გადაწყვეტილება №23061/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.09.2024
№ დოკუმენტი 23061/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23061/2/2024

05 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------ა (ს/ნ ------------------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ს 13.05.2024 და 17.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №23061/2/2024; №23267/2/2024).

 

დავის საგანი:

1. ქონების (მიწის) გადასახადის და საურავის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 25.12.2020 წლის №011-87826 (საანგარიშო პერიოდი 2017), 25.12.2020 წლის №011-87828 (საანგარიშო პერიოდი 2018), 28.12.2020 წლის №011-87831 (საანგარიშო პერიოდი 2019), 28.12.2020 წლის №011-87830 (საანგარიშო პერიოდი 2020), 8.11.2021 წლის №011-58804 (საანგარიშო პერიოდი 2021), 2.11.2022 წლის №006-37726 (საანგარიშო პერიოდი 2022), 2.11.2023 წლის №006-39827 (საანგარიშო პერიოდი 2023) საგადასახადო მოთხოვნები;

2. მომსახურების დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №21-11/28543 წერილი;

3. შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8692 ბრძანება;

4. შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11068 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 60 407,88 ლარი.

მათ შორის:

25.12.2020 წლის №011-87826 საგადასახადო მოთხოვნა – 9 083,6;

25.12.2020 წლის №011-87828 საგადასახადო მოთხოვნა – 8 807,32;

28.12.2020 წლის №011-87831 საგადასახადო მოთხოვნა – 8 724;

28.12.2020 წლის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნა – 8 448,24;

8.11.2021 წლის №011-58804 საგადასახადო მოთხოვნა – 8 448,24;

2.11.2022 წლის №006-37726 საგადასახადო მოთხოვნა – 8 448,24;

2.11.2023 წლის №006-39827 საგადასახადო მოთხოვნა – 8 448,24.

 

პროცედურული გარემოებები:

მომჩივნის მიმართ, გამოიცა 25.12.2020 წლის №011-87826, №011-87828, 28.12.2020 წლის №011-87831, №011-87830, 8.11.2021 წლის №011-58804 და 2.11.2022 წლის №006-37726, №006-39827 საგადასახადო მოთხოვნები, ფიზიკური პირის ქონების (მიწის) გადასახადის დარიცხვის თაობაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8692 ბრძანებით, საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა, 2024 წლის 29 მარტს №53647/21 განცხადებით, გადასახადის შემცირების მოთხოვნით, მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს, განცხადებაში მიუთითა, რომ საგადასახადო ვალდებულებები დარიცხულია ისეთ მიწაზე, (საკადასტრო კოდით N--------), რომელიც აღარ ეკუთვნის მომჩივანს.

მომსახურების დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №21-11/28543 გადაწყვეტილებით, მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც, 14.05.2024 წლის №11068 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8692 და 14.05.2024 წლის №11068 ბრძანებები, 13.05.2024 და 17.06.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ინიციატივით, დასაშვებია ერთი და იმავე პირის მიერ წარდგენილი სხვადასხვა საჩივრის გაერთიანება, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა.

 

სადავო საკითხები:

1. ქონების (მიწის) გადასახადის და საურავის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები) მომჩივანს დაერიცხა მიწის გადასახადი. გადასახადი დარიცხულია:

2017 წლის საანგარიშო პერიოდზე - თბილისში, ------ის ტერიტორიაზე მდებარე 1001 კვ/მ (საკადასტრო კოდით N----------------) და 1301 კვ/მ (საკადასტრო კოდით N------------), ------ა, სოფ. -----ში მდებარე 9701 კვ/მ (საკადასტრო კოდით N---------------), 8500კვ/მ (საკადასტრო კოდით N------------), 8500 კვ/მ (საკადასტრო კოდით N-------------) და 8500 კვ/მ (საკადასტრო კოდით N-------------) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართებზე.

2018 წლის საანგარიშო პერიოდზე - თბილისში, -------------ერიტორიაზე მდებარე 1301 კვ/მ (საკადასტრო კოდით N-------------), -----, სოფ. ------ში მდებარე 9701 კვ/მ (საკადასტრო კოდით N----------), 8500 კვ/მ (საკადასტრო კოდით N---------), 8500 კვ/მ (საკადასტრო კოდით N---------) და 8500 კვ/მ (საკადასტრო კოდით N-----------) არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ფართებზე.

2019 წლის საანგარიშო პერიოდზე - თბილისში, ------------ ტერიტორიაზე მდებარე 1000 კვ/მ (საკადასტრო კოდით N-------------) და -----, სოფ. ------ში მდებარე 9700 კვ/მ (საკადასტრო კოდით N---------), 8500კვ/მ (საკადასტრო კოდით N---------), 4800 კვ/მ (საკადასტრო კოდით N----------), 3700კვ/მ (საკადასტრო კოდით N---------) და 8500 კვ/მ (საკადასტრო კოდით N------------) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართებზე.

2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე - -----, სოფ. ----- მდებარე 9701 კვ/მ (საკადასტრო კოდით N--------), 8500 კვ/მ (საკადასტრო კოდით N----------), 4800 კვ/მ (საკადასტრო კოდით N-----------), 3700 კვ/მ (საკადასტრო კოდით N----------) და 8500 კვ/მ (საკადასტრო კოდით N----------) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართებზე. ასევე, გადასახადის გადაუხდელობისათვის, მომჩივნის მიმართ განხორციელდა საურავის დარიცხვა.

ამასთან, მომჩივანმა, 2024 წლის 29 მარტს №53647/21 განცხადებით, მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს, 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე 8500 კვ/მ (საკადასტრო კოდით N-----------) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით, რომ მასზე არ მომხდარიყო ქონების გადასახადის დარიცხვა, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა და არ წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 203-ე, 205-ე, 61-ე, 53-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ასევე, დარიცხული საურავის ნაწილში მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავი დარიცხულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება შემცირებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებული საგადასახადო მოთხოვნები გადამხდელისთვის წარდგენილია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დარღვევით და მათ საფუძველზე დარიცხული თანხები უნდა გაუქმდეს. ვინაიდან, მომჩივნისთვის თანხის დარიცხვის და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, საგადასახადო მოთხოვნები წარდგენილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აცხადებს, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნები წარედგინა 2024 წლის 19 თებერვალს, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. არის ------ის მოქალაქე და არ ცხოვრობს საქართველოში, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ვებგვერდი არ გააჩნია და შესაბამისად, არც სადავო მოთხოვნების ვებგვერდზე წარდგენა მომხდარა.

შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნები (2017 წლის საანგარიშო პერიოდიდან 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ჩათვლით) წარდგენილია საგადასახადო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით და დარიცხული თანხები უნდა გაუქმდეს.

ხანდაზმულობის საკითხთან ერთად აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ვალდებულებები დარიცხულია ისეთ მიწებზე, რომლებიც აღარ ეკუთვნის მომჩივანს, შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში საგადასახადო მოთხოვნით არ შეიძლება მოხდეს იმგვარ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა, რომლებიც არ არის პირის საკუთრებაში, აქედან გამომდინარე საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია არამართლზომიერად.

ამასთან, 2017 წლიდან დარიცხულ თანხებზე ხდებოდა საურავების დარიცხვა, რაც დაუშვებელია, ვინაიდან იგი კეთილსინდისიერია. 2021 წლის საანგარიშო პერიოდიდან 2023 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე დარიცხული გადასახადის ოდენობა არ შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს. კერძოდ, ქონების გადასახადი მიწაზე დარიცხულია ისეთ ნაკვეთზე, რომელიც ფაქტობრივად არ არის გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში და მასზე მიმდინარეობს დავა. ამდენად, ამგვარ მიწაზე არ უნდა განხორციელებულიყო დარიცხვა.

ასევე, 2017 წლიდან 2023 წლის დეკემბრამდე ფაქტობრივად გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა საურავი ისეთ დავალიანებაზე, რომლის არსებობაც მან არ იცოდა, შესაბამისად, მოუწია ისეთი საგადასახადო ვალდებულებების და სანქციისთვის თანხის გადახდა, რაც ფაქტობრივად უსამართლოა. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურს არც ამ ნაწილში უმსჯელია და ფაქტობრივად არ აქვს მითითება არანაირ დასკვნებზე და არგუმენტებზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ, საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად:

5. ბარათებზე მონაცემთა შეტანის შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მონაცემები აისახება ბარათების სპეციფიკისა და შინაარსის გათვალიწინებით.

6. გადასახადის თანხების დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ კონკრეტულ საგადასახადო პერიოდისთვის გადასახადის გადამხდელის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თანხების აღრიცხვას და ასახვას მის პირადი აღრიცხვის ბარათზე. საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 21.05.2024 წლის №46384-21-11 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში, 2017-2019 წლებში დაერიცხა, (2017წ. – 9083 ლარის ოდენობით, 2018წ. – 8807 ლარის ოდენობით, 2019წ. – 8724 ლარის ოდენობით). 2017-2019 საანგარიშო პერიოდებზე დარიცხვა განხორციელდა 25.12.2020 წელს, ხოლო 2020 წელზე დარიცხვა განხორციელდა 28.12.2020 წელს. აღნიშნული დარიცხვების საფუძველს წარმოადგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები). ამასთან, 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე დარიცხვა განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში, საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.napr.gov.ge) განთავსებული ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივნის სახელზე (საკუთრების უფლებით) ირიცხებოდა არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები, კერძოდ:

1. 18.07.2017 წლამდე - თბილისში, ------- ტერიტორიაზე მდებარე 1001კვ/მ (საკადასტრო კოდით N-----------);

2. 20.06.2018 წლამდე - თბილისში, ------------ტერიტორიაზე მდებარე 1301კვ/მ (საკადასტრო კოდით N-----------);

3. 28.02.2024 წლამდე - -------, სოფ. ---------ში მდებარე 9701კვ/მ (საკადასტრო კოდით N-----------), 8500კვ/მ (საკადასტრო კოდით N--------) და 8500კვ/მ (საკადასტრო კოდით N-----------);

4. 01.08.2008 წლიდან ირიცხებოდა - --------, სოფ. ---------ში მდებარე 8500კვ/მ მიწის ფართი (საკადასტრო კოდით N---------). 28.02.2019წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა აღნიშნული უძრავი ქონების (8500კვ/მ მიწის ფართის, საკადასტრო კოდით N------------) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე: 4800 კვ/მ მიწის ფართი (საკადასტრო კოდით N---------) და 3700 კვ/მ მიწის ფართი (საკადასტრო კოდით N----------). აღნიშნულ მიწის ფართებს მომჩივანი ფლობდა (საკუთრების უფლებით) 21.11.2023 წლამდე;

5. 24.12.2018 წლიდან - 28.06.2019 წლამდე ირიცხებოდა თბილისში, --------- ტერიტორიაზე მდებარე 1000კვ/მ მიწის ფართი (საკადასტრო კოდით N------------). საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა აღნიშნული უძრავი ქონების (1000კვ/მ მიწის ფართის, საკადასტრო კოდით N-----------) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე: 500 კვ/მ მიწის ფართი (საკადასტრო კოდით N---------------) და 500კვ/მ მიწის ფართი (საკადასტრო კოდით N-----------). აღნიშნულიდან 500 კვ/მ მიწის ფართს (საკადასტრო კოდით N------------) მომჩივანი ფლობდა (საკუთრების უფლებით) 25.07.2019 წლამდე, ხოლო 500 კვ/მ მიწის ფართს (საკადასტრო კოდით N-------------) – 20.08.2019 წლამდე.

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი საჩივარში აღნიშნავს, რომ 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე, მიწაზე ქონების გადასახადი დაერიცხა --------, სოფ. --------ში მდებარე 8500კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით N------------), რომელიც ფაქტობრივად არ არის მის საკუთრებაში და მასზე მიმდინარეობს დავა. შესაბამისად, ამგვარ მიწაზე არ უნდა განხორციელებულიყო დარიცხვა. ამასთან, სადავო საგადასახადო მოთხოვნები წარედგინა 2024 წლის 19 თებერვალს, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადი დარიცხულია შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. არ დასტურდება საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, ხოლო საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა 2017-2020 წლის საანგარიშო პერიოდებში განხორციელდა, მართლზომიერად. შესაბამისად ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ასევე, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა 2021-2023 წლის საანგარიშო პერიოდებში განხორციელდა, მართლზომიერად - --------, სოფ. --------ში მდებარე 9701 კვ/მ (საკადასტრო კოდით N-----------), 8500 კვ/მ (საკადასტრო კოდით N----------), 4800 კვ/მ (საკადასტრო კოდით N-----------), 3700 კვ/მ (საკადასტრო კოდით N-------------) არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართებზე.

ამასთან, დადგენილ ვადაში, გადასახადის გადაუხდელობისათვის მომჩივნის მიმართ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართლზომიერად, განხორციელდა საურავის დარიცხვა.

რაც შეეხება, №-------- საკადასტრო კოდით არსებულ მიწის ნაკვეთზე, 2021-2023 წლების პერიოდზე განხორციელებულ დარიცხვებს, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. ამასთან, შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვა განხორციელდა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე.

ამასთან, მომჩივანმა, 2024 წლის 29 მარტს №53647/21 განცხადებით, გადასახადის შემცირების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს, №-------- საკადასტრო კოდზე დარიცხული გადასახადის შემცირების მიზნით. განცხადებაში მიუთითა, რომ აღნიშნულ საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთი 2021-2023 წლებში არ წარმოადგენდა მის საკუთრებას და მოითხოვა აღნიშნულ პერიოდებზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №21-11/28543 გადაწყვეტილებით, მომჩივანს, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.05.2024 წლის №11068 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭო მიიჩნევს, რომ 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდის (სოფ. -------ში მდებარე 8500კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით N-------) მიწაზე ქონების გადასახადის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11068 ბრძანება, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8692 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა

ფაქტების აღწერა

2020 წლის 28 დეკემბრის N011-87830 საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გავრცელდა 2021 წლის 22 თებერვალს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2021 წლის 14 მარტს. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2024 წლის 18 მარტს.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე, 301-ე მუხლებზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე, რომლითაც დადგინა რომ, 2020 წლის 28 დეკემბრის N011-87830 საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გავრცელდა 2021 წლის 22 თებერვალს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2021 წლის 14 მარტს, საჩივარი კი წარმოდგენილია 2024 წლის 18 მარტს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ დაუმტკიცებია, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული, მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაურკვეველია შემოსავლების სამსახურის მიერ მართლზომიერად გამოქვეყნდა თუ არა დოკუმენტაცია, რაზეც არც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის საუბარი. უთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილს, რომ საგადასახადო მოთხოვნა ორჯერ მაინც უნდა ყოფილიყო გაგზავნილი გადამხდელისთვის. თუმცა, უცნობია გაეგზავნა თუ არა გადასახადის გადამხდელს დოკუმენტაცია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით. ასევე, გაურკვეველია, რომც გაგზავნილიყო ისინი თუ რა მისამართზე იქნა გაგზავნილი, ვინაიდან მომჩივანი არ არის საქართველოს მოქალაქე, არ ცხოვრობს საქართველოში და არ გააჩნია იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი. აღნიშნავს, რომ გამოითხოვა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან დოკუმენტაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და მისი მიღების შემდგომ წარმოადგენს დამატებით არგუმენტაციას.

მომჩივანმა აღნიშნული მიწა გაყიდა 2019 წლის 20 ივნისს და იგი სხვა პირების საკუთრებაშია ამ პერიოდიდან. შედეგად, მითითებულ მისამართზე საგადასახადო ორგანოს მხრიდან დოკუმენტაციის გაგზავნა და შემდგომ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, იგი არ უნდა ჩაითვალოს შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებულ თარიღში გადამხდელისთვის ჩაბარებულად.

მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის გამოქვეყნების მიზანს წარმოადგენს პირის მიერ დოკუმენტის გაცნობა. იმ პირობებში, როცა მომჩივანი წარმოადგენს არარეზიდენტს და მან არ იცის ქართული, იგი ვერ გაეცნობოდა ქართულ დოკუმენტაციას. მიუთითებს სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც არაქართულენოვანი პირის მიმართ გამოცემული დოკუმენტი უნდა იყოს მისთვის გასაგებ ენაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4, მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად:

4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 16.05.2024 წლის №45006-21-11 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომსახურების დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნა, მომჩივანს 29.12.2020 და 22.01.2021 წლებში, წერილობითი ფორმით, ორჯერ, გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით მისამართზე (თბილისი, ----------), თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ განხორციელდა და გზავნილი ორივე შემთხვევაში უკან დაბრუნდა (რაზეც, ორივე შემთხვევაში, დატოვებულია შესაბამისი შეტყობინება, მისამართზე არავინ იყო). ამასთან, მომსახურების დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნას, მომჩივანი, ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გაცნობია.

შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2021 წლის 22 თებერვალს საჯაროდ გავრცელდა და ჩაბარებულად ჩაითვალა 2021 წლის 14 მარტს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 13.04.2021 წელი (სამშაბათი), ხოლო, საჩივარი აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2024 წლის 18 მარტს.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მითითებულ მისამართზე (თბილისი, -------------) საგადასახადო ორგანოს მხრიდან დოკუმენტაციის გაგზავნა და შემდგომ საჯაროდ გავრცელება არამართლზომიერია, ვინაიდან მომჩივანს აღნიშნული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი -----------) 2019 წლიდან საკუთრებაში აღარ უფიქსირდება. შესაბამისად, აღნიშნული ქონება აღარაა მის საკუთრებაში და არანაირი შემხებლობა გააჩნია ამ ტერიტორიაზე.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, დამატებით შესწავლას საჭიროებს სადავო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელების მართლზომიერების საკითხი, შესაფასებელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8692 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11068 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8692 ბრძანება;

4. საჩივრები, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ქონების (მიწის) გადასახადის და საურავის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიმართ, გამოიცა №011-87826, №011-87828, №011-87831, №011-87830, №011-58804 და №006-37726, №006-39827 საგადასახადო მოთხოვნები, ფიზიკური პირის ქონების (მიწის) გადასახადის დარიცხვის თაობაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №8692 ბრძანებით, საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა, №53647/21 განცხადებით, გადასახადის შემცირების მოთხოვნით, მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს, განცხადებაში მიუთითა, რომ საგადასახადო ვალდებულებები დარიცხულია ისეთ მიწაზე, რომელიც აღარ ეკუთვნის მომჩივანს. მომსახურების დეპარტამენტის №21-11/28543 გადაწყვეტილებით, მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც, №11068 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა. შემოსავლების სამსახურის №8692 და №11068 ბრძანებები, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის №11068 ბრძანება, ასევე ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის №8692 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(4,10.11); 61(2 „ე“); 205(13 „ბ“); 299(4.10); 301( „ე“);