ბრძანება N 28073

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.11.2023
№ დოკუმენტი 28073
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28073

14 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ის (ს/ნ "------")

(მის.:"------")

2023 წლის 20 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ "------") 2023 წლის 20 მაისის №81129/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №005-203 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შემოწმებას ჩართული აქვს ბარტერული ოპერაცია, რომელიც საწარმომ განახორციელა 2017 წელს "------"- თან, კერძოდ,"------" უზრუნველყო მშენებარე ობიექტზე მანსარდის დაშენების უფლების მოპოვება და მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რასთან დაკავშირებითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ "------" უსასყიდლოდ მიიღებდა 126,10 კვ.მ მანსარდის ფართს, ხოლო კომპანიის საკუთრებაში დარჩებოდა 156 კვ.მ მანსარდი. საწარმომ აღნიშნული მომსახურების გაწევის გამო ფ/პ "------"-ს გადასცა მინდობილობა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაფორმებასთან დაკავშირებით 2017 წელს. ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდგომ, აღნიშნული მინდობილობით "------"-მ საწარმოდან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 126.10 კვ.მ ფართი გაუფორმა თავის შვილს "------"-ს 2021 წლის ნოემბერში. აღნიშნულიდან გამომდინარე ადგილი აქვს ბარტერულ ოპერაციას, რომლის მიხედვითაც საწარმომ მომსახურება მიიღო 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, უძრავი ქონების გადაცემის სანაცვლოდ. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ ოპერაციაზე შემოწმებით განსაზღვრულ უძრავი ქონების ღირებულებას და მიუთითებს, რომ შემმოწმებლებს უნდა დაედგინათ მანსარდის საბაზრო ღირებულება საექსპერტო დასკვნაზე დაყრდნობით, რაც არ განხორციელებულა. ამასთან, აღნიშნავს, რომ ახლად აშენებულ კორპუსში მშენებარე ბინის ღირებულების დაახლოებით მესამედს შეადგენს მანსარდის ფასი, რომელიც დამოუკიდებელ ობიექტად იყიდება და არა საცხოვრებელ ბინასთან ერთად.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ფ/პ"------"-ზე უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებას. განმარტავს, რომ ადგილი აქვს ბარტერულ ოპერაციას, რომლის მიხედვითაც 2017 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმომ "------"-სგან მიიღო მომსახურება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაფორმების სანაცვლოდ და მიუთითებს, პირველ სადავო საკითხში აღწერილ გარემოებებზე.

3. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ შემოწმების აქტის მიხედვით დღგ-ის ჩათვლით ბრუნვა შეადგენს 545 429.04 ლარს, რომელსაც უნდა გამოაკლდეს პორტალზე არსებული დოკუმენტური შესყიდვები ზედნადებებით და ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე ბიუჯეტში გადახდილი თანხა 36 000 ლარი, ბანკის საკომისიო 71 ლარი, ფ/პ "------"-თვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული ღირებულება 264 053,32 ლარი დღგ-ის ჩათვლით, მშენებლობის დროს საქონლის მომწოდებლებისთვის შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი კრედიტორული დავალიანება 194 450 ლარი, რის შედეგადაც სალაროს ნაშთი შეადგენს 926 ლარს, რომელიც უნდა ჩათვლილიყო დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრილიყო საშემოსავლო გადასახადით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივლისის №20164 და 23 დეკემბრის №32566 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ "------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2022 წლის 15 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32880 ბრძანება და ამავე თარიღის №005-203 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 407 342 ლარი, მათ შორის, გადასახადი 251 725 ლარი, ჯარიმა 125 863 ლარი და საურავი 29 754 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 20 ივნისის №14186 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 26 ივლისის №20210/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №14186 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის №20210/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მიუხედავად იმისა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, საბჭო მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული არასაკმარისია განსახილველ შემთხვევაში დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისთვის - როგორც ჩაბარების უკიდურესი ღონისძიების გამოყენებისთვის.

მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტების ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების მცდელობა. შესაბამისად, სადავო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა, უნდა აითვალოს სადავო აქტების ელექტრონულად გაცნობის თარიღიდან (10.05.2023 წელი). ვინაიდან საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 20.05.2023 წელს, გასაჩივრების ვადა დაცულად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.”

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2005 წლის 18 მაისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2014 წლის 12 დეკემბერს. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს შემდეგ მისამართზე:"------" (საკადასტრო კოდი "------"). ობიექტის მშენებლობა დაიწყო 2016 წელს და დღეის მდგომარეობით, მშენებლობა დასრულებულია. შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------“-ის მიერ მყიდველებთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია საჯარო რეესტრში მყიდველის მიერ შეძენილი უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტისათვის. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე ნასყიდობის ხელშეკრულებები და საჯარო რეესტრში ბინებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდები. შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები. შესამოწმებელ პერიოდში, შემოწმებით გაანგარიშებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 466 228 ლარი, ამავე პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა სულ შეადგენს 90 000 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საწარმოს 2021 წლის 5 ნოემბერს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, ფ/პ "------"-ზე უფიქსირდება 126.10 კვ.მ. უძრავი ქონების ჩუქება, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული ქონების გადაცემა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. საწარმოს საქმიანობაა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და შესაბამისად არ არის წარმოდგენილი დოკუმენტაცია. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და მერიის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად გაანგარიშებული იქნა საწარმოს შემოსავალი, ფული სრულად მიღებულად ჩაითვალა საჯარო რეესტრში მყიდველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტში, ასევე ფულის გასავალი გაანგარიშებული იქნა საქონლის/მომსახურების შეძენის დოკუმენტების შესაბამისად (დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი საქონელი/ მომსახურება ჩაითვალა გადახდილად). შემოწმებით გადამხდელთან არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით დადგენილი იქნა 474 850.97 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არ აქვს გაცემული ხელფასი. გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14355 ბრძანების შესაბამისად ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს დირექტორს/დამფუძნებელს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება/გადაწყვეტილება არ წარმოუდგენიათ. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები, რომელიც აღემატება საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ შემოსავალს და გადამხდელს არ აქვს მასზე მინიჭებული შესაბამისი კვალიფიკაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალდებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს შემდეგ მისამართზე: "------" (საკადასტრო კოდი "------"). ობიექტის მშენებლობა დაიწყო 2016 წელს და მშენებლობა დასრულებულია. შესამოწმებელ პერიოდში შპს „------“-ის მიერ მყიდველებთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია საჯარო რეესტრში მყიდველის მიერ შეძენილი უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტისათვის. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე ნასყიდობის ხელშეკრულებები და საჯარო რეესტრში ბინებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდები, რის საფუძველზეც გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერად განხორციელდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც მითითებულია, რომ შემმოწმებლებმა შემოწმების აქტის მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში არ გაითვალისწინეს შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით კუთვნილი ჩასათვლელი დღგ, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში შეადგენდა 5665.69 ლარს. ამასთან, გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ პუნქტის მიხედვით, სარგებლის ღირებულებად ითვლება მისი საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველის ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს 2021 წლის 5 ნოემბერს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, ფ/პ "------"-ზე უფიქსირდება 126.10 კვ.მ. უძრავი ქონების ჩუქება, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმოს მიერ ქონების უსასყიდლოდ გადაცემის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერად განხორციელდა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებააა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად გაანგარიშებული იქნა საწარმოს შემოსავალი, ფული სრულად მიღებულად ჩაითვალა საჯარო რეესტრში მყიდველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტში, ასევე ფულის გასავალი გაანგარიშებული იქნა საქონლის/მომსახურების შეძენის დოკუმენტების შესაბამისად (დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი საქონელი/ მომსახურება ჩაითვალა გადახდილად). შემოწმებით გადამხდელთან არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით დადგენილი იქნა 474 850.97 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არ აქვს გაცემული ხელფასი. გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14355 ბრძანების შესაბამისად ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგად, 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და შესაბამისად არ არის წარდგენილი დოკუმენტაცია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირზე უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე ნასყიდობის ხელშეკრულებები და საჯარო რეესტრში ბინებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდები. შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები.სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

2. საწარმოს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკურ პირზე უფიქსირდება უძრავი ქონების ჩუქება, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.აღნიშნული ქონების გადაცემა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა.

3. საწარმოს საქმიანობაა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და შესაბამისად არ არის წარმოდგენილი დოკუმენტაცია.უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად გაანგარიშებული იქნა საწარმოს შემოსავალი, ფული სრულად მიღებულად ჩაითვალა საჯარო რეესტრში მყიდველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტში, ასევე ფულის გასავალი გაანგარიშებული იქნა საქონლის/მომსახურების შეძენის დოკუმენტების შესაბამისად .

შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები, რომელიც აღემატება საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ შემოსავალს და გადამხდელს არ აქვს მასზე მინიჭებული შესაბამისი კვალიფიკაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

2. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

100,101,103,154,159,160,161,163,173,174,175.