ბრძანება N 5405
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5405
24 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- ----- (ს/ნ ---------) (მის.: -----)
2025 წლის 25 თებერვლის და 4 მარტის
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 მარტის სხდომაზე (ოქმი N 20) განიხილა შპს „-----“ ----- (ს/ნ ------) N -----/-/----- და N ------ (-----) საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 4 თებერვლის N ----- საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2015 წლის პირველ სექტემბერს დარეგისტრირდა დროებით შემოყვანის საბაჟო დეკლარაცია ----- ტვირთზე ექსკავატორი ----- 2015 წლის 19 ოქტომბრამდე ვადით. 2015 წლის 7 აპრილს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ექსკავატორი სარემონტოდ გადაყვანილ იქნა სარემონტო საწარმო შპს „-----“ კუთვნილ საქმიან ეზოში, აუცილებელი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. ექსკავატორზე განხორციელებული არასათანადო სამუშაოების შესრულების გამო, მხარეებს შორის წარმოიშვა უთანხმოება. ვინაიდან დავა ეხებოდა ექსკავატორზე შესრულებული სარემონტო სამუშაოს შპს „-----“ უარს აცხადებდა ექსკავატორის კომპანიისათვის დაბრუნებაზე. უთანხმოება კომპანიებს შორის გადაიზარდა გრძელვადიან სასამართლო დავაში. შპს ----- სათავო ოფისმა და ქართულმა ფილიალმა წარადგინა შესაბამისი სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული ტექნიკის გადაცემის მოთხოვნით.
სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა ექსკავატორის ----- პირდაპირი მფლობელობაში გადაცემაზე და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ აღნიშნული ტექნიკის მფლობელობაში გადაცემაზე.
დავამ გაიარა სასამართლოს სამი ინსტანცია. ამ ფაქტის შესახებ რამდენიმეჯერ აცნობეს საბაჟოს, კერძოდ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზთა გამო, არ აქვს ექსკავატორის ფიზიკური ფლობის შესაძლებლობა სასამართლო დავის საბოლოოდ დასრულებამდე. სასამართლო დავა დასრულდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინებით. შესაბამისად ტექნიკა კომპანიას დაუბრუნდა 2022 წლის 22 აგვისტოს მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე.
2025 წლის 4 თებერვალს გააფორმეს ექსკავატორი ----- იმპორტის რეჟიმში, საბაჟო დეკლარაცია ----- და საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა საურავი 5691.53 (ხუთიათასექვსასოთხმოცდათერთმეტი და 53 თეთრი) ლარი.
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება დარიცხული საურავის თანხის ოდენობას, ვინაიდან ტექნიკა დაუბრუნდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ 2022 წლის 22 აგვისტოს და საურავები უნდა იყოს დარიცხული მხოლოდ პერიოდზე 2022 წლის 23 აგვისტოდან 2025 წლის 4 თებერვლამდე 4647,74 (ოთხიათასექვსასორმოცდაშვიდი ლარი და 74 თეთრი) ლარი.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს დარიცხული საურავის ოდენობის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 4 თებერვალს უცხოური საწარმოს ფილიალმა „შპს -----“ (ს/ნ -----) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----“ მიმართა N -----/--- განცხადებით და ითხოვა ექსკავატორის ----- (VIN კოდი -----) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში რეგისტრირებული მონაცემების შესწავლით გაირკვა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება 2015 წლის 1-ლი სექტემბრის N -----/----- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით მოქცეული იყო დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში და დროებითი შემოტანის ვადად, რომლის განმავლობაშიც ეს ექსკავატორი უნდა მოქცეულიყო სხვა სასაქონლო ოპერაციაში, განსაზღვრული იყო 2015 წლის 18 ოქტომბერი, რისი შესრულებაც არ დასტურდებოდა.
ვინაიდან უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს -----“ (ს/ნ -----) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევის ფაქტს, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----“ 2025 წლის 4 თებერვალს შედგენილ იქნა N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული პირის სახელზე იმავე დღეს გამოიცა N ----- საგადასახადო მოთხოვნაც, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში კუთვნილი იმპორტის გადასახდელის გადაუხდელობისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავის (5691,53 ლარი) დარიცხვის თაობაზე (სავადო პერიოდი: 18.10.2015 - 18.10.2018).
მომჩივნის არგუმენტზე იმასთან დაკავშირებით, რომ ექსკავატორის ----- (VIN კოდი -----) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელი იმპორტის გადასახდელის გადაუხდელობისათვის საურავი უნდა დარიცხვოდა 2022 წლის 23 აგვისტოს სავადო პერიოდით (როდესაც მასსა და შპს „-----“ შორის სასამართლო დავა დასრულდა და სატრანსპორტო საშუალება დაუბრუნდა), საბაჟო დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სასამართლოში სამოქალაქო საქმის წარმოების დაწყებამდე დეკლარანტს უკვე დარღვეული ჰქონდა 2015 წლის 1 სექტემბრის N -----/----- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით სატრანსპორტო საშუალებაზე განსაზღვრული დროებითი შემოტანის ვადა. აღნიშნული ვადის ფარგლებში კერძო პირებს შორის ექსკავატორთან დაკავშირებით უთანხმოება უკვე არსებობდა, თუმცა, დეკლარანტს არც ამ პერიოდში და არც მის შემდგომ საბაჟო ორგანოსთვის ოფიციალურად არ მოუწოდებია შესაბამისი ინფორმაცია. ამდენად, უცხოური საწარმოს ფილიალის მხრიდან არ იქნა შესრულებული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებებისა და ოპერაციების განხორციელების ვალდებულება.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N 290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 197-ე მუხლის 4 ნაწილით დადგენილი იყო, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იბეგრება იმპორტის გადასახადის იმ თანხის 3 პროცენტით, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს არა უგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 65-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ დროებით შემოტანის პროცედურაში იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით მოქცეულ საქონელზე კუთვნილი იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.
ამავე კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იბეგრება იმპორტის გადასახადის იმ თანხის 3 პროცენტით, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, კუთვნილი გადასახდელი თანხა ერთდროულად, ამ ნაწილით დადგენილ ვადაში გადაიხადოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ:
საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში
დადგენილია, რომ მომჩივანმა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი. შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული საურავი მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმის წარმოების დაწყებამდე მომჩივანს უკვე დარღვეული ჰქონდა 2015 წლის პირველი სექტემბრის N -----/----- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით სატრანსპორტო საშუალებაზე განსაზღვრული დროებითი შემოტანის ვადა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დარიცხული საურავის ოდენობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----" (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს, დარიცხული საურავის ოდენობის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
სატრანსპორტო საშუალება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით მოქცეული იყო დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში და დროებითი შემოტანის ვადად, რომლის განმავლობაშიც ეს ექსკავატორი უნდა მოქცეულიყო სხვა სასაქონლო ოპერაციაში განსაზღვრული იყო კონკრეტული ვადა, რისი შესრულებაც არ დასტურდება. ექსკავატორზე განხორციელებული არასათანადო სამუშაოების შესრულების გამო, მხარეებს შორის წარმოიშვა უთანხმოება რომელიც გადაიზარდა გრძელვადიან სასამართლო დავაში.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმის წარმოების დაწყებამდე მომჩივანს უკვე დარღვეული ჰქონდა სასაქონლო - საბაჟო დეკლარაციით სატრანსპორტო საშუალებაზე განსაზღვრული დროებითი შემოტანის ვადა. მომჩივანმა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი. შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული საურავი მართლზომიერია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 270; 272;.
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 65; 140;.