ბრძანება N 13853

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.06.2024
№ დოკუმენტი 13853
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13853

13 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 23 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ -----------) 2024 წლის 23 მაისის №89840/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №021-25 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საქონლის მიწოდებად განხილვას და აღნიშნულის შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიაჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით გამოვლენილია დანაკლისი და შესაბამისად, აღნიშნულზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა. განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები ასახულია კომპანიის მიერ დანაკლისის აღმოჩენის პერიოდის მიხედვით დეკლარაციაში, რომელზეც განმეორებით თანხების დარიცხვა წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას. ამასთან, მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ის ფაქტიური ნაშთების მიხედვით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც შემმოწმებელმა გადაანაწილა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დაბეგრა პერიოდის ბოლოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი კანონმდებლობის თანახმად არ წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31166 და 2024 წლის 28 მარტის №6765 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“- ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 24 აპრილის №9623 ბრძანება და ამავე თარიღის №021-25 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 260 170 ლარი, მათ შორის, გადასახადი 157 587 ლარი, ჯარიმა 75 464 ლარი, საურავი 27 119 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საკვები პროდუქტების (ბურღულეული, ფქვილი, მარილი, მზესუმზირა და სხვა) ადგილობრივად შეძენა, დაფასოება და რეალიზაცია. შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი პირველადი დოკუმენტები, ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული ინფორმაცია, ასევე, გადასახადის გადამხდელის ობიექტზე 2023 წლის 12 დეკემბრის №31121 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები, რომელთა ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვის 58% წარმოადგენს დოკუმენტურად დაუდასტურებელ შემოსავალს, რომელიც შემოწმების მიერ განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებად. შედეგად, გაიზარდა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს დირექტორებზე (თანაბარწილად) გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ/საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი პირველადი დოკუმენტები, ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული ინფორმაცია, ასევე, გადასახადის გადამხდელის ობიექტზე 2023 წლის 12 დეკემბრის №31121 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები, რომელის მიხედვით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვის 58% წარმოადგენს დოკუმენტურად დაუდასტურებელ შემოსავალს, რაც შემოწმების მიერ განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებად, რამაც გამოიწვია შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ხოლო, აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს დირექტორებზე (თანაბარწილად) გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, მიაჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით გამოვლენილია დანაკლისი, რომელზეც საგადასახადო ვალდებულებები არ უნდა განსაზღვრულიყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აცხადებს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები ასახულია კომპანიის მიერ დანაკლისის აღმოჩენის პერიოდის მიხედვით დეკლარაციაში, რომელზეც განმეორებით თანხების დარიცხვა წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ინვენტარიზაცია, რომლის საბოლოო შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს და გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად აღწერილ სასაქონლო მატერიალურ მარაგების ნაშთებს და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ მონაცემებში დაფიქსირებულ სმფ-ებს შორის. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია მხოლოდ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილს სმფ-ებს შორის სხვაობაზე და გამოვლენილი სმფ-ებს შორის სხვაობა გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობები შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირდა რეალიზებულად დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და დაიბეგრა დღგ-ით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს დირექტორებზე (თანაბარწილად) გაცემულ ხელფასად. აღნიშნული შინაარსობრივად გულისხმობს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, თუმცა, საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დასაბუთებული მისი გამოცემისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს აღნიშნული მეთოდის გამოყენებით მიზანშეწონილად არ მიაჩნია ინვენტარიზაციით გამოვლენილი სმფ-ებს შორის სხვაობის წინა საანგარიშო პერიოდებში რეალიზებულად განხილვა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა და აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის პერიოდის ბოლოს დირექტორებზე (თანაბარწილად) გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას და იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას და იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საქონლის მიწოდებად განხილვას და აღნიშნულის შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი კანონმდებლობის თანახმად არ წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ინვენტარიზაცია, რომლის საბოლოო შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს და გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად აღწერილ სასაქონლო მატერიალურ მარაგების ნაშთებს და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ მონაცემებში დაფიქსირებულ სმფ-ებს შორის.

არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია მხოლოდ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილს სმფ-ებს შორის სხვაობაზე და გამოვლენილი სმფ-ებს შორის სხვაობა გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას და იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:8(11);73(5,9);101(1);154(1);158(1);159(1):160(1);163(1,2);164(1);