ბრძანება N 5469

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.03.2023
№ დოკუმენტი 5469
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5469

21. 03.2023

 

ი/მ ---------- (ს/ნ ---------- )

(მის: ------------------------ )

2023 წლის 14 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ -------------ის (ს/ნ ------------) N79086/1/2023 და N79087/1/2023 საჩივრები, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 8 თებერვლის NCB1439320 საგადასახადო სამართალდარღვევისა და 2023 წლის 8 თებერვლის N000616; N000618 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი N79086/1/2023 საჩივარში განმარტავს, რომ ----------ის რეფერალურ საავადმყოფოში დადგა აპარატი, სადაც განთავსებული ჰქონდა 172 ლარის ღირებულების აღურიცხავი პროდუქცია, რისთვისაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანმაშრომლებმა შეუდგინეს ოქმი. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საქმიანობა ახალი დაწყებული აქვს, ითხოვს ჯარიმისაგან გათავისუფლებას.

გადასახადის გადამხდელი N79087/1/2023 საჩივარში განმარტავს, რომ -----------ის რეფერალურ საავადმყოფოში განთავსებული აპარატში სარეალიზაციოდ განთავსებული ჰქონდა 8 კოლოფი სიგარეტი, რისთვისაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა შეუდგინეს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. იმ გარემოებებზე მითითებით, რომ არ იყო ინფორმირებული აღნიშნული აკრძალვის თაობაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლზე მითითებითა და სახდელის შთანთქმის პრინციპის თანახმად, ითხოვს სახდელის სახით შეეფარდოს მხოლოდ 200 ლარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო NCB1439320 ოქმის შინაარსიდან ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 8 თებერვლის №ბ-12871/2023 ბრძანების საფუძველზე ი/მ --------------ის (ს/ნ --------------) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ჩატარებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი ინვენტარიზაცია, რა დროსაც გამოვლენილი იქნა 172 ლარის (საბაზრო ღირებულებით) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილი იქნა NCB1439320 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად 200 ლარის ოდენობით.

როგორც სადავო N000616 და N000618 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შინაარსიდან ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის N1525 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული პროცედურის დროს დადგინდა, რომ ------------ (ს/ნ ---------) ახორციელებდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე ელექტრონულ-მექანიკური საშუალებით, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის პირველი და მე-9 ნაწილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაეკისრა სახდელი 200 -200 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

NCB1439320 ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპენტეციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით ამ მუხლის მე4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 281- ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 8 თებერვლის NCB1439320 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის - 200 ლარის ნაცვლად, სანქციის სახით უნდა განესაზღვროს გაფრთხილება.

N000616 და N000618 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება:

ბ) საჯარო დაწესებულებაში; ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;

ზ) ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია (გარდა ამ მუხლის 81 და 82 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იმ დაწესებულებაში, დაწესებულების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია მისი რეალიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ელექტრონულ ან მექანიკურ მანქანაში არსებული თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის კონფისკაციით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითეული სამართალდარღვევისთვის ცალ-ცალკე.

თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებენ რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, გამასწორებელი სამუშაოები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით. ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლება დადებულ იქნეს ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი ან ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ჩადენილ იქნა სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ი/მ ----------- (ს/ნ -----) მიერ დარღვეულია თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ --------ის (ს/ნ ----------) საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ი/მ --------ის (ს/ნ ----------) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 8 თებერვლის NCB1439320 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის - 200 ლარის ნაცვლად სანქციის სახით განესაზღვროს გაფრთხილება;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. საჩივრები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება NCB1439320 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული ბრძანება 2023 წლის 8 თებერვლის N000616 და N000618 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისმიერ შედგენილ საგადასახადო სამართალდარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 8 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ჩატარებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი ინვენტარიზაცია, რა დროსაც გამოვლენილი იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებული იქნა.

როგორც სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შინაარსიდან ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული პროცედურის დროს დადგინდა, რომ გადასახადის გადამხელი ახორციელებდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე ელექტრონულ-მექანიკური საშუალებით, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაეკისრა სახდელი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 8 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, სანქციის სახით უნდა განესაზღვროს გაფრთხილება.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49 (1); 72 (1); 270 (2); 286(11); 291.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი: 25; 36; 155 3; 278.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი: 5 (2 . ბ“ ,,ზ“ )