ბრძანება N16766
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16766
23 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 24 ივნისის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 ივლისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2026 წლის 24 ივნისის №106301/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 ივნისის №006-186 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ადმინისტრაციული აქტების შედგენისას არასწორად იქნა მოყვანილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, საგადასახადო ორგანოს მიერ თანხების დარიცხვას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ამავე აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მიერ. უფრო მეტიც, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული ბრძანების არაღსრულების საფუძვლად აუდიტის დეპარტამენტი თავის დასკვნაში მიუთითებს, რომ მის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანება წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და დარიცხული თანხების გადაანგარიშების მიზნით არ აღსრულდა არა იმიტომ, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია და უსაფუძვლო, არამედ იმ მიზეზით, რომ 2025 წლის 26 დეკემბერს საწარმოს მიერ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი იქნა საჩივარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა და უდავო ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 აგვისტოს №18854 ბრძანება არ აღსრულებულა და შესაბამისი დასკვნა და საგადასახადო მოთხოვნა გამოცემული იქნა უსაფუძვლო მოტივით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 აგვისტოს №18854 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 აგვისტოს №18854 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 29 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 3 ივნისის №006-186 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
2025 წლის 26 დეკემბერს შპს „---ს“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სადაც ასაჩივრებს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №006-223 საგადასახადო მოთხოვნას, ამავე თარიღის №15028 ბრძანებას, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 აგვისტოს №18854 ბრძანებას და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებას №97977/1/2025. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის შესაბამისად „დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს, მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში და დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრება ხელს არ უშლის შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებას. შესაბამისად, არ არსებობდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 აგვისტოს №18854 ბრძანების აღუსრულებლობის საფუძველი. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
საწარმოს მიერ ავანსი მიღებულია წინა წლებში და საქონლის მიწოდება განხორციელებულია შემდგომ პერიოდში. შემდეგში მიწოდების პერიოდში ავანსი განაშთულია, თუმცა შემმოწმებლის მიერ ავანსის განაშთვა უგულებელყოფილია. აღნიშნულზე მიუთითებს ის გარემოება, რომ დიდი ღირებულების საქონელზე (ავეჯი, სამზარაულოს ავეჯი და აღჭურვილობა) მიწოდება ხდება მხოლოდ წინასწარ გადახდილი ავანსის შემთხვევაში. კერძოდ, კლიენტს დიზაინის შეთანხმების შემდეგ შემოაქვს მის მიერ დაკვეთილი საქონლის ღირებულების 80%-დან 100%-მდე ოდენობის ავანსი, რომელიც იბეგრება შემოტანის მომენტში.
შემდგომში, აღნიშნული ავანსი კონვერტირდება და ირიცხება საქონლის დამამზადებელ და მომწოდებელ უცხოურ კომპანიებზე იტალიაში, გერმანიაში, სკანდინავიის ქვეყნებში და ა.შ. არცერთი ასეთი საქონლის უცხოელი მომწოდებელი კონსიგნაციის წესით არ მუშაობს და ხდება მოსაწოდებელი საქონლის ღირებულების სრულად დაფარვა (გადახდა). ასევე, ზედმეტად და დუბლირებულად დაბეგრილია სს „---ზე“, შპს „---ზე“, შპს „---ზე“, შპს „----ზე“ და სხვა მრავალ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე განხორციელებული მიწოდებები და ასეთი მაგალითები ასევე უამრავია.
2021-2024 წლებში ავანსის თანხა ძირითადად უნაღდო ანგარიშსწორებით და ნაწილობრივ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილია ოჯახის ერთი წევრის, კონკრეტულად ქმრის მიერ, ხოლო 2022- 2024 წლებში უცხოეთიდან ავანსების ანგარიშში მიღებული საქონელი გატანილია და შესაბამისად სასაქონლო ზედნადები/გატანის ინვოისი გაწერილია მის ცოლზე, ხოლო შემმოწმებლის მიერ სასაქონლო ზედნადებები დუბლირებულად ჩათვლილია დასაბეგრ ბაზაში და რეალიზაციიდან მიღებული თანხა შემოწმებით ასევე ზედმეტად და უსაფუძვლოდ მიკუთვნებულია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. საჩივარში მოყვანილია კონკრეტული პირები.
შემმოწმებელი დასაბეგრ ბრუნვაში ასევე დუბლირებულად და ზედმეტად თვლის სასაჩუქრე ვაუჩერებით განხორციელებულ გაყიდვებს. საჩივარში მოყვანილია კონკრეტული გარემოებები.
2023 წლის 3 იანვარს მაღაზიაში ---ზე მყიდველმა იყიდა 4900 ლარის საქონელი, საიდანაც მან საქართველოს ბანკის საბანკო ტერმინალით გადაიხადა 4000 ლარი, ხოლო 900 ლარი გადაიხადა ნაღდი ანგარიშსწორებით, რაზეც ამორტყმულ იქნა 900 ლარის ჩეკი. შესაბამისად, ნავაჭრის ანგარიშში რეალიზაციაში ასახულ იქნა 4900 ლარი. ხოლო, იმის გამო, რომ პროგრამულად მაღაზიის თანამშრომელმა მიუთითა საცალო ვაჭრობა, სალაროში ნავაჭრ თანხად აისახა 4900 ლარი, იმავე ოდენობიდან 4000 ლარი აისახა ბანკში ტერმინალით გადახდილი თანხა და იმ პირობებში, რომ არსებობს 900 ლარის სალაროს ჩეკი და 4000 ლარის ტერმინალის ამონაწერი, შემმოწმებელმა რეალიზაციაში ჩათვლა 8900 ლარი. მსგავსი შემთხვევები ბევრია, რის გამოც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და სალაროს ნაშთი შემოწმებით გაზრდილია ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ოდენობით.
შემმოწმებლის მიერ დასაბეგრ ბრუნვაში ასევე დუბლირებულად ჩათვლილია უკან დაბრუნებული საქონლის ღირებულება, რომელთან დაკავშირებული შემთხვევებიც უამრავია. ასევე არ არის გათვალისწინებული პროგრამაში დაშვებული მექანიკური შეცდომები, მაგ. კლიენტის გვარში დაშვებული უზუსტობა.
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, შემმოწმების მიერ დასაბეგრ ბაზაში ჩართულია ბანკში შეტანილი სალაროში არსებული ნავაჭრი თანხა, ასევე დამფუძნებლის შენატანები. საბანკო ამონაწერში პირდაპირ არის მითითებული, რომ თანხა შემოდის დამფუძნებლის მიერ, იმავე დღეს ხდება მისი კონვერტაცია და შემდეგ უცხოელ მომწოდებელზე გადახდა ისეთი საქონლის იმპორტისათვის, რომლებზეც არ არსებობს წინასწარი დაკვეთა და რომლებიც იმპორტის შემდეგ პირდაპირ იყიდება საცალოდ მაღაზიებიდან. ასევე დაბეგრილია საბანკო ანგარიშიდან გასული თანხა, რომელიც კონვერტირებულია ევროში, შემდეგ შეტანილია სავალუტო ანგარიშზე და გადარიცხულია უცხოელ მომწოდებელზე.
კომპანიას დამფუძნებლის მიმართ მათ მიერ კომპანიის საჭიროებისათვის შემოტანილი თანხების ანგარიშში 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გააჩნდა დავალიანება 2 369 269 ლარის ოდენობით, ეტაპობრივად 2022-2024 წლებში ხდებოდა დამფუძნებლების მიერ დამატებითი თანხების შემოტანაც და უკან გატანაც. 2022-2024 წლებში უკვე არსებული დავალიანების პარალელურად დამფუძნებლების მიერ ეტაპობრივად ხდებოდა თანხების შემოტანაც და უკან დაბრუნებაც.
შესაბამისად, იმ პირობებში, როცა საბანკო დაწესებულებაში თანხები არ შემოდის სალაროდან და ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით შეტანილია დამფუძნებლის შენატანი და ასევე სალაროში ან ბანკში ჩნდება ჭარბი ფული, აღნიშნული ფულის დამფუძნებელზე უკან დაბრუნება არ უნდა კვალიფიცირდეს უდოკუმენტო ხარჯად და დირექტორის მიერ განკარგულ თანხად.
შემოწმებას შეეძლო განკარგულად ჩათვლილი თანხებისათვის გამოეკლო დამფუძნებლის ვალდებულებების დაფარვის ანგარიშში დაბრუნებული ფულადი სახსრები და მხოლოდ სხვაობის თანხა დაებეგრა. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმების გაანგარიშებით, საწარმოს მიერ საქონლის რეალიზაცია მოხდა 143%-იანი ფასნამატით, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რეალიზაციის 90% მოდის წინასწარ შეკვეთებზე და წინასწარ შეკვეთებით მიწოდებულ საქონელზე ფასნამატის მაჩვენებელი შეკვეთების მოცულობიდან გამომდიწარე მხოლოდ 50-80%-ის ფარგლებში მერყეობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებას და დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას. ამასთან, საჩივარზე თანდართულია გარკვეული დოკუმენტაცია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 აგვისტოს №18854 ბრძანება არ არის აღსრულებული, ამდენად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საწარმოს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სადაც ასაჩივრებს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნას, №15028 ბრძანებას, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 აგვისტოს №18854 ბრძანებას და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებას №97977/1/2025.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის შესაბამისად „დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს, მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში და დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა.
გადაწყვეტილება:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 აგვისტოს №18854 ბრძანება არ არის აღსრულებული, ამდენად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 154 (1,2); 101 (1); 306 (1,2).