ბრძანება N 21588
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21588
07 ოქტომბერი 2025
ბრძანება
შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)
(ფაქტ. მის.:„--------“)
2025 წლის 11 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2025 წლის 11 აგვისტოს №97475/1/2025 და №97476/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №007-160 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რომელ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა, რადგან შემოწმებისთვის წარდგენილი პროგრამა დეტალურად ასახავდა მისი ეკონომიკური საქმიანობის შედეგებს, თუმცა შემოწმების პროცესის გასამარტივებლად და დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად მათ მიერ მომზადდა დამატებითი მასალები, რაც ასევე მიეწოდა შემოწმებაზე პასუხისმგებელ პირს. მისი განმარტებით, კომპანიას რომ გააჩნია მოწესრიგებული ბუღალტერია ამაზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებიც მეტყველებს.
ამასთან მიუთითებს, რომ 2022 წლის რამდენიმე თვეში დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია ფაქტობრივ დასაბეგრ ბრუნვაზე მეტი ოდენობა, რასთან დაკავშირებითაც ეცნობა აუდიტორს. განმარტავს, რომ აღნიშნული ჩანს პროგრამაშიც და შემოწმებას მიეწოდა ცალკე ექსელში დამუშავებული დეკლარირებული მონაცემების შესადარისი ინფორმაცია.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა კომპანიის დამფუძნებლის სესხი, რომელიც ნაშთის სახით გადმოდის ხანდაზმული პერიოდიდან. მიუთითებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მიწოდებულ იქნა შემოწმებისთვის.
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიას გააჩნია 535 165 ლარის ოდენობით გასანაწილებელი დივიდენდი. აქედან გამომდინარე ითხოვს, შემოწმების მიერ გამოვლენილი არაგონივრული ფულის ნაშთის განაწილებულ დივიდენდად გადაკვალიფიცირებას, ნაცვლად დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილვისა, შესაბამისად მხოლოდ 5%-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 თებერვლის №2787 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 ივლისის №15435 ბრძანება და 9 ივლისის №007-160 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 114 976 ლარი, მათ შორის, გადასახადი 60 082 ლარი, ჯარიმა 49 655 ლარი, საურავი 5 239 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობა. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ძირითადი ნაწილის შესყიდვა ხორციელდება იმპორტის გზით, უცხოელ მომწოდებლისგან. ასევე უფიქსირდება ადგილობრივი შესყიდვით. შპს „----------“-ის შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვა, ახსნა-განმრტებები, საბანკო ამონაწერები და სხვა ინფორმაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის წარმოების დროს სრულყოფილად არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნები, შემოწმება ნაწილობრივ დაეყრდნო ბუღალტრულ პროგრამას, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციებს და სხვა. შემოწმებით განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი, მიღებულ შემოსავლებს გამოაკლდა ყველა დადასტურებული ხარჯი, რომელის მიხედვით დადგინდა განკარგვადი ფულადი სახსრები. ასევე მეთოდური მითითების მიხედვით განხორციელდა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც დადგინდა სალაროს გონვრული ნაშთი 32 510 ლარის ოდენობით. სხვაობა განკარგვად ფულად სახსრებს და გონივრულ ნაშთს შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 154-ე მუხლებისა და მეთოდური მითითების მიხედვით დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ფულად სარგებლად. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, დღგ-ის დეკლარაციებში ფაქტობრივ დასაბეგრ ბრუნვაზე მეტის დეკლარირებასთან, დამფუძნებლის სესხის გაუთვალისწინებლობასთან და დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილული თანხის განაწილებულ დივიდენდად გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები თუ რა თანხა ჰქონდა დღგ-ში ზედმეტად დეკლარირებული. დამფუძნებლის სესხთან დაკავშირებით კი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ ანალიზი ჩაუტარდა წინა საანგარიშო პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებს, გადასახადის გადამხდელმა ასევე წარადგინა წინა პერიოდის ბუღალტრული მონაცემები, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე პირი არ საჭიროებდა სესხს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის განმარტებით ჰქონდა კაპიტალის ნაშთი. დირექტორზე გაცემული ფულადი სარგებლის განაწილებულ დივიდენდად გადაკვალიფიცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, კი შემოწმება განმარტავს, რომ წინა საანგარიშო პერიოდის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა 2016 წლამდე წარმოშობილი მოგების ნაშთი, შესაბამისად შემოწმების მიერ არ ჩაითვალა განაწილებულ დივიდენდად.
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად, კანონით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.მომჩივანი ითხოვს, შემოწმების მიერ გამოვლენილი არაგონივრული ფულის ნაშთის განაწილებულ დივიდენდად გადაკვალიფიცირებას, ნაცვლად დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილვისა, შესაბამისად მხოლოდ 5%-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობა.შემოწმებით განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი, მიღებულ შემოსავლებს გამოაკლდა ყველა დადასტურებული ხარჯი, რომელის მიხედვით დადგინდა განკარგვადი ფულადი სახსრები. ასევე მეთოდური მითითების მიხედვით განხორციელდა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც დადგინდა სალაროს გონვრული ნაშთი 32 510 ლარის ოდენობით. სხვაობა განკარგვად ფულად სახსრებს და გონივრულ ნაშთს შორის სსკ-ის 73-ე და 154-ე მუხლებისა და მეთოდური მითითების მიხედვით დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ფულად სარგებლად.შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,163,164.