ბრძანება N 20532

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.09.2026
№ დოკუმენტი 20532
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20532

18 სექტემბერი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(მის.: „-------“ )

2026 წლის პირველი მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოსა და 3 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №70 და №78) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 27 ივლისის №27613/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებულია შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) 2026 წლის პირველი მაისის №102128/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №047-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისგან დოკუმენტის გარეშე შეძენილი ჯართის ღირებულების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებას და შეძენილ საქონელზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ვერ ხდებოდა ჯართის ჩამბარებელი ფიზიკური პირის იდენტიფიცირება, ვინაიდან ფიზიკური პირების დიდ ნაწილს არ სურდათ საკუთარი თავის დაფიქსირება. ასევე, მიუთითებს, რომ უმცირესი ფასით შესყიდვა ხდებოდა მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით საბითუმო შესყიდვისას, ხოლო შესყიდვის ჟურნალის მიხედვით ფიზიკური პირისგან შესყიდვის საშუალო ფასი იყო გაცილებით მაღალი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მ.შ. ნაღდი ფულის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ საწარმოს საქმიანობა არ არის ტიპური სავაჭრო საქმიანობა, ანუ ფული არ შემოდის და საწარმოს ყოველდღიური ხარჯი აქვს ფიზიკური პირებისგან ჯართის შეძენაზე, ნაღდი ფულის ნაშთი კი ამისთვის სჭირდება (ბუღალტრულად შეადგენდა 117 000 ლარს). მიუთითებს, რომ სულ აქვს 3 საჯართე მიმღები პუნქტი. აუდიტორის მიერ გამოყვანილი სალაროს გონივრული ნაშთი 4 126 ლარი კი არარეალურია, ვინაიდან აღნიშნული თანხა 3 ობიექტზე რომ განაწილდეს, გამოდის რომ თითოეულ საჯართე ობიექტს ნაშთი უნდა ჰქონოდა 1 375 ლარი, რაც ეყოფა მხოლოდ 2,5 ტონა ჯართის შეძენას და რომელიც შეიძლება 1 დღეც არ იყოს საკმარისი. ამდენად, მომჩივანი მიიჩნევს, რომ „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება მოცემულ შემთხვევაში არ არის რელევანტური. ფულის ნაშთის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ კანონიერი იქნებოდა აუდიტორს ეხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი და შეძენის ღირებულება უნდა განესაზღვრა დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით და არა მინიმალური ფასის 75%-ის ოდენობით. ასევე, რეალობასთან ახლოს იქნებოდა გამოყენებულიყო შესყიდვის საშუალო ფასი. ამის მიუხედავად, მომჩივანი ეთანხმება იმას, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ის შესაბამისად განისაზღვროს ფულის მოძრაობა ან/და ამავე სახელმძღვანელოში მითითებული 25%-იანი რენტაბელობის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22553 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი თებერვლიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 3 აპრილის №7829 ბრძანება და ამავე თარიღის №047–10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 181 670 ლარი, მათ შორის გადასახადი 112 003 ლარი, ჯარიმა 55 842 ლარი და საურავი 13 825 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 29 მაისის №11869 ბრძანებით შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 27 ივლისის №27613/2/2026 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 მაისის №11869 და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 27 ივლისის №27613/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, სადავო საკითხი (შეძენილი ჯართის ღირებულების სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში გათვალისწინების ნაწილი) მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საჭიროებს დამატებით შესწავლას.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის პირველი ივნისიდან, ხოლო დღგ-ს გადამხდელად 2021 წლის 26 ოქტომბრიდან. კომპანიის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და მათი ნარჩენებით ვაჭრობა, რომელსაც იძენს როგორც იურდიული პირებისგან, ასევე, ფიზიკური პირებისგან და რეალიზაციას ახდენს დოკუმენტურად ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელმა წარმოადგინა შემოწმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია (აღრიცხვის ფაილები, ჯართის შეძენის ჟურნალები, ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტება, ნაშთების შესახებ ინფორმაცია). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით დადგინდა, რომ კომპანიას ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჰქონდა იმაზე მეტი ჯართი, ვიდრე შეტანილი იყო წარმოდგენილ ჟურნალებში. საქონლის მოძრაობის ანალიზის, საწყისი და საბოლოო ნაშთების რაოდენობების გათვალისწინებით გაანგარიშდა ჯართის ის რაოდენობა, რომელიც შეძენილი იყო ფიზიკური პირებისგან დოკუმენტის გარეშე, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა აღნიშნული შეძენების ღირებულება, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში გადახდილად. შესამოწმებელ პერიოდში დაუდეკლარირებელი ფიზიკური პირებისგან შეძენილ ჯართზე გადახდილი თანხები კი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 და 154-ე მუხლების საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ჟურნალების მიხედვით შეძენილი იყო 870 535 ლარის ჯართი, ხოლო სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი ჯართის ღირებულებამ შეადგინა 783 017 ლარი. გადამხდელი შეძენილი სმფ-ის რეალიზაციას ახორციელებდა დოკუმენტურად, რამაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 2 937 656 ლარი. შემოწმების მხრიდან ყველა შემოსავლისა და ყველა ხარჯის გათვალისწინებით, გაკეთდა ფულის მოძრაობა. „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს თვის საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ს გათვალისწინებით დადგინდა გონივრული ნაშთი 4 126 ლარის ოდენობით. შემოსავლების, ხარჯების, ფულის საწყისი და გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, გაანგარიშდა არაგონივრული ნაშთი და აღნიშნული თანხა დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, როგორც კომპანიის დირექტორზე გაცემული ხელფასი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს მომჩივნის არგუმენტაციაზე, სადაც აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული მეთოდი - მინიმალური შესყიდვის ფასის 75%-ის გათვალისწინება - მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ ეფუძნება მოქმედ ნორმატიულ აქტს, მათ შორის №0256 სახელმძღვანელოს, რომელიც ითვალისწინებს მინიმალური ფასის სრულად გამოყენებას. კანონიერი იქნებოდა ეხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, კერძოდ გადასახადის გადამხდელის მოგება უნდა განისაზღვროს მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით და არა მინიმალური ფასის 75%-ის ოდენობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიღებული შემოსავლის 75% გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიღებული შემოსავლის 75% გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისგან დოკუმენტის გარეშე შეძენილი ჯართის ღირებულების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებას და შეძენილ საქონელზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის პირველი ივნისიდან, ხოლო დღგ-ს გადამხდელად 2021 წლის 26 ოქტომბრიდან. კომპანიის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და მათი ნარჩენებით ვაჭრობა, რომელსაც იძენს როგორც იურდიული პირებისგან, ასევე, ფიზიკური პირებისგან და რეალიზაციას ახდენს დოკუმენტურად ადგილობრივ ბაზარზე.დადგინდა, რომ კომპანიას ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჰქონდა იმაზე მეტი ჯართი, ვიდრე შეტანილი იყო წარმოდგენილ ჟურნალებში. საქონლის მოძრაობის ანალიზის, საწყისი და საბოლოო ნაშთების რაოდენობების გათვალისწინებით გაანგარიშდა ჯართის ის რაოდენობა, რომელიც შეძენილი იყო ფიზიკური პირებისგან დოკუმენტის გარეშე, ხოლო სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა აღნიშნული შეძენების ღირებულება, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში გადახდილად.შესამოწმებელ პერიოდში დაუდეკლარირებელი ფიზიკური პირებისგან შეძენილ ჯართზე გადახდილი თანხები კი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით სსკ-ის 1333 და 154-ე მუხლების საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

2.შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს თვის საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ს გათვალისწინებით დადგინდა გონივრული ნაშთი.შემოსავლების, ხარჯების, ფულის საწყისი და გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, გაანგარიშდა არაგონივრული ნაშთი და აღნიშნული თანხა დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, როგორც კომპანიის დირექტორზე გაცემული ხელფასი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიღებული შემოსავლის 75% გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),101,1333,154.