ბრძანება N 7889
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7889
10 აპრილი 2024
ბრძანება
შპს „------ -ის “ (ს/ნ "------")
(მის : "------")
2024 წლის 23 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 და 28 მარტს გამართულ სხდომებზე (ოქმები №27; №33) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") №87973/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №006-614 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს. აცხადებს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმებით გათვალისწინებული არ არის საწარმოს სხვადასხვა სახის დანახარჯები. აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულება 1 106 000 ლარის ოდენობით, რაც არარეალურია, ვინაიდან 2018 წლის ექსპერტიზის დასკვნით, იგივე ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 440 732 ლარად, ხოლო მიწის ღირებულება, რომელიც 2014 წელს კაპიტალში შეიტანა დამფუძნებელმა 45 225 ლარია. მომჩივანი ითხოვს წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (სასაქონლო-ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) და ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებას.
2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექისს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14101 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 6 დეკემბრის №30590 ბრძანება და ამავე თარიღის №006-614 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 825 412 ლარი, მათ შორის გადასახადი 421 588 ლარი, ჯარიმა 173 303 ლარი და საურავი 230 521 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
●გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და საჯარო რეესტრიდან ამონაწერები. საჯარო რეესტრის ამონაწერების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს დამფუძნებელმა 2014 წლის 8 დეკემბერს შპს „-------- -ის “ კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება ( ს.კ "------"), კერძოდ: 1 213 კვ.მ. არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა/ნაგებობები 424.44 კვ.მ. ოდენობით, ხოლო 2020 წლის 20 თებერვალს აღნიშნული უძრავი ქონება უკან იქნა დაბრუნებული დამფუძნებელზე. მნიშვნელოვანია, რომ არც კაპიტალში შეტანის და არც გატანის დოკუმენტებში უძრავი ქონების ღირებულებები არ არის დაფიქსირებული. შემოწმების მსვლელობისას, უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დანიშნულ იქნა ექსპერტიზა. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 30 ოქტომბრის №58352/10/23 დასკვნის მიხედვით უძრავი ქონების ღირებულება 2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით განსაზღვრულ იქნა 1 106 000 ლარად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
●გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „------- -ის “ მიერ წარმოდგენილია 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, რომელთა მიხედვით, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შეადგენს 0 ლარს. საჯარო რეესტრის ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს დამფუძნებელმა 2014 წლის 8 დეკემბერს შპს „------- -ის “ კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება ((ს.კ "------"), ქონების ღირებულება დოკუმენტებში არ არის განსაზღვრული). ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დამფუძნებელს შეძენილი აქვს 2014 წლის პირველ დეკემბერს, 45 225 ლარად. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 30 ოქტომბრის №58352/10/23 დასკვნის მიხედვით უძრავი ქონების ღირებულების (2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით) გათვალისწინებით, განსაზღვრულ იქნა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ხოლო, მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ე) საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;
ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს დამფუძნებელმა 2014 წლის 8 დეკემბერს შპს „------ -ის “ კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება, კერძოდ, არასასოფლოსამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა/ნაგებობებით, ხოლო 2020 წლის 20 თებერვალს აღნიშნული უძრავი ქონება უკან იქნა დაბრუნებული დამფუძნებელზე. კაპიტალში შეტანის და გატანის დოკუმენტებში უძრავი ქონების ღირებულებები არ არის დაფიქსირებული, ამასთან 2014 წლის პირველ დეკემბერს უძრავი ქონება დამფუძნებელს შეძენილი აქვს 45 225 ლარად. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ უძრავი ქონების ღირებულება, 2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, განსაზღვრულ იქნა 1 106 000 ლარის ოდენობით, ხოლო დადგენილი ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად პირს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოსავლები სამსახურის აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნისა და დამფუძნებლის მიერ ქონების შეძენის ღირებულების გათვალისწინებით განსაზღვრულ იქნა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დასაბეგრი ბაზა.
ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ ქონების საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი 2018 წლის ქონების სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ქ. "------"-ში მდებარე ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი №"------" საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საერთო ფართობით 593.50 კვ.მ) მთლიანი საბაზრო ღირებულება (მიწის ნაკვეთის ღირებულების გარეშე), 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით, დღგ-ის ჩათვლით, საორიენტაციოდ შეადგენს 440 732 ლარს, ხოლო შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის შესაბამისად, იგივე ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება, 2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, შეადგენს 1 106 000 ლარს, მათ შორის, შენობა/ნაგებობის ღირებულებად განსაზღვრულია 430 600 ლარი, ხოლო მიწის ღირებულება შეადგენს 675 400 ლარს.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან დამფუძნებელი პირის მიერ გატანილია ქონება, რაზეც შესრულებული არ არის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციით შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება, ხოლო საწესდებო კაპიტალში შეტანილ ქონების ღირებულებასა და მისი საწესდებო კაპიტალიდან გატანის მომენტში ღირებულებებს შორის სხვაობაზე საგადასახადო ვალდებულებების დადგენა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ -ის“ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს.მომჩივანი ითხოვს წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის და ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებას.
2. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექისს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს დამფუძნებელმა 2014 წლის 8 დეკემბერს კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება,არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა/ნაგებობები, ხოლო 2020 წლის 20 თებერვალს აღნიშნული უძრავი ქონება უკან იქნა დაბრუნებული დამფუძნებელზე. მნიშვნელოვანია, რომ არც კაპიტალში შეტანის და არც გატანის დოკუმენტებში უძრავი ქონების ღირებულებები არ არის დაფიქსირებული. შემოწმების მსვლელობისას, უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დანიშნულ იქნა ექსპერტიზა.შედეგად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
მომჩივანის მიერ წარმოდგენილია 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, რომელთა მიხედვით, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შეადგენს 0 ლარს. უძრავი ქონება დამფუძნებელს შეძენილი აქვს 2014 წლის პირველ დეკემბერს.შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის მიხედვით უძრავი ქონების ღირებულებისგათვალისწინებით, განსაზღვრულ იქნა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
97,981,130,154,160,161,269(7),282.