გადაწყვეტილება №20333/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20333/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№20333/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 20.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20333/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №006-142 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15076 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 123 792 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 82 224

ჯარიმა - 41 112

საურავი - 456

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ბუღალტრული მომსახურება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის მიხედვით, გადამხდელის მიერ შეძენილია სამშენებლო მასალები, საოჯახო ტექნიკა და სურსათი, რომელთა საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება და რომელთა დიდი ნაწილის ტრანსპორტირება ხდება მის სახელზე არსებულ საცხოვრებელ მისამართებზე. აღნიშნული შესყიდვებიდან გადამხდელის მიერ მიღებულია დღგ-ის ჩათვლები. ასევე, გადამხდელი ახდენდა ფოტოქაღალდის, ქიმიური საშუალებების და ფოტოაპარატების შესყიდვას ურთიერთდამოკიდებული იურიდიული პირისგან შპს „-------“-სგან (ს/ნ -------). ჯამში შესყიდული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 380 481 ლარი.

შემოწმების პროცესში გადამხდელმა განმარტა რომ იგი არ ფლობდა არანაირ სასაქონლომატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალების ნაშთს. ამასთან, არ დასტურდება აღნიშნული პროდუქციის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, რეალიზაცია. მომჩივანს არ განუხორციელებია აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციიდან შემოსავლის დეკლარირება.

საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის და 175-ე მუხლის შესაბამისად და შემცირდა მომჩივნის მიერ, ზემოთ ჩამოთვლილი შესყიდვებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლები. შედეგად დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 12.04.2023 წლის №8154 ბრძანება და ამავე თარიღის №006-142 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 28.06.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.06.2023 წელს №15076 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის მიხედვით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ 380 481 ლარის ღირებულების საქონელზე გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, თუმცა აღნიშნული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. შედეგად, მეწარმეს შეუმცირდა ჩათვლილი დღგის თანხა, დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით ინდ. მეწარმე და დღგ-ის გადამხდელია 2004 წლიდან. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა კონსულტაციები ბუღალტერიის დარგში და კანონით ნებადართული სხვა საქმიანობები. ინდ. მეწარმედ ყოფნის პერიოდში ბიუჯეტში, სხვადასხვა გადასახადის სახით ჩარიცხული აქვს 123 176 ლარი. როგორც დაქირავებული პირი, მუშაობს შპს -------ში 2010 წლიდან არის ბუღალტერი. აქტიურად ცდილობდა განევითარებინა ეკონომიკური საქმიანობა ფოტოგადაღების (სადაც ექსპერიმენტების სახით, სავარაუდოდ მიაღწია ფოტოგრაფირების ახალ მეთოდებს) და დაზღვევის სფეროებში. საკმაოდ ქმედითი ნაბიჯები გადადგეს მან და მისმა მეგობრებმა ამ მიმართულებით. ამ მიზნით ყიდულობდა სხვადასხვა ფოტოგრაფიულ საქონელს შპს -------ში რამდენიმე წლის განმავლობაში.

აღსანიშნია, რომ არავითარი უსაქონლო ოპერაცია ან კანონის რაიმე სხვა დარღვევა, როგორც ინდ. მეწარმეს, არ დაუშვია. ყველა შესყიდვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამწუხაროდ, პანდემიამ (სამჯერ იყო ინფიცირებული) და მისმა ავადმყოფობამ (2020 წლიდან 2022 წლის ჩათვლით გაკეთებული აქვს გულის სტენტირების და შუნტირების სამი ოპერაცია) ხელი შეუშალა საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტაციის სრულ წესრიგში მოყვანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე დიდი ოდენობის თანხა დაერიცხოს. აგრეთვე, მის საცხოვრებელ მისამართზე ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, რომელსაც გაურკვეველი მიზეზის გამო არ დაასწრეს, ამოღებული იქნა ორგტექნიკა და მთელი რიგი საბუთები. საბუთების ნუსხა ოქმში არ ფიგურირებს და წაღებულ საბუთებში შეძენილი საქონლის გახარჯვის აქტებიც იყო და სხვა მრავალი საბუთიც.

შემოსავლების სამსახურის პირველადი აქტიდან და შემოსავლების სამსახურის საჩივარზე გაცემული პასუხიდან ჩანს, რომ მისი არცერთი არგუმენტი შემოწმების ჩამტარებლებმა არ გაიზიარეს, მითუმეტეს, რომ მასთან ოფიციალური საუბარი საქმის შესახებ არ ჩატარებულა არცერთ ეტაპზე, შემმოწმებლები მოკლე ახსნა-განმარტებით დაკმაყოფილდნენ.

საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ:

1. შეძენილი საქონლის საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება და რომელთა დიდი ნაწილის ტრანსპორტირება ხდებოდა მის სახელზე არსებულ საცხოვრებელ მისამართებზე. აქვს კითხვა: როგორ დასტურდება ან არ დასტურდება „შეძენილი საქონლის საქმიანობაში გამოყენება?“ ვინ გამოიკვლია და როდის? მისი საქმიანობის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებად საცხოვრებელი არის მითითებული და საქონლის ძირითადი ნაწილის საცხოვრებელ მისამართზე ტრანსპორტირება რატომ ფიგურირებს, როგორც „დანაშაულის“ მტკიცებულება? აქტში ამაზე არაფერია ნათქვამი.

2. აქტში მითითებულია, რომ ხდებოდა საქონლის შეძენა იმ ორგანიზაციისგან, სადაც მუშაობს და ამას „ურთიერთდამოკიდებულებას“ არქმევენ. რომელი კანონის საფუძველზე არის აკრძალული საქონლის იმ ორგანიზაციიდან ყიდვა, სადაც მუშაობ ან რატომ არის ეს ქმედება რაიმე გონივრული ეჭვის საფუძველი? ან მარტო ეჭვის საფუძველზე შეიძლება ადამიანის დასჯა? არის რაიმე დამადასტურებელი საბუთი, რომ ეს ოპერაციები უკანონო იყო? აქტი არც ამ კითხვებს პასუხობს.

3. აქტში სიტყვასიტყვით წერია რომ საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად, შემცირებულ იქნა ზემოთ ჩამოთვლილი შესყიდვებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლები. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ახსნა-განმარტებაში, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგინა, განმარტებული ჰქონდა რა სახის ეკონომიკური საქმიანობისთვის იყო გამიზნული მისი ქმედება და თუ ის, აქტის ავტორების აზრით, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად აქვს შემცირებული შესყიდვებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლები, მაშინ რაღას ედავებიან?

საქართველოს კონსტიტუციის 31-მუხლის მიხედვით არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უმაღლეს კანონთა კრებულია. ყველა კონსტიტუციის მიღმა მიღებული კანონი უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა(!). გარდა ამისა, ჩათვლის უფლება აქვს გარდა საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლისა, აგრეთვე ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილით. თუ ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც ამავდროულად ცოცხალი ადამიანია და თავისი არსებობისთვის, ეკონომიკური საქმიანობისთვის და ამ საქმიანობის გარკვეულ დონეზე ფუნქციონირებისთვის ბევრი სხვადასხვა ხარჯი აქვს) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც გამიზნულია კომპენსაციის მისაღებად დასაბეგრია, მაშინ რატომ არ უნდა ჩაითვალოს ხარჯად ამ საქმიანობისთვის გამიზნული შენაძენები?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსგან ითხოვს, რომ ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო სრულად გაუქმდეს მის მიმართ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა და სრულად მოეხსნას ამ მოთხოვნით დარიცხული თანხა. აგრეთვე, დაუბრუნდეს მასვე მის პირად ბარათზე ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხა 3 399 ლარის ოდენობით. იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა და მისი სტრუქტურული ერთეულები გაითვალისწინებენ მოყვანილ არგუმენტებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ჩათვლის დოკუმენტია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე;

2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

ვისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

ვშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა განმარტა რომ იგი არ ფლობდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალების ნაშთს. შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ შეძენილია სამშენებლო მასალები, საოჯახო ტექნიკა და სურსათი, რომელთა დიდი ნაწილის ტრანსპორტირება ხდება მის სახელზე არსებულ საცხოვრებელ მისამართებზე. ასევე, გადამხდელი ახდენდა ფოტოქაღალდის, ქიმიური საშუალებების და ფოტოაპარატების შესყიდვას ურთიერთდამოკიდებული იურიდიული პირისგან. აღნიშნული შესყიდვებიდან გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები.

შემოწმების შედეგად არ დასტურდება აღნიშნული პროდუქციის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, რეალიზაცია. მომჩივანს არ განუხორციელებია აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დეკლარირება.

მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს დღგ-ის თანხა იმ საქონელზე, რომელიც მის მიერ გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში. არავითარი უსაქონლო ოპერაცია ან კანონის რაიმე სხვა დარღვევა, როგორც ინდ. მეწარმეს, არ დაუშვია. ყველა შესყიდვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამწუხაროდ, პანდემიამ და მისმა ავადმყოფობამ ხელი შეუშალა წესრიგში ჰქონოდა საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტაცია. აგრეთვე, მის საცხოვრებელ მისამართზე ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ორგტექნიკა და მთელი რიგი საბუთები. საბუთების ნუსხა ოქმში არ ფიგურირებს და წაღებულ საბუთებში შეძენილი საქონლის გახარჯვის აქტებიც იყო და სხვა მრავალი საბუთიც. ამასთან, მისი საქმიანობის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებად საცხოვრებელი სახლი არის მითითებული და საქონლის ძირითადი ნაწილის საცხოვრებელ მისამართზე ტრანსპორტირება რატომ ფიგურირებს, როგორც „დანაშაულის“ მტკიცებულება? აქტში ამაზე არაფერია ნათქვამი. რომელი კანონის საფუძველზეა აკრძალული საქონლის იმ ორგანიზაციიდან ყიდვა, სადაც მუშაობს ან რატომ არის ეს ქმედება რაიმე გონივრული ეჭვის საფუძველი გაუგებარია, ამასთან არის რაიმე დამადასტურებელი საბუთი, რომ ეს ოპერაციები უკანონო იყო? ახსნა-განმარტებაში, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგინა, განმარტებული ჰქონდა რა სახის ეკონომიკური საქმიანობისთვის იყო გამიზნული მისი ქმედება და თუ ის, შემმოწმებლის აზრით, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად აქვს შემცირებული შესყიდვებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლები, მაშინ რაღას ედავებიან?

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით მომჩივანს საქონელზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, თუმცა აღნიშნული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. შედეგად, მეწარმეს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა, დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. ამასთან, მეწარმეს დაბრუნებული აქვს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხა.

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ბუღალტრული მომსახურება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 28.06.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

28.06.2023 წელს №15076 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 175; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 174