ბრძანება N 24118

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2024
№ დოკუმენტი 24118
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24118

13 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 24 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა ი/მ---ის (ს/ნ ----) 2024 წლის 24 ოქტომბრის №92541/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 სექტემბრის №024-64 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ დოკუმენტურ რეალიზაციაზე დაყრდნობით გაანგარიშებული ფასნამატი 43%, მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატისგან და გაურკვევეელია აუდიტის მიერ მიღებული ფასნამატის გაანგარიშება. მომჩივანი ითხოვს ხელახალ შესწავლას მისი უშუალო მონაწილეობით, მიუთითებს, რომ უნდა დაიყოს კატეგორიებად დოკუმენტური რეალიზაცია და თითოეულის ხვედრითი წილის გათვალისწინებით მოხდეს კატეგორიიდან მიღებული შემოსავლის დადგენა და აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა გაანგარიშდეს ერთობლივი შემოსავლი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების აქტში ასევე მითითებულია, რომ შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სმფ-ს ნაშთის თვითღირებულებაც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთიდან ფასნამატის ამოღებით. გადამხდელის განმარტებით გაუგებარია აღნიშნული პოზიცია და მიდგომა, რაც გამოყენებულია შემოწმების მიერ და ითხოვს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობა საბუღალტრო ნაშთსა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ნაშთს შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნეს დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს პირველ საკითხში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით განისაზღვროს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №9584 და 19 სექტემბრის №20618 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველი აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 25 სექტემბრის №20942 ბრძანება და ამავე თარიღის №024-64 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 294 513 ლარი, მათ შორის, გადასახადი 164 108 ლარი, ჯარიმა 76 206 ლარი, საურავი 54 199 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ვაჭრობა ---ს ტერიტორიაზე, საქონელი შემოაქვს, როგორც იმპორტით ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან და არაბეთის გაერთინებული საამიროებიდან, ასევე შეძენები უფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რის შედეგადაც დადგინდა სმფ-ების ნაშთი.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასასადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად, კოდებით არ იდენტიფიცირდებოდა შეძენილი და რეალიზებული საქონელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების მიერ გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე, 159-ე, მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით გაიზარდა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და 2021, 2022, 2023 წლების ერთობლივი შემოსავალი.

ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სმფ-ის ნაშთის თვითღირებულებაც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთიდან ფასნამატის ამოღებით. ასევე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში საწყისი და საბოლოო სმფ-ის ნაშთები რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დაკორექტირების გამო. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობამ გადააჭარბა 100 000 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს და მის ოჯახის წევრს საკუთრებაში უფიქსირდებათ, როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. 3

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რის შედეგადაც დადგინდა სმფ-ების ნაშთი.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასასადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად, კოდებით არ იდენტიფიცირდებოდა შეძენილი და რეალიზებული საქონელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების მიერ გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და ერთობლივი შემოსავალი. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სმფ-ის ნაშთის თვითღირებულებაც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთიდან ფასნამატის ამოღებით. ასევე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში საწყისი და საბოლოო სმფ-ის ნაშთები რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დაკორექტირების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, ოჯახი არის პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

ამავე კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, 2021 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობამ გადააჭარბა 100 000 ლარს, შესაბამისად, წარმოეშვა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, თუმცა მის მიერ არ იყო სრულად შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, ხოლო მის მიერ სრულად არ შესრულდა საგადასახადო ვალდებულებები, შემოწმებით ქონების გადასახადის განსაზღვრა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----ის (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს პირველ საკითხში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით განისაზღვროს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასასადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად, კოდებით არ იდენტიფიცირდებოდა შეძენილი და რეალიზებული საქონელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების მიერ გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობამ გადააჭარბა 100 000 ლარს. შგადასახადის გადამხდელს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაერიცხა გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 201; 202; 205; 8 (16); 269 (7); 102; 105.