვლილი ყოფილი დირექტორის, ------ მმართველობის შემდეგ კომპანია უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდა, რასაც ზედ დაერთო ოჯახური კონფლიქტი და იმისათვის, რომ კაფე-საკონდიტრო ლეგატოს ქსელს არ შეეწყვიტა არსებობა, ------ იძულებული გახდა, თავად გაძღოლოდა კომპანიას. პირველ მიზნად დასახულ იქნა მიმდინარე საგადასახადო დავის მოგვარება და შემოსავლების სამსახურისათვის რეალური სურათის ჩვენება, ასევე კომპანიაში დასაქმებული ასზე მეტი პროფესიონალის შენარჩუნება, არსებული საწარმოო სიმძლავრეების მაქსიმალურად გამოყენება ქსელის გაფართოების გზით, თუმცა იმ პირობებში, როდესაც დამფუძნებელს აღარ გააჩნდა დამოუკიდებელი ფინანსური შესაძლებლობები, ყოველი განახლება და გაფართოება ხდებოდა საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული მაღალპროცენტიანი კრედიტების ხარჯზე, რასაც ზედ დაერთო 2024 წლის ბოლოსათვის საგადასახადო დავის დასრულება, რომელის ფარგლებში თავდაპირველად დარიცხული დაახლოებით ერთი მილიონი ლარიდან საბიუჯეტო დავალიანება 90 000 ლარამდე შემცირდა.
3) 2024 წელს იჯარით იქნა აღებული ქ. ----- -ში არსებული ფართი, სადაც შვიდთვიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად 2024 წლის 25 ოქტომბერს გაიხსნა ----- ახალი ფილიალი, თუმცა მეორე დღეს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური სპეკულაციების ფონზე პროექტმა სრული კრახი განიცადა და ძალიან დიდი ფინანსური ზარალი წარმოქმნა. კომპანიის და მასში დასაქმებული კადრების შენარჩუნების მიზნით, იძულებითი ღონისძიების სახით, იმ იმედით, რომ ქვეყანაში ზოგადი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდებოდა და შესაბამისად, ახალგახსნილი ფილიალის მეშვეობით ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდებოდა, ხდებოდა ნულოვანი დეკლარაციების წარდგენა, იმ იმედით, რომ მალევე მოხდებოდა მათი დაზუსტება და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა, ახალი ფილიალის გახსნაზე გაწეულმა ხარჯებმა, დაგროვილმა სახელფასო და საბიუჯეტო დავალიანებებმა, მომწოდებლების წინაშე არსებულმა ვალებმა და საკრედიტო ვალდებულებებმა კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ------- აიძულა 2025 წლის აგვისტოს თვიდან დაეხურა კაფე-საკონდიტრო ლეგატოს ყველა ფილიალი და ფაქტობრივად, კომპანიას შეეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა.
4) დღგ-ს ნაწილში 2024 წლის მარტის, ივნისის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში ნამდვილად ფიქსირდება ნულოვანი დეკლარაციების წარდგენის ფაქტი, თუმცა აღსანიშნავია, რომ აუდიტორის მიერ არასწორადაა დაანგარიშებული დასაბეგრი ბრუნვების ჯამი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სსა-ზე და საბანკო ტერმინალებზე გატარებული თანხების დუბლირებით ან სხვა გაურკვეველი მიზეზით, რაშიც კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით 2022-2025 წლების შესაბამისი თვეების გადაანგარიშების შედეგების გაცნობისას, კერძოდ, თითქმის ყოველი თვის დეკლარირებული და აუდიტორის მიერ გადაანგარიშებული მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს, გაზრდილი დასაბეგრი ბრუნვების ჯამი ავტომატურად იწვევს ბიუჯეტში გადასახდელი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობის ზრდას. აღნიშნულ არასწორად დარიცხულ თანხას ემატება ჯარიმა-საურავები და ვიღებთ დაუსაბუთებლად დიდი ოდენობის საბიუჯეტო ვალდებულებას, რასაც ბუნებრივია არ ვეთანხმებით. ამასთან 2024 წლის ოქტომბერი-ნოემბრის პერიოდში თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე კაფე-საკონდიტრო ფაქტობრივად გაჩერებული იყო და შემოწმების მიერ ამ თვეებში გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები არ შეესაბამება რეალობას.
2026 წლის 17 აპრილის სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა დაავალეს არგუმენტების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების წარდგენა აუდიტის დეპარტამენტში, რაც მალევე განახორციელა, თუმცა მიუხედავად ამისა, 30 აპრილს გამართულ სხდომაზე მისი მიწვევისა და განხილვაში მონაწილეობის გარეშე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა განიხილეს საჩივარი და 2026 წლის 13 მაისის 10644 ბრძანების თანახმად უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ხოლო 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და ისე იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, გაუქმდეს სადავო აქტები და განხორციელდეს ხელახალი გადაანგარიშება.
მოითხოვს, აღნიშნული საკითხის განხილვისას მიეცეს საშუალება დაესწროს სხდომას, რათა წარმოადგინოთ არგუმენტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების, ახსნაგანმარტებების, ბუღალტრული პროგრამიდან ამოღებული რეპორტების, ასევე, შეკვეთების პროგრამის დამუშავების შედეგად, დადგინდა, რომ საწარმოს სრულყოფილად არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რიგ შემთხვევებში წარდგენილი აქვს დღგ-ის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. შედეგად, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა დღგ-ის ბრუნვები პერიოდების მიხედვით, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დღგ.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტით წარმოდგენილ ინფორმაციაზე, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა, მან როგორც საჩივარში, ზოგადად ისაუბრა დღგ-ში განხორციელებული დარიცხვის არამართლზომიერების შესახებ და ვერ წარმოადგინა კონკრეტული ან სათანადო არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანს სრულყოფილად არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რიგ შემთხვევებში წარდგენილი ჰქონდა დღგ-ის ნულოვანი დეკლარაციები, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დღგ-ში დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ხელფასის სახით განაცემების, ასევე, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების, ახსნა-განმარტებების და ბუღალტრული პროგრამიდან ამოღებული რეპორტების დამუშავების შედეგად, დადგინდა, რომ კომპანიას არასრულად აქვს დეკლარირებული გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები, რიგ საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, როგორც ხელფასის სახით განაცემების, ასევე, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ზემოაღნიშნული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან და საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ასევე, ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 81-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, კომპანიას არასრულად აქვს დეკლარირებული გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები, რიგ საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, როგორც ხელფასის სახით განაცემების, ასევე, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის შეღავათებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ მიუწოდებია ინფორმაცია/დოკუმენტაცია კონკრეტული თანამშრომლის შესახებ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მიხედვით გადასახადისაგან გათავისუფლების სარგებლობასთან დაკავშირებით, არც დეკლარაციების შესაბამისს გრაფებში ყოფილა აღნიშნული შეღავათი ასახული. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის რეპორტებისა და შემოწმებით დადგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული თანხებს შორის არსებითი სხვაობები არ გამოვლენილა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 2026 წლის 17 აპრილის სხდომაზე განხილვისას, საჩივრებში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა დამატებით არგუმენტაციის ან/და დოკუმენტაციის/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, აღნიშნულის გათვალისწინებით საკითხის განხილვა გადაიდო 2 კვირის ვადით. თუმცა გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დამატებითი არგუმენტაცია ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, სადაც დაერიცხა 344385,09 ლარის გადახდის ვალდებულება, გადაანგარიშება განხორციელებულია საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინების გარეშე, რამაც ბუნებრივია გამოიწვია ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობის დაუსაბუთებელი ზრდა. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტზე თანდართული ამონაკრების მონაცემების გაცნობისას თვალშისაცემია, რომ 2022-2025 წლების ფაქტიურად ყოველი თვის დეკლარირებული მონაცემი კორექტირებულია (აქ არ იგულისხმება ობიექტური მიზეზებით გამოწვეული ნულოვანი დეკლარაციების გაგზავნა). შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საჭიროა ხელახალი გადაანგარიშება. თანხები რაზეც საშემოსავლო გადასახადი არის დარიცხული არასწორად არის დაკვალიფიცირებული ხელფასის სახით განაცემად, რადგან აღნიშნული თანხები არასდროს გამოყენებულა კერძო/ფიზიკური პირების ინტერესებისთვის, არამედ პერიოდების მიხედვით ხდებოდა ან სასესხო ვალდებულებების დაფარვა, ან თანხებით ხდებოდა საბრუნავი საშუალებების შეძენა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანიას არასრულად აქვს დეკლარირებული გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები, რიგ საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. შესაბამისად, შემოწმებისას განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, როგორც ხელფასის სახით განაცემების, ასევე, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების ნაწილში,საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით წარმოდგენილ ინფორმაციაზე, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის არამართლზომიერებაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები ან რაიმე მტკიცებულება, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანს არასრულად აქვს დეკლარირებული გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები, რიგ საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საშემოსავლო გადასახადში დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-611 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 444 504.4 ლარი და საურავი - 244 614.81 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
აღნიშნული დავის საგნის ნაწილში, მსჯელობა არ არის გამოკვეთილი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. ხელფასის სახით განაცემების, ასევე, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგინდა, რომ საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები სრულყოფილად არ ჰქონდა დეკლარირებული, ხოლო ცალკეულ პერიოდებში წარდგენილი იყო ნულოვანი დღგ-ის დეკლარაციები.
აღნიშნულის საფუძველზე, შემოწმებამ პერიოდების მიხედვით დააკორექტირა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. ამასთან რამდენიმე საანგარიშო პერიოდში გაზრდილ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
კომპანიას ასევე არასრულად ჰქონდა დეკლარირებული გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები, ხოლო ცალკეულ საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი იყო საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები.
აღნიშნულის საფუძველზე შემოწმებამ განსაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა როგორც ხელფასის სახით განხორციელებული განაცემების, ისე ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
აღნიშნული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან და საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;159;163;160;164;101;154;