ბრძანება N 15382

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.07.2025
№ დოკუმენტი 15382
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15382

08 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ ------) (მის.: -------)

2025 წლის 14 მაისის და 19 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 ივნისს და 26 ივნისს გამართულ სხდომებზე (ოქმები: N 46, N 50) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ -----) 2025 წლის 14 მაისის N 95708/1/2025 და 19 ივნისის N 96344/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 აპრილის N 081-80 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული ბინების დასაბეგრ ოპერაციად განხილვას და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ კომპანიის მიზანს არ წარმოადგენდა ბინების რეალიზაცია და ხელშეკრულებებში მითითებული თანხებიც არ შეესაბამებოდა ქონების საბაზრო ღირებულებებს. აცხადებს, რომ კომპანია დაინტერესებული იყო ფულადი სახსრების მოძიებით და აღნიშნული თანხების გარანტიისთვის ხდებოდა ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების გაფორმება. მიუთითებს, რომ საკუთრება ატარებდა ფორმალურ ხასიათს და ვიდრე კომპანიას ჰქონდა გამოსყიდვის უფლება ეს პირები ქონებას ვერ განკარგავდნენ. აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის N 26322 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 10 ოქტომბრიდან 2024 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 16 აპრილის N 7212 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის N 081-80 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 403 101 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 493 484 ლარი, ჯარიმა 746 742 ლარი და საურავი 162 875 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების, საწარმოს სააღრიცხვო საბუღალტრო პროგრამისა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა ბინების რეალიზაცია ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით. გამყიდველი მყიდველს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემს უძრავ ქონებას, სრული თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში უქმდება გამოსყიდვის უფლება და ფართი უპირობოდ გადადის მყიდველის საკუთრებაში და მყიდველს უფლება ეძლევა, მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ფართზე ვალდებულებების ჩახსნის თაობაზე, გამყიდველის თანხმობის გარეშე. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ ყიდვა/გამოსყიდვის უფლებით რეალიზებული ბინების სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა - 1 388 716 აშშ დოლარი, ხოლო ეკვივალენტი ლარში - 3 615 247 ლარი (ხელშეკრულების თარიღში მოქმედი ეროვნული ბანკის შესაბამისი კურსით). ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ბინების გამოსყიდვა არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა აღნიშნული ოპერაციების აღრიცხვას და არ განიხილავდა დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმებით, შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა საგადასახადო მიზნებისთვის განხილულ იქნა მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება მიწოდების კორექტირების გარემოებად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 163-ე მუხლების თანახმად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა აღნიშნული ოპერაციების აღრიცხვას და ფულის მოძრაობაში ჩართვას. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ასევე რეალიზებული იყო 3 ბინა (280 780 ლარად), რომელიც არ იყო ასახული ბუღალტერიაში და შესაბამისად ფულის გაანგარიშებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბინების ყიდვა/ნასყიდობის სახელშეკრულებო ღირებულება, დამფუძნებლის მიერ კომპანიაში განხორციელებული ფულადი შენატანების (299 304 ლარი) გათვალისწინებით, შემოწმების მიერ ჩაითვალა მიღებულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა ბინების რეალიზაცია ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით. რეალიზებული ბინების სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა - 1 388 716 აშშ დოლარი (3 615 247 ეკვივალენტი ლარი). ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ბინების გამოსყიდვა არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა აღნიშნული ოპერაციების აღრიცხვას და არ განიხილავდა დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმებით, შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა საგადასახადო მიზნებისთვის განხილულ იქნა მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება მიწოდების კორექტირების გარემოებად. შედეგად, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული იყო 3 ბინა (280 780 ლარად), რომელიც არ იყო ასახული ბუღალტერიაში და შესაბამისად ფულის გაანგარიშებაში. ვინაიდან ზემოაღნიშნული ოპერაციების აღრიცხვა და ფულის მოძრაობაში ჩართვა არ ხდებოდა, ბინების ყიდვა/ნასყიდობის სახელშეკრულებო ღირებულება, დამფუძნებლის მიერ კომპანიაში განხორციელებული ფულადი შენატანების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ ჩაითვალა მიღებულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2025 წლის 5 ივნისს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელს მიეცა დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 2 კვირის ვადით. 2025 წლის 19 ივნისს გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, რომლის დანართადაც წარმოდგენილი იყო ექსელის ცხრილი ბინების ნასყიდობა/გამოსყიდვასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ზემოაღნიშნული ცხრილი შესწავლილ იქნა შემოწმების მიერ და არ დადასტურდა ისეთი ბინების არსებობა, რომლებიც გამოსყიდული იყო შესამოწმებელ პერიოდში და შემოწმების მიერ ასახული იყო დასაბეგრ ბრუნვაში. აგრეთვე, ზოგიერთ შემთხვევებში ფიქსირდებოდა ბინების გამოსყიდვა შესამოწმებელ პერიოდში, თუმცა იგივე ბინები ნასყიდობა/გამოსყიდვის უფლებთ შესამოწმებელ პერიოდშივე ისევ იყო გაყიდული. ამდენად, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა უძრავი ქონებების რეალიზაციის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა. ასევე, შემოწმებით მართლზომიერად ჩაითვალა დამატებით დადგენილი შემოსავალი დირექტორის მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------ის“ (ს/ნ ------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული ბინების დასაბეგრ ოპერაციად განხილვას და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა ბინების რეალიზაცია ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ბინების გამოსყიდვა არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა აღნიშნული ოპერაციების აღრიცხვას და არ განიხილავდა დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმებით, შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა საგადასახადო მიზნებისთვის განხილულ იქნა მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება მიწოდების კორექტირების გარემოებად. შედეგად, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული იყო 3 ბინა (280 780 ლარად), რომელიც არ იყო ასახული ბუღალტერიაში და შესაბამისად ფულის გაანგარიშებაში. ვინაიდან ზემოაღნიშნული ოპერაციების აღრიცხვა და ფულის მოძრაობაში ჩართვა არ ხდებოდა, ბინების ყიდვა/ნასყიდობის სახელშეკრულებო ღირებულება, დამფუძნებლის მიერ კომპანიაში განხორციელებული ფულადი შენატანების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ ჩაითვალა მიღებულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა უძრავი ქონებების რეალიზაციის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა. ასევე, შემოწმებით მართლზომიერად ჩაითვალა დამატებით დადგენილი შემოსავალი დირექტორის მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163 (2);