ბრძანება N 19283
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19283
27 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ --- ს (---)-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 13 ივლისის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა ფ/პ ---ს (---)-ის (ს/ნ ---) 2026 წლის 13 ივლისის №103415/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის №006-231 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდან მიღებული ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდს, თუმცა 2026 წელს მიღებულ შემოსავლებზე დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ჰქონდა 2027 წლის აპრილამდე. აცხადებს, რომ საგადასახადო ვალდებულებებს ასრულებდა სრულად, თუმცა ტექნიკური ცდომილების გამო გადახდილი თანხები არ აისახა მის პირადი აღრიცხვის ბარათზე. კერძოდ, განმარტავს, გადასახადს იხდიდა სს „---ში“ გახსნილი ანგარიშიდან, რომელმაც აღნიშნული ანგარიში დაარეგისტრირა მისი პასპორტის ნომრით. შესაბამისად, გადახდილი თანხები მხოლოდ იმიტომ არ აისახა პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომ მოცემული და შემოსავლების სამსახურის მიერ მინიჭებული საინედტიფიკაციო კოდები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. აცხადებს, რომ თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საგადახდო დავალებები წარუდგინა შემოწმებას, თუმცა აღნიშნულის გათვალისწინება არ მომხდარა. მიუთითებს, რომ გამორჩა საშემოსავლო გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციის გადმოგზავნა, თუმცა კუთვნილ გადასახადს პირნათლად იხდიდა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე და 270 -ე მუხლების საფუძველზე, ითხოვს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის 21 560 ლარიდან 880 ლარამდე შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმებით შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მაისის №10950 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---ს (---)-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდან მიღებული ხელფასის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 15 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 22 ივნისის №13631 ბრძანება და ამავე თარიღის №006-231 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 38 530 ლარი, მათ შორის, გადასახადი 21 560 ლარი, ჯარიმა 10 780 ლარი, საურავი 6 190 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
ფ/პ ---ს (---) 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მაისამდე პერიოდში დასაქმებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) საწარმოს სტატუსის მქონე კომპანიაში, კერძოდ, შპს „---ში“ (---). ამასთან, იგი წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს. აღნიშნულ პერიოდში მან ხელფასის სახით მიიღო შემოსავალი 107 800 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლისა და „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილების შესაბამისად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში დაქირავებული რეზიდენტი ფიზიკური პირი ვალდებულია შეასრულოს თავისი საგადასახადო ვალდებულება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავალთან (ხელფასთან) მიმართ ყოველთვიურად გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საქართველოს რეზიდენტი დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილებით განსაზღვრულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესი. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ წესით განსაზღვრული ხელფასის მიმართ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს (შემდგომში - საწარმო) არ ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაქირავებულის მიერ საწარმოში მიღებულ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილებით განსაზღვრული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაქირავებული ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი დასაქმებული იყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში და წარმოადგენდა საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში ხელფასის სახით მიიღო შემოსავალი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2023-2025 წლის საანგარიშო პერიოდზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს რაც შეეხება 2026 წლის საანგარიშო პერიოდზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილებით განსაზღვრული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის მე-4 მუხლის პირველ ნაწილიზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2026 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, მოცემულ საანგარიშო პერიოდზე, არის 2027 წლის პირველი აპრილი, შესაბამისად შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა იმ პერიოდზე, რომლის დეკლარირების ვადა ჯერ არ დამდგარა.
ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2026 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებებს ასრულებდა სრულად, თუმცა ტექნიკური ცდომილების გამო გადახდილი თანხები არ აისახა მის პირადი აღრიცხვის ბარათზე. კერძოდ, განმარტავს, რომ გადასახადს იხდიდა სს „----ში“ გახსნილი ანგარიშიდან, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, პირის მიერ განხორციელებული გადარიცხვები ავტომატურად არ აისახებოდა შემოსავლების სამსახურში გადასახადი გადამხდელის სახელზე გახსნილი ანგარიშის პირად ბარათზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, ფ/პ ---ს (---) (ს/ნ ----), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის №006-231 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ---ს (---)-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2026 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. ფ/პ ---ს (----), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის №006-231 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდან მიღებული ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმებით შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ფ/პ ---ს 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მაისამდე პერიოდში დასაქმებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) საწარმოს სტატუსის მქონე კომპანიაში. ამასთან, იგი წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს. აღნიშნულ პერიოდში მან ხელფასის სახით მიიღო შემოსავალი 107 800 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლისა და „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილების შესაბამისად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში დაქირავებული რეზიდენტი ფიზიკური პირი ვალდებულია შეასრულოს თავისი საგადასახადო ვალდებულება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავალთან (ხელფასთან) მიმართ ყოველთვიურად გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა .
გადაწყვეტილება:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2026 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, პირი გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 34 (2); 80 (1); 100 (1,3(ა)); 101 (1); 154 (1); 153 (1,ა;9); 269 (7).