გადაწყვეტილება №19854/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19854/2/2023
04 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“- ის 2.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19854/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. შემოწმებით განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა;
3. მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე ფართების გადაცემის ოპერაციებზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
4. ურთიერთდამოკიდებულ პირებთან დადებული გარიგებებზე გამოყენებული საბაზრო ფასების ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-685 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10996 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 4 012 982 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 2 230 875
დღგ - 995 036
მოგების გადასახადი - 130 871
საშემოსავლო გადასახადი - 1 104 845
ქონების გადასახადი - 123
ჯარიმა - 1 123 581
საურავი - 658 526
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33671 ბრძანება და №006-685 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10996 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ორი მიმდინარე მშენებლობა -------, ------- (ს.კ. -------) და ------- (ს.კ. -------). შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღისთვის, ორივე მრავალბინიანი შენობა დასრულებულია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს აღარ უფიქსირდება აქტიური ეკონომიკური საქმიანობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების და დოკუმენტაციის შესწავლით, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს შესრულებული საქმიანობის ფარგლებში წარმოშობილი საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, 160-ე მუხლის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის, და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, 2021 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციის 160-ე, 162-ე, 163-ე და 164-ე მუხლები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია/დოკუმენტაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების, სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ წინა საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციებში ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და დაბეგრილი საკომპენსაციო თანხები. შედეგად, წინა საანგარიშო პერიოდებში დაბეგრილი საკომპენსაციო თანხების გათვალისწინებით განისაზღვრა მიმდინარე საანგარიშო პერიოდებში საქონლის მიწოდების დარჩენილი თანხის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების პროცესში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე გაანგარიშდა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე შესაბამისი თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მიმდინარე პერიოდში მიღებული საკომპენსაციო თანხების, საქონლის მიწოდების თანხებისა და განაშთვის შედეგად დარჩენილი თანხების საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“, „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, 163- ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა არ გამოიკვლია საქმეში დართული დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ რეალიზებული ბინებზე თანხების გადახდა უმეტეს წილად ხდებოდა 2019 წლამდე. ასევე, საერთოდ იგნორირება გაუკეთა ხარჯის დოკუმენტაციას, რომლითაც დასტურდება მიღებული თანხების გახარჯვის მიზნობრიობა. ანუ, ფაქტობრივად შემოსავლების სამსახურმა თქვა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია საქმესთან არ არის კავშირშიო, რაც ბუნებრივია არასწორია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
რაც შეეხება დარიცხვის შინაარსობრივ მხარეს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული სალაროს შემოსავლების ორდერები 2017-2018 წლების, რომლითაც დასტურდება, რომ 2019 წელს და შემდგომ პერიოდებში საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ბინებზე მყიდველების მიერ თანხების ნაწილი გადახდილია 2017-2018 წლებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ორდერებში ხდება იდენტიფიცირება, როგორც გამყიდველის ასევე მყიდველის, ასევე არის მითითებული მიწის საკადასტრო კოდი, მისამართი და ბინის ნომერი, შესაბამისად შემმოწმებელი ვალდებული იყო საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის მიზნებისათვის გამოეკლო დასაბეგრი ბაზიდან 2017-2018 წლებში გადახდილი ბინის ღირებულების თანხები, რაც არ გააკეთა იმ მოტივით, რომ ხანდაზმულობის გამო ფაქტობრივად/ფიზიკურად ვერ მოასწრებდა ყველა დოკუმენტის შესწავლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმებით შესწავლილ იქნა წინა საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და დაბეგრილი საკომპენსაციო თანხები, წინა საანგარიშო პერიოდებში დაბეგრილი საკომპენსაციო თანხების გათვალისწინებით, განისაზღვრა მიმდინარე საანგარიშო პერიოდებში საქონლის მიწოდების შედეგად წარმოშობილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე, გაანგარიშდა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე პერიოდების შესაბამისი საანგარიშო თვეების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მიმდინარე პერიოდში მიღებული საკომპენსაციო თანხების, საქონლის მიწოდებისა და განაშთვის შედეგად დარჩენილი თანხების საფუძველზე.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ იქნა შემოწმების მიერ გამოკვლეული საქმეზე დართული დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რეალიზებულ ბინებზე თანხების გადახდა უმეტეს წილად 2019 წლამდე. ასევე, იგნორირებული იქნა ხარჯის დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მიღებული თანხების გახარჯვის მიზნობრიობა. სალაროს შემოსავლების ორდერებში ხდება როგორც გამყიდველის, ასევე მყიდველის იდენტიფიცირება, ასევე არის მითითებული მიწის საკადასტრო კოდი, მისამართი და ბინის ნომერი, შესაბამისად შემმოწმებელი ვალდებული იყო საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის მიზნებისათვის გამოეკლო დასაბეგრ ბაზიდან 2017-2018 წლებში გადახდილი ბინის ღირებულების თანხები.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შემოწმებით განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 18 მაისს, გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის განხორციელების შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი, რაზედაც შედგა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2018, 2019, 2020 და 2021 წლების ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, პირის დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება განსაზღვრულია 0 (ნული) ლარით. შემოწმების პროცესში ზემოაღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან მიღებულ დოკუმენტაციას და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა.
კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 2022 წლის 10 ივნისის №14591 ბრძანებაში 2022 წლის 30 ნოემბრის №29949 ბრძანებით შეტანილი ცვლილების შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 1.01.2019-დან 1.04.2022-მდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით.
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით შესული ცვლილების გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთი მიჩნეული იქნა გაცემულ ხელფასად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მართლზომიერად მიაჩნია შემოწმებით განხორციელებული გაანგარიშებები და დადგენილი ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რომლითაც დასტურდება 2017-2018 წლების ხარჯები, რომლებიც გაწეულია სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული პირების მიერ გაწეულ მომსახურებაზე. აღნიშნული იმ საფუძვლით, რომ დოკუმენტაციის დიდი მოცულობიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის გამო, ფაქტობრივად/ფიზიკურად ვერ მოასწრებდა ყველა დოკუმენტის შესწავლას, შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მიწის მესაკუთრე ------- მიწის სანაცვლოდ 2018 წელს მიიღო კომპანიის დირექტორისგან ნაღდი ანგარიშსწორებით 55 000 აშშ დოლარი, ასევე არ იქნა შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებული.
არ იქნა გათვალისწინებული ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რომლითაც ბინის შემძენები ადასტურებენ, რომ ბინის საფასური არ გადაუხდიათ და ბინა მიიღეს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ.
2017-2018 წლებში კომპანიას rs.ge-ს პორტალზე ჰქონდა მიღებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონული სახით: სასაქონლო ზედნადებები (2017 წელს 1 184 627.74 ლარი; 2018 წელს 1 706 599.46 ლარი) და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (2017 წელს 20 371.89 ლარი; 2018 წელს 416 607.60 ლარი), რომელთა ოდენობა ჯამურად შეადგენს 3 328 206.69 ლარს. ბანკით დაფარული დავალიანება მიღებული სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დასაფარად შეადგენს 2 661 680.63 ლარს; კრედიტორული დავალიანება 2018 წლის ბოლოს 75 307.00 ლარს; 591 219.06 ლარი არის სალაროდან მომწოდებლებზე გადახდილი თანხა 2017-2018 წლებში სასაქონლო ზედნადებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილი საქონლით და მომსახურებით წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად (3 328 206.69 - 75307 - 2 661 680.63 = 591219.06 ლარი). შესაბამისად, 591 219.06 ლარი გახარჯულია 2017-2018 წლებში ნაღდი ანგარიშსწორებით, რომლის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება დასტურდება rs.ge პორტალზე ატვირთული სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. შესაბამისად, ფაქტობრივად დოკუმენტურად დასტურდება ნაღდი ანგარიშსწორებით 2017-2018 წლებში 591 219.06 ლარის გახარჯვა.
შემმოწმებლის მიერ ბინების რეალიზაციები იქნა სრულად დაბეგრილი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში და დასაბეგრ თანხად დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის იქნა მიჩნეული საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში არსებული აშშ დოლარის კურსი, რაც არასწორია, ვინაიდან 2019 წელს და შემდგომ პერიოდში რეალიზებული ბინების ნაწილზე თანხები არის გადახდილი 2017-2018 წლებში, შესაბამისად შემმოწმებელს უნდა აეღო თანხის ჩარიცხვის დღეს არსებული აშშ დოლარის კურსი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ზარალის გათვალისწინება.
შემმოწმებლის მიერ ასევე არ იქნა გათვალისწინებული ნოტარიულად დადასტურებელი ხელწერილი, რომლითაც კომპანიის ყველა დამფუძნებელი ადასტურებს, რომ 2017-2018 წლებში დივიდენდის სახით ჯამში აქვთ მიღებული 1 500 000 ლარი, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადად გაყიდულ ბინებზე გადახდილი თანხები მოდის 2017-2018 წლებზე არის სავსებით ლოგიკური.
3. მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე ფართების გადაცემის ოპერაციებზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ მიმდინარეობდა:
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა -------, -------, ------- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №------- ბრძანების საფუძველზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.
2017 წლის 13 აპრილს შპს „-------“ და ------- შორის დადებული ბარტერის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული შენობა აშენდებოდა ------- კუთვნილ 888 კვ.მ. მიწასა და კომპანიის 1 991 კვ.მ. მიწაზე. ხელშეკრულებით განსაზღვრულია მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირისთვის სანაცვლოდ გადასაცემი თეთრი კარკასის მდგომარეობის ფართების ოდენობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობის საერთო ფართიდან 10 894 კვ.მ.-დან ------- საკუთრებაში გადაეცა 1 461 კვ.მ. 2017 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „-------“ გადასცა გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივები და ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 309- ე მუხლის 107-ე ნაწილის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები დღგ-ით დაიბეგრა ფაქტობრივად შესრულების მოცულობის მიხედვით, როგორც გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ბარტერული (გაცვლის) ოპერაცია 2019, 2020, 2021 წლების დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად;
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა -------, ------- (ს.კ. -------) ------- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №------- ბრძანების საფუძველზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. 2019 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „-------“- ს, შპს „-------“ და ------- და ------- შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკური პირები ხსენებულ კომპანიებს საკუთრების უფლებას გადასცემდნენ თანასაკუთრებაში არსებულ 1 638 კვ.მ. ოდენობის მიწაზე, რომლის სანაცვლოდ ------- და ------- მიიღებდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფულად სახსრებსა და ფართებს თეთრი კარკასის მდგომარეობით. გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების მიწოდება და ფულადი ვალდებულებების შესრულება (თანხის გადახდა), განიხილება გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად, რომლის ფარგლებშიც, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება სამშენებლო მომსახურების გაწევა და ფულადი თანხის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული გაცვლის ოპერაციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ მიწის ნაკვეთის მიღება ფიქსირდება 2019 წელს, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი, კერძოდ, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში ფართის ფაქტობრივი მიწოდების (მათ შორის, ნებისმიერი ფორმით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების) საანგარიშო პერიოდი, კერძოდ, 2021 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით განსაზღვრული აღნიშნული მრავალბინიანი შენობის (მისი კუთვნილი 2 174.7 კვ.მ.) თვითღირებულებიდან გამომდინარე გაანგარიშებულ იქნა მიწის მესაკუთრეებისთვის გადასაცემი ფართების (566.9 კვ.მ.) საბაზრო ფასი და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად გადასახადი. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით;
- 2018 წლის 29 ივნისს გადასახადის გადამხდელსა და ------- შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, ------- კომპანიას უწევს ხელშეკრულების მე2 პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას, კერძოდ, იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებას, რომლის ანაზღაურება მოიცავს, -------, -------ში მიწის ნაკვეთზე მდებარე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-16 სართულზე მდებარე თეთრი კარკასის მდგომარეობის ბინებზე საკუთრების უფლების გადაცემას -------. ბინების საერთო ღირებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულია 122 500 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, ფიზიკურ პირს გადაეცა 194 კვ.მ. ოდენობის ფართი, საიდანაც 84 კვ.მ. ფართის ბინაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2019 წლის 18 აპრილს. გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახდო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის, 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა გადასახადის გადამხდელსა და ------- შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია, რომლის დროსაც გადასახადის გადამხდელმა მიაწოდა 84 კვ.მ. ბინა, ხოლო სანაცვლოდ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება. შესაბამისად, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე2 ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილზე, 309-ე მუხლის 107-ე ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 1601 მუხლზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიწის მესაკუთრე ------- საჯარო რეესტრში წარდგენილი შეთანხმებით ადასტურებს, რომ მას საკუთრებაში გადაეცა შეთანხმებაში მითითებული ბინები, ხოლო აღნიშნული ბინები ფაქტობრივად გადაფორმდა სხვა პირებზე, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული დღგის და საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება სრულად გაუქმებას, ვინაიდან აღნიშნული ბინები კომპანიას არ გაუყიდია და ისინი გადაეცა მიწის მესაკუთრეს, გადაცემული მიწის ნაკვეთის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის მიხედვით, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელთან განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. ამასთან, ანგარიშგების პორტალზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2018, 2019, 2020 და 2021 წლების ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება განსაზღვრულია ნული ლარით. შემოწმებით ნაღდი ფულის ის ნაშთი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები შემდეგი ოპერაციების ფარგლებში:
შეკრულების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი შენობას ააშენებდა ------- კუთვნილ 888 კვ.მ. მიწასა და კომპანიის 1 991 კვ.მ. მიწაზე. ------- საკუთრებაში გადაეცა 1 461 კვ.მ.. 2017 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „-------“ გადასცა გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივები და ვალდებულებები;
- 2019 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს, შპს „-------“ და ------- და ------- შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკური პირები ხსენებულ კომპანიებს საკუთრების უფლებას გადასცემდნენ თანასაკუთრებაში არსებულ 1 638 კვ.მ. მიწაზე, რომლის სანაცვლოდ ------- და ------- მიიღებდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფულად სახსრებსა და ფართებს თეთრი კარკასის მდგომარეობით;
- 2018 წლის 29 ივნისს გადასახადის გადამხდელსა და ------- შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, ------- გადასახადის გადამხდელს უწევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებას, რომლის ანაზღაურება მოიცავს, -------, -------ში მიწის ნაკვეთზე მდებარე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-16 სართულზე მდებარე თეთრი კარკასის მდგომარეობის ბინებზე საკუთრების უფლების გადაცემას -------. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, ფიზიკურ პირს გადაეცა 194 კვ.მ. ფართი, საიდანაც 84 კვ.მ. ფართის ბინაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2019 წლის 18 აპრილს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განხორციელებული დარიცხვა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ბინების რეალიზაცია განხორციელებულია, როგორც შესამოწმებელ პერიოდში, ისე 2017-2018 წლებში რომელიც მიეკუთვნება ხანდაზმულ პერიოდს. აუდიტის წარმომადგენელთან შეთანხმებით, უნდა წარედგინათ დოკუმენტები, რაც რეალიზებული ბინებზე თანხების გადახდას დაადასტურებდა. 2017 და 2018 წლებზე მიტანილი იქნა დოკუმენტაცია, მათ შორის ნოტარიულად დამოწმებული და არა მარტო შემოსავლის დამადასტურებელი რომ თანხები ქონდა მიღებული ბინების რეალიზაციიდან, არამედ იმის დამადასტურებელიც, რომ ბინის მყიდველების მიერ იქნა გადახდილი თანხები. მისი პოზიციაა, რომ ავანსები რომც არ ყოფილიყო დაბეგრილი (ავანსად მიღებული თანხების ნაწილი არ ქონდა დაბეგრილი) უნდა დაბეგრილიყო 2017-2018 წლებში და არა შესამოწმებელ პერიოდში. საშემოსავლო გადასახადი პირდაპირაა მიბმული დღგ-ის საგადასახადო ვალდებულებასთან. შემოსავალი მიღებული აქვს 2017-2018 წლებში და გახარჯულიც აქვს იმავე პერიოდში, რადგან განხორციელებულ მშენებლობას მოხმარდა, რაც დასტურდება ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტებით, რითაც მიწის მესაკუთრეები ადასტურებენ თანხების მიღებას, ასევე გაიხარჯა მუშა-ხელის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, შემოსული თანხები ძირითადად 2017-2018 წლებში გაიხარჯა, მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა. შემოწმების პერიოდში წარადგინეს ნაწილი დოკუმენტების, 10 პირის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილები, რომლითაც პირები ადასტურებენ რომ 2017-2018 წლებში აქვთ თანხები გადახდილი, ხოლო საბოლოო დოკუმენტების მიწოდება მოხდა 21 დეკემბერს, მაშინ როდესაც შემოწმება ჯერ არ იყო დამთავრებული, მაგრამ წარდგენილ დოკუმენტს შემმოწმებელი არ ითვალისწინებს. შემოსავლების სამსახურს წარდგენილ დოკუმენტებზე საერთოდ არ უმსჯელია, ისე მიიღო გადაწყვეტილება. მათი გათვალისწინება რა თქმა უნდა იმოქმედებს დარიცხულ თანხებზე როგორც საშემოსავლო გადასახადის, ისე დღგ-ის ნაწილშიც.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დაბეგრილი იყო მხოლოდ საბანკო ამონაწერებით დაფიქსირებული, შემოსული ავანსის თანხები წინა პერიოდში, ხოლო დარჩენილი თანხები არ იყო დაბეგრილი. ავანსების ჩარიცხვა დასტურდებოდა ბანკით და ასევე აღირიცხებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ, რაც დასტურდება წარდგენილი ანგარიშგებით. გადასახადის გადამხდელისათვის შემოწმების შედეგების გაცნობის შემდგომ მოხდა მის მიერ შემოსავლის ორდერების წარმოდგენა, მაგრამ მოგვიანებით მოხდა ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილების წარმოდგენა, რომლითაც მიაჩნიათ, რომ დამოწმებულია ხელმოწერა და არა თანხის მიღება. თანხების მიღება რაც დასტურდება ბანკით და რაც აღრიცხულია ანგარიშგებით გათვალისწინებულია და გამოაკლდა საბოლოო შედეგს. დოკუმენტების ნაწილი წარმოდგენილია შემოწმების დასრულების შემდეგ.
საქმესთან არსებულ მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის საჩივარზე თანდართულის) მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
4. ურთიერთდამოკიდებულ პირებთან დადებულ გარიგებებზე გამოყენებული საბაზრო ფასების ოდენობა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, კომპანიას უფიქსირდება ორი მიმდინარე მშენებლობა -------, ------- (ს.კ. -------) და -------, -------ში (ს.კ. -------). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი საკუთრების უფლებას გადასცემს ურთიერთდამოკიდებულ პირებს: დამფუძნებელსა და დირექტორს -------, მის მეუღლეს -------, 24% წილის მფლობელ ------- და 51% წილის მფლობელ, შპს „-------“ დამფუძნებელს -------. სახელშეკრულებო ფასი რიგ შემთხვევებში მნიშვნელოვნად განსხვავებულია საბაზრო ფასისგან და პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულების არსებობა გავლენას ახდენს მათ შორის არსებულ გარიგებების შედეგებზე.
შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებითა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე/დოკუმენტებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ფიზიკური პირები არ არიან დღგ-ის გადამხდელები. ამდენად, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლისა და 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე ამავე კოდექსის 161-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით (2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილი). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, მე18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილებზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ურთიერთდამოკიდებულ პირებთან დადებული გარიგებები დაიბეგრა საბაზრო ფასებით. უმოკლეს ვადაში წარმოადგენს რეალიზებულ ბინებზე საექსპერტო შეფასებას, რომლითაც დადასტურდება მათი რეალური საბაზრო ღირებულება, ვინაიდან შემმოწმებელს აღებული აქვს არარეალური ფასები, რომელიც აღებულია თითქოს სხვა კომპანიის მიერ რეალიზებული ანალოგიური კომერციული ფართის ღირებულებიდან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:
ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება;
ბ) ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში;
დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. ამავე მუხლის მე7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
შემოწმებით დადგენილია გადასახადის გადამხდელის მიერ ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდება, ამასთან, სახელშეკრულებო ფასი რიგ შემთხვევებში მნიშვნელოვნად განსხვავებულია საბაზრო ფასისგან და პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულების არსებობა გავლენას ახდენს მათ შორის არსებულ გარიგებების შედეგებზე. შესაბამისად, შემოწმებით მიერ გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი. ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფართების მიმღები ფიზიკური პირები არ არიან დღგ-ის გადამხდელები, აღნიშნული მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით.
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ასევე ირკვევა, რომ საბაზრო ფასის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციები არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან, ხოლო მცირე შემთხვევებში, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციებისას დადგენილი ფასი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემმოწმებელს აღებული აქვს არარეალური ფასები და რომ რეალური საბაზრო ღირებულების დადასტურების მიზნით, წარმოადგენს საექსპერტო შეფასებას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საუბარია კომერციულ ფართზე, რომლის ანალოგიური ფასი არ არსებობს და შემოწმების მიერ გამოყენებული სხვა ფასი არარეალურია, რადგან მაქსიმალური ფასი 1 კვ.მ.-ზე მერყეობდა 500-დან 800 აშშ დოლარის ფარფლებში.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე აღნიშნა, რომ აღებული იქნა გვერდით კორპუსში, კომერციული ფართზე, იმავე წელს არსებული ფასი 1 კვ.მ. 860 აშშ დოლარი.
მომჩივანს დავის პროცესში და არც საჩივრის განხილვის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, რაც მის არგუმენტს გაამყარებდა.
საქმესთან არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10996 ბრძანება;
3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის საჩივარზე თანდართულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა;
4. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელი პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება
1.დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებს;
2.შემოწმებით განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობას;
3.მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე ფართების გადაცემის ოპერაციებზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს;
4.ურთიერთდამოკიდებულ პირებთან დადებული გარიგებებზე გამოყენებული საბაზრო ფასების ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10996 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებულ მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის საჩივარზე თანდართულის) მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 73(9); 101; 154; 981(4-ა); 275; 159; 160; 1601; 162; 163; 309(107); 1601; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161; 162; 174;