ბრძანება N 2337

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.02.2024
№ დოკუმენტი 2337
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 233708

08 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 5, 7 და 21 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 დეკემბრის და 2024 წლის 17 იანვრის სხდომებზე (ოქმი №132 და №3) განიხილა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 2023 წლის 5 დეკემბრის №205953/21; 7 დეკემბრის №208388/21 და 21 დეკემბრის №217730/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ნოემბრის №006-554 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განხორციელებულ დარიცხვას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების საფუძველზე გადამხდელის ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მხედველობაში არ მიიღო ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი გარემოებები და საგამოძიებო ორგანოებიდან მიღებული გამოკითხვის ოქმების საფუძველზე მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების ცვლილება, კერძოდ, დადგენილ გარემოებად მიიჩნია საბაჟო ორგანოს მიერ დანაკლისად აღიარებული საქონლის განკარგვა (რეალიზაცია) ფ/პ „----------“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე. მომჩივანი განმარტავს, რომ არც განაჩენით და არც პროკურორის მიერ წარდგენილი ბრალით არ დგინდება „----------“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზ მესამე პირებზე ნავთობპროდუქტების რეალიზაციი ფაქტი.

2. არ ეთანხმება შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების გაუთვალისწინებლობას. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ხარჯებში არ გაითვალისწინა „----------“ მიერ „მიღებულ“ შემოსავალთან დაკავშირებული დანახარჯები, რომელიც გამოიხატებოდა მის მიერ საბაჟო საწყობის ოპერატორი კომპანიის (შპს „--------“) სანაცვლოდ ბიუჯეტში გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხები (5 787 813,09 ლარი). ასევე, არ გაითვალისწინა ხარჯებში „განაჩენით“ დადგენილი გარემოება, რომ „----------“ ორ პირთან ერთად სჩადიოდა დანაშაულს საკუთარი ხარჯებით კერძოდ, თითქოსდა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის მიზნით საქართველოში შემოჰქონდა საწვავი, მაგრამ რეალურად ახდენდა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საწვავის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადმოტანას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №25504 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, მსუბუქი გაზის კონდესატის დისტილატი) რეალიზაციის შედეგად წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 2 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 6 ნოემბრის №27360 ბრძანება და ამავე თარიღის №006-554 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 3 983 854 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 081 018 ლარი, ჯარიმა 823 559 ლარი და საურავი 1 079 277 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. ფ/პ „----------“ ეკონომიკური საქმიანობის შესწავლის პროცესში საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურებიდან მოწოდებული სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით. აღნიშნული მასალების ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ „----------“ მიერ ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, მსუბუქი გაზის კონდესატის დისტილატი) რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლმა შეადგინა 6 500 000 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, ფ/პ „----------“ არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, შესაბამისად, ზემოაღნიშნული საქონლის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე და165-ე მუხლებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პირს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების შესწავლა/ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ფ/პ „----------“ მიერ 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, მსუბუქი გაზის კონდესატის დისტილატი) რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლმა შეადგინა ჯამში 6 500 000 ლარი, რომელთან დაკავშირებითაც, პერიოდების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის ზემოაღნიშნული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმებამ ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და გაიანგარიშა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ამდენად, პირს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციიაზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ „----------“ მიერ ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, მსუბუქი გაზის კონდესატის დისტილატი) რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 500 000 ლარი, ხოლო აღნიშნულ შემოსავალთან დაკავშირებით დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები და ძირითად საშუალებათა რეალიზაციით მიღებული თანხები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციიაზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ „----------“ მიერ ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, მსუბუქი გაზის კონდესატის დისტილატი) რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 500 000 ლარი, ხოლო აღნიშნულ შემოსავალთან დაკავშირებით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია. ამასთან, არ წარმოუდგენია აღნიშნული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების საფუძველზე გადამხდელის ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას.

2. არ ეთანხმება შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების გაუთვალისწინებლობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციიაზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის მიერ ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, მსუბუქი გაზის კონდესატის დისტილატი) რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 500 000 ლარი, ხოლო აღნიშნულ შემოსავალთან დაკავშირებით დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციიაზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის მიერ ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, მსუბუქი გაზის კონდესატის დისტილატი) რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 500 000 ლარი, ხოლო აღნიშნულ შემოსავალთან დაკავშირებით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია. ამასთან, არ წარმოუდგენია აღნიშნული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 102(1„ა); 159(1); 165(1); 275; 282(1).

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)