ბრძანება N 23956

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.11.2024
№ დოკუმენტი 23956
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23956

12 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 17 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 ოქტომბრის №23651/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 17 ივლისის №90780/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №001-134 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ დავალიანება 435 287 ლარი, გამოწვეულია დირექტორის მიერ საკუთარი კომპანიის დახმარების მიზნით, ფულადი დეფიციტის დროს ვალდებულებების დასაფარად. ამასთან, აღნიშნული თანხა იფარება 31.03.2021-ში (შემოწმების დაწყების პერიოდიდან 3 თვეში). აცხადებს, რომ შემოწმებისათვის წარდგენილია ყველა შედარების აქტი, როგორც ვალდებულელების, ასევე მოთხოვნების და აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება. მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა მაქსიმუმ შეიძლებოდა დაკვალიფიცირებულიყო როგორც უპროცენტო სესხი დირექტორისგან/დამფუძნებლისგან. ვინაიდან, დებიტორების მხრიდან ყოველთვის ვერ ხდებოდა დავალიანების დაფარვა, კომპანია ხშირად საჭიროებდა სესხით დახმარებას, ამ სიხშირის გამო რთული იყო დოკუმენტური სახით სესხის ხელშეკრულების გაფორმება. იგივე პრინციპით მუშაობა და თანხების შემოტანა ასახულია შემდგომ, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაშიც, რაც დასტურია იმისა, რომ ეს იყო და არის სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილი. აღნიშნავს, რომ შემოწმებისათვის შესამოწმებელ პერიოდზე მიწოდებულია სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე, მოთხოვნილ იქნა სრული ინფორმაცია არაშესამოწმებელ (ხანდახზმულ) პერიოდზე, რაზეც განემარტა, რომ ინფორმაციას წარადგენდა ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. თუმცა, არანაირი დამატებითი მოთხოვნა წინა პერიოდების შემოწმებასთან დაკავშირებით არ მომხდარა. შემოწმებისათვის წარდგენილია მომწოდებლის მიერ შედარების სახით დადასტურებული ინფორმაცია, რითაც დასტურდება, რომ კომპანიას ნამდვილად გააჩნდა დავალიანება კრედიტორის მიმართ, რომელიც შემდგომ დაიფარა დირექტორის მიერ დროებით ჩარიცხული თანხებით. წარდგენილია, მყიდველის მიერ შედარების სახით დადასტურებული და აღიარებული დავალიანება შპს „---------“ მიმართ 277 055 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს კომპანიის თანხებით დახმარების საჭიროებას. ამავე საჭიროებას ადასტურებს კომპანიის მიერ 01.01.2022-ში დირექტორისგან მიღებული 13,5%-იანი სესხი, რომელიც მიწოდებულია შემოწმებისათვის დოკუმენტურად ხელშეკრულების სახით და ასევე ასახულია დეკლარაციებში. აღნიშნავს, რომ 03.2021-ში პროკრედიტ ბანკში აღებულია კრედიტი

100 000 ლარის ოდენობით, რომელიც აგრეთვე ვალდებულებების დაფარვის საჭიროებისთვის იქნა აღებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8906 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №15653 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-134 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 171 921 ლარი, მათ შორის, გადასახადი 109 942 ლარი, ჯარიმა 54 971 ლარი, საურავი 7 008 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 17 ივლისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №17531 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 10 ოქტომბრის №23651/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №17531 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 ოქტომბრის №23651/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, საბანკო ანგარიშების ამონაწერი, მომწოდებლებთან შედარების აქტები და ახსნა-განმარტება. საწარმოს მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ (დამფუძნებელი/დირექტორი) ვალდებულება 435 287 ლარი (ურთიერთდამოკიდებული პირი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული იყო გამოწვეული დამფუძნებლის მიერ ზედმეტად შემოტანილი თანხით, რომლითაც ხდებოდა ფულის დეფიციტის დროს ვალდებულებების დაფარვა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს მთლიანად.

შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და კვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, საწარმოს დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ (დამფუძნებელი/დირექტორი) ვალდებულება 435 287 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს მთლიანად. შემოწმებით, ფიზიკური პირისათვის გადახდილი თანხები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ დავალიანება 435 287 ლარი, გამოწვეულია დირექტორის მიერ კომპანიის დახმარების მიზნით, ფულადი დეფიციტის დროს ვალდებულებების დასაფარად. ამასთან, აღნიშნული თანხა იფარება 2021 წლის 31 მარტს, შემოწმების დაწყების პერიოდიდან 3 თვეში. განმარტავს, რომ დებიტორების მხრიდან ყოველთვის ვერ ხდებოდა დავალიანების დაფარვა. კომპანია ხშირად საჭიროებდა სესხით დახმარებას. ამ სიხშირის გამო რთული იყო დოკუმენტური სახით სესხის ხელშეკრულების გაფორმება. იგივე პრინციპით მუშაობა და თანხების შემოტანა ასახულია შემდგომ, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაშიც, რაც დასტურია იმისა, რომ ეს იყო და არის სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით,შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ (დამფუძნებელი/დირექტორი) ვალდებულება. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს მთლიანად. შემოწმებით, ფიზიკური პირისათვის გადახდილი თანხები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1)