გადაწყვეტილება №25832/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.10.2025
№ დოკუმენტი 25832/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25832/2/2025

15 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 9.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25832/2/2025).

 

დავის საგანი:

კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის №249-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 აგვისტოს №18669 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 84 786.38 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 47 048

ჯარიმა - 23 524

საურავი - 14 214.38

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10372 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არასრულად იყო დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვა. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №12299 ბრძანება და №249-8 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 80 258.81 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 25.10.2023 წლის №26344 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, კორექტირებული/გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №249-8 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 25 დეკემბერს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 დეკემბრის №33112 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

28.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს 2023 წლის 27 დეკემბრის №33112 ბრძანების გაუქმების და საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით, დავის განახლების მოთხოვნით. აღნიშნული საჩივარი, 29.12.2023 წელს, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 16.02.2024 წლის №86393/1/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში, განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26344 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის №249-5 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში 1.04.2024 წელს წარდგენილ საჩივართან ერთად და 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც 13.05.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.07.2024 წლის №23042/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2025 წლის 2 ივნისს გადასახადის გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს დავის განახლების მოთხოვნით. 1.07.2025 წელს საჩივარი კუთვნილებისამებრ გადმოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 17.07.2025 წლის №25404/2/2025 (რეგ. 18.07.2025 წელი; №03/53566) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს განსახილველად. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2025 წლის 20 აგვისტოს №18669 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 306-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა 2025 წლის 2 ივნისს წარადგინა საჩივარი, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანება და წარდგენილ საჩივარში მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26344 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს დაევალა უკან დაბრუნების ოპერაციაზე კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირება. თუმცა, აღნიშნული ვერ მოხერხდა ტექნიკური ხარვეზის გამო, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან შეზღუდული იყო შესაბამისი ფუნქცია. ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, მომჩივანმა შეძლო შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული პირობის შესრულება და წარადგინა კორექტირებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ში დარიცხული თანხის შემცირებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული ფაქტურა არ არის დადასტურებული მეორე მხარის (მყიდველი) მიერ. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეკ-"-------") არის დასადასტურებელი, აგრეთვე, საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის კორექტირებაც მოხდა, ჩათვლილია მყიდველი მხარის მიერ, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ გამოწერილი და დასადასტურებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ვერ იქნება მიჩნეული სადავო ოპერაციის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების და საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირების საფუძვლად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებულ გადაანგარიშებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არსებული დოკუმენტებიდან და საქმის შესწავლიდან ნათლად ჩანს, რომ ზედმეტად დარიცხული დღგ-ის თანხა უნდა შემცირდეს. გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს მაკორექტირებელი ანგარიშ-ფაქტურა, გაწერილია უკან დაბრუნების ელექტრონული სასაქონლო ზედნადები. აღნიშნული მაკორექტირებელი ანგარიშ-ფაქტურა არ არის დადასტურებული, ვინაიდან ვერ ხდება დაკავშირება შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“) წარმომადგენელთან. აღნიშნული უკან დაბრუნების ოპერაციის პერიოდში საზოგადოების დირექტორი და 100%-ანი წილის მფლობელი იყო „---------“ (პ/ნ „---------“). სწორედ მასთან კომუნიკაციის და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო ოპერაცია. როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნა და დადასტურდა კიდეც, შესაბამის პერიოდში ვერ განხორციელდა ტექნიკური ხარვეზის გამო მაკორექტირებელი ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა. როდესაც მოხდა ამ ხარვეზის აღმოფხვრა და შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით შეიქმნა ანგარიშფაქტურა, აღნიშნულ პიროვნებას გადაფორმებული ჰქონდა საზოგადოების წილიც და შეცვლილი იყო დირექტორიც („---------“ „---------“, „---------“). ახალ დირექტორთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება და არსებული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნა, რომ „---------“ არის ფიქტიური მფლობელი. უკან დაბრუნების ოპერაციის სინამდვილე სრულიად შესაძლებელია დადასტურდეს „---------“-სთან კომუნიკაციის შედეგად.

მომჩივანი ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურს, იმოქმედოს გადასახადის გადამხდელის პოზიციების გათვალისწინებით და მიიღოს გადაწყვეტილება - გააუქმოს არასამართლიანად გამოცემული ბრძანება და მის აღსრულებასთან დაკავშირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არასრულად იყო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა-საურავი.

შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26344 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, კორექტირებული/გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული ფაქტურა არ არის დადასტურებული მეორე მხარის (მყიდველის) მიერ. შესაბამისად, არ განხორციელდა შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.

დავების განხილვის საბჭოს 17.07.2025 წლის №25404/2/2025 (რეგ. 18.07.2025 წელი; №03/53566) გადაწყვეტილებაში აღნიშნულია:

- საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26344 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგინა კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული ფაქტი გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, რაც ეცნობა შემოსავლების სამსახურს. მოგვიანებით შესაძლებელი გახდა კორექტირების საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერა.

- აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოთქმული ფაქტები და განაცხადა, რომ მეორე მხარე არ ადასტურებს კორექტირების ანგარიშფაქტურას და მას მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპერაცია საჭიროებს კორექტირებას, რაც მხოლოდ შემოწმებით არის შესაძლებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დამატებით უნდა იქნეს განხილული გადასახადის გადამხდელის მიერ შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის და პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის, ხოლო, ოპერაციის მონაწილე მეორე მხარის მიერ ჩათვლილი თანხის კორექტირების მიზნით, შესაბამისი საგადასახადო შემოწმების დანიშვნის საკითხი.

საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში. მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო განმარტავს, რომ თუ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სახეზეა მომჩივნის მიერ განხორციელებული ოპერაციის კორექტირების გარემოება, გადასახადის გადამხდელს უნდა შეუმცირდეს დარიცხული დღგ-ის თანხა, ხოლო, განხორციელებული ოპერაციის მონაწილე მეორე მხარეს, შესაბამისად უნდა გაუუქმდეს მიღებული დღგის ჩათვლა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით (სრულყოფილად) შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და მომჩივნის მიერ განხორციელებული ოპერაციის კორექტირების გარემოების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 აგვისტოს №18669 ბრძანება;

3.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით (სრულყოფილად) შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და მომჩივნის მიერ განხორციელებული ოპერაციის კორექტირების გარემოების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);

4.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურს, იმოქმედოს გადამხდელის პოზიციების გათვალისწინებით და მიიღოს გადაწყვეტილება - გააუქმოს არასამართლიანად გამოცემული ბრძანება და მის აღსრულებასთან დაკავშირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10372 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არასრულად იყო დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვა. 2021 წლამდე მოქმედი სსკ-ის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და მომჩივნის მიერ განხორციელებული ოპერაციის კორექტირების გარემოების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

179.