ბრძანება N 26390
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26390
01 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,-----“-ის (ს/ნ ----- ) (ფაქტ. მის.:- -----)
2025 წლის 7 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი N 96) განიხილა შპს ,,----“-ის (ს/ნ ----- ) 2025 წლის 7 ნოემბრის N 98717/1/2025 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ოქტომბრის N 261-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის შედეგად გაზრდილ შემოსავლებზე დამატებული ღირებულების გადასახადის, მათ შორის სანქციის დარიცხვას, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილებას. მისთვის გაურკვეველია თუ როგორ მოხდა ფასნამატის მეთოდის გამოყენება, ერთგვაროვანი ნიშნის მქონე პროდუქციის დაჯგუფება, ფასნამატის დადგენა და რა ლოგიკით განხორციელდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატების გავრცელება არაიდენტიფიცირებული რეალიზაციის თვითღირებულებებზე. აცხადებს, რომ სალარო აპარატებითა და საბანკო ტერმინალებით რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია, შესაბამისად, ფაქტობრივად შეუძლებელია კონკრეტული მომენტისათვის რეალიზებული საქონლის, რაოდენობის და ჯგუფის იდენტიფიცირება. აცხადებს, რომ აღრიცხვას პროგრამულად ვერ აწარმოებდა და შემოწმების მიერ ფასნამატის ნაწილი დათვლილია არარეალურად, მისი ფასნამატი ადგილობრივი შეძენიდან ბავშთა კვება/მოვლაზე შეადგენს 5 %-ს, სხვა დანარჩენზე 8 დან 10-ს % და ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე მაქსიმუმ 50 დან 100%- მდე. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, მათ შორის დაკისრებულ სანქციას. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის N 12730 და 25 სექტემბრის N 20941 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 3 ნოემბრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2025 წლის 24 ივნისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 7 ოქტომბრის N 21547 ბრძანება და ამავე თარიღის N 261-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 315 009 ლარი, მათ შორის, გადასახადი 200 376 ლარი, ჯარიმა 100 949 ლარი, საურავი 13 683 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა სათამაშოებით, ჰიგიენური საშუალებებით, სურსათით და ა.შ. განხორციელებული აქვს საქონლის როგორც ადგილობრივი შეძენები, ასევე იმპორტი. გააჩნია როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები. არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, ვერ დგინდება პირის მიერ კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის ფარგლებში რეალიზებული პროდუქციის სახეობა, რაოდენობა, ზომის ერთეული, მიწოდების თარიღი, საკომპენსაციო თანხა და თვითღირებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში პირის საგადასახადო ვალდებულებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, გამოყენებულ იქნა ფასნამატის მეთოდი. შესაბამისი დანიშნულებიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე განხორციელდა „ერთგვაროვანი“ ნიშნის მქონე პროდუქციის დაჯგუფება (მ.შ დაჯგუფდა დაბეგვრის ტიპის მიხედვით) და თითოეულ ჯგუფში მოქცეულ პროდუქციათა სარეალიზაციო ფასებსა და მათ თვითღირებულებებს შორის პროცენტული სხვაობების-ფასნამატების დადგენა. ფასნამატების დადგენის წყაროდ გამოყენებული იქნა პირთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებით, კერძოდ, ინვენტარიზაციით დაფიქსირებული ინფორმაცია. დოკუმენტური ფასნამატი არ იქნა გამოყენებული, ვინაიდან დოკუმენტებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება საანგარიშო პერიოდის მთლიანი შეძენების 5%-ზე ნაკლებია. შემოწმებით დადგენილი ფასნამატები გავრცელებულ იქნა არაიდენტიფიცირებული რეალიზაციების თვითღირებულებებზე. ვინაიდან კომპანია არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად მთელს შესამოწმებელ პერიოდში და შესაბამისად, დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად შემოსავლების გადანაწილება ვერ მოხერხდა, გაანგარიშებული შემოსავლების მიკუთვნება და გადანაწილება შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე განხორციელდა სალარო აპარატში და საბანკო ტერმინალში დაფიქსირებული მონაცემების პროპორციულად. საწარმო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 22.07.2024 წელს. შემოწმებით დადგენილი (მ.შ. არაპირდაპირი მეთოდით) უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2024 წლის 24 ივნისს.
შემოწმებით გაიზარდა როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით.
2. შემოწმებისას წარმოდგენილი საწარმოს დირექტორის ახსნა - განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, კომპანიას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა, ასევე წარმოდგენილი ახსნა - განმარტებით და შემმოწმებლების მიერ კონტრაგენტებიდან მიღებული ინფორმაციებით დადგინდა დებიტორ - კრედიტორული დავალიანებების მოცულობები. შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების, შეძენა - რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების, საბანკო ამონაწერების, ახსნა - განმარტებების და ა.შ ანალიზით, განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. აღნიშნულ განკარგვად თანხაზე გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის, აგრეთვე, განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის გამო, აღნიშნული თანხა, შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ----- (პ/ნ ----- ), არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პირი, გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, შემოწმებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 20 ნოემბერს 11:20 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციით თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:
ა) ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;
ბ) საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;
გ) ამ კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებით ვერ მოხდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, რის საფუძველზეც პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ფასნამატის მეთოდით, განხორციელდა „ერთგვაროვანი“ ნიშნის მქონე პროდუქციის დაჯგუფება და ფასნამატის დადგენა (გამოყენებულ იქნა პირთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებით, კერძოდ, ინვენტარიზაციით დაფიქსირებული ინფორმაცია), რაც გავრცელებულ იქნა არაიდენტიფიცირებული რეალიზაციების თვითღირებულებებზე. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად მთელს შესამოწმებელ პერიოდში და შესაბამისად, დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად შემოსავლების გადანაწილება ვერ მოხერხდა, გაანგარიშებული შემოსავლების მიკუთვნება და გადანაწილება შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე განხორციელდა სალარო აპარატში და საბანკო ტერმინალში დაფიქსირებული მონაცემების პროპორციულად, რამაც გამოიწვია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილება და ნაცვლად 2024 წლის 22 ივლისისა განისაზღვრა 2024 წლის 24 ივნისით. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და დადგინდა სალაროს ნაღდი ფულის განკარგვადი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შეძენილი „ერთგვაროვანი“ ნიშნის მქონე სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჯგუფებად დაყოფა, მათ შორის, დაბეგვრის ტიპის მიხედვით, ფასნამატის განსაზღვრა და არაიდენტიფიცირებული რეალიზაციების თვითღირებულებებზე შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გავრცელება, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სანქციის შეფარდება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,, ----- “-ის (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის შედეგად გაზრდილ შემოსავლებზე დამატებული ღირებულების გადასახადის, მათ შორის სანქციის დარიცხვას, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილებას. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, მათ შორის დაკისრებულ სანქციას. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებით ვერ მოხდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, რის საფუძველზეც პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ფასნამატის მეთოდით, განხორციელდა „ერთგვაროვანი“ ნიშნის მქონე პროდუქციის დაჯგუფება და ფასნამატის დადგენა (გამოყენებულ იქნა პირთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებით, კერძოდ, ინვენტარიზაციით დაფიქსირებული ინფორმაცია), რაც გავრცელებულ იქნა არაიდენტიფიცირებული რეალიზაციების თვითღირებულებებზე. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად მთელს შესამოწმებელ პერიოდში და შესაბამისად, დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად შემოსავლების გადანაწილება ვერ მოხერხდა, გაანგარიშებული შემოსავლების მიკუთვნება და გადანაწილება შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე განხორციელდა სალარო აპარატში და საბანკო ტერმინალში დაფიქსირებული მონაცემების პროპორციულად, რამაც გამოიწვია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილება და ნაცვლად 2024 წლის 22 ივლისისა განისაზღვრა 2024 წლის 24 ივნისით. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და დადგინდა სალაროს ნაღდი ფულის განკარგვადი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სანქციის შეფარდება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 73(5); 101; 154; 275;.