გადაწყვეტილება №20026/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.08.2023
№ დოკუმენტი 20026/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20026/2/2023

09 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 20.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20026/2/2023)

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ნაღდი ფულის დანაკლისის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №083-40 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11652 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 124 079 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 80 004

დღგ - 61 311

საშემოსავლო გადასახადი - 18 693

ჯარიმა - 40 001

საურავი - 4 074

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით. საქმიანობის განხორციელების ადგილია -------, ------- ქუჩაზე იჯარით აღებული ფართი. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 12.01.2022 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული აქვს 56 100 ლარი და გადახდილი აქვს 1 070 ლარი. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შემდეგ, 2022 წლის ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში 18%-იან დასაბეგრ ბრუნვაში დეკლარირებული აქვს 414510 ლარი, რაც შეუსაბამოა მის სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლო-სალარო აპარატის მიხედვით დაფიქსირებულ შესაბამისი თვის რეალიზაციასთან. საწარმოს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები სხვადასხვა პირზე. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის ბრძანების მიხედვით გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების დათვლა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებამ რეალიზებული საქონლის ფასნამატის დასადგენად იხელმძღვანელა ------- მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატით - 8% და აღნიშნულის გამოყენებით განსაზღვრა გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები. ანალიზის მიხედვით, დოკუმენტური რეალიზაციის შემთხვევაში (136 268 ლარი) ფასნამატმა შეადგინა 2.4 %. ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები. გამოვლენილი ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად. საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე, 154-ე და 160-ე-163-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №083-40 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11652 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 14.10.2022 წელს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სმფ-ის და ნაღდი ფულის ნაშთი არ უფიქსირდებოდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი 8%, რის საფუძველზეც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო გამოვლენილი ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს, თუმცა საჩივრებში არ არის მითითებული იმგვარი არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან საწარმოდან გატანილი სალაროს ნაშთის თანხა წარმოადგენს ნეტო თანხას, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის გამოიყენება დარიცხვის მეთოდი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტის ანალიზიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტი და თანდართული მასალები შინაარსობრივად საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტების კონსტატაციის საფუძველზე საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის განსაზღვრის დასასაბუთებლად არ პასუხობს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტობრივად საკითხების ირგვლივ აუდიტორი შემოიფარგლა ზოგადი ინფორმაციით, კერძოდ, სამართლებრივი და ეკონომიკური მოვლენების ზოგადი აღწერით და საერთო ციფრობრივი მასალებით, საიდანაც სურვილის შემთხვევაშიც კი, რთულდება საკითხების ირგვლივ სამართლებრივი და ეკონომიკური დასაბუთებების წარდგენა, უფრო მეტიც აქტს საერთოდ არ ახლავს შედეგების ცხრილებიც კი, რაც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების უგულვებელყოფაა.

რეალიზებული საქონლის ფასნამატის მოცულობა განსაზღვრულია 8%-ით, რაც ძალიან მაღალია თამბაქოთი ვაჭრობის სისტემაში, საიდან არის მოტანილი 8% გაუგებარია, უფრო მეტიც - საბითუმოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატად აუდიტორი აფიქსირებს საშუალოდ 2,4%-ს, საცალო ქსელში კი 8%- ს ანუ 3,3-ჯერ მეტს.

აუდიტორს ფაქტობრივი მოვლენების გადმოცემის დროს შემოაქვს ეკონომიკური ტერმინი - აუდიტორული ფასნამატი. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლი - ტერმინთა განმარტებაში აღნიშნული ტერმინი საერთოდ არ არის განმარტებული, უფრო მეტიც ტერმინი ფასნამატი გამოყენებულია მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლში.

შემოწმების აქტით იკვეთება, რომ აუდიტორი გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შეფასებისას ეყრდნობა თავის ინტუიციას და აღნიშნავს, რომ ფასნამატი დაბალია, აქვე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დოკუმენტებით რეალიზებულ პროდუქციაზე ფასნამატია 2,4%. ის კი ვალდებულებების განსაზღვრისას იყენებს 8%-იან ფასნამატს. მიზეზი ალბათ ის არის მხოლოდ, რომ მისი შეფასებით ფასნამატი დაბალია, მაგრამ არ ფიქსირდება ბიზნესისთვის ფასნამატის განსაზღვრის რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, რომელი ნორმატიული აქტი არეგულირებს ფასნამატის სისტემას, თუ აუდიტის დეპარტამენტს თავისი შეხედულებით შეუძლია, როცა დასჭირდება მაშინ გამოიყენოს უსაფუძვლოდ ფასნამატის მის ხელთ არსებული ინფორმაცია?

ფასნამატის ცნება, მაშინ როდესაც სისტემატურად იცვლება ეროვნული ვალუტის კურსი აბსურდულია. ფასნამატის განსაზღვრა ბიზნესის პრეროგატივაა და არა მაკონტროლებლის. ეკონომიკაში არსებობს ფასების ინდექსის ცნება, რომელსაც სტატისტიკური ორგანოები განსაზღვრავენ და იგი საჯაროა, ამასთან, არსებობს ფასების ინდექსის განსაზღვრის მეთოდოლოგიაც, წარმოებისთვის კი არსებობს რენტაბელობის ცნება, რომელსაც ზემოდან ვერავინ ვერ დაარეგულირებს. ეს ბიზნესში უხეში ჩარევის მცდელობაა, ანუ ბიზნესმენის დასჯის ირიბი მექანიზმია.

შეძენილი სმფ-ების ანალიზიდან იკვეთება, რომ მითითებული ფასნამატით ვერაფრით ვერ მიიღება აუდიტორის დაფიქსირებული მაჩვენებლები.

აუდიტორი ეყრდნობა მათ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, რომელიც დახურულია გადასახადის გადამხდელისთვის, აღნიშნულით ირღვევა საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლი.

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20.05.2022 წლის №1/2/876 განსაზღვრული ნორმებიდან გამომდინარე. მიაჩნია, რომ მხოლოდ მოსაზრების საფუძველზე სხვა რაიმე სამართლებრივი პროცედურების გარეშე (საკონტროლო შესყიდვის რამდენიმე შემთხვევა, სალარო აპარატის გამოუყენებლობა ან სხვა სამართლებრივად განსაზღვრული ქმედებების განხორციელება) ფასანამატის გამოყენება და მის საფუძველზე დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა უკანონოა.

გაუგებარია, რატომ ხდება სალაროს ნაშთის ხელფასად აღიარების დროს მისი აგროსვა. სალაროს ნაშთი წარმოშობილია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობით. ფაქტობრივ მოვლენებში განმარტებულია ხელფასის, როგორც ეკონომიკური მაჩვენებლის საგადასახადო ნორმების შესაბამისად განმარტება.

აქტით იკვეთება მხოლოდ 93 461 ლარს გაცემა, საიდან მოდის ეს ციფრი უცნობია, რადგან აქტს არავითარი გაანგარიშება არ ახლავს მხოლოდ ვარაუდი შეუძლია და შესაბამისად მსჯელობაც რთულია. საგადასახადო შემოწმებების დროს გავრცელებული პრაქტიკაა სალაროს ნაშთის აგროსვა. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების საფუძველზე, რაც არასამართლიანია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და თავისი შინაარსით წარმოადგენს გადასახადების ფარული ზრდის საფუძვლებს, რადგან ფიზიკურ პირს ეკისრება დამატებით გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის მოძიება, რომელიც რატომღაც უნდა გადაიხადოს საგადასახადო აგენტმა. გადასახდელი თანხა წარმოდგენილია, როგორც განყენებული დამატებით მოსაძიებელი სიდიდე, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტურ დებულებებს.

იურიდიულმა პირმა, რომელსაც სალაროში დარჩენილი აქვს ნაშთი, გადასახადის გადამხდელისთვის ნაშთის ზემოთ დარიცხული საშემოსავლო გადასახადი როგორ უნდა აღრიცხოს, როცა მისი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, ანუ გამოდის, რომ ის უნდა ჩამოიწეროს საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან (მოცემული ხარჯების ბუღალტრულად ჩამოწერის სხვა მექანიზმი არ არსებობს), ანუ გამოდის, რომ გადასახადის გადამხდელი ბიუჯეტში იხდის იმაზე მეტ გადასახადს, რაც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებით არის განსაზღვრული. იგივე შემთხვევაში სალაროში ნაშთად დარჩენილი თანხა მეწარმე სუბიექტზე რომ გაიცეს, როგორ უნდა აისახოს სუბიექტის ერთობლივ შემოსავალში, აგროსილი თუ ნაშთად ფიქსირებული? მომჩივანი აგრეთვე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-5 და 67-ე მუხლებზე.

ზემოთმოყვანილი საკითხებიდან იკვეთება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი საპროექტო შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დაირღვა საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში). ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის ბრძანების მიხედვით გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების დათვლა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებამ რეალიზებული საქონლის ფასნამატის დასადგენად იხელმძღვანელა ------- მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატით - 8% და აღნიშნულის გამოყენებით განსაზღვრა გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები. ანალიზის მიხედვით, დოკუმენტური რეალიზაციის შემთხვევაში (136 268 ლარი) ფასნამატმა შეადგინა 2.4 %. ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები. გამოვლენილი ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავის საგნებთან მიმართებაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერად განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11652 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით და ნაღდი ფულის დანაკლისის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების მიხედვით გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების დათვლა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გამოვლენილი ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11652 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავის საგნებთან მიმართებაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერად განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 160; 163; 275