ბრძანება N 6904
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6904
27 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
2026 წლის 25 და 26 იანვრის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ---) №100323/1/2026 და №100338/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №083-55 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოსავალი გააანგარიშებულია საწარმოს მიერ შესყიდული სასმელის (გაზიანი სასმელები, ლუდი და წყალი) რაოდენობის მიხედვით, ერთეულ (ბოთლი) სასმელზე მისაღები შემოსავალი განისაზღვრა საწარმოს მენიუს საშუალო ფასით - 22 ლარით, რომელიც გაანგარიშებულია კომპანიის საიტზე არსებული მენიუს შესაბამისად. საწარმოს მიერ წლების შესაბამისად ხდება ფასების კორექტირება, შესაბამისად 2025 წლის მენიუს საშუალო ფასის შესაბამისად შემოსავლის გაანგარიშება არასწორია. შემოსავალი უნდა გაანგარიშდეს წლების ჭრილში არსებული მენიუს საშუალო ფასის შესაბამისად. აღნიშნულს ადასტურებს ინტერნეტის საშუალებით სტუმრების მიერ ეგრეთ წოდებული ფიდბექის შესაბამისად ატვირთული კომენტარები, ასევე ატვირთულია მენიუები და იდენტიფიცირდება პერიოდი. რაც შეეხება მენიუში საქონლის ფასებს ერთ-ერთ კერძზე (ცხელი ხორცის დიდი დაფა (7-8 კაცზე)) მენიუში დამატებულია 2024 წელს, აღნიშნული კერძის ფასი 2024 წელს შეადგენდა 230 ლარს, ხოლო 2025 წელს 260 ლარს. აღნიშნული კერძი არც თუ ისე მოთხოვნადია ფასიდან გამომდინარე, მაგრამ არსებით გავლენას ახდენს საშუალო ფასის გაანგარიშებაზე. აღნიშნულის ამოღება შესაძლებელია რადგან აუდიტორს საშუალო ფასის გაანგარიშებაში არ აქვს გათვალისწინებული სხვა პოზიციები (მაგ: სოსისები, ყავა-ჩაი, გამაგრილებელი სასმელები და ა. შ). წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით არსებითად შემცირდება აუდიტორის მიერ გაანგარიშებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, დღგ-ის რეგისტრაციის თარიღი, შესაბამისი ფულადი შემოსავალი, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი არსებითად აღარ იქნება განსხვავებულული საკონტროლო სალარო აპარატის და ტერმინალზე დაფიქსირებული შემოსავლისგან.
ზემოაღნიშნული მეთოდით შემოსავლის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული საწარმოს 2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ნაშთად არსებული საქონლის რაოდენობა დაახლოებით 1 500 ბოთლი სხვადასხვა სახის სასმელები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას. ასევე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. განმარტავს, რომ აუდიტორის მიერ უნდა გაანგარიშდეს საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10% მეთოდური მითითების შესაბამისად და გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი ფულადი სახსრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნაშთი ჩაითვალოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. ამასთან მიუთითებს, რომ პროდუქციის შეძენა ხდება ბაზრობებზე შესაბამისად მიმდინარეობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება, ასევე წარმოდგენილი იქნება ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები რესტორნის აშენების და სრულად მოწყობის ნაწიშლი (აღნიშნულ ნაწილში საწარმოს გააჩნია ვალდებულების ნაშთი რაც უნდა იქნას გათვალისწინებული ფულის ნაშთის გაანგარიშებაში.) ითხოვს აღნიშნული ხარჯების გათვალისწინებას.
2. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5213 და 7 მაისის №9080 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 25 დეკემბერს გამოსცა №28340 ბრძანება და №083-55 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 709 786 ლარი, მათ შორის, გადასახადი 407 196 ლარი, ჯარიმა 198 585 ლარი და საურავი 104 005 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის სახეს წარმოადგენს სარესტორნო მომსახურების გაწევა. ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ---ის რაიონში, ----ის ქ. №---. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე არ არის წარმოდგენილი წარმოების კალკულაციები და შესყიდვის აქტები. შედეგად, გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად. კერძოდ, შემოწმების მიერ შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირ - საწარმოს მიერ შესყიდული სასმელის (გაზიანი სასმელები, ლუდი და წყალი) რაოდენობის მიხედვით. 1 ერთეულ (ბოთლი) სასმელზე მისაღები შემოსავალი განისაზღვრა საწარმოს მენიუს საშუალო ფასით - 22 ლარით. აღნიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები განაწილდა შესამოწმებელი პერიოდის ფისკალისა და ტერმინალების თანხების ჯამის ხვედრითი წლის მიხედვით. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები და გადასახადის გადამხდელის დღგ-ის რეგისტრაციის თარიღად დადგინდა 2022 წლის 15 მარტი. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების გათვალისწინებით.
ასევე, შემოწმებისათვის არ არის წარმოდგენილი წარმოების კალკულაციები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით განხროციელდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვების ხარჯი, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები.
შემოწმების მიერ მეორე მხარეებისგან გამოთხოვილი დებიტორული-კრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი სალაროში არსებობის ფაქტიც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის)შემთხვევაშიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირ - საწარმოს მიერ შესყიდული სასმელის (გაზიანი სასმელები, ლუდი და წყალი) რაოდენობის მიხედვით. 1 ერთეულ (ბოთლი) სასმელზე მისაღები შემოსავალი განისაზღვრა საწარმოს მენიუს საშუალო ფასით - 22 ლარით. აღიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები განაწილდა შესამოწმებელი პერიოდის ფისკალისა და ტერმინალების თანხების ჯამის ხვედრითი წლის მიხედვით. შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები და გადასახადის გადამხდელის დღგ-ის რეგისტრაციის თარიღად დადგინდა 2022 წლის 15 მარტი. შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე არ არის წარდგენილი წარმოების კალკულაციები და შესყიდვის აქტები, შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.
ასევე, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით განხროციელდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვების ხარჯი, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები.
შემოწმების მიერ მეორე მხარეებისგან გამოთხოვილი დებიტორული-კრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი სალაროში არსებობის ფაქტიც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით პროდუქციის შეძენა ხდება ბაზრობებზე შესაბამისად მიმდინარეობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება, ასევე წარმოდგენილი იქნება რესტორნის აშენების და სრულად მოწყობისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ამასთან, მომჩინვანი ფულის ნაშთთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აუდიტორის მიერ უნდა გაანგარიშდეს საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10% მეთოდური მითითების შესაბამისად.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად: 1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. .
2. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირ - საწარმოს მიერ შესყიდული სასმელის (გაზიანი სასმელები, ლუდი და წყალი) რაოდენობის მიხედვით. 1 ერთეულ (ბოთლი) სასმელზე მისაღები შემოსავალი განისაზღვრა საწარმოს მენიუს საშუალო ფასით - 22 ლარით. აღნიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები განაწილდა შესამოწმებელი პერიოდის ფისკალისა და ტერმინალების თანხების ჯამის ხვედრითი წლის მიხედვით. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები და გადასახადის გადამხდელის დღგ-ის რეგისტრაციის თარიღად დადგინდა 2022 წლის 15 მარტი. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
ასევე, შემოწმებისათვის არ არის წარმოდგენილი წარმოების კალკულაციები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით განხროციელდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვების ხარჯი, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები.
შემოწმების მიერ მეორე მხარეებისგან გამოთხოვილი დებიტორული-კრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი სალაროში არსებობის ფაქტიც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5, 9); 101 (1); 154 (1); 105 (2); 72 (1); 269 (7).