გადაწყვეტილება №19783/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.09.2023
№ დოკუმენტი 19783/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19783/2/2023

04 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 25.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19783/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14025 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №006-45 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9000 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 643 683 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 307 863

დღგ - 242 520

საშემოსავლო გადასახადი - 65 343

ჯარიმა - 151 959

საურავი - 183 861

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 27.01.2017 წლიდან 1.05.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 2 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანია დღგ-ის გადამხდელია 2018 წლის 13 თებერვლიდან. რეგისტრაციის თარიღიდან 2020 წლის აპრილის ჩათვლით დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შეადგენს 288 765 ლარს. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიამ 2017 წლის დეკემბერში გაყიდა საქონელი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 191 440 ლარი, რამაც საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად წარმოშვა დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, შემოწმებით დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 21 დეკემბერი. ამასთან დადგინდა, რომ კომპანიას არასრულად აქვს დეკლარირებული პირველადი სააღრიცხვო მონაცემებით განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან 2020 წლის აპრილის ჩათვლით, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე (საბანკო ამონაწერი, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) გამოვლენილი სხვაობა 1 347 339 ლარის ოდენობით, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად (ნებაყოფლობით რეგისტრაციამდე და რეგისტრაციის შემდგომი პერიოდების მიხედვით);

2. დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი ხელფასი ჯამურად შეადგენს 3 100 ლარს. შემოწმებით, შესწავლილ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი 401 369 ლარის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი (გადასახადის გადამხდელის განმარტებით სალაროში არსებული ფული, 1 000 ლარის გამოკლებით, 401 369 ლარის ოდენობით) ხელფასის სახით მიღებული აქვს დირექტორს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275 მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2020 წლის №37150 ბრძანება და №006-725 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14025 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14025 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტისა 2023 წლის 6 თებერვლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 52 125 ლარით, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №006-45 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9000 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 9 ივლისის №18885 ბრძანების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 27 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. ამასთან, დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელმა 2020 წლის მაისის თვეში დააკორექტირა 2020 წლის თებერვლის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა 2020 წლის მაისის თვეში შედგენილი შეთანხმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის კორექტირების საფუძველი წარმოიშვა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაციის სრულად არ განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე განიხილა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სესხის ხელშეკრულებები და თანხის გადაცემის დოკუმენტები, რის საფუძველზეც განხორციელდა შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის შემცირება.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას მიერ გამოწერილ იქნა 2020 წლის თებერვალში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც დაკორექტირდა და შემცირდა, აღნიშნული ოპერაცია გათვალისწინებულ იქნა დეკლარაციაში 2020 წლის მაისის თვეში და იმის გამო, რომ 2020 წლის აპრილის თვემდე პერიოდზე კომპანიაში ჩატარდა შემოწმება, ვერ მოხდა შესაბამისი პერიოდის დაკორექტირება, ამის დასტურად კომპანიამ წარადგინა კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, შეთანხმება.

რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა სასესხო ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც, მოახდინა თავისუფალი ფულადი რესურსის გასესხება სარგებლის მიღების მიზნით და ის არ შეიძლება ჩაითვალოს დასაბეგრ ოპერაციად (მიღებულ დივიდენდად ან ხელფასად).

მომჩივანი ითხოვს შესაბამისი გარემოებების შესწავლას და დარიცხული ვალდებულებების კორექტირებას, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიზანი არ არის გადასახადის გადახდისგან თავის არიდება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14025 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 52 125 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის დასკვნის მიხედვით კი დგინდება შემდეგი:

- დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტაცია, რომლის ანალიზითაც გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელმა 2020 წლის მაისში დააკორექტირა 2020 წლის თებერვალში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს 2020 წლის მაისში შედგენილი შეთანხმება. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნია, რომ შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან და არ დაექვემდებარა კორექტირებას (საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა თავდაპირველ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში (ეა ანგარიშფაქტურა) ასახული დასაბეგრი ბრუნვა);

- ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა სესხის ხელშეკრულებები და თანხის გადაცემის დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიამ იურიდიულ პირებს სესხად გადასცა თანხა 139 000 ლარის ოდენობით. გადაანგარიშების პროცესში, აღნიშნული თანხით შემცირდა გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შემოწმებით ჩათვლილია დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაბეგრილია 20%-იანი განაკვეთით. შედეგად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ გამოწერილ იქნა 2020 წლის თებერვალში კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ოპერაცია გათვალისწინებულ იქნა დეკლარაციაში 2020 წლის მაისის თვეში და იმის გამო, რომ 2020 წლის აპრილის თვემდე პერიოდზე კომპანიაში ჩატარდა შემოწმება, ვერ მოხდა შესაბამისი პერიოდის დაკორექტირება, აღნიშნულის დასტურად წარადგინა კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, შეთანხმება. საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით წარადგინა სასესხო ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც, მოახდინა თავისუფალი ფულადი რესურსის გასესხება სარგებლის მიღების მიზნით და ის არ შეიძლება ჩაითვალოს დასაბეგრ ოპერაციად (მიღებულ დივიდენდად ან ხელფასად). ითხოვს შესაბამისი გარემოებების შესწავლას და დარიცხული ვალდებულებების კორექტირებას.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იგი ჩაერთო გადაანგარიშების ეტაპზე, ვინაიდან შემმოწმებელი აუდიტორი აღარ მუშაობს, ამდენად მის მიერ შესწავლილი იქნა ის დოკუმენტები, რაც წარედგინა შემმოწმებელი აუდიტორის მიერ. დღგ-ის ნაწილში არ მოხდა გადაანგარიშება, რადგან შემოწმება მოიცავს მაისამდე პერიოდს, ხოლო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა მიეკუთვნება მაისის საანგარიშო პერიოდს, ამდენად არ იქნა გათვალისწინებული. პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი იქნა თებერვლის თვეში, შესაბამისად მასში დაფიქსირებული დღგ აისახა შემოწმების მიერ (არ იყო დაბეგრილი გადასახადის გადამხდელის მიერ), ხოლო მაისის თვეში გამოწერილი კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ასახვა ვერ მოხდებოდა, რადგან შესამოწმებელ პერიოდს არ მიეკუთვნებოდა. რაც შეება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გადაანგარიშებას, იხელმძღვანელა იმ მასალებით, რაც ქონდა უშუალოდ ხელთ და გათვალისწინებული იქნა, მაგრამ თუ არის კიდევ რაიმე მტკიცებულება, რომელიც წარედგინა შემმოწმებელ აუდიტორს და მას არ მიუღია, ან არსებობს დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის ალბათობა გადასახადის გადამხდელის მხრიდან, მზადაა წარმოდგენის შემთხვევაში შეისწავლოს გადასახადის გადამხდელთან ერთად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14025 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მისი მონაწილეობით განხილვა, რაც როგორც ირკვევა არ არის შესრულებული. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ასევე ირკვევა, რომ საჩივრის განხილვა მოხდა და გადაწყვეტილება მიღებული იქნა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით მომჩივნის პოზიციის მოსმენის გარეშე.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14025 ბრძანება არ არის აღსრულებულა ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამასთან, საჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ განხილულია მომჩივნის პოზიციის მოსმენის გარეშე. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9000 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14025 ბრძანების აღსრულების შედეგებს და შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9000 ბრძანებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება.

1. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიამ 2017 წლის დეკემბერში გაყიდა საქონელი, რომლის ღირებულებამ გადააჭარბა 100000 ლარს, რამაც საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად წარმოშვა დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება. შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ კომპანიას არასრულად აქვს დეკლარირებული პირველადი სააღრიცხვო მონაცემებით განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გამოვლენილი სხვაობა შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა;

2. შემოწმებით, შესწავლილ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი ხელფასის სახით მიღებული აქვს დირექტორს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14025 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომლის აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9000 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14025 ბრძანება არ არის აღსრულებულა ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამასთან, საჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ განხილულია მომჩივნის პოზიციის მოსმენის გარეშე. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 275; 282; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 157; 161(1); 179