გადაწყვეტილება №20486/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20486/2/2023
22 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ ის 6.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20486/2/2023).
დავის საგანი:
1. ხელფასის სახით განაცემების დაბეგვრის გაანგარიშების მეთოდი (ე.წ. აგროსვის მეთოდი);
2. გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვა;
3. იურიდიული პირისგან მიღებული თანხების ხელფასის ნაცვლად სესხად განხილვის და მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება;
4. გაწეულ სამშენებლო მომსახურებაზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №007-395 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.07.2023. წლის №17438 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 579 081 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 766 944
დღგ - 176 728
მოგების გადასახადი - 3 268
საშემოსავლო გადასახადი - 585 305
ქონების გადასახადი - 1 643
ჯარიმა - 582 412
საურავი - 229 725
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33454 ბრძანება და №007-395 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17438 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, სესხის ხელშეკრულება;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტები, კომპანიის მიერ ბუღალტრულად დარიცხული და აღრიცხულია, აღნიშნულ ნაწილში უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);
- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა, თუ არ დადასტურდება თანხის მიღება, განახორციელოს აღნიშნულ ნაწილში საშემოსავლო გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17438 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ხელფასის სახით განაცემების დაბეგვრის გაანგარიშების მეთოდი (ე.წ. აგროსვის მეთოდი)
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სააღრიცხვო პროგრამის, საბანკო ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემების დეკლარირებული ოდენობა განსხვავდება შემოწმებით დადგენილისაგან. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული აქვს 1 073 444 ლარი, ხოლო შემოწმებით დადგინდა 1 359 981 ლარი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე100, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებით დადგინდა, რომ დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემის დეკლარირებული ოდენობა განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისგან. კერძოდ დეკლარირებულია 1 073 444 ლარი, ხოლო შემოწმებით დადგინდა 1 359 981 ლარი, აღნიშნული დარღვევა მართლაც იყო, გაცემული ხელფასები არ დაბეგრილა საშემოსავლო გადასახადით, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტს არ ეთანხმება გაანგარიშების მეთოდში, ე.წ. „აგროსვის“ მეთოდს, ვინაიდან კომპანია ყველა იმ თანამშრომელს დააბრუნებინებს გადასახადის თანხას და გადარიცხავს ბიუჯეტში,აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტის თანახმად გამოდის, რომ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არის 25%, ნაცვლად კოდექსით დადგენილი 20%-იანი განაკვეთისა. თუ განვიხილავთ იმ მომენტს, რომ კომპანიას შეევსო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია განაცემებში მითითებული თანხა არ იქნებოდა მეტი ვიდრე ფაქტობრივად გაცემული თანხისა, აქედან გამომდინარე, ხელფასად გაცემული თანხიდან სწორად იქნებოდა გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი, რის გამოც მოითხოვს საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამის, საბანკო ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის თანახმად, კომპანიის მიერ გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემების დეკლარირებული ოდენობა განსხვავდება შემოწმებით დადგენილისაგან. კერძოდ, დეკლარირებული 1 073 444 ლარის ნაცვლად, შემოწმებით დადგინდა 1 359 981 ლარი.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა
კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის სრული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს აქვს სალაროს მზარდი ნაშთი 2020 წლის მარტიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კი უფიქსირდება სალაროს ნაშთი 569 956 ლარის ოდენობით, ხოლო მოთხოვნა ანგარიშვალდებული პირის მიმართ 59 593 ლარის ოდენობით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის თანახმად, კომპანიის პარტნიორის მიერ პერიოდულად გატანილია თანხები, რომელიც ბრუნდება გარკვეული პერიოდულობით, ამასთან ზოგჯერ კომპანიას აქვს დავალიანება პარტნიორის წინაშე. კერძოდ, 2020 წლის მაისამდე კომპანიას აქვს დავალიანება დირექტორის წინაშე, ხოლო 2020 წლის მაისიდან კი მოთხოვნა დირექტორის მიმართ.
აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს სააღრიცხვო პროგრამაში უფიქსირდება გადასახდელი/მისაღები პროცენტების დარიცხვა, თუმცა დარიცხული პროცენტების დირექტორისგან მიღება/დირექტორისათვის გადახდა არ ფიქსირდება. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით, ამასთან „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით განსაზღვრულ იქნა (საკასო შემოსავლის და ხარჯის 10%) სალაროს ყოველთვიური გონივრული ნაშთი, ხოლო არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს გაიზარდა ან შემცირდა (ითვლება შესაბამისი პირის მიერ შესაბამის სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად (ამასთან, აღებული სესხიც, რომელზეც პირი ახორციელებდა გადასახდელი პროცენტების დარიცხვას, განხილულ იქნა აღებულ უპროცენტო სესხად), სესხზე გაანგარიშებული სარგებელი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას საგადასახადო კოდექსის 73- ე, 982 , 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ კომპანიას გაცემულ სესხზე დარიცხული აქვს საპროცენტო სარგებელი, რომელიც ჩართულია შემოსავალში და ასევე, აღრიცხულია მოთხოვნებში. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელის ოდენობას, აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს დარიცხვის კორექტირებას და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, სესხის ხელშეკრულება. ხოლო, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტები, კომპანიის მიერ ბუღალტრულად დარიცხული და აღრიცხულია, აღნიშნულ ნაწილში უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას არ ეთანხმება, მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში როცა დირექტორზე გაცემული თანხები თვითონ კომპანიას აქვს განხილული სესხად, დარიცხული აქვს პროცენტები და აღებულია მოგებაში და აღრიცხულია მოთხოვნებში, აუდიტს არ აქვს უფლება მაინც შეცვალოს ოპერაციის შინაარსი და განიხილოს ეს თანხები გაცემულ ხელფასად, მით უმეტეს, რომ სარგებელი გაანგარიშებულია 20%-ის ოდენობით, რომელიც არ შეესაბამება საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, რომ გაუქმებული იქნეს პროცენტების ხელფასად განხილვა, ვინაიდან თვითონ კომპანიას აღნიშნული პროცენტები აღებული აქვს მოგებაში და აღრიცხული მოთხოვნებში, შესაბამისად ითხოვს ამ დარღვევაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად, ამჟამად წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ კომპანიას გაცემულ სესხზე დარიცხული აქვს საპროცენტო სარგებელი, რომელიც ჩართულია შემოსავალში და ასევე, აღრიცხულია მოთხოვნებში. ამასთან, არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელის ოდენობას, ითხოვს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირებას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტებისაგან განსხვავებული გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, სესხის ხელშეკრულება. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტები კომპანიის მიერ ბუღალტრულად დარიცხული და აღრიცხულია, აღნიშნულ ნაწილში უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. იურიდიული პირისგან მიღებული თანხების ხელფასის ნაცვლად სესხად განხილვის და მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
2020 წლის 30 იანვარს გადასახადის გადამხდელსა (გამყიდველი) და შპს „N1- ს “ (მყიდველი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ. ხელშეკრულების 3.6 პუნქტის თანახმად, მყიდველს გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა 100 000 აშშ დოლარი. 2022 წლის 7 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა თანხმობა, რომლის შესაბამისადაც გადასახადის გადამხდელს, 2020 წლის 30 იანვრის ხელშეკრულების 3.6 მუხლით გადასახდელი თანხა სრულად აქვს მიღებული შპს „N1-სგან“. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2020 წლის 30 იანვრის (28 999 ლარი), 2021 წლის 4 ნოემბრისა (126 304 ლარი) და 2022 წლის 7 მარტის (163 720 ლარი) შემოსავლის ორდერების თანახმად, უფიქსირდება 100 000 დოლარის ექვივალენტი ლარის, ჯამურად 319 023 ლარის სალაროში მიღება. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული შემოსავალი არ აქვს ასახული სააღრიცხვო დოკუმენტაციაში, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-100, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, 100 000 დოლარის ექვივალენტი ლარში, 319 023 ლარის ოდენობით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს, რომ თანხა რომელიც აღებულია კომპანიის სახელით მისი დირექტორების მიერ, განხილული იქნეს როგორც გაცემული სესხი და დაიბეგროს მოგების გადასახადით, ვინაიდან აღნიშნული თანხის მიმღები ფიზიკური პირები აუცილებლად დააბრუნებენ თანხას კომპანიაში, რაზეც შესაბამისი განმარტებები თან ერთვის საჩივარს, ასევე წარმოდგენილია თანხის მიღების დოკუმენტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით დადგენილია, რომ 2020 წლის 30 იანვარს გადასახადის გადამხდელსა (გამყიდველი) და შპს N1-ს (მყიდველი) შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების 3.6 პუნქტის თანახმად, მყიდველს გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა 100 000 აშშ დოლარი. 2022 წლის 7 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა თანხმობა, რომლის შესაბამისა დაც გადასახადის გადამხდელს 2020 წლის 30 იანვრის ხელშეკრულების 3.6 მუხლით გადასახდელი თანხა სრულად აქვს მიღებული შპს N1-საგან . ამასთან, გადასახადის გადამხდელს, 2020 წლის 30 იანვრის, 2021 წლის 4 ნოემბრისა და 2022 წლის 7 მარტის შემოსავლის ორდერების თანახმად, უფიქსირდება 100 000 დოლარის ექვივალენტი ლარის, ჯამურად 319 023 ლარის სალაროში მიღება, თუმცა, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული შემოსავალი არ აქვს ასახული სააღრიცხვო დოკუმენტაციაში, შესაბამისად, 319 023 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად ითხოვს, რომ თანხა რომელიც აღებულია კომპანიის სახელით მისი დირექტორების მიერ, განხილული იქნეს, როგორც გაცემული სესხი და დაიბეგროს მოგების გადასახადით, ვინაიდან აღნიშნული თანხის მიმღები ფიზიკური პირები აუცილებლად დააბრუნებენ თანხას კომპანიაში, რაზეც წარმოადგენს განმარტებებს, ასევე თანხის მიღების დოკუმენტებს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტებისაგან განსხვავებული გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. გაწეულ სამშენებლო მომსახურებაზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შესრულებული აქვს რამდენიმე მსხვილი პროექტი, მათ შორის, გაწეული აქვს საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო მომსახურებები. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებები და მათში მითითებული ტრანსპორტირების დასრულების მისამართები. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შეძენილი მასალები მიტანილია მშენებლობისაგან განსხვავებულ მისამართებზე. ამასთან, სააღრიცხვო დოკუმენტაციაში გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ მისამართებზე მიკუთვნებული აქვს სხვადასხვა ხარჯები, კერძოდ, მიღებული მომსახურებები და შრომითი დანახარჯები. რიგ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდამდე გაფორმებული ხელშეკრულებები დამკვეთებთან, აღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებულ მისამართებზე სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, მიტანილია სამშენებლო მასალები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმების მიერ, სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილისა და სააღრიცხვო პროგრამაში აღნიშნულ მისამართებზე მიკუთვნებული დანახარჯების მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურების ოდენობა საბაზრო ღირებულებით, რამაც შეადგინა 1 600 535 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ შპს N2-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიის მიერ განხორციელდა მხოლოდ მიწის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება და ნაკვეთის შემოღობვა, თუმცა ვინაიდან დამკვეთმა ვერ დაიმტკიცა პროექტი და ვერ მიიღო მშენებლობის ნებართვა, კომპანიის მიერ შეჩერდა სამუშაოები, აღნიშნული შესრულება არ ჩაბარებულა დამკვეთისთვის და თანხა არ მიუღია, რასთან დაკავშირებით წარმოადგენს დამკვეთის წერილობით განმარტებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს კონკრეტულ პროექტებზე, რომლებზეც სამუშაოები არ არის ჩაბარებული და არც ერთი ბიექტიდან ფულადი შემოსავალი არ მიუღია. შედეგად, ითხოვს აღნიშნულ ოპერაციებზე დარიცხული ვალდებულებების კორექტირებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, თუ არ დადასტურდება თანხის მიღება, განახორციელოს აღნიშნულ ნაწილში საშემოსავლო გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს N2-თან გაფორმებულია ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, მიწის ნაკვეთის შემოღობვა და მიწის სამუშაოების ჩატარება. აღნიშნულ საქმიანობაზე დახარჯულია 152 811 ლარი, აუდიტის მიერ დაიბეგრა 168 092 ლარი, როგორც დღგ-ით, ისე საშემოსავლო გადასახადით, რასაც არ ეთანხმება, იმის გამო, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩატარებული სამუშაოები იყო მოსამზადებელი სამუშაოები მომავალი მშენებლობისათვის, ვინიდან დამკვეთმა ვერ დაამტკიცა პროექტი და ვერ მიიღო შესაბამისი სამშენებლო ნებართვა იძულებული გახდა შეჩერებულიყო პროცესი, ასე, რომ არც ეს შესრულება ჩაბარებულა დამკვეთზე და არც თანხა არ მიუღია, რაზეც წარმოადგენს დამკვეთის წერილობით განმარტებას (თან ერთვის საჩივარს). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული თანხა ამოსაღებია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან, ასევე არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.
ასევე, აუდიტის მიერ სასაქონლო ნაშთებზე დარიცხული დღგ წარმოადგენს უსაფუძვლო დარიცხვას, ვინაიდან აღნიშნული სამუშაოებიდან არ არის ჩაბარებული შემდეგ ობიექტებზე:"-----","------","-------". შესაბამისად, არც ერთი ობიექტიდან ფულადი შემოსავალი არ მიუღია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ამოღებული უნდა იქნეს, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან და გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადის სახით დარიცხული თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი მასალები მიტანილია მშენებლობისაგან განსხვავებულ მისამართებზე. ამასთან, სააღრიცხვო დოკუმენტაციაში გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ მისამართებზე მიკუთვნებული აქვს სხვადასხვა ხარჯები, კერძოდ, მიღებული მომსახურებები და შრომითი დანახარჯები. რიგ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდამდე გაფორმებული ხელშეკრულებები დამკვეთებთან, აღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებულ მისამართებზე სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, მიტანილია სამშენებლო მასალები. სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილისა და სააღრიცხვო პროგრამაში აღნიშნულ მისამართებზე მიკუთვნებული დანახარჯების მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურების ოდენობა საბაზრო ღირებულებით, შედეგად გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ შპს N2-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, განხორციელდა მხოლოდ მიწის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება და ნაკვეთის შემოღობვა, თუმცა ვინაიდან დამკვეთმა ვერ დაიმტკიცა პროექტი და ვერ მიიღო მშენებლობის ნებართვა, შეჩერდა სამუშაოები, აღნიშნული შესრულება არ ჩაბარებულა დამკვეთისთვის და თანხა არ მიუღია, რასთან დაკავშირებით წარმოადგენს დამკვეთის წერილობით განმარტებას. ამასთან, მიუთითებს კონკრეტულ პროექტებზე, რომლებზეც სამუშაოები არ არის ჩაბარებული და არც ერთი ობიექტიდან ფულადი შემოსავალი არ მიუღია. ითხოვს აღნიშნულ ოპერაციებზე დარიცხული ვალდებულებების კორექტირებას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტი, რაც შემოწმებით დადგენილ გარემოებას შეცვლიდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და თუ არ დადასტურდება თანხის მიღება, განახორციელოს აღნიშნულ ნაწილში საშემოსავლო გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი აუდიტის დეპარტამენტს არ ეთანხმება გაანგარიშების მეთოდში, ე.წ. „აგროსვის“ მეთოდს.
2.გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას.მიაჩნია, რომ როდესაც დირექტორზე გაცემული თანხები კომპანიას აქვს განხილული სესხად, დარიცხული აქვს პროცენტები და აღებულია მოგებაში და აღრიცხულია მოთხოვნებში, აუდიტს არ აქვს უფლება შეცვალოს ოპერაციის შინაარსი და განიხილოს ეს თანხები გაცემულ ხელფასად.ითხოვს ამ დარღვევაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას.
3.მომჩივანი ითხოვს, რომ თანხა რომელიც აღებულია კომპანიის სახელით მისი დირექტორების მიერ, განხილული იქნეს როგორც გაცემული სესხი და დაიბეგროს მოგების გადასახადით.
4.მომჩივანი მიიჩნევს,რომ აუდიტის მიერ სასაქონლო ნაშთებზე დარიცხული დღგ წარმოადგენს უსაფუძვლო დარიცხვას, ვინაიდან აღნიშნული სამუშაოებიდან არ არის ჩაბარებული ამოღებული უნდა იქნეს, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან და გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადის სახით დარიცხული თანხა.
ფაქტობრივი გარემოებები
1.დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემების დეკლარირებული ოდენობა განსხვავდება შემოწმებით დადგენილისაგან. შესაბამისად,გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.შემოსავლების სამსახურის უფროსის მეთოდური მითითების მიხედვით მიხედვით განსაზღვრულ იქნა სალაროს ყოველთვიური გონივრული ნაშთი, ხოლო არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს გაიზარდა ან შემცირდა ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად სესხზე გაანგარიშებული სარგებელი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.
3.გადამხდელს შემოსავალი არ აქვს ასახული სააღრიცხვო დოკუმენტაციაში, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-100, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
4.შემოწმების მიერ, სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილისა და სააღრიცხვო პროგრამაში აღნიშნულ მისამართებზე მიკუთვნებული დანახარჯების მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურების ოდენობა საბაზრო ღირებულებით.შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3.საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),982,101,102,136,154,161,163,164.