ბრძანება N 16431
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16431
20 ივლისი 2026
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(ფაქტ. მის.: „--------“)
2026 წლის 8 აპრილისა და 9 ივლისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 და 15 ივლისის სხდომებზე (ოქმი №60 და №62) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 ივნისის №27363/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებულია შპს „--------“(ს/ნ „--------“) 2026 წლის 8 აპრილის №101677/1/2026 საჩივარი და ასევე, 9 ივლისის №103338/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 მარტის №021-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩათვლის მიღებას. აცხადებს, რომ 2025 წლის ივლისში შპს „------"-ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ვერ მიიღო დღგ-ის ჩათვლა (6 375 ლარის ოდენობით), ვინაიდან შპს „-------“ წარმოადგენდა არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელს. ასევე, მომჩივანი აცხადებს რომ 2025 წლის ნოემბერში შპს „N1-ის“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომლის დღგ-ის თანხა შეადგენდა 6 718 ლარს, ტექნიკურად ვერ მიიღო ჩათვლა და ვერ შეძლო დეკლარაციისთვის მიბმა, თუმცა დადასტურებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 იანვრის №1144 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 10 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 12 მარტის №5496 ბრძანება და ამავე თარიღის №021- 18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 11 785 ლარი, მათ შორის გადასახადი 7 641 ლარი, ჯარიმა 3 820 ლარი და საურავი 324 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 28 აპრილის №9285 ბრძანებით მომჩივანის 2026 წლის 8 აპრილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 19 ივნისის №27363/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 აპრილის №9285 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 ივნისის №27363/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მომჩივანი საჩივარში აღნიშნავს, რომ კომპანიამ ვერ მიიღო ჩათვლა 2025 წლის ივლისში შპს „------“-ის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე თანხით 6 375 ლარის ოდენობით. ასევე, კომპანიამ ვერ მიიღო ჩათვლა 2025 წლის ნოემბერში შპს „N1“-ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე თანხით 6 718 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხების ჩათვლაში გათვალისწინების საფუძველზე კომპანიას წარმოეშობოდა ზედმეტობა და აღარ დაერიცხებოდა ჯარიმა 3 820 ლარი და საურავი 324 ლარი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: შესამოწმებელ პერიოდში, ჩათვლაში გასათვალისწინებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, დღგ-ის თანხამ შეადგინა 14 441 ლარი. საგადასახადო შემოწმების შედეგების შეჯამებისას,შემოწმებამ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაითვალისწინა სრულად და ჩასათვლელ თანხად განისაზღვრა 14 441 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ; ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის არგუმენტაცია, რომლითაც ითხოვს დამატებით ჩათვლის მიღებას ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით:
შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) მიერ 2025 წლის ივლისში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-„--------“) არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის ჩათვლებში, ვინაიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამომწერ კომპანიას (შპს „-------“-ს) არ აქვს მიბმული დეკლარაციაზე. დოკუმენტს აქვს გაყვითლებულის სტატუსი და კომპანია სარგებლობს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით.
დღგ-ს ჩათვლებში არ იქნა გათვალისწინებული შპს „N1-ის“-ის (ს/ნ „--------“) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა„--------“), რადგან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, სარგებლობს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას აქვს გაყვითლებულის სტატუსი. ამდენად, აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშფაქტურას აქვს ჩათვლის შეზღუდვა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩათვლის მიღებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში, ჩათვლაში გასათვალისწინებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, დღგ-ის თანხამ შეადგინა 14 441 ლარი. საგადასახადო შემოწმების შედეგების შეჯამებისას, შემოწმებამ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაითვალისწინა სრულად და ჩასათვლელ თანხად განისაზღვრა 14 441 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
174,175,176,180.