გადაწყვეტილება №21236/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.04.2024
№ დოკუმენტი 21236/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 21236/2/2023

01 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 4.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21236/2/2023).

 

დავის საგანი:

1. არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხის მასზე გაცემულ სესხად განხილვა;

2. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3.საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად, ხოლო სხვაობის შესაბამისი საანგარიშო პერიოდებისთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №227-17 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24193 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 279 826.97 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 171 434

მოგების გადასახადი - 26 537

საშემოსავლო გადასახადი - 144 897

ჯარიმა - 85 817

საურავი - 22 575.97

 

პროცედურული გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 14.04.2022 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში რომლის საფუძველზე გამოიცა 2.08.2023 წლის №18953 ბრძანება და ამავე თარიღის №227-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 9.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24193 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხის მასზე გაცემულ სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საბანკო ამონაწერების და იმპორტის სასაქონლო ოპერაციებით და წარდგენილი საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, საწარმოს სარეალიზაციო საქონლის ნაწილი, 403 373 ღირებულების საქონელი, შეძენილი აქვს ------------ (------------), ხოლო გადარიცხული აქვს 553 752 ლარი.

საწარმოს 2023 წლის იანვრის შემდგომ აღნიშნული კომპანიისგან საქონლის შეძენა არ უფიქსირდება, ასევე თანხა უკან დაბრუნებული არ არის, შესაბამისად შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არარეზიდენტ კომპანიაზე ზედმეტად გადახდილი 150 379 ლარი ჩაითვალა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად. შემოწმების შედეგად არარეზიდენტ კომპანიაზე სესხად გაცემული თანხა, 150 379 ლარი, საგადასახადო კოდექსის 97-ე 98-ე და 982 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით დაიბეგრა მოგების გადასახადით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ არარეზიდენტ კომპანიაზე ზედმეტად გადახდილი თანხის არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას ----------- მომწოდებელთან სულ გადარიცხული აქვს 553 752 ლარი, ხოლო მიღებული აქვს 403 373 ლარი. 150 379 ლარის პროდუქცია დღემდე არ მიუღია, რომელსაც მომწოდებელი წლის ბოლომდე მიაწვდის. აღნიშნული თანხის გადარიცხვა მოხდა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ბანკიდან, რომელიც შეუძლია წარმოადგინოს. აღნიშული თანხა აუდიტორის მიერ დაბეგრილია არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად რასაც ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე არ ეთანხმება.

 

2. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით 10.05.2023 წლის მდგომარეობით უფიქსირდება 70 726 ლარის სალაროს ნაშთი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №10187 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით აღნიშნული თარიღის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად (შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად) 70 726 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) საგადასახადო კოდექსის 101- ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სალაროში არსებული ფულადი ნაშთი სრულად არის დაბეგრილი ივნისის თვეში ანუ საგადასახდო შემოწმების აქტის შედგენამდე შემოწმების დასრულებამდე.

 

3. საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად, ხოლო სხვაობის შესაბამისი საანგარიშო პერიოდებისთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული აქვს (-------, ---------, ---------- და სხვა) გათბობის ქვაბები და მის მოწყობასთან დაკავშირებული საქონელი, ასევე იმპორტირებული აქვს ზეთი და ცოცხალი ცხვარი.

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დეკლარირებული დღგ-ით 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა (მიღებული შემოსავალი) შეადგენს 4 150 194 ლარს, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად სხვაობა არ გამოვლინდა.

შემოწმების შედეგად შესწავლილია საწარმოს საბაჟო დეკლარაციები, ინვოისები, ასევე საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები და საბანკო ამონაწერები. საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე თანხის გადახდა ხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. წარდგენილი ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით იმპორტირებულ საქონელზე 2 035 444 ლარი გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით. საწარმოს წარმომადგენლის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას მტკიცებულების სახით არ არის წარდგენილი უცხოელ მომწოდებლებთან შედგენილი შედარების აქტები, ასევე საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია საბაჟო დეკლარაცია, რითაც დასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა.

საგადასახადო კოდექსის 105-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების“ შესაბამისად, საწარმოს მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, რომელზეც არ არის წარდგენილი გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტი (2 035 444 * 75% = 1 526 583 ლარი), ხოლო სხვაობა 508 861 (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) შესაბამისი საანგარიშო პერიოდებისთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შედეგად, ხელფასის სახით განაცემები დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 81-ე და 154-ე მუხლების მიხედვით გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საწარმოს მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად (რომელზეც არ არის წარმოდგენილი დოკუმენტები), ხოლო სხვაობის შესაბამისი საანგარიშო პერიოდებისთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგად მომწოდებლებზე ---------- და -------- ნაღდი ფულით გადახდილი თანხის 25% ანუ გადახდილი 2 035 444 ლარიდან დაიბეგრა

508 861 ლარი საშემოსავლო გადასახადით, რაც სრული აბსურდია. ერთის მხრივ საბაჟო დეპარტამენტი აღიარებს წარდგენილ დოკუმენტაციას, ანბაჟებს ტვირთს, იხდის 18% დღგ-ს, რაც დასტურია იმისა, რომ ყველა ხარჯი დოკუმენტურად არის დადასტურებული.

საყოველთაოდ არის ცნობილი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ და მისგან გამომდინარე --------- დაწესებული სანქციები, რაც მოიცავს, ასევე ფულად ტრანზაქციებსაც, შეუძლებელია ნაღდი ფულის მოძრაობის გარეშე საქმიანობის განხორციელება. მაშინ საერთოდ აიკრძალოს ექსპორტი ამ მიდგომის გათვალისწინებით. ამასთანავე, ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით დავალიანება არ გააჩნია.

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას, რომლითაც ჩამოთვლილია ის კრიტერიუმები, რის გამოც შესაძლებლობა მიეცემა შემმოწმებელს გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი. თავადვე მოდიან წინააღმდეგობაში ვინაიდან აქტში მითითებულია, რომ „შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენსო 4 150 194 ლარს. აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად სხვაობა არ გამოვლინდაო“. არ არის მითითებული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელი პუნქტები აქვს დარღვეული კომპანიას, რომ აუდიტორებს გამოეყენებინათ არაპირდაპირი მეთოდი. საჩივრის განხილვამდე წარმოადგენს შედარების აქტებს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 96-ე მუხლების შინაარსის გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების გადაანგარიშება და შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24193 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხის მასზე გაცემულ სესხად განხილვა;

2. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად, ხოლო სხვაობის შესაბამისი საანგარიშო პერიოდებისთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საბანკო ამონაწერების და იმპორტის სასაქონლო ოპერაციებით და წარდგენილი საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, საწარმოს სარეალიზაციო საქონლის ნაწილი შეძენილი აქვს უცხო ქვეყნიდან. საწარმოს 2023 წლის იანვრის შემდგომ აღნიშნული კომპანიისგან საქონლის შეძენა არ უფიქსირდება, ასევე თანხა უკან დაბრუნებული არ არის, შესაბამისად შემოწმების შედეგად რარეზიდენტ კომპანიაზე ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაითვალა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად. აღნიშნული დაიბეგრა მოგების გადასახადით და დაეკისრა ჯარიმა.

2.საწარმოში ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით აღნიშნული თარიღის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით 10.05.2023 წლის მდგომარეობით უფიქსირდება

სალაროს ნაშთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად აღნიშნული ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

3.საწარმოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული აქვს გათბობის ქვაბები და მის მოწყობასთან დაკავშირებული საქონელი, ასევე იმპორტირებული აქვს ზეთი და ცოცხალი ცხვარი. საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე თანხის გადახდა ხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია საბაჟო დეკლარაცია, რითაც დასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა. შედეგად, ხელფასის სახით განაცემები დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 81-ე და 154-ე მუხლების მიხედვით გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 302(6);