ბრძანება N 9687

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.05.2023
№ დოკუმენტი 9687
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9687

03.05.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 5 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №80189/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 9 მარტის №ა34-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტს, „გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ“ 2023 წლის 10 მარტის №4578 ბრძანებას და №041-7 საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, შემოწმების აქტის ჩაბარების შემდეგ დაუკავშირდა მომწოდებელ კომპანიას (თურქეთში) და მოითხოვა უმოკლეს ვადაში ორიგილანილი პროფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატების მოწოდება, რათა მოხდეს დარიცხული თანხის შემცირება. მომწოდებლმა ვერ შეძლო კომპანიისთვის მიეწოდებინა EUR.1 სერტიფიკატები თურქეთში მიწისძვრის შედეგად რთული ვითარების გამო, თუმცა შეჰპირდა, რომ უმოკლეს ვადაში გამოაგზავნის, რისთვისაც ითხოვს გონივრულ ვადას და საბაჟო ორგანოს მხრიდან საკითხის ხელახლა შესწავლას. მომჩივანი ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) სახელზე გაფორმდა №---------- და №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციები, რომელთა საფუძველზე თავისუფალ მიმოქცევაში გაეშვა 148085,77 ლარის საბაჟო ღირებულების და 49105 კგ. ნეტო წონის შავი ლითონის ნაწარმი.

იმპორტის გადასახდელის დარიცხვის სისწორის განსაზღვრის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციების თანმხლები №---------- და №---------- პრეფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატების ექსპორტიორ ქვეყანაში (თურქეთში) გადამოწმების შესახებ.

თურქეთის საბაჟო ორგანოსაგან 2022 წლის 10 იანვარს შემოსული №1376/21 წერილის თანახმად, ზემოაღნიშნული წარმოშობის სერტიფიკატების გადამოწმების შედეგები ჩაითვალა უარყოფითად, ვინაიდან მათში მითითებულ თურქულ ექსპორტის დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემები შეუსაბამობაში მოდის ამავე წარმოშობის სერტიფიკატებში დაფიქსირებული საქონლის აღწერილობით ნაწილთან. №---------- და №---------- პრეფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატების უკანა გვერდებზე, გადამოწმების შედეგების გრაფები მონიშნულია უარყოფითად. ამავდროულად, №1376/21 წერილის თანახმად, მითითებული EUR.1 სერტიფიკატები არ ყოფილა დასამოწმებლად წარდგენილი ჰოფის სავაჭრო და მრეწველობის პალატისადმი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ №---------- და №---------- პრეფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რაც იწვევს იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-2 დანართის 41-ე მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს მიერ შედგენილ იქნა 2023 წლის 9 მარტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების № ა 34-21-10 აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 მარტის №4578 ბრძანება შპს „----------“ (ს/ნ ----------) იმპორტის გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და 2023 წლის 10 მარტის №041-7 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით შპს „----------“ (ს/ნ ----------) დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ იმპორტის გადასახდელი 20968,95 ლარი, მათ შორის იმპორტის გადასახადი - 17770,3 ლარი და დღგ - 3198,65 ლარი, ხოლო სანქცია ჯარიმის სახით დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - 20968,95 ლარი. აღნიშნულ მასალებს დეკლარანტი გაეცნო 2023 წლის 10 მარტს.

ასევე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმების მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო შეღავათის სარგებლობისათვის წარდგენილ უნდა იქნეს საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით დადგენილია:

9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადფილი აქვს საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა (იმპორტის გადასახდელის დარიცხვა) მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16), ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, შემოწმების აქტის ჩაბარების შემდეგ დაუკავშირდა მომწოდებელ კომპანიას (თურქეთში) და მოითხოვა უმოკლეს ვადაში ორიგილანილი პროფერენციული წარმოშობის (გადაადგილების) EUR.1 სერტიფიკატების მოწოდება, რათა მოხდეს დარიცხული თანხის შემცირება. მომწოდებლმა ვერ შეძლო კომპანიისთვის მიეწოდებინა EUR.1 სერტიფიკატები თურქეთში მიწისძვრის შედეგად რთული ვითარების გამო, თუმცა შეჰპირდა, რომ უმოკლეს ვადაში გამოაგზავნის, რისთვისაც ითხოვს გონივრულ ვადას და საბაჟო ორგანოს მხრიდან საკითხის ხელახლა შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივნის მხრიდან ადფილი აქვს საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1).