ბრძანება N 29014

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.11.2023
№ დოკუმენტი 29014
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 29014

27 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 28 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“(ს/ნ ----------) №78668/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №031-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვას და მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ 2022 წლის იანვრის თვეში მიიღო აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება სალაროს ინვენტარიზაციის შესახებ. აღნიშული ბრძანების ფარგლებში დეტალურად გაიარა აუდიტორთან ფულადი სახსრების მოძრაობა (მათ შორის 2019 წლიდან პერიოდზე). აუდიტორის რეკომენდაციის შესაბამისად დაიბეგრა განაცემად სალაროს ზედმეტი ნაშთი. განმარტავს, რომ მისი საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს საწვავის საცალო და საბითუმო რეალიზაცია. კომპანიის მომხმარებლები არიან როგორც ქართული კომპანიები, ასევე საერთაშორისო გადამზიდავი თურქული კომპანიებიც. ხშირად მათთან ჰქონდა რეალიზაცია კონსიგნაციით. თუმცა იმის გამო, რომ ვერ უწერდა ანგარიშ-ფაქტურას, იძულებული იყო ეჩვენებინა აღნიშნული თანხა მიღებულად რეალიზაციის მომენტში. შესაბამისად, სალაროში მუდმივად ჰქონდა ისეთი ნაშთი, რომელიც რეალურად არ იყო მიღებული და წარმოდგენდა მყიდველის დავალიანებას კომპანიის მიმართ. ზემოაღნიშნული სალაროს ინვენტარიზაციის დროს ეს თანხები დაიბეგრა, თუმცა, როდესაც მყიდველებმა გადაიხადეს გადამხდელს მოუხდა ამ თანხის კაპიტალში შეტანა (ასე აღრიცხვა).

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით. აცხადებს, რომ საბუღალტრო პროგრამა „ფინას“ თავისებურების გამო, კომპანიას ჰქონდა აღრიცხვასთან დაკავშირებული ხარვეზები. კერძოდ, ტალონებით რელიზებული საქონელი ჩართული იყო რეალიზაციაში (ნაცვლად მიღებული ავანსისა). შესაბამისად, ზოგჯერ გამოდიოდა ისე, რომ გაიყიდა ის საქონელი, რომელიც ჯერ არ მიუღია გადამხდელს (მყიდველი როდესაც ყიდულობს ტალონით, ფიზიკურად საქონელი მიაქვს გვიან, ტალონის რეალიზაციის მომენტში ხშირად შეიძლება საერთოდ არ იყოს საკმარისი რაოდენობა ნაშთად). რადგან აღნიშნული ოპერაციებიც რეალიზაციად იყო გატარებული და შესაბამისი საქონელიც ჩამოწერილი (სხვანაირად ვერ ხერხდებოდა პროგრამით), პროგრამა უარყოფით ნაშთებს ვერ აკუთვნებდა თვითღირებულებას და გარკვეული რაოდენობების რეალიზაციებში არასწორად ან ნულოვნად ჩანდა საქონლის თვითღირებულება. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ საწარმომ აღნიშნული ხარვეზი გაასწორა, გასწორდა პროგრამაში ტალონებით რეალიზაცია, გადატანილი იქნა ავანსებში და შესაბამისად, საქონელიც ჩამოიწერა მხოლოდ მყიდველის მიერ ფაქტობრივად წაღების მომენტში. ამის შემდეგ პროგრამულად გადათვლილი იქნა ნაშთები და გასწორდა საქონლის თვითღირებულებები. თუმცა, აღნიშნული მოხდა შემოწმების დასრულების მომენტში და შემოწმებამ ვერ მოასწრო გადამოწმება.

3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საცალო და საბითუმო ფასები ერთმანეთისგან განსხვავდება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ საწარმოს აქვს ორი ობიექტი ბრენდირებული (---------- ფრენჩაიზით) და არაბრენდირებული. კომპანია აფასებს საბითუმო რეალიზაციასთან დაკავშირებულ ფაქტორებს და ამის საფუძველზე შეიძლება უფრო ძვირად განახორციელოს საქონლის რეალიზება, მაგალითად:

 ფულს იღებს გვიან და არის რისკი, რომ ნაწილობრივ ან სრულად ვერ ამოიღოს მყიდველის დავალიანება (როდესაც საცალოს შემთხვევაში თანხას მაშინვე იღებს);

 ფულს იღებს გვიან, რაც, რა თქმა უნდა ზარალია, რადგან უწევს სხვა სახსრების მობილიზება საოპერაციო საქმიანობისთვის (შეეძლო ამ თანხით სესხი დაეფარა);

 საწვავის ფასის ხშირი და მოულოდნელი ცვალებადობის გამო, როდესაც საბითუმო მყიდველი თანხას გადაუხდის, შეიძლება მოუწიოს ახალი საქონლის გაძვირებული ფასით შეძენა.

გადასახადის გადამხდელი ამ ნაწილში ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით დარიცხული თანხის გადაანგარიშებას.

4. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9828 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 29 დეკემბრის №33692 ბრძანება და ამავე თარიღის №031-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 150 592 ლარი, მათ შორის, გადასახადი 56 278 ლარი, ჯარიმა 56 378 ლარი და საურავი 37 936 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 8 აგვისტოს №19386 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19386 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 10 ოქტომბრის №20637/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19386 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

 არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან მიმართებაში, საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე რომ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის პირობებში, დასაბეგრი ბრუნვა გაზრდილია უმნიშვნელოდ. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტით (თანდართული ცხრილით) დგინდება, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 11 061 493 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 11 167 234 ლარს.

 სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვასთან მიმართებაში, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, თუმცა, ვინაიდან პირველ სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა დარიცხული თანხების ოდენობა დაკორექტირდეს, საჩივარი ამ ნაწილშიც ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საბჭოს მიაჩნია, რომ პირველ სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგებიდან გამომდინარე, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც, შემოსავლების სამსახურის 8.08.2023 წლის №19386 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

 გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა, სადაც შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ფულადი საშუალებების ნაშთი ფიქსირდება 206 933 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეგულარულად უფიქსირდება ფულადი სახსრების ნაშთი სალაროში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, მე-100 და 101-ე მუხლების, ასევე, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებული მეთოდური მითითების (დანართი N9) შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი ყოველი საანგარიშო პერიოდისთვის (თვე), რომელსაც გამოაკლდა სალაროს წლიური საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული საკასო შემოსავლების 10%. აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული არაგონივრული ნაშთი განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და სესხის პროცენტი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილების მიხედვით, იმ საანგარიშო პერიოდებში, სადაც ხდებოდა სალაროში არსებული ფულის უძრავი ნაშთების ზრდა, აღნიშნული ნაზრდი თანხები, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ხოლო ცალკეულ საანგარიშო პერიოდებში სალაროს უძრავი ნაშთის შემცირება განხილულ იქნა სესხის დაბრუნებად და დაექვემდებარა მოგების გადასახადის ჩათვლას. შემოწმების შედეგად პირს დაერიცხება მოგების და საშემოსავლო გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 შპს „----------“ საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს საწვავის, კერძოდ, დიზელის, ევრო დიზელის, პრემიუმის და რეგულარის შეძენა-რეალიზაცია. პირს ჯავახეთში, კერძოდ, ---------- და ---------- უფიქსირდება დამფუძნებლისგან (დირექტორი) იჯარით აღებული ორი ავტოგასამართი სადგური. ---------- მდებარე ავტოგასამართ სადგურზე შპს „----------“ ფრენჩაიზის ხელშეკრულების შესაბამისად სარგებლობს ---------- საფირმო ნიშნით. კომპანია რეალიზაციის ნაწილს ახორციელებს დოკუმენტურად (საშუალოდ 38%). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საწარმოს შეძენები უფიქსირდებოდა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. როგორც საგადასახადო შემოწმების პროცესში გაირკვა გადამხდელი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში არ ახორციელებდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას. კერძოდ, შეუძლებელია ცალკეული რეალიზაციის მიხედვით პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა. პირის მიერ დეკლარირებული ფასნამატი 2019-2021 წლების პერიოდების მიხედვით შეადგენდა 9%-ს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, რომელითაც მოწოდებული იყო წლების მიხედვით სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთების თვითღირებულება. იქიდან გამომდინარე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე (დაწყებაზე/დასრულებაზე) კონტროლი და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების შესაბამისად და მეწარმის შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშდა იდენტიფიცირებადი საქონლის მიხედვით დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც საქონლის კატეგორიების მიხედვით 2019 წელს დიზელის და რეგულარის ტიპის საწვავზე შეადგინა 9%, ხოლო პრემიუმის ტიპის საწავზე 10%; 2020 წელს დიზელის და რეგულარის ტიპის საწვავზე შეადგინა 13%, ხოლო პრემიუმის ტიპის საწავზე 12%; 2021 წელს დიზელის ტიპის საწვავზე შეადგინა 13%, რეგულარის ტიპის საწვავზე 5%, ხოლო პრემიუმის ტიპის საწვავზე 11%. გაანგარიშებული ფასნამატი შემოწმებით გავრცელდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (აქვე გათვალისწინებულ იქნა 2019, 2020, 2021 და 2022 წლების სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთები და საკუთარი მოხმარების მიზნით შეძენილი საწვავის ღირებულება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული რეალიზაციით მიღებული ფულადი სახსრები შპს „----------“ სააღრიცხვო მონაცემებში არ ფიქსირდებოდა, გაანგარიშებული თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა წყაროსთან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წერილობითი პოზიციის შესაბამისად, გაანგარიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული კომპანიის დამფუძნებლის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული კაპიტალის შევსების ოპერაცია 70 000 ლარის ოდენობით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობის ძირითადი ნაწილი, კერძოდ, 87 711 ლარი (105 741 ლარიდან), გამოვლენილია 2020 წელზე, სადაც გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 662 805 ლარს, ხოლო შემოწმების მონაცემებით - 2 750 544 ლარს (სხვაობა 3,3%).

შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული და შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები არსებითად არის შეცვლილი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვას და მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით.

3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საცალო და საბითუმო ფასები ერთმანეთისგან განსხვავდება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობის ძირითადი ნაწილი, კერძოდ, 87 711 ლარი (105 741 ლარიდან), გამოვლენილია 2020 წელზე, სადაც გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 662 805 ლარს, ხოლო შემოწმების მონაცემებით - 2 750 544 ლარს (სხვაობა 3,3%). შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული და შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები არსებითად არის შეცვლილი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)