ბრძანება N 23773
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23773
28 ოქტომბერი 2025
ბრძანება
შპს „ --------“ (ს/ნ „ --------“ )
(მის: „ --------“ )
2025 წლის 17 სექტემბრის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ„--------“) №98038/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 9 სექტემბრის №EL294931, №EL294952 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL11116/10 (№070-10) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ „-------“-ში შეიძინა კონცენტრირებული ყურძნის წვენი, რაზეც დარეგისტრირდა წინასწარი დეკლარაცია. დეკლარაციაში არასწორად იქნა მითითებული სატრანსპორტო საშუალების ნომერი. სატრანსპორტო საშუალება გადამისამართდა სკანერ კონტროლზე. ტვირთმა წარმატებით გაიარა სკანერ კონტროლი და მანქანამ განაგრძო გზა "------"-ის მიმართულებით. ტვირთის საბოლოო მიმღები იყო მათი კლიენტი, რომელსაც ტვირთი მიეწოდა საწყობის მისამართზე, სადაც დაიცალა. ამის შემდეგ, კომპანიამ გააცნობიერა, რომ დაშვებულ იქნა შეცდომა და მანქანის დაცლამდე არ იქნა გადამოწმებული წინასწარი დეკლარაციის ფერი და მისი სტატუსი. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ დეკლარაციას არ ჰქონდა A ნომერი, რის შემდეგ, მოახდინა ორგანიზება, რომ დაებრუნებინა დაცლილი მანქანა საწყობში, დაეტვირთა და გამოცხადებულიყო გაფორმების ეკონომიკური ზონაში. მომჩივნის მითითებით მას არ ჰქონდა განზრახვა საბაჟოს კონტროლის გვერდის ავლით მოეხდინა ტვირთის იმპორტი საქართველოში, არ შეუმცირებია ტვირთის საბაჟო ღირებულება, რაც გამოიწვევდა იმპორტის გადასახდელების შემცირებას. დაკისრებული თანხები კი კომპანიას ზიანს აყენებს შემდგომი ფუნქციონირებისთვის.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 4 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ გავლით „-------“ საქართველოში შემოვიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება №„-------“, რომლითაც გადაადგილდებოდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) კუთვნილი, №„-------“ (01.09.2025) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწერა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების №„-------“ აღრიცხვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“-ის დანიშნულებით.
2025 წლის 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად „-------“-ისა გამოცხადდა კომპანიის მითითებულ მისამართზე, სადაც განხორციელდა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა და საქონლის გადმოტვირთვა.
2025 წლის 9 სექტემბერს საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“-ის ტერიტორიაზე. უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და, შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საქონლის განკარგვას. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი №2389/09/2025“ (09.09.2025).
ვინაიდან შპს „-------- -ის “ (ს/ნ„-------“) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე 2025 წლის 9 სექტემბერს გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“-ის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი №EL294931 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „---------“ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეეფარდა ჯარიმა 21 324.83 ლარის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლების შესაბამისად, იმავე დღეს გამოიცა №EL11116/10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „--------“ დაერიცხა იმპორტის გადასახდელები (დღგ - 13367.83, იმპორტის გადასახადი - 7957 ლარი) და საურავი - 85.17 ლარის ოდენობით. ასევე გაუქმდა №„-------“ (01.09.2025) საქონლის საბაჟო დეკლარაცია.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი 2025 წლის 9 სექტემბრის №EL294952 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურში 2025 წლის 24 სექტემბერს შპს „--------“ (ს/ნ „-------“) მიერ წარმოდგენილია №„-------“ განცხადება, რომლითაც უარს აცხადებს 2025 წლის 9 სექტემბრის №EL294952 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში 2025 წლის 17 სექტემბრის №98038/1/2025 საჩივრით დაწყებული დავის გაგრძელებაზე და ითხოვს ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა 2025 წლის 9 სექტემბრის №EL294952 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში საჩივრის განხილვაზე უარის თქმისა და მისი განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტით დადგენილი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა 2025 წლის 9 სექტემბრის №EL294931 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და №EL11116/10 (№070-10) საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:
ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;
გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
დ) პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საბაჟო სანქცია ნორმის ელემენტია, რომელიც ითვალისწინებს უარყოფით შედეგებს საბაჟო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საბაჟო პასუხისმგებლობა კი არის კონკრეტული საბაჟო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საბაჟო კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2025 წლის 9 სექტემბრის №EL294931 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, დაკისრებული პასუხისმგებლობა და №EL11116/10 (№070-10) საგადასახადო მოთხოვნა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „-------- -ის“ (ს/ნ „-------“) საჩივარი 2025 წლის 9 სექტემბრის №EL294952 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, გაფორმების ეკონომიკური ზონის ნაცვლად გამოცხადდა კომპანიის მითითებულ მისამართზე, სადაც განხორციელდა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა და საქონლის გადმოტვირთვა. 2025 წლის 9 სექტემბერს საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „------“-ის ტერიტორიაზე. უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის ფიზიკური დათვალიერება,ვიანიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლების შესაბამისად, იმავე დღეს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს დაერიცხა იმპორტის გადასახდელები.ასევე გაუქმდა საქონლის საბაჟო დეკლარაცია.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, დაკისრებული პასუხისმგებლობა და საგადასახადო მოთხოვნა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
172.