ბრძანება N 20790

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.08.2023
№ დოკუმენტი 20790
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიდღგ-ით დასაბეგრი პირიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციასაგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპებისაგადასახადო სანქციასაურავისაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებადღგ-ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

📄 სრული ტექსტი

N 20790

22 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“ (ს/ნ -------)

(მის.: ------------)

2023 წლის 7 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ ------) 2023 წლის 7 აგვისტოს №82904/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის №076-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ ბუღალტერია ნაწარმოებია თანხობრივად და საქონლის ჩამოწერაც ხორციელდებოდა შესაბამისად, ხოლო საქონელზე ფასნამატი შეადგენდა 15-17%-ს. ითხოვს შემოწმებით გავრცელებული ფასნამატის პროცენტის კორექტირებას.

2. პირი მიუთითებს, რომ საწარმოს ობიექტი განთავსებულია დაუსახლებელ ადგილას, ასევე ფართის დროებით არ ქონის გამო, ორი თვის განმავლობაში, მოუწიათ საქმიანობის შეჩერება და საქონლის ნაწილის მომწოდებლებისათვის დაბრუნება, რამაც დიდი ზიანი მიაყენა კომპანიას. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და დარიცხული სანქციის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №9341 და 2023 წლის 17 ივლისის №17267 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ს“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 21 მაისიდან 2023 წლის 15 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 3 მაისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 ივლისის №18516 ბრძანება და ამავე თარიღის №076-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 141 746 ლარი, მათ შორის, გადასახადი 81 553 ლარი, ჯარიმა 39 893 ლარი, საურავი 20 300 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს ,,--------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 21 მაისს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 20 სექტემბერიდან. გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა უპირატესად საკვები პროდუქტებით, ქიმიით, ალკოჰოლური სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით. საწარმოს საქმიანობის განხორციელების ადგილია, ქ. ---------, -------- რაიონი -------- ქ. №---. საწარმოს სახელზე რეგისტრირებულია ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა „სუპერფინი“, რომელშიც საქონლის შეძენა აღრიცხულია თანხობრივად და არ არის ჩაშლილი საქონლის სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით, ასევე საქონლის ჩამოწერაც განხორციელებულია ყოველი თვის ბოლოს მხოლოდ თანხობრივად. საწარმოს მხრიდან ასევე წარმოდგენილია სხვა მოთხოვნილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე, რეალიზაცია ხორციელდება სრულად საცალოდ, ამასთან, დოკუმენტით საქონლის რეალიზაცია არ ფიქსირდება.

გადამხდელის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვისა და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 15-17%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №9657 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,--------ს“ (ს/ნ -------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის დათვლა. ნაშთში არსებული საქონლის საბაზრო ფასისა და თვითღირებულებების მითითებით, შემოწმებით განხორციელდა ინვენტარიზაციის მასალების დამუშავება და გადამხდელის ფასნამატის განსაზღვრა, კერძოდ, მოხდა ნაშთად აღრიცხული საქონლის დაყოფა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების ჭრილში და გაანგარიშდა შესაბამისი ფასნამატი, ხოლო საშუალოდ გაანგარიშებულმა ფასნამატმა შეადგინა 30,9%. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დათვლილი ფაქტობრივი ნაშთების, გადამხდელის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის და შემოწმების ხელთ არსებული სხვა მასალების ანალიზით, შპს ,,--------ს“ ფაქტობრივი სმფ-ს ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 25 973 ლარი, ხოლო ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 163 930 ლარს.

საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, განხორციელდა გადამხდელის მიერ ბუღალტრულად ჩამოწერილი რეალიზებული საქონლის დაყოფა კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად, ასევე გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად დადგენილ სმფ-ს ნაშთებს შორის სხვაობა 137 957 ლარი განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებულად და დაიყო ანალოგიური საქონლის კატეგორიებად (კონკრეტული კატეგორიისთვის მისანიჭებელი თვითღირებულების განსაზღვრა მოხდა მთლიან შეძენაში ამ კატეგორიის საქონლის პროპორციული წილის გათვალისწინებით). აღნიშნული საქონლის თვითღირებულებებზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი შესაბამისი კატეგორიის ფასნამატები, რის შედეგადაც დეკლარირებულთან შედარებით დამატებით დასაბეგრმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 189 888 ლარი, ხოლო კომპანიას დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის აგვისტოს თვე. ყოველივე აღნიშნულის შედეგადაც, შემოწმებით, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

ასევე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის შესაბამის თვეებში დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული პროგრამით საქონლის აღრიცხვას ახდენდა მხოლოდ თანხობრივად, არ იყო ჩაშლილი საქონლის სახეობები და რაოდენობები, რის გამოც შემოწმების მიმდინარეობისას შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამასთან, დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის ფარგლებშიც მოხდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის დათვლა, განხორციელდა აღრიცხული საქონლის დაყოფა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების ჭრილში, რის შედეგად გაანგარიშდა შესაბამისი ფასნამატი (საშუალოდ გაანგარიშებულმა ფასნამატმა შეადგინა 30,9%). ასევე, გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად დადგენილ სმფ-ს ნაშთებს შორის სხვაობა 137 957 ლარი განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებულად და დაიყო ანალოგიური საქონლის კატეგორიებად, აღნიშნული საქონლის თვითღირებულებებზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი შესაბამისი კატეგორიის ფასნამატები, რის შედეგადაც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება დეკლარირებულ მონაცემს. საწარმოს ასევე დაუდგინდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის აგვისტოს თვიდან. აგრეთვე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის შესაბამის თვეებში საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, შემოწმებას შეეძლო პირის საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. შემოსავლების სამსახური მიუთითებს

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ ბუღალტერია ნაწარმოებია თანხობრივად და საქონლის ჩამოწერაც ხორციელდებოდა შესაბამისად, ხოლო საქონელზე ფასნამატი შეადგენდა 15-17%-ს. ითხოვს შემოწმებით გავრცელებული ფასნამატის პროცენტის კორექტირებას.

2. პირი მიუთითებს, რომ საწარმოს ობიექტი განთავსებულია დაუსახლებელ ადგილას, ასევე ფართის დროებით არ ქონის გამო, ორი თვის განმავლობაში, მოუწიათ საქმიანობის შეჩერება და საქონლის ნაწილის მომწოდებლებისათვის დაბრუნება, რამაც დიდი ზიანი მიაყენა კომპანიას. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და დარიცხული სანქციის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვისა და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 15-17%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №9657 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის დათვლა. საშუალოდ გაანგარიშებულმა ფასნამატმა შეადგინა 30,9%. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დათვლილი ფაქტობრივი ნაშთების, გადამხდელის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის და შემოწმების ხელთ არსებული სხვა მასალების ანალიზით, მომჩივნის ფაქტობრივი სმფ-ს ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 25 973 ლარი, ხოლო ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 163 930 ლარს.

საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. დეკლარირებულთან შედარებით დამატებით დასაბეგრმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 189 888 ლარი, ხოლო კომპანიას დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის აგვისტოს თვე. ყოველივე აღნიშნულის შედეგადაც, შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად. ასევე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის შესაბამის თვეებში დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 73(4)(9"ბ")(5"ა"), 158(1), 165(1)(2), 159(1"ა""ბ"), 163(1), 164(1), 101(1), 154, 136(3), 49(1"ე"), 61(3), 269(1)(7), 270(1)(2), 275, 282(1), 272(1).