ბრძანება N 16825
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16825
12 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2022 წლის 8 ნოემბრის, 28 დეკემბრის და
2023 წლის 15 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს -------“ (ს/ნ -------) №76115/1/2022; №237167/21 და №27983/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის №012-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად საშუალო სტატისტიკური მონაცემით განსაზღვრულ საქონლის სარეალიზაციო ფასებს. აცხადებს, რომ წლის ჭრილშიც კი სხვადასხვა ფასით ხდება საქონლის რეალიზაცია (2019 წელს 10-15 ლარი, 2020 წელს 10-30, 2021 წელს - 15-40 ლარი, 2022 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში 12-35 ლარამდე). მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ ინფორმაციის მოძიება მოხდა სხვა წყაროებიდან და გადამხდელს არ მიეცა საშუალება მოსაზრებებისა და პოზიციის წარმოდგენის. აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებობდა ეკონომიკური კრიზისი და შემოწმებით დადგენილი ოდენობით შემოსავლის მიღება ფაქტიურად შეუძლებელი იყო. განმარტავს, რომ გადამხდელის საქმიანობა დაკავშირებულია სეზონურობასთან, კონკურენტულ გარემოზე, რასაც დაემატა პანდემია. ასევე მიუთითებს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაფიქსირებული ინფორმაცია ტყავის რეალიზაციასთან დაკავშირებით წარმოადგენდა გამონაკლის შემთხვევას და იგი არ ყოფილა განგრძობადი ხასიათის. აცხადებს, რომ კომპანიას არ ჩაბარებია გაანგარიშება ნამეტი ფულადი შემოსავლების გაანგარიშებასთან დაკავშირებით. ფასების სისწორის დადგენის მიზნით, ითხოვს საქმეში არსებული ფორმა 2-ების საფუძველზე ფულადი ნაშთის გადაანგარიშებას და მის სესხად დაკვალიფიცირებას. გადამხდელი ასევე ითხოვს, საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ივლისის №17559 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 10 ოქტომბრის №25758 ბრძანება და ამავე თარიღის №012-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 185 033 ლარი, მათ შორის, გადასახადი 106 088 ლარი, ჯარიმა 45 112 ლარი, საურავი 33 833 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
● გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს წვრილფეხა და მხვილფეხა პირუტყვის დაკვლა/დამუშავების მომსახურება. ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოებია პროგრამა „ორისში“. საბუღალტრო პროგრამაში შემოსავლები აღრიცხულია თანხობრივად თვის ჭრილში, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი, კერძოდ წარმოდგენილი აღრიცხვით ვერ დგინდება გაწეული მომსახურების, რეალიზებული საქონლის სახეობა, რაოდენობა და ფასი, ხოლო შემოწმების მსვლელობისას წარმოდგენილ ცხრილებში ასახული გაწეული მომსახურების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ, სისხლის სამართლის საქმის მასალებში საწარმოს დირექტორის მიერ დაფიქსირებული ფასებისგან. შესაბამისად, შემოწმებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებულ ინფორმაციით დადგინდა წლებისა და თვეების მიხედვით რა რაოდენობის წვრილფეხა, მსხვილფეხა პირუტყვის და ღორის დაკვლა/დამუშავება განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე (https://www.geostat.ge) არსებული მონაცემებით განისაზღვრა სახეობების მიხედვით დაკვლა/დამუშავების მომსახურების ღირებულებები. ამ მონაცემებით განისაზღვრა საწარმოს მიერ, შესაბამის საანგარიშო თვეებში გაწეული მომსახურების მოცულობები. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოწმების მიერ გადამხდელის რეგისტრაციის ვალდებულება განისაზღვრა 2019 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან შემოწმებით გაანგარიშებული იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით პირს დაერიცხა დღგ. ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებულ ინფორმაციით საწარმოს უფიქსირდება მსხვილფეხა პირუტყვის ტყავის რეალიზაცია. იგივე ინფორმაციით, შესაბამისი საანგარიშო თვეების მიხედვით განსაზღვრულია მიწოდებული პროდუქციის ოდენობა. საანგარიშო წლების მიხედვით მიწოდებული პროდუქციის ერთეულის ფასი 2019-2021 წლებში განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპით შერჩეულ, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ პირთან პირველად დოკუმენტებში დაფიქსირებულ ერთეული ფასების მიხედვით, ხოლო 2022 წელს - შესამოწმებელი პირის პირველად დოკუმენტებში დაფიქსირებული ერთეულის ფასის მიხედვით. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ტყავის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი აისახა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვებში.
● შემოწმებით განსაზღვრული დამატებითი შემოსავლების, ასევე შემოწმებით დადგენილი დამატებითი ხარჯების (განხილულია გაცემული ხელფასების საკითხში) და საბუღალტრო პროგრამაში ასახული ნაღდის ფულის მოძრაობის ანალიზით განისაზღვრა შესამოწმებელი წლების და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საზოგადოების სალაროში აკუმულირებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობები. საგადასახადო შემოწმებით ვერ დადგინდა აღნიშნული თანხის საწარმოს სალაროში ნაშთად არსებობა. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ზემოაღნიშნული ფულის ნაშთი შემოწმებით განხილულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით. ოპერაციები აღრიცხული აქვს პროგრამა „ორისში“, თუმცა ვერ დგინდება გაწეული მომსახურების/რეალიზებული საქონლის სახეობა, რაოდენობა და ფასი. ამასთან, შემოწმების მსვლელობისას წარმოდგენილ ცხრილებში ასახული გაწეული მომსახურების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ, სისხლის სამართლის საქმის მასალებში საწარმოს დირექტორის მიერ დაფიქსირებული ფასებისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესაბამისი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციებით დადგინდა წლებისა და თვეების მიხედვით წვრილფეხა, მსხვილფეხა პირუტყვის და ღორის დაკვლა/დამუშავების მომსახურების რაოდენობა და ღირებულება, რის საფუძველზეც განისაზღვრა გადამხდელის მიერ შესაბამის საანგარიშო თვეებში გაწეული მომსახურების მოცულობები. ამასთან, საწარმოს უფიქსირდება მსხვილფეხა პირუტყვის ტყავის რეალიზაცია, რომელზეც შესაბამისი საანგარიშო თვეების მიხედვით განსაზღვრულია მიწოდებული პროდუქციის ოდენობა. საანგარიშო წლების მიხედვით მიწოდებული პროდუქციის ერთეულის ფასი 2019-2021 წლებში განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპით შერჩეული, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ პირთან პირველად დოკუმენტებში დაფიქსირებული ერთეულის ფასების მიხედვით, ხოლო 2022 წელს - შესამოწმებელი პირის პირველად დოკუმენტებში დაფიქსირებული ერთეულის ფასის მიხედვით. ტყავის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი აისახა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვებში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად საშუალო სტატისტიკური მონაცემით განსაზღვრულ საქონლის სარეალიზაციო ფასებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს წვრილფეხა და მხვილფეხა პირუტყვის დაკვლა/დამუშავების მომსახურება. ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოებია პროგრამა „ორისში“. საბუღალტრო პროგრამაში შემოსავლები აღრიცხულია თანხობრივად თვის ჭრილში, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი, კერძოდ წარმოდგენილი აღრიცხვით ვერ დგინდება გაწეული მომსახურების, რეალიზებული საქონლის სახეობა, რაოდენობა და ფასი, ხოლო შემოწმების მსვლელობისას წარმოდგენილ ცხრილებში ასახული გაწეული მომსახურების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ, სისხლის სამართლის საქმის მასალებში საწარმოს დირექტორის მიერ დაფიქსირებული ფასებისგან. შესაბამისად, შემოწმებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოწმებით, ვერ დგინდება შესამოწმებელი წლების და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საზოგადოების სალაროში აკუმულირებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობები. საგადასახადო შემოწმებით ვერ დადგინდა აღნიშნული თანხის საწარმოს სალაროში ნაშთად არსებობა. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ზემოაღნიშნული ფულის ნაშთი შემოწმებით განხილულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 159; 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი - 157(1); 161