ბრძანება N 26237
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26237
24 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 12 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) №84057/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №127-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რელიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატის ოდენობას და განმარტავს, რომ გადამხდელმა გამოუცდელობის და კვალიფიკაციის გამო ვერ შეძლო შემოწმების პროცესში ფასნამატის გადაანგარიშებისას სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. ასევე, არ ეთანხმება შიდა გადაზიდვის ზედნადებით გადაადგილებული საქონლის რეალიზებულად განხილვას და აცხადებს, რომ აღნიშნული არ ნიშნავს უპირობოდ საქონლის იმავდროულად რეალიზაციას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობას. აცხადებს, რომ საქონლის ის სახეობა, რაც დაფიქსირებულია შიდა გადაზიდვის ზედნადებებში და შემმოწმებლებმა ჩათვალეს დოკუმენტის გარეშე შეძენილად შესაძლებელია ყოფილიყო იმპორტის ინვოისებში. ვინაიდან შემმოწმებლებმა ვერ მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია მეწარმისგან, სავარაუდოდ უსამართლოდ ჩათვალეს აღურიცხველ საქონლად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 ივნისის №12827 და 4 სექტემბრის №21583 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 4 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 13 სექტემბრის №22353 ბრძანება და ამავე თარიღის №127-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 132 744 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 790 ლარი, ჯარიმა 95 855 ლარი, საურავი 1 099 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. ი/მ „----------“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს იმპორტირებული საკვები პროდუქტებით ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელმა მცირე მეწარმის სტატუსი მიიღო 2022 წლის პირველი იანვრიდან, აქტიურ საქმიანობას ეწევა 2022 წლის ოქტომბრის თვიდან და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით პირს უფიქსირდება დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7335 ბრძანებით და შემდეგ განმეორებით 2023 წლის 14 ივნისის №13342 ბრძანების საფუძველზე, ფაქტიური ნაშთის დადგენის მიზნით მეწარმესთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის თანახმად, 2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიურმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 434 769.45 ლარი. პირი არ აწარმოებს მარაგების უწყვეტ და სახელობით აღრიცხვას. გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს ძირითადად აღრიცხავს საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. 2021 წლის 30 ნოემბერს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის პირს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია (საგადასახადო სამართალდართვევის ოქმი №CB1231972 "გაფრთხილება"). შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) შეძენები, რეალიზაციები და 2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით აღწერილი ფაქტიური ნაშთი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე სარეალიზაციო და შეძენის ფასები მითითებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციის შედეგების დანართ №16-ში, რომლის კორექტირება არ მომხდარა. შესამოწმებელი პერიოდის შეძენები და ფაქტიური ნაშთი დასახელებებით იქნა დაკავშირებული იმპორტის დეკლარაციის თანმხლები ინვოისების დასახელებებზე. აღნიშნულ სახეობებზე გადამხდელის მიერ მოწოდებულ ფასებზე დაყრდნობით, გაანგარიშებული იქნა რეალიზაციის ოდენობა. საწყის და საბოლოო ნაშთად ჩათვლილია შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციების შედეგები, ასევე გათვალისწინებულია გადამხდელის ახსნა-განმარტებები. აღნიშნულის შედეგად, გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 171 932.43 ლარი საბაზრო ღირებულებით დღგ-ს გარეშე. შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, შესაბამის პერიოდში დაიბეგრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, ის შეძენილი საქონელი, რომელიც ნაშთად არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს, თუმცა სრულად არ აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. შემოწმების შედეგად, დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი პირს არ ჰქონდა დაბეგრილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდში. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების შედეგად ასევე დგინდება, რომ პირი დისტრიბუციის ზედნადების ნაცვლად წერდა შიდა გადაზიდვის ზედნადებს და შემდგომ მიწოდებას ახდენდა სხვადასხვა რეგიონებში დოკუმენტის გარეშე. შემოწმების პერიოდში არ ფიქსირდება შიდა გადაზიდვის ზედნადების დასრულების მისამართიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უკან საწყობში ტრანსპორტირება, რაზეც გადამხდელის სიტყვიერი და წერილობითი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ყველა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა იყიდებოდა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყობში დაბრუნება არ ხდებოდა. ამასთან, შიდა გადაზიდვის დასრულების მისამართიდან შესამოწმებელ პერიოდებში არ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე ქმედება ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში მიწოდებად, რომელიც გადამხდელს სრულად არ აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი პირს არ ჰქონდა დაბეგრილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდში. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. 2023 წლის 5 აპრილის №7335 ბრძანების საფუძველზე ი/მ „----------“ ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგები გამოიყვანა მონიტორინგის დეპარტამენტმა. ინვენტარიზაციით გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რომელმაც საბაზრო ფასით შეადგინა 426 289 ლარი და 1000 ლარამდე ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაზეც შეადგინა სამართალდარღვევის ოქმები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საბოლოო შედეგების გამოსაყვანად აუდიტის დეპარტამენტში გადმოიგზავნა 2023 წლის 14 ივნისის №13342 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები. მოწოდებული მასალებითა და გადამხდელის ახსნა-განმარტებების შესწავლით დადგინდა 2023 წლის 5 აპრილის ინვენტარიზაციის ფაქტობრივ ნაშთებსა და 2023 წლის 14 ივნისის ფაქტობრივ ნაშთს შორის პერიოდში შეძენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გათვალისწინებით განსხვავებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, როგორც შეფუთვის ზომებით, ასევე დასახელებებით. გადამხდელის ახსნა-განმარტებების და მასალებზე დაყრდნობით შემოწმებამ მოახდინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბრუნვის ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გარკვეული დასახელების სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე პირს დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი საქონელი სრულად ჰქონდა რეალიზებული და ამავდროულად ფაქტობრივ ნაშთში იქნა აღწერილი. ასევე, ფაქტიურად აღწერილ იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობები, რომლებზეც შეძენის დოკუმენტები არ ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286- ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, ფაქტიური ნაშთის დადგენის მიზნით მეწარმესთან ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. პირი არ აწარმოებს მარაგების უწყვეტ და სახელობით აღრიცხვას. გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს ძირითადად აღრიცხავს საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. შესწავლილი იქნა გადამხდელის შეძენები, რეალიზაციები და 2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით აღწერილი ფაქტიური ნაშთი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე სარეალიზაციო და შეძენის ფასები მითითებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციის შედეგების დანართ №16-ში, რომლის კორექტირება არ მომხდარა. შესამოწმებელი პერიოდის შეძენები და ფაქტიური ნაშთი დასახელებებით იქნა დაკავშირებული იმპორტის დეკლარაციის თანმხლები ინვოისების დასახელებებზე. აღნიშნულ სახეობებზე, გადამხდელის მიერ მოწოდებულ ფასებზე დაყრდნობით, გაანგარიშებული იქნა რეალიზაციის ოდენობა. შემოწმების შედეგად გადამხდელის შემოსავალი გაიზარდა 171 932.43 ლარი საბაზრო ღირებულებით დღგ-ს გარეშე. დამატებით გამოვლენილი რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, შესაბამის პერიოდში დაიბეგრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შეძენილი საქონელი, რომელიც ნაშთად არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს, თუმცა სრულად არ აქვს დაბეგრილი. ასევე დგინდება, რომ პირი დისტრიბუციის ზედნადების ნაცვლად წერდა შიდა გადაზიდვის ზედნადებს და შემდგომ მიწოდებას ახდენდა სხვადასხვა რეგიონებში დოკუმენტის გარეშე. შემოწმების პერიოდში არ ფიქსირდება შიდა გადაზიდვის ზედნადების დასრულების მისამართიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უკან საწყობში ტრანსპორტირება, რაზეც გადამხდელის სიტყვიერი და წერილობითი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ყველა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა იყიდებოდა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყობში დაბრუნება არ ხდებოდა. ამასთან, შიდა გადაზიდვის დასრულების მისამართიდან შესამოწმებელ პერიოდებში არ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდში.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სრულად არ აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის ფარგლებში განსაზღვრული შემოსავლის ნაწილში საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ ფაქტიურად აღწერილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებზეც შეძენის დოკუმენტები არ ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, შემოწმების პროცესში გამოვლენილ იქნა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რელიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატის ოდენობას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. ფაქტიური ნაშთის დადგენის მიზნით მეწარმესთან ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. პირი არ აწარმოებს მარაგების უწყვეტ და სახელობით აღრიცხვას. გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს ძირითადად აღრიცხავს საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. შესწავლილი იქნა გადამხდელის შეძენები, რეალიზაციები და 2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით აღწერილი ფაქტიური ნაშთი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე სარეალიზაციო და შეძენის ფასები მითითებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციის შედეგების დანართ №16-ში, რომლის კორექტირება არ მომხდარა. შესამოწმებელი პერიოდის შეძენები და ფაქტიური ნაშთი დასახელებებით იქნა დაკავშირებული იმპორტის დეკლარაციის თანმხლები ინვოისების დასახელებებზე. აღნიშნულ სახეობებზე, გადამხდელის მიერ მოწოდებულ ფასებზე დაყრდნობით, გაანგარიშებული იქნა რეალიზაციის ოდენობა. შემოწმების შედეგად გადამხდელის შემოსავალი გაიზარდა 171 932.43 ლარი საბაზრო ღირებულებით დღგ-ს გარეშე. დამატებით გამოვლენილი რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, შესაბამის პერიოდში დაიბეგრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შეძენილი საქონელი, რომელიც ნაშთად არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს, თუმცა სრულად არ აქვს დაბეგრილი. ასევე დგინდება, რომ პირი დისტრიბუციის ზედნადების ნაცვლად წერდა შიდა გადაზიდვის ზედნადებს და შემდგომ მიწოდებას ახდენდა სხვადასხვა რეგიონებში დოკუმენტის გარეშე. შემოწმების პერიოდში არ ფიქსირდება შიდა გადაზიდვის ზედნადების დასრულების მისამართიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უკან საწყობში ტრანსპორტირება, რაზეც გადამხდელის სიტყვიერი და წერილობითი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ყველა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა იყიდებოდა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყობში დაბრუნება არ ხდებოდა. ამასთან, შიდა გადაზიდვის დასრულების მისამართიდან შესამოწმებელ პერიოდებში არ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდში. ასევე გადასახადის გადამხდელს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სრულად არ აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში.
2. ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ ფაქტიურად აღწერილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებზეც შეძენის დოკუმენტები არ ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, შემოწმების პროცესში გამოვლენილ იქნა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 159(ა,ბ); 275; 286(4).