გადაწყვეტილება №21238/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21238/2/2023
04 მარტი 202
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“ 5.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21238/2/2023).
დავის საგანი:
1. ერთი და იგივე ოპერაციის დღგ-ით ორჯერ დაბეგვრა;
2. გრძელვადიან კონტრაქტად განხილული ოპერაციის დაბეგვრისას ხარჯების არასრულად გათვალისწინება;
3. ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №006-654 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25623 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 873 885 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 493 394
დღგ - 285 120
საშემოსავლო გადასახადი - 208 274
ჯარიმა - 246 697
საურავი - 133 794
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 აგვისტოს №21217 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №33111 ბრძანება და №006-654 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 873 885 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 10 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 16 ოქტომბრის №25623 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ერთი და იგივე ოპერაციის დღგ-ით ორჯერ დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, არ წარადგინა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაცია. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით. რეალიზებული ბინები ნასყიდობის ხელშეკრულებების თარიღის მიხედვით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების და 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 161-ე, 309-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმომ საქმიანობა დაიწყო 2017 წელს და აქტიური ეკონომიკური საქმიანობა გაგრძელდა 2021 წლის პირველ ნახევარამდე. კომპანიამ მოცემულ პერიოდში განახორციელა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ. ---------, . ---------- ქ. №24-ში. აღნიშნული პროექტი სამწუხაროდ არ აღმოჩნდა ისეთი წარმატებული, როგორიც დაგეგმილი იყო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს დროებით შეეწყვიტა კომპანიას აქტიური ეკონომიკური საქმიანობა, სანამ ფინანსურად უფრო მომგებიან პროექტს მოიძიებდნენ. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას საწარმო ფაქტიურად არ საქმიანობდა. 2021 წლის ზაფხულიდან კომპანიის ერთადერთი თანამშრომელი იყო დირექტორი - -------------. ზემოაღნიშნულიდან და სხვა არაერთი ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, დირექტორმა ვერ მოახერხა საგადასახადო შემოწმების პროცესში აქტიურად ჩართვა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მოხდა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებული და საჯარო რეესტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
კომპანიამ გაყიდვები დაიწყო 2017 წლის დეკემბრიდან. მოცემული პერიოდიდან 2019 წლის 1 იანვრამდე (შესამოწმებელ პერიოდამდე) საწარმოს მიერ ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი (მათ შორის, ავანსის სახით მიღებული) შეადგენს დაახლოებით ორ მილიონ ლარს. აღნიშნული ყველა ოპერაცია დაბეგრილია დღგ-ით საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ვინაიდან საგადასახადო შემოწმების ჯგუფს არ ჰქონდა წვდომა კომპანიის საბანკო ამონაწერებთან, 2019 წლამდე ავანსად დაბეგრილი თანხების ხელმეორედ დაბეგვრა მოხდა შესამოწმებელ პერიოდში. აღნიშნული პოზიციის გასამყარებლად უახლოეს დღეებში წარმოადგენს საწარმოს საბანკო ამონაწერებს, როგორც შესამოწმებელი პერიოდისთვის, ასევე ხანდაზმულ პერიოდზე. აღნიშნული მტკიცებულებით ნათელი გახდება, რომ კომპანიის მიერ არ მომხდარა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილების მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან, არ წარადგინა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, დღგ-ის ბრუნვის განსაზღვრა მოხდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. რეალიზებული ბინები ნასყიდობის ხელშეკრულებების თარიღის მიხედვით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
ამასთან, მომჩივანს არც დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოს 9.02.2024 წლის სხდომაზე, საწარმოს წარმომადგენელმა ითხოვა მისცემოდა შესაძლებლობა წარმოედგინა თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საბჭომ გაითვალისწინა მომჩივნის შუამდგომლობა, დავის განხილვა შეჩერდა, მომჩივანს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელმა არანაირი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები არ წარადგინა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. გრძელვადიან კონტრაქტად განხილული ოპერაციის დაბეგვრისას ხარჯების არასრულად გათვალისწინება
ფაქტების აღწერა
2017 წლის ივლისის თვეში საწარმოსა და -------- რაიონში, ------------ში მცხოვრებ მაცხოვრებლებს შორის (--------- და ---------,---------- და ----------) გაფორმდა უძრავი ქონების, კერძოდ, 549 კვ.მ მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრა ნასყიდობის გზით მესაკუთრესა და მშენებელს შორის უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვის საკითხი. ხელშეკრულების თანახმად, გადასახადის გადამხდელს მიწის მესაკუთრეებისთვის უნდა გადაეცა 1 173 კვ.მ. აშენებული ფართი (მათ შორის, კომერციული) სულ აშენებული 2 935 კვ.მ-დან. მიწის მესაკუთრეებმა შეთანხმებული ოდენობით მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართები 2021 წელს. შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია შეფასდა როგორც გრძელვადიანი კონტრაქტი და შესამოწმებელი პერიოდის ყოველი წლის დეკემბრის თვეში დაიბეგრა დღგ-ით, მხოლოდ მიწის მესაკუთრეებზე გადასაცემ ფართზე გაწეული ხარჯის მიხედვით. გამომდინარე იქიდან, რომ კონტრაქტი დადებულია 2018 წლამდე პერიოდში (კერძოდ, 2017 წელს), გარიგება საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დაკვალიფიცირდა როგორც გრძელვადიანი კონტრაქტი. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაანგარიშებულია არა ფართების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, არამედ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების მიხედვით, კერძოდ, დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ოდენობით, მთლიანი ფართიდან დამფუძნებელზე გადაცემული ფართის ხვედრითი წილის პროპორციულად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი
არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს მიერ მიწის მესაკუთრეებზე მიწოდებული აქტივების დაბეგვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების ჯგუფს არ ჰქონია სრულყოფილი ინფორმაცია მშენებლობის ხარჯებთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც მომჩივნისთვის ცნობილია, ბარტერის შემთხვევაში კომპანიის მიერ გადახდილი კომპენსაციის ოდენობა დღგ-ის მიზნებისათვის უნდა გაანგარიშდეს სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასით და არა როგორც საცხოვრებელი ან/და კომერციული ფართების საბაზრო ღირებულებით. ბარტერის შემთხვევაში დღგ-ის გაანგარიშების ეს პრინციპი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ერთიან მიდგომას, რომელსაც აქტიურად იყენებს აუდიტის დეპარტამენტი ბოლო რამდენიმე წელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2018 წლის 13 ივნისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის ე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაანგარიშებულია არა ფართების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, არამედ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების მიხედვით, კერძოდ, დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ოდენობით, მთლიანი ფართიდან დამფუძნებელზე გადაცემული ფართის ხვედრითი წილის პროპორციულად.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით ირკვევა, რომ საწარმოს სალაროში 2022 წლის 30 აპრილის მდგომარეობით უნდა ჰქონოდა ნაღდი ფულის ნაშთი 833 096 ლარის ოდენობით. შემოწმების პერიოდში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციით სალაროში თანხა არ აღმოჩნდა. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან საგადასახადო შემოწმებამ მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნა, რომ კომპანიას მიღებული აქვს უფრო მეტი შემოსავალი, ვიდრე დეკლარირებულია შესამოწმებელ პერიოდში, ჩათვალა რომ საწარმოში 2022 წლის 30 აპრილის მდგომარეობით უნდა ყოფილიყო ნაღდი ფულის ნაშთი 833 096 ლარის ოდენობით. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, საგადასახადო შემოწმებას არ ჰქონდა წვდომა კომპანიის საბანკო ამონაწერებთან, შესაბამისად, მოკლებული იყო შესაძლებლობას განესაზღვრა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობა. საწარმოს მიერ თანხების მიღება დაიწყო 2017 წელს (რეალიზაციები, კაპიტალის შევსება დამფუძნებლების მიერ, სესხის მიღება საფინანსო ინსტიტუტებიდან) და გრძელდებოდა 2020 წლის პირველ ნახევრამდე. ამავე პერიოდში ხდებოდა კომპანიის თანხების განკარგვა, ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით, საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გამოკვლევა. ხელახალი შესწავლის შედეგად, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გამოსცეს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით საწარმოს სალაროში 2022 წლის 30 აპრილის მდგომარეობით უნდა ჰქონოდა ნაღდი ფულის ნაშთი 833 096 ლარის ოდენობით, თუმცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციით სალაროში თანხა არ აღმოჩნდა. შესაბამისად, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ერთი და იგივე ოპერაციის დღგ-ით ორჯერ დაბეგვრა;
2. გრძელვადიან კონტრაქტად განხილული ოპერაციის დაბეგვრისას ხარჯების არასრულად გათვალისწინება;
3. ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმების შედეგად, რეალიზებული ბინები ნასყიდობის ხელშეკრულებების თარიღის მიხედვით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაანგარიშებულია არა ფართების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, არამედ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების მიხედვით, კერძოდ, დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ოდენობით, მთლიანი ფართიდან დამფუძნებელზე გადაცემული ფართის ხვედრითი წილის პროპორციულად.
3.საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით საწარმოს სალაროში 2022 წლის 30 აპრილის მდგომარეობით უნდა ჰქონოდა ნაღდი ფულის ნაშთი 833 096 ლარის ოდენობით, თუმცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციით სალაროში თანხა არ აღმოჩნდა. შესაბამისად, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
159(1);163(1,2);160(5,6);164(1);174(3);73(9);101;154