გადაწყვეტილება №20176/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.08.2023
№ დოკუმენტი 20176/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20176/2/2023

14 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------- (ს/ნ ---------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------- 4.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20176/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC12214 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC12215 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №EL7777/5827 (№007-5827) საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12718 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3 671,34 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 305

აქციზის გადასახადი - 1 200

იმპორტის გადასახადი - 105

ჯარიმა - 1 000

ჯარიმა - 1 305

საურავი - 61,34

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC12214 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. ხოლო №ELC12215 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსი 165-ე მუხლით გათვალიწინებული ჯარიმა, ამასთან გამოიცა 29.12.2021 წლის №EL7777/5827 (№007-5827) საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.06.2023 წლის №12718 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გასაჩივრების გასვლის გამო დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12718 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-6 ნაწილზე, 33-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე.

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა 29.12.2021 წლის №ELC12214, №ELC12215 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №EL7777/5827 (№007-5827) საგადასახადო მოთხოვნა, რომელთაც ადრესატი გაეცნო 21.10.2022 წელს და ჩაითვალა ჩაბარებულად. ამდენად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 21.11.2022 წელი საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 1.06.2023 წელს (გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის - 30 დღის გასვლის შემდეგ).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პანდემიის შედეგად ვერ მოხერხდა მანქანის დროულად გაყვანა ქვეყნიდან. მანქანა არის ძალიან კარგ მდგომარეობაში. ოჯახი შექმნა საქართველოში და ოჯახურმა პრობლემებმა და პანდემიამ შეუშალა ხელი. განმარტავს, რომ მეუღლეც და თვითონაც არიან უმუშევრები, არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა და ამიტომ მისთვის წარმოუდგენელია ამხელა ჯარიმის გადახდა. ითხოვს საკითხის მიმართ გაგებით მოკიდებას და დახმარებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საბაჟო დეპარტამენტის 11.07.2023 წლის №67055-21-11 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მომჩივანი მის მიმართ შედგენილ 29.12.2021 წლის №ELC12214, №ELC12215 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL7777/5827 (№007-5827) საგადასახადო მოთხოვნებს გაეცნო 21.10.2022 წელს, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 21.11.2022 წელი.

საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 1.06.2023 წელს, გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12718 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC12214 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. ხოლო №ELC12215 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსი 165-ე მუხლით გათვალიწინებული ჯარიმა, ამასთან გამოიცა 29.12.2021 წლის №EL7777/5827 (№007-5827) საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.06.2023 წლის №12718 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გასაჩივრების გასვლის გამო დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12718 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12718 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(4)(10), 44(9), 301"ე".