ბრძანება N 9638

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.05.2023
№ დოკუმენტი 9638
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9638

03.05.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის: ----------)

2022 წლის 2 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 თებერვლის №18388/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) №199479/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 28 ოქტომბრის №EL188729 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, ამერიკის ოფისში ამანათი (მანქანის ბამპერი) მივიდა შეფუთვის გარეშე, რომლის წონა იყო 29,8 კგ. დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ამერიკის მხარემ გადაფუთა ნივთი და შესაბამისად წონამაც მოიმატა. სამწუხაროდ კომპანიის მიერ არ მოხდა ნივთის თავიდან აწონვა, რადგან საქართველოს გავლით უნდა გასულიყო რეექსპორტით. გზავნილის საქართველოში მიღების დროს, ნივთის გადამოწმებისას წონა დაფიქსირდა 32,7 კგ. და კომპანია დაჯარიმდა. კომპანიის საქმიანობის სფეროა საფოსტო საკურიერო საქმიანობა. ჯარიმის გადახდის გარეშე კი კომპანია ნივთს ვერ გადასცემს ადრესატს.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას, რათა კომპანიამ შეძლოს ნივთის ადრესატზე გადაცემა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 11 ოქტომბერს, საფოსტო გადამზიდავი – შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე №---------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ღირებულება – 300 ლარამდე; წონა – 29.8 კგ) ზოგადი დეკლარირება და აღნიშნული საფოსტო გზავნილი საბაჟო ორგანოს წარედგინა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ით.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას აღმოჩნდა, რომ №---------- საფოსტო გზავნილის წონა შეადგენდა 32.7 კგ-ს, შესაბამისად მითითებული საფოსტო გზავნილი საბაჟო ორგანოს უნდა წარდგენოდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №2-ით.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2022 წლის 20 ოქტომბრის №009246/2022 დასკვნის მიხედვით ზემოაღნიშნული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ა/მ ბამპერი) საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 1 356 აშშ დოლარი.

ვინაიდან, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანას, ამასთან, ამავე პირს 2021 წლის 2 ნოემბერს დაკისრებული ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL147497), გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 28 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL188729 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3775.1 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 დეკემბრის №30507 ბრძანებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

საბჭომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე №MIX074474 საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ღირებულება – 300 ლარამდე; წონა – 29.8 კგ) ზოგადი დეკლარირება და აღნიშნული საფოსტო გზავნილის საბაჟო ორგანოში წარდგენა განხორციელდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ით

ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მომჩივანი წარმოადგენს გადამზიდავ კომპანიას, ხოლო მისი განმარტებით, აღნიშნული ამანათი უნდა გასულიყო სხვა ქვეყანაში საქართველოს გავლით (ანუ საჭიროებდა რეექსპორტს).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ გადაწყვეტილებაში მიუთითა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელის განმარტებაზე, რომ ისეთი წონის მონაცემი იყო მიწოდებული, რომლის მიხედვითაც საქონელი არ ექვემდებარებოდა დეკლარირებას, გზავნილი საბაჟო კონტროლისგან მალულად არის შემოტანილი, ვინაიდან საბაჟო კონტროლის განხორციელების აუცილებელი ინფორმაცია არ იქნა საბაჟო დეპარტამენტისთვის წარდგენილი.

მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. ასევე დასადგენია სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტი და როგორ დასრულდა აღნიშნული ოპერაცია. შესაბამისად, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 დეკემბრის №30507 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილები (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) საბაჟო ორგანოს წარედგინება გადამზიდავის მიერ მომზადებული საფოსტო გზავნილების ნუსხებით:

ა) დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1 (დანართი №8-VIII-01);

ბ) დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №2 (დანართი №8-VIII-02);

გ) დაუდგენელი ღირებულების საფოსტო გზავნილების ნუსხა №3 (დანართი №88-VIII-03).

ამავე მუხლის მე-3 პუნტის მიხედვით, საფოსტო გზავნილით შემოტანილ, დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ს ავსებს გადამზიდავი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს საქონლის შენახვას.

ამავე ინსტრუქციის 31-ე მუხლის მიხედვით:

1. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).

2. „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.

3. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილით კი, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევით ან უამისოდ.

დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე №---------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ღირებულება – 300 ლარამდე; წონა – 29.8 კგ) ზოგადი დეკლარირება და აღნიშნული საფოსტო გზავნილის საბაჟო ორგანოში წარდგენა განხორციელდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ით.

ასევე დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და სხვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტი და როგორ დასრულდა აღნიშნული ოპერაცია. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტი და როგორ დასრულდა აღნიშნული ოპერაცია;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. ბრაძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, ამერიკის ოფისში ამანათი (მანქანის ბამპერი) მივიდა შეფუთვის გარეშე, რომლის წონა იყო 29,8 კგ. დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ამერიკის მხარემ გადაფუთა ნივთი და შესაბამისად წონამაც მოიმატა. კომპანიის მიერ არ მოხდა ნივთის თავიდან აწონვა, რადგან საქართველოს გავლით უნდა გასულიყო რეექსპორტით. გზავნილის საქართველოში მიღების დროს, ნივთის გადამოწმებისას წონა დაფიქსირდა 32,7 კგ.

, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას, რათა კომპანიამ შეძლოს ნივთის ადრესატზე გადაცემა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ღირებულება – 300 ლარამდე; წონა – 29.8 კგ) ზოგადი დეკლარირება და აღნიშნული საფოსტო გზავნილის საბაჟო ორგანოში წარდგენა განხორციელდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ით. ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანას.

ასევე გადამხდელის მხრიდან ისეთი წონის მონაცემი იყო მიწოდებული, რომლის მიხედვითაც საქონელი არ ექვემდებარებოდა დეკლარირებას, გზავნილი საბაჟო კონტროლისგან მალულად არის შემოტანილი, ვინაიდან საბაჟო კონტროლის განხორციელების აუცილებელი ინფორმაცია არ იქნა საბაჟო დეპარტამენტისთვის წარდგენილი.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტი და როგორ დასრულდა აღნიშნული ოპერაცია. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(9); 168(2)