გადაწყვეტილება №24691/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24691/2/2024
27 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 4.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №24691/2/2024).
დავის საგანი:
საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის არასწორად დეკლარირების საფუძვლით საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად საბაჟო გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 21.11.2024 წლის №005-164 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.01.2025 წლის №625 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 66 512.63 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 36 495.13
ჯარიმა - 9 477.82
საურავი - 20 539.68
ფაქტების აღწერა
საბაჟო დეპარტამენტის 12.11.2023 წლის №24032 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადასახადის გადამხდელის ----- საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 18 ნოემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების № ა 204- 21-10 აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის მიწოდების პირობაა CIP თბილისი, საქონლის დეკლარირებისას წარდგენილ ინვოისებში არ არის გამოყოფილი ტრანსპორტირების ხარჯი, ხოლო დეკლარაციებში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება (რომელიც თავის მხრივ მოიცავს საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ღირებულებასაც) სავარაუდოდ შესაძლებელია (მნიშვნელოვნად დაბალი იყოს) რეალურად/სრულად არ ასახავდეს საქონლის სრულ საბაჟო ღირებულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქონლის საბაჟო ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ტრანსპორტირების ხარჯის სიზუსტის დადგენის მიზნით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადამხდელისგან. მომჩივნის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მომჩივანი საბაჟო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 400 ლარის ოდენობით. ასევე, გამოთხოვილი იქნა სატრანსპორტო ზედნადებით (Air Waybill) გაწეული მომსახურების (ტვირთის გადაზიდვის) შესაბამისი ხარჯების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს ---გან (ს/ნ ---) და უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „---- - ის ფილიალისგან საქართველოში“ (ს/ნ ---). აღნიშნული კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციიდან/დოკუმენტაციიდან აღსანიშნავია, შემდეგი: უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს „----გან“ (ს/ნ ----) და უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „----ის ფილიალისგან საქართველოში“ (ს/ნ ----) სატრანსპორტო ზედნადებების (Air Waybill) მიხედვით გამოგზავნილი ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების ამსახველი თანხები არ არის დამატებული შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ საქონლის საინვოისო ღირებულებას. ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არ იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით ---- საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი, (დღგ) – 36495.13 ლარის ოდენობით, ასევე შეეფარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა - 9477.82 ლარი. -----საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამიტომ მოცემული სამართალდარღვევისთვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სანქციის შეფარდების საკითხი (ამავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით) გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემოწმების აქტის საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოიცა 21.11.2024 წლის №24585 ბრძანება და ამავე თარიღის №005-164 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 20.12.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.01.2025 წლის №625 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებზე, 37-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 44-ე მუხლზე, დასახელებული მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველი ნაწილზე, ამავე მუხლის შენიშვნაზე, 49-ე მუხლზე და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე. მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღნიშნულ დარიცხვას საჩივრის ავტორი არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: ინკოტერმის წესები ზუსტად განსაზღვრავენ ამოცანებს, დანახარჯებსა და რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ტრანსპორტირებასა და მიწოდებასთან. ინკოტერმსის წესები მიღებულია და აღიარებულია მრავალი ქვეყნის მთავრობების მიერ საერთაშორისო ვაჭრობის ტერმინების ასახსნელად, CIP — Carriage and Insurance Paid to მოცემული ტერმინის გამოყენებისას გამყიდველს აქვს იგივე ვალდებულება, რაც CPTის შემთხვევაში (გარდა დაზღვევისა). გამყიდველი იხდის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის დაზღვევისათვის საჭირო სადაზღვევო პრემიას, იგი ამზადებს აგრეთვე ტვირთს ექსპორტისათვის და ანაზღაურებს ტრანსპორტირების ხარჯებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან ნების თავისუფალი გამოვლინების ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში სწორედ აღნიშნულ ნების ავტონომიასთან გვაქვს საქმე, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული არ ყოფილა, კერძოდ, იგულისხმება, რომ საჩივრის ავტორი, რომელიც წარმოადგენს პროდუქციის მყიდველს, მან პროდუქციის თანხა გადაიხადა მხარეთა შეთანხმებისამებრ, რომელიც თავის თავში მოიცავდა ყველა ხარჯს, მათ შორის გადაზიდვის და ამავდროულად დაზღვევის ხარჯს, შესაბამისად მომჩივნის მიერ მითითებულ თანხაში შედიოდა და შედის ყველა ის ხარჯი, რომელიც გათვალისწინებულია შეძენისათვის, ტრანსპორტირებისათვის, პროდუქციის დაზღვევისათვის და ა.შ. გადაზიდვა დაკვეთას და ხარჯის ანაზღაურებას უზრუნველყოფდა გამყიდველი, შესაბამისად მყიდველი ვერ იქნება პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ განხორცილებულ ქმედებაზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ასევე ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილების თანახმად:
2. საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:
ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;
ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველია, პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით;
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით. საბაჟო კოდექსის 13-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად:
6. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:
ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;
ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.
7. ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.
დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში. აღნიშნულის დადგენას საფუძვლად დაედო: უსფ(წ) „----ის ფილიალის საქართველოშის“ და უსფ(წ) სს „---ს“ მიერ სატრანსპორტო ზედნადებების (Air Waybill) მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტისთვის მიწოდებული ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების (შესაბამისი ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის) ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების (საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის), რომელიც წარმოადგენს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, საქონლის გაფორმებისას არასწორად წარდგენამ და დეკლარაციებში არასწორად ასახვამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის არასწორად დეკლარირების საფუძვლით საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად საბაჟო გადასახდელის ოდენობის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ საქონლის გაფორმებისას ტვირთის საბაჟო ღირებულება (რაც თავის მხრივ მოიცავს ტრანსპორტირების ღირებულებასაც) საბაჟო დეკლარაციებში არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების (საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის), რომელიც წარმოადგენს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, საქონლის გაფორმებისას არასწორად წარდგენამ და დეკლარაციებში არასწორად ასახვამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1).