ბრძანება N 28965
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28965
27 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ -----)
(მის.: --------)
2023 წლის 25 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) №84342/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №001-173 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ოდენობას. აცხადებს, რომ შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 626 303 ლარს, რეალურად საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 356 133 ლარია (დღგ-ის ჩათვლით). ითხოვს აღნიშნული საკითხის შესწავლას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხების აგროსვას. ამასთან, ითხოვს ხელფასად განხილული ფულადი ნაშთის კვალიფიკაციის შეცვლას და პროცენტიან სესხად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისს №11197 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 19 ივლისიდან 2023 წლის 19 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 24 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 2 აგვისტოს №18995 ბრძანება და 3 აგვისტოს №001-173 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 263 080 ლარი, მათ შორის, გადასახადი 180 652 ლარი, ჯარიმა 65 375 ლარი, საურავი 17 053 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემებისთვის საჭირო დანადგარების რეალიზაცია/მონტაჟი. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების და საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ მიღებულმა შემოსავლმა შეადგინა 837 018 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით, საწარმოს დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 163- ე, 164-ე და 165-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
2. საწარმოს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა და ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საბანკო ამონაწერების შესწავლა/ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი შეადგენს 837 018 ლარს, ხოლო სმფ-ების დოკუმენტური (მათ შორის, შესყიდვის აქტით) შეძენა არ უფიქსირდება. შედეგად, შემოწმებისთვის უცნობია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში საჭირო მასალების შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა, თუმცა ფიქსირდება პირის მიერ სამუშაოების გაწევა და სმფ-ების გამოყენება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ხარჯების ნაწილში შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული 2012 წლის 2 თებერვლის N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და განსაზღვრა საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფარგლებში საჭირო სმფ-ების შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი (ხარჯების გათვალისწინებით) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში დაფიქსირებული 356 133.60 ლარი, დათვლილი აქვს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით, სადაც რეალიზებული საქონლის ღირებულებაა ასახული. საწარმოს წარმომადგენელს შემოწმებისთვის მოწოდებული აქვს სს „------ ბანკის“ ამონაწერი, სადაც შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 837 018 ლარი, რაც მოიცავს როგორც საქონლის ღირებულებას, ასევე გაწეული მომსახურების ღირებულებასაც.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელფასად განხილული ფულადი ნაშთის პროცენტიან სესხად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მხრიდან შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ახსნა-განმარტება მოწოდებული არ ყოფილა.
რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის პოზიციას, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას თანხების ე.წ. „აგროსვაზე“, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ოდენობას. აცხადებს, რომ შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 626 303 ლარს, რეალურად საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 356 133 ლარია (დღგ-ის ჩათვლით). ითხოვს აღნიშნული საკითხის შესწავლას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხების აგროსვას. ამასთან, ითხოვს ხელფასად განხილული ფულადი ნაშთის კვალიფიკაციის შეცვლას და პროცენტიან სესხად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემებისთვის საჭირო დანადგარების რეალიზაცია/მონტაჟი. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების და საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ მიღებულმა შემოსავლმა შეადგინა 837 018 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით, საწარმოს დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. საწარმოს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა და ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საბანკო ამონაწერების შესწავლა/ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი შეადგენს 837 018 ლარს, ხოლო სმფ-ების დოკუმენტური (მათ შორის, შესყიდვის აქტით) შეძენა არ უფიქსირდება. შედეგად, შემოწმებისთვის უცნობია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში საჭირო მასალების შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა, თუმცა ფიქსირდება პირის მიერ სამუშაოების გაწევა და სმფ-ების გამოყენება. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ხარჯების ნაწილში შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული 2012 წლის 2 თებერვლის N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და განსაზღვრა საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფარგლებში საჭირო სმფ-ების შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი (ხარჯების გათვალისწინებით) განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ბ"), 165(1)(2), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ").