გადაწყვეტილება №21013/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2023
№ დოკუმენტი 21013/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21013/2/2023

20 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 9.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21013/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა;

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №001-179 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22923 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 139 694 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 96 224

დღგ - 31 416

საშემოსავლო გადასახადი - 64 808

ჯარიმა - 31 824 საურავი - 11 646

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №001-179 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22923 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 28.06.2013 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული. გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ არ აწარმოებს ბუღალტერიას და წარმოადგინა მხოლოდ არასრული საბანკო ამონაწერები. შემოწმება დაეყრდნო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული პორტალის მონაცემებს, მომჩივნის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. გადასახადის გადამხდელს საქმიანობის განხორციელების განმავლობაში საგადასახდო ორგანოში დეკლარაციები წარდგენილი არ აქვს. შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს მომსახურება მიწოდებული აქვს მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერების საშუალებით. მომსახურების ნაწილზე გამოწერილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე და 105-ე მუხლების მიხედვით, განსაზღვრულ იქნა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი, რამაც შეადგინა სულ - 248 635 ლარი, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში შეძენილმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა შეადგინა სულ - 17 669 ლარი. შედეგად, შემოწმებით, ერთობლივ შემოსავალსა და გამოსაქვით ხარჯებს შორის სხვაობა - 230 966 ლარი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი ტენდერების საშუალებით მომსახურებას უწევს მუნიციპალიტეტებს და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები გამოწერილი აქვს მომსახურების ნაწილზე. მეწარმე მისივე განმარტებით, არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს მხოლოდ არასრული საბანკო ამონაწერი. შემოწმებამ ერთობლივ შემოსავალსა და გამოსაქვით ხარჯებს შორის გამოავლინა დასაბეგრი შემოსავალი - 230 966 ლარი, რომელზეც გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ი/მ --ს მიწოდებული აქვს კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერების საშუალებით. მომსახურების ნაწილზე გამოწერილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ხარჯის დოკუმენტები სრულად. ასევე, შემოწმების მიერ გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც არ იქნა წარდგენილი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მართალია მეწარმის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს - 248 635 ლარს, მაგრამ გამოსაქვითი ხარჯები - 17 669 ლარი არის წარმოუდგენლად მცირე, მით უმეტეს, რომ მომსახურება შესრულებულია სახელმწიფოს - მუნიციპალიტეტების დაკვეთით (ტენდერი), სადაც ყველა ტენდერის მოგება ხდება წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით. მეწარმეს ტენდერში წარდგენილი აქვს ყველა მომსახურების ხარჯთაღრიცხვა, აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით უნდა დადგინდეს მეწარმის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, ამას მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნ ნაწილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება;

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №04684-21-14 წერილიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ არ აწარმოებს ბუღალტერიას.

შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებულ დოკუმენტაციას. გადასახადის გადამხდელს საქმიანობის განმავლობაში საგადასახადო ორგანოში დეკლარაციები წარდგენილი არ აქვს. შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს მიწოდებული აქვს კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერების საშუალებით. მომსახურების ნაწილზე გამოწერილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. ელექტრონულ ბაზებში არსებული ხარჯის დოკუმენტები სრულად გათვალისწინებულ იქნა შემოწმებისას. ასევე გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც არ იქნა წარდგენილი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ შემოწმებისას ელექტრონულ ბაზებში არსებული ხარჯის დოკუმენტები სრულად იქნა გათვალისწინებული. ასევე, გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც არ იქნა წარდგენილი. ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2022 წლის თებერვლიდან, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164- ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და პირს შემოწმებისთვის წარდგენილი აქვს მხოლოდ არასრული საბანკო ამონაწერები. მეწარმე მომსახურებას უწევს მუნიციპალიტეტებს ტენდერების საშუალებით. გადამხდელის მიერ, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები გამოწერილია მომსახურების ნაწილზე. პირის ერთობლივმა შემოსავალმა 100 000 ლარიან ზღვარს გადააჭარბა 2022 წლის თებერვლის თვეში, შესაბამისად, შემოწმებით, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული პორტალის მონაცემების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ დღგის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და არც დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მეწარმის შემოსავლები 100 000 ლარს გადაცდა 2022 წლის ივლისის თვეში და არა თებერვლის თვეში. აქედან გამომდინარე გადასაანგარიშებელია დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა და მასზე დარიცხული ჯარიმები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №04684-21-14 წერილიდან ირკვევა, რომ შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული პორტალის მონაცემები, აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა, რომ მომჩივნის ერთობლივმა შემოსავალმა 100 000 ლარიან ზღვარს გადააჭარბა 2022 წლის თებერვლის თვეში, შესაბამისად, შემოწმებით, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით (აღნიშნული გაანგარიშების ცხრილი გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს). ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა;

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №001-179 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22923 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 80; 102; 105; 72; 106; 165; 159; 1601; 163; 164; 282.