გადაწყვეტილება №23060/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 14.06.2024
№ დოკუმენტი 23060/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23060/2/2024

14 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ფ/პ "-------' (ს/ნ "-------")

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 13.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23060/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 31.07.2023 წლის №21-17/61738 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8701 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად დგინდება, რომ შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") 8.01.2020 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „------- ის“ (ს/ნ "-------") მთელ ქონებაზე, მათ შორის "-------" საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის 8.01.2020 წლის №006-286 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 3.05.2023 წელს მომზადებული ამონაწერის თანახმად აღნიშნული უძრავი ქონების (ს/კ "-------") ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება მომჩივანი. საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 3.05.2023 წელი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის № "-------"ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 28.04.2023 წელი) და გადაწყვეტილება №2/32682-21 (დამოწმების თარიღი 9.03.2022 წელი).

აღნიშნულის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ახალი მფლობელის ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

მომჩივნის წარმომადგენლის მიერ ვალის მართვის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა 13.07.2023 წლის №"-------" განცხადება, რომლითაც გადამხდელი ითხოვდა მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ "-------") გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელს პასუხი ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის 31.07.2023 წლის №"-----" წერილით, რაც 9.10.2023 წელს გასაჩივრდა (№169604/21) შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.10.2023 წლის №26749 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭომ ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ ქონებაზე, რომელზეც გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, "-----"-ის მიერ საკუთრების უფლება აღდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ №2/32682-21 საქმეზე 2022 წლის 9 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვის პროცესში სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად არ შეფასებულა ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის თარიღი და საფუძველი.

საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები საჭიროებდა დამატებით შესწავლას და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავო იყო, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულ იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.12.2023 წლის №21346/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის მონაწილოებით ხელახლა განიხილა საჩივარი და 15.04.2024 წლის №8701 ბრძანებით არ დააკმაყოფილა აღნიშნული, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ ქონებაზე, რომელზეც გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება,"-----"-ის მიერ საკუთრების უფლება აღდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ №2/32682-21 საქმეზე 2022 წლის 9 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვის პროცესში სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად არ შეფასებულა ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის თარიღი და საფუძველი.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 მარტის №2/32682-21 გადაწყვეტილებით ფ/პ "-----" (პ/ნ "-----") ცნობილ იქნა შპს "--------"-ის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ "-------"), კომერციული ფართი №2-ის (62 კვ. მ) მესაკუთრედ ("-------"), თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რომელი თარიღიდან იქნა აღიარებული ფ/პ"-----" (პ/ნ "-----") სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე მის მიერ არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოხვდა მოვალეთა რეესტრში და ვინაიდან არ/ვერ განახორციელა ფართის განშლა, ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ უძრავ ქონებებზეც წარმოიშვა ყადაღა და

მოსარჩელემ ვეღარ დაარეგისტრირა შეძენილი ფართი. მხარეთა შორის სანოტარო წესით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება და ვინაიდან მოპასუხის მიმართ მოსარჩელეს გააჩნდა 8000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, მოპასუხე არ იხდიდა იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქირას.

სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება 3 თვის საიჯარო ქირის ოდენობით. მოსარჩელე თანახმაა ფართის რეგისტრაციის და იჯარის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე ურთიერთვალდებულების გაქვითვის გზით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2023 წლის 3 მაისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, კი უძრავი ქონების (ს/კ "-----") ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება ფ/პ "-----" (პ/ნ "-----"), საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2023 წლის 3 მაისი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია №230544078 ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 2023 წლის 28 აპრილი) და გადაწყვეტილება №2/32682-21 (დამოწმების თარიღი 2022 წლის 9 მარტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს "-------"-ის (ს/ნ "-------") საგადასახადო დავალიანების გამო ფ/პ"-----"- ის (პ/ნ "-----") ქონებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო შეტყობინებით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივარში აღნიშნულია, რომ დავალიანება არ ეკუთვნის მომჩივანს და მისი ქონება დროებით თაღლითური გზით აღმოჩნდა შპს „-------- -ის “ ხელში კომპანიის ყოფილი დირექტორის ქმედებათა გამო, ხოლო შემდგომი კეთილსინდისიერი დირექტორის მიერ სასამართლოში სარჩელის ცნობის გზით უკან დაუბრუნდა მომჩივანს

ანუ სახეზეა დანაშაულებრივი ქმედება, მოტყუებით დადებული გარიგების პარალელურად, რაც დადასტურდება არაერთი მტკიცებულებით (მომჩივანი დაზარალებულად არის ცნობილი) და შესაბამისად ის დავალიანება რაც მოჩივანის უძრავ ქონებაზე არის დარიცხული არ უნდა წარმოშობილიყო, რომ არა ეს ინციდენტი. ამიტომ იურიდიულად რომ შეფასდეს ეს გარიგება არ არის ნამდვილი და ის იურიდიული მდგომარეობა უნდა აღდგეს, რაც ამ ინციდენტამდე იყო მოცემული.

ხოლო საწარმოსგან ქონების მომჩივანისთვის უკან დაბრუნება გარიგების საფუძველზე არ წარმოშობილა, არამედ სასამართლოს გზით მოხდა აღნიშნული ქონების, როგორც დაზარალებულისთვის უკან დაბრუნება შესაბამისად სამართლებრივად ის მდგომარეობა უნდა აღდგეს რა მდგომარეობაც შპს „------- - სთვის“ ქონების გადაცემამდე იყო.

შესაბამისად საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით პირი მხოლოდ იმ გადასახადების გადახდაზეა ვალდებული რომელთა მიმართაც ეს პირი გადასახადის გადამხდელის, ამავე დროს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით დაშვებულია ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების სხვისთვის დაკისრება.

შესაბამისად რეალური საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდეს მომჩივანისთვის საგადასახადო ვალდებულების გაუქმება.

შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მოხდა პროკურატურიდან გამოთხოვილი მასალების წარდგენაც, რომელიც ადასტურებდა ზემოთ აღწერილ ფაქტებს და ქმნიდა საფუძველს მომჩივანი არ ჩათვლილიყო შპს „------ -ის“ დავალიანების გადახდევინებაზე პასუხისმგებელ პირად რადგან ქონება თავის დროზე თაღლითურად იყო მითვისებული მისი დირექტორის მიერ.

მიუხედავად აღნიშნულისა შემოსავლების სამსახურმა არჩია ჩასაფრებულის პოზიციიდან საკითხის შეფასება და ყურადღება გაამახვილა უმნიშვნელო არაარსებით დეტალებზე. მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ვალდებული პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია ვალის მართვის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის №------ წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") 8.01.2020 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადი 191 323,52 ლარი, საურავი 54 632,51 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „--------“ (ს/ნ "-------") მთელ ქონებაზე 8.01.2020 წლის №006- 286 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 3.05.2023 წლის მომზადებული ამონაწერის თანახმად უძრავი ქონების ს/კ "-------" ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება ფ/პ „-------“ (პ/ნ "-----"). საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 3.05.2023 წელი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია №230544078 ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 28.04.2023 წელი, გადაწყვეტილება № 2/32682-21 დამოწმების თარიღი 9.03.2022 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

ამასთან, აღნიშნული ამონაწერის თანახმად N "-----" საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ვრცელდება შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") ქონებაზე შემოსავლების სამსახურის 8.01.2020 წლის №006-286 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ №2/32682-21 საქმეზე 2022 წლის 9 მარტს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოსარჩელე "-----"-მა მოითხოვა მოპასუხე შპს „------- -ის “ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ს/კ"-------" კონკრეტულად გამიჯნული წილის - კომერციული ფართი №2 - ის ((62 კვ.მ რომელიც განთავსებულია საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე), მდებარე, "-----", "-----") მესაკუთრედ ცნობა და შესაბამისი საკადასტრო კოდის განსაზღვრა.

მოსარჩელემ 2017 წლის სექტემბერში მოპასუხისგან შეიძინა უძრავი ქონება (62 კვ.მ. კომერციული ფართი), თუმცა მოპასუხეს მოსარჩელისთვის არც განშლის დოკუმენტაცია გადაუცია და არც სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტი, შეთანხმების მიხედვით, როცა მოხდებოდა განშლა, მაშინ დარეგისტრირდებოდა შეძენილი ქონებაც მესაკუთრის სახელზე. ბინის ჩაბარება უნდა მომხდარიყო 2018 წელს. აღნიშნული კომერციული ფართი მდებარეობს "-------"-ში , "-------"-ის ნომერში. იმის მიუხედავად, რომ ბინა აშენებულია, დასრულებულია სრულად მშენებლობა, მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონდიციამდე არ მიუყვანია და პირველი სართულის განშლა (ფართებისთვის ცალკეული ინდივიდუალური კოდები არ მიუნიჭებია) სრულად არ მოუხდენია. საცხოვრებელ ბინას აქვს მხოლოდ ერთი მიწის საკადასტრო კოდი (ს/კ "-------"), სადაც მომხდარია ნაწილობრივი განშლა ინდივიდუალურად, ხოლო სხვა დანარჩენი ქონების მესაკუთრე არის ისევ მოპასუხე მხარე.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „-------- - მა “ცნო სარჩელი და მის წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელს სადავო არ გაუხდია არც ერთი ფაქტობრივი გარემოება. სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია შემდეგი:

2.09.2017 წელს მოპასუხე შპს „------- -ს “ და მოსარჩელეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება. უძრავი ქონება მდებარეობს "-------", "-------" .

სასამართლო დაეყრდნო მათ შორის 2.09.2017 წელს გაფორმებულ შეთანხმებას უძრავი ქონების ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 75 000 აშშ დოლარით, 67 000 აშშ დოლარი გადახდილი იქნა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ხოლო დარჩენილი 8000 აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ.

შპს „-------- -ის “ მიერ არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზეც წარმოიშვა ყადაღა და მოსარჩელემ ვეღარ დაარეგისტრირა შეძენილი ფართის განშლა, ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავ ქონებებზეც წარმოიშვა ყადაღა და მოსარჩელემ ვეღარ დაარეგისტრირა შეძენილი ფართი. მხარეთა შორის სანოტარო წესით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება და ვინაიდან მოპასუხის მიმართ მოსარჩელეს გააჩნდა 8000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, მოპასუხე არ იხდიდა იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქირას. თუმცა, სარჩელის აღძვრის მომენტისთვის მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება 3 თვის საიჯარო ქირის ოდენობით. კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი "------" არის პატიმარი, მოსარჩელე თანახმაა ფართის რეგისტრაციის და იჯარის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე ურთიერთვალდებულების გაქვითვის გზით.

სასამართლო დაეყრდნო 29.05.2017 წლის იჯარის ხელშეკრულებას.

შპს „------- - მა “ ცნო სარჩელი მომჩივანის უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

სასამართლომ გადაწყვეტილებით, განმარტა რომ სარჩელის ცნობის საპროცესო მოქმედების განხორციელებას არც პროცესუალურ-სამართლებრივი და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სადავო ქონებასთან მიმართებით დაბრკოლება არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით მოსარჩელე "-----"-ის მიმართ და იგი ნამდვილად უნდა ჩაითვალოს. იმ შემთხვევაშიც კი თუკი კრედიტორი სახელმწიფო ან კერძო პირი, მომავალში გადაწყვეტს, რომ განახორციელოს თავისი მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მეშვეობით სადავო კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით, სარჩელის ცნობით არ უნდა შეექმნას პრობლემა, რადგან საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მეშვეობით არსებობს შესაძლებლობა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევისა. მიუხედავად ამისა, ასეთი ღონისძიებისთვის მიმართვა, თავის მხრივ, სახელმწიფოს დისკრეციის ნაწილია და იგი უნდა განხორციელდეს პროპორციულობის პრინციპის დაცვით, რომელიც განმტკიცებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლით. საწინააღმდეგო განმარტების შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, მივიღებდით სურათს, სადაც სადავო ქონება, რომელშიც მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა ნარდობის საფასური, ფაქტიურად ცხოვრობს (ფლობს) რამდენიმე წლის განმავლობაში, სრულად პოტენციურად მოექცეოდა კრედიტორის ზემოქმედების სფეროში შპს „-------- -ს “ ვალდებულებები სახელწიფო ბიუჯეტის ან სხვა კრედიტორის წინაშე. ამგვარი შედეგი შეუთავსებელი იქნებოდა სამართლიანობის პრინციპთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრედიტორი გადაწყვეტდა ემოქმედა შესაბამისად და მიემართა იძულებითი აღსრულება სადავო ქონებაზე. ასეთი მოქმედებით კრედიტორი მოსარჩელის მიერ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილ თანხებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიმართავდა შპს „-------- -ის “ საგადასახადო ვალდებულებების, ან სხვა კრედიტორის ვალების გასტუმრებისკენ. საჯარო-სამართლებრივი უფლების ამგვარად რეალიზაცია წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესთან, რომლის მიხედვითაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

სასამართლოს ზემოთ მითითებული განმარტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს შპს „------ - სთვის“ (ს/ნ "-------") წარდგენილი შემოსავლების სამსახურის 8.01.2020 წლის №006-286 შეტყობინება "-----"-ის საკუთრებაში არსებულ, "-----" საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელების თაობაზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8701 ბრძანება;

3. გაუქმდეს შპს „------ სთვის“ (ს/ნ "-------") წარდგენილი შემოსავლების სამსახურის 8.01.2020 წლის №006-286 შეტყობინება "-----"-ის საკუთრებაში არსებულ, ქ. "-----","-----"მდებარე "-----" საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელების თაობაზე;

4. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.12.2023 წლის №21346/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის მონაწილოებით ხელახლა განიხილა საჩივარი და 15.04.2024 წლის №8701 ბრძანებით არ დააკმაყოფილა აღნიშნული, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს საწარმოსთვის წარდგენილი შემოსავლების სამსახურის 8.01.2020 წლის №006-286 შეტყობინება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

238,239.