ბრძანება N 11096
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11096
30 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 26 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 მარტის (ოქმი №23), 24 აპრილის (ოქმი №30) და 29 მაისის (ოქმი №44) სხდომებზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 26 დეკემბრის №93502/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ნოემბრის №006-488 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, დებიტორული დავალიანებისა და გადარიცხული ავანსის თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. განმარტავს, რომ კომპანიას გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული არცერთი წინაპირობა. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არასწორად განხორციელდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა, რაც განპირობებულია დებიტორული დავალიანების უიმედო ვალად მიჩნევით. ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კონტრაჰენტი, რომელმაც მიიღო ავანსები, ადასტურებს კომპანიის წინაშე არსებულ დავალიანებას და მზად არის განახორციელოს ურთიერთგადახდები ნებისმიერ დროს, თუმცა საქართველოს ბანკები უარს აცხადებენ თანხების კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვაზე და უკან უბრუნებენ ჩამრიცხველ კომპანიას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიასთან, რომელთანაც გააჩნია დებიტორული დავალიანებები, დღემდე აქვს სავაჭრო ურთიერთობები, შესაბამისად არამართებულია დებიტორული დავალიანების უიმედო ვალად მიჩნევა და შემოწმებას „უიმედო ვალად აღიარებული დებიტორული დავალიანების დაბეგვრის შესახებ“ დანართი №2-ის გამოყენების საფუძველი არ გააჩნდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ვ“ ქვეპუნქტებზე, ასევე 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და მე-8 მუხლებზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ივლისის №15439 და 10 ივლისის №16420 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 21 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 26 ნოემბრის №24849 ბრძანება და ამავე თარიღის №006-488 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 108 161 ლარი, მათ შორის, გადასახადი 68 101 ლარი, ჯარიმა 34 051 ლარი, საურავი 6 009 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 20 იანვრის №323 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 17 მარტის №24717/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 იანვრის №323 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 მარტის №24717/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა, დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, ამასთან, წარმოდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „----“ გადასახადის და ასევე დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 27 აგვისტოდან. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს არაალკოჰოლური სასმელების ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და ექსპორტი, ასევე საწარმო ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ყიდვა/გაყიდვის ოპერაციებს სხვადასხვა შერეული სახის საქონლით (ძირითადად: არაალკოჰოლური სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი, სანელებლები), საშუალო ფასნამატი მერყეობს 2%-5%-მდე. შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში ჩარიცხულია სულ 8 160 ლარი, დაბრუნებულია 500 300 ლარი. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ბალანსში. 2022 წლიდან უფიქსირდება საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) და ასევე მომწოდებელზე გადახდილი ავანსები, აღნიშნული დებიტორული დავალიანებების და მოთხოვნების წარმოშობიდან გასულია გონივრული ვადა.
წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით ფიქსირდება მიღებული ავანსები, საწარმო მომსახურებიდან და მიწოდებიდან წარმოქმნილი მოთხოვნების ნაწილის გადახურვას ახორციელებს მიღებული ავანსებით, ასევე წარმოდგენილია საკრედიტო შეთანხმებები რომლის მიხედვითაც მიწოდებიდან წარმოქმნილი მოთხოვნების ნაწილი იხურება მომწოდებელთან არსებული კრედიტორული დავალიანებით. შემოწმებით დადგინდა, რომ საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ აღნიშნული დავალიანება არ არის ანაზღაურებული (საწარმოს მიერ წარმოდგენილია მეორე მხარეებთან შედარების აქტები), ამასთან, ვერ დგინდება საქონლის მიმღების მიერ საქონლის ნაწილის ან სრულად დაბრუნების ფაქტი, ანაზღაურებული თანხა/თანხის ნაწილი ასევე არ ფიქსირდება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე. გადარიცხულ ავანსთან დაკავშირებით არ დგინდება საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტი, ასევე არ დასტურდება ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების, ასევე შემოსავლების სამსახურის „დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ“ მეთოდური მითითებების გათვალისწინებით, შპს „---ის“ მოთხოვნები და გადარიცხული ავანსის თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 27 მარტსა და 24 აპრილს ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრების განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 29 მაისს 14:20 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს 2022 წლიდან უფიქსირდება საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) და ასევე მომწოდებელზე გადახდილი ავანსები, აღნიშნული დებიტორული დავალიანებების და მოთხოვნების წარმოშობიდან კი გასულია გონივრული ვადა. შემოწმებით დადგინდა, რომ საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ აღნიშნული დავალიანება არ არის ანაზღაურებული (საწარმოს მიერ წარმოდგენილია მეორე მხარეებთან შედარების აქტები), ამასთან, ვერ დგინდება საქონლის მიმღების მიერ საქონლის ნაწილის ან სრულად დაბრუნების ფაქტი, ანაზღაურებული თანხა/თანხის ნაწილი ასევე არ ფიქსირდება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე. გადარიცხულ ავანსთან დაკავშირებით ასევე არ დგინდება საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტი. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) და მომწოდებელზე გადახდილი ავანსები, ხოლო საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ აღნიშნული დავალიანება არ არის ანაზღაურებული (მათ შორის არ ფიქსირდება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე), ამასთან, ვერ დგინდება საქონლის მიმღების მიერ საქონლის ნაწილის ან სრულად დაბრუნების ფაქტი, აგრეთვე მოთხოვნების წარმოშობიდან გასულია გონივრული ვადა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ „დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ“ მეთოდური მითითებების შესაბამისად, დებიტორული დავალიანებისა და გადარიცხული ავანსების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის პოზიციას, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან და საჩივრის დანართად წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რაზედაც საჩივრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განხილვის ეტაპზე განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა ობიექტურად გამოკვლეული/შესწავლილი წარდგენილი მტკიცებულებები ვერ იქნება გაზიარებული და შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არ მომხდარა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ხოლო საჩივრის დანართად წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ცნობილი იყო შემოწმების პროცესში და მათი ანალიზის საფუძველზე განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ასევე, მომჩივნის პოზიცია, რომ არ არის გათვალისწინებული წარმოდგენილი საკრედიტო შეთანხმებები, მათ შორის დაბალი ხარისხის პროდუქციასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და როგორც აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ორი ფოტო სქრინის სახით, აღნიშნული ფოტო სქრინებით არ ირკვევა რეალურად ოპერაციის შინაარსი, ნამდვილობა და არ წარმოადგნეს საფინანსო ინსტიტუტებიდან წარმოდგენილ რაიმე დამოწმებულ დოკუმენტს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, დებიტორული დავალიანებისა და გადარიცხული ავანსის თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს 2022 წლიდან უფიქსირდება საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) და ასევე მომწოდებელზე გადახდილი ავანსები, აღნიშნული დებიტორული დავალიანებების და მოთხოვნების წარმოშობიდან კი გასულია გონივრული ვადა. შემოწმებით დადგინდა, რომ საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ აღნიშნული დავალიანება არ არის ანაზღაურებული (საწარმოს მიერ წარმოდგენილია მეორე მხარეებთან შედარების აქტები), ამასთან, ვერ დგინდება საქონლის მიმღების მიერ საქონლის ნაწილის ან სრულად დაბრუნების ფაქტი, ანაზღაურებული თანხა/თანხის ნაწილი ასევე არ ფიქსირდება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე. გადარიცხულ ავანსთან დაკავშირებით ასევე არ დგინდება საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტი. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) და მომწოდებელზე გადახდილი ავანსები, ხოლო საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ აღნიშნული დავალიანება არ არის ანაზღაურებული (მათ შორის არ ფიქსირდება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე), ამასთან, ვერ დგინდება საქონლის მიმღების მიერ საქონლის ნაწილის ან სრულად დაბრუნების ფაქტი, აგრეთვე მოთხოვნების წარმოშობიდან გასულია გონივრული ვადა, მოთხოვნები და გადარიცხული ავანსის თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154.