ბრძანება 26914
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26914
31 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ---)
(მის:---) 2023 წლის 25 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 სექტემბრის №20411/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 25 მაისის №89528/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №006-199 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები შემოწმებამ ნაწილობრივ გაითვალისწინა. აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორიცაა: გარკვეული იმპორტირებული პროდუქციის ბრუტო და ნეტო წონის სხვაობა, კონკრეტული ხილისა და ბოსტნეულის ნახევარფაბრიკატების მიღებისას ფაქტიური დანაკარგები, გაყინული ხორცპროდუქტების, განსაკუთრებით ქათმის ფილეს და ზღვის პროდუქტების დანაკარგები. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურს გადაეცა ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული 100-ზე მეტი ტორტის კალკულაცია, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა სერიული ტორტების კალკულაციისგან.
2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საგადასახადო ვალდებულებების ანალიზი არ განხორციელებულა არაპირდაპირი მეთოდით, თუმცა შემმოწმებელმა გადაანგარიშება სწორედ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მოახდინა, ხოლო საფუძველი დასკვნაში არსად არის მითითებული. განმარტავს, რომ არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და ხელახალი გადაანგარიშების განხორციელებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გარეშე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 ივლისის №20370 ბრძანებისა და 2020 წლის 25 დეკემბრის №38855 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს ,,---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდი, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2020 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 29 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 30 დეკემბრის №39875 ბრძანება და ამავე თარიღის №006-883 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 866 931 ლარი, მათ შორის, გადასახადი 451 816 ლარი, ჯარიმა 227 239 ლარი, საურავი 187 876 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2021 წლის 22 აპრილის №12197 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2021 წლის 25 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2021 წლის 25 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდის გამოყენების საფუძვლები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 აპრილის №12197 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 17 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 153 630 ლარით, მათ შორის გადასახადი 91 881 ლარით და ჯარიმა 61 749 ლარით.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 მაისის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 25 მაისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივლისის №16360 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 18 სექტემბრის №20411/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივლისის №16360 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 სექტემბრის №20411/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა და არ მიეცა სხდომაზე დასწრების და არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ: გაფუჭებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტები; ასევე, წარმოადგინა (გაშიფრა) კომპანიაში ჩატარებული შიდა ინვენტარიზაციების შედეგად გამოვლენილი და დაბეგრილი დანაკლისები; სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები გარკვეული პროდუქციის (ალუბალი, ფორთოხალი, ვაშლი, კიტრი, პომიდორი) დანაკარგების შესახებ.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა გადაანგარიშების ფარგლებში. შემოწმებამ გაითვალისწინა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები გარკვეული პროდუქციის დანაკარგების შესახებ, ასევე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განცხადების საფუძველზე გაფუჭებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტები. შედეგად, დაკორექტირდა (შემცირდა) ნედლეულის, როგორც აღურიცხველი, ისე დანაკლისის ოდენობები, რაც შესაბამისად ახდენს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებას. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები სულ 153 631 ლარით. ასევე, დაკორექტირდა (შემცირდა) აღურიცხველი საქონლის ოდენობაც, რამაც გამოიწვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის შემცირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმებამ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა. ასევე, არ გაითვალისწინა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორიცაა კონკრეტული ხილისა და ბოსტნეულის ნახევარფაბრიკატების მიღებისას ფაქტიური დანაკარგები, გაყინული ხორცპროდუქტების, განსაკუთრებით ქათმის ფილეს და ზღვის პროდუქტების დანაკარგები. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურს გადაეცა ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული 100-ზე მეტი ტორტის კალკულაცია, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა სერიული ტორტების კალკულაციისგან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრის მიხედვით მომჩივანი დამატებით მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:
ინვენტარიზაციის აქტში არ არის გათვალისწინებული 39 253.58 ლარის ოდენობის საქონლის დანაკლისი, რომელსაც გადამხდელი აღიარებდა საქონლის უსასყიდლო მიწოდებად და ბეგრავდა კანონის შესაბამისად დღგ-ით და მოგების გადასახადით;
2020 წლის ივლისის თვეში შეძენილი პროდუქცია იყო დუბლირებული, რის გამოც მითითებულ თვეში ხელოვნურად 59496 ლარით გაიზარდა შეძენილი პროდუქციის ოდენობა;
კომპანიის მიერ იმპორტირებული ძალზედ სპეციფიკური პროდუქტი ვისკის კრემი, რომელიც შეძენილი ჰქონდა სულ რაღაც 14 ერთეული, ინვენტარიზაციის აქტის მიხედვით ფიქსირდება, როგორც 73 ერთეულის შეძენა და სხვაობა აღირიცხა დანაკლისში და მოცემული ვირტუალური დანაკლისის საფუძველზე დაერიცხა ჯარიმა 43 978 ლარის ოდენობით;
ინვენტარიზაციის აქტში არ არის გათვალისწინებული არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა, მაგალითად 1479 კოდით აღრიცხული ხილი კომპოტისთვის - 622 კგ ხარჯვა, სადაც ინვენტარიზაციის აქტში ხარჯვის, 622 კგ ნაცვლად გათვალისწინებულია ნაშთი 46 კგ. ინვენტარიზაციის დროს არ მომხდარა თითოეული პროდუქტის ინდივიდუალური ანალიზი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 აპრილის №12197 ბრძანება. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი ქ. №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და ხელახალი გადაანგარიშების განხორციელებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გარეშე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 მაისის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 25 მაისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივლისის №16360 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 18 სექტემბრის №20411/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივლისის №16360 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 49; 61; 145; 73 (4, 9); 101; 154; 43.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161; 171.