ბრძანება N 2335

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.02.2024
№ დოკუმენტი 2335
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2335

08 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ ------)

(მის.: --------)

2024 წლის 11 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) №86669/1/2024 და №86665/1/2024 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №EL236579 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL11111/107 (№006-107) საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ გავლით შემოვიდა, საქონლის შემოტანამდე დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ქართული ენის არმცოდნე მძღოლი.

კომპანიას წინასწარი დეკლარირებისას, დეკლარაციაში ავტომობილის ნომრის მითითება გამორჩა. შესაბამისად საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ს“ თანამშრომლის მიერ გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების პუნქტად განისაზღვრა გეზ „-----“. მძღოლმა ვერ გაიგო, რომ ტვირთი უნდა წაეღო გეზ „------ში“ და საქონელი საბაჟო კონტროლის ზონის ნაცვლად წაიღო კომპანიის საწყობში, სადაც მოხდა საქონლის გადმოტვირთვა. აღნიშნული ფაქტის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობამ გაიგო მოგვიანებით, რის შემდეგ - დეკემბერს მოხდა საბაჟო ორგანოს ინფორმირება, ტვირთის დათვალიერების მიზნით.

მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ კომპანიას არ ჰქონია განზრახვა დაერღვია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა. სამართალდარღვევა კი გამოწვეულია მძღოლის მხრიდან ენის ბარიერისა და საწყობის თანამშრომლების გამოუცდელობით.

მომჩივნის მოსაზრებით, უნდა გაუქმდეს სადავო აქტით დარიცხული იმპორტის გადასახადი, რადგან ------ - საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მათ მიერ იმპორტირებული საქონელი იბეგრება ნულოვანი განაკვეთით. მომჩივნის განმარტებით, არ მომხდარა საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და მიაჩნია, რომ სადავო ოქმი ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვლება რომ ჯარიმა მართლზომიერია, საჩივრის ავტორი ითხოვს გამოყენებულ იქნეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ან მე-15 ნაწილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 15 დეკემბერს შპს „------ს“ (ს/ნ ------) მიერ №----- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის შემოტანამდე დეკლარირებული იყო 187522.56 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი (საერთო წონა – 10110.29 კგ). მითითებული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2023 წლის 19 დეკემბერს №--------- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ გავლით, სადაც საბაჟო დეკლარაციის დამუშავების გარეშე გამოიწერა №------ აღრიცხვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული საქონელი, შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------ს“ დანიშნულებით.

შპს „-------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 25 დეკემბრის №220289/21-10- 21 განცხადებით ცნობილი გახდა, რომ №------ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ს“ ნაცვლად გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში (ქ. ------ ------ს გამზირი №---), სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთვა.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2023 წლის 26 დეკემბერს განხორციელდა ზემოაღნიშნულ საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

ვინაიდან შპს „-----ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განკარგვის ფაქტს, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL236579 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „------ს“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 53535.58 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

ამასთან ერთად, გაუქმდა №------ (15.12.2023) საბაჟო დეკლარაცია და 2023 წლის 26 დეკემბერს გამოიცა №EL11111/107 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-------ს“ (ს/ნ -----) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 53535.58 ლარი (იმპორტის გადასახადი – 16 764 ლარი; დღგ – 36771.58 ლარი), ასევე საურავი – 294.45 ლარი. რაც შეეხება საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (CT.1 №RUGE3154005897/3889780 12/12/23) არ გათვალისწინების საკითხს, აღნიშნული გამოწვეულია დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირების შეუძლებლობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის: ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული საქონელი, ნაცვლად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისა, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოცხადდა კომპანიის საწყობში, სადაც გადმოიტვირთა და განიკარგა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. აღნიშნული არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა და მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ საქონელი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ იმპორტის გადასახადის მიზნებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მიეთითება საბაჟო დეკლარაციაში. რადგანაც დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა გაუქმებულია №------ (15.12.2023) საბაჟო დეკლარაცია. ასეთ შემთხვევაში საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგანაც აღნიშნული დოკუმენტი საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის შესაბამისობის დადგენის ერთ-ერთი საფუძველია. განსახილველ წარმოშობის სერტიფიკატში არსებული ინფორმაციის დეკლარირებულ საქონელთან იდენტიფიცირება კი შეუძლებელია, ვინაიდან საქონელი განკარგულია. შესაბამისად, არ არსებობს სადავო საგადასახადო მოთხოვნით უკანონოდ განკარგული საქონლის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №EL236579 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და №EL11111/107 (№006-107) საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 15 დეკემბერს მომჩივნის მიერ შესაბამისი საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის შემოტანამდე დეკლარირებული იყო 187522.56 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი (საერთო წონა – 10110.29 კგ). მითითებული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2023 წლის 19 დეკემბერს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სადაც საბაჟო დეკლარაციის დამუშავების გარეშე გამოიწერა №69010/D19199 აღრიცხვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული საქონელი, შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით. მომჩივნის 2023 წლის 25 დეკემბრის №220289/21-10- 21 განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გაფორმების ეკონომიკური ზონის ნაცვლად გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2023 წლის 26 დეკემბერს განხორციელდა ზემოაღნიშნულ საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განკარგვის ფაქტს, უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL236579 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 53535.58 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან ერთად, გაუქმდა შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია და 2023 წლის 26 დეკემბერს გამოიცა №EL11111/107 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 53535.58 ლარი (იმპორტის გადასახადი – 16 764 ლარი; დღგ – 36771.58 ლარი), ასევე საურავი – 294.45 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.