გადაწყვეტილება №20457/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.11.2023
№ დოკუმენტი 20457/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20457/2/2023

16 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 2.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20457/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 18.04.2022 წლის №9656 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №007-70 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17037 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 390 424 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 161 599

დღგ - (-90 140)

მოგების გადასახადი - 194 138

საშემოსავლო გადასახადი - 66 632

ქონების გადასახადი - (-9 031)

ჯარიმა - 148 348

საურავი - 80477

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 30.05.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს მნიშვნელოვანი ოდენობის მზარდი ფულადი ნაშთები, ამავე დროს, კომპანიის პარტნიორის და დირექტორის მიერ კაპიტალში შენატანის სახით გადაცემულია წარმოებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები (დანადგარები), რომელთა ღირებულებამ შეადგინა 1 171 000 ლარი. 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით ზემოაღნიშნული ღირებულების დიდი ნაწილი 1 108 000 ლარი გადახდილია დირექტორისთვის სალაროდან, კაპიტალში შენატანის შემცირების (უკან გატანის) მიზნით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადასტურდა დირექტორის მიერ კაპიტალში აღნიშნული ღირებულების ძირითადი საშუალებების შეტანის ფაქტი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან აღარ არსებობდა სალაროდან დირექტორზე ფულადი სახსრების გაცემის საფუძველი, ქრონოლოგიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა სალაროში რიცხული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების საფუძველზე, სალაროს მზარდი ნაშთები განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესამოწმებელ პერიოდში, რომელიც გაიზარდა/შემცირდა ცალკეული საანგარიშო პერიოდების მიხედვით. ხოლო „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების მიხედვით, 20%-იანი წლიური განაკვეთით გაანგარიშდა დაქირავებული პირის მიერ მიღებული სარგებელი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

ამასთან, ვინაიდან ვერ დადასტურდა დირექტორის მიერ კაპიტალში ზემოაღნიშნული ღირებულების ძირითადი საშუალებების შეტანის ფაქტი, დაკორექტირდა (შემცირდა) დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №42392 ბრძანება და 31.12.2021 წლის №007-623 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.04.2022 წლის №9656 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ღირებულება;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2022 წლის 16 მარტის №---------- წერილის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც ვერ მოხდა ექსპერტიზაზე წარდგენილი, კუსტარულად დამზადებული დანადგარების შეფასება და საქმე დაბრუნდა შეუსრულებლად, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №18914 ბრძანებით განიმარტა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აპრილის №9656 ბრძანება. კერძოდ განიმარტა, რომ გადასახადის გადამხდელმა, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამ მტკიცებულებების წარდგენის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ასევე წარადგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ღირებულება.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აპრილის №9656 და 2022 წლის 18 ივლისის №18914 ბრძანებების აღსრულების შედეგად, შპს ---------- (ყოფილი „----------“) მიმართ გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №007-70 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17037 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია დაარსდა 2018 წლის 30 მაისს. დაარსების დღიდან კომპანიის ძირითადი საქმიანობა იყო სოფლის მეურნეობის ინვენტარის წარმოება, კერძოდ: ვენახის რკინის უჟანგავი ბოძები, ვენახის საყრდენი (ჭიგო), ვენახის მავთულის საჭიმი, ვენახის თავიბოძის სამაგრი (ღუზა), შემოსაღობი ეკლიანი მავთული, შემოსაღობი მავთულბადე, რკინის უჟანგავი ევროღობე. აღნიშნული ტიპის წარმოება საქართველოში იმ ეტაპისთვის არ არსებობდა და კომპანია იყო პიონერი.

კომპანიის წარმოებაში გამოყენებული ძირითადი საშუალებები (საწარმოო დანადგარები) საქმიანობის საწყის ეტაპზე იყო კომპანიის დამფუძნებლის ---------- პირადი საკუთრება. აღნიშნული ძირითადი საშუალებები შეისყიდა 2015-2017 წლებში სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან, რაზეც საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები შედგენილი არ ყოფილა. აღნიშნული ძირითადი საშუალებები 2019 წლის 1 აგვისტომდე იჯარით იყო გაცემული კომპანიაზე, ხოლო 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვიტა ძირითადი საშუალებების კომპანიის კაპიტალში შეტანა. ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება განისაზღვრა სავარაუდო საბაზრო (მათი ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის ფასებს მინუს სავარაუდო გაუფასურება) ფასებით.

განსახილველი საკითხისადმი საგადასახადო შემოწმების მიდგომის მიხედვით, ძირითად საშუალებებს ნულოვანი ღირებულება აქვთ, რამაც გამოიწვია გადასახადების დამატებით დარიცხვა. საკითხისადმი ასეთი მიდგომა უსამართლოდ მიაჩნია, მით უფრო რომ დანადგარები მუშა მდგომარეობაშია და მათი გამოყენებით პროდუქცია იწარმოება. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ძირითადი საშუალებების შეძენის დამადასტურებელი პირველად დოკუმენტაცია, მათი ღირებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო შემოწმებას შეეძლო ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილებით.

ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრის მიზნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, თუმცა ექსპერტიზის ბიუროს 2022 წლის 16 მარტის №---------- წერილის თანახმად, ვერ მოხდა ექსპერტიზაზე წარდგენილი დანადგარების შეფასება და საქმე დაუბრუნდა შეუსრულებლად (დანართი №7 − სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილი). ვინაიდან, შემოსავლების სამსახურმა საჩივარი მათ დაუსწრებლად განიხილა, ექსპერტიზის ბიუროს უარის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ვერ მოახერხა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლის საფუძველზე, 2022 წლის 3 მაისს წერილით მიმართა შემოსავლების სამსახურს 2022 წლის 18 აპრილის №9656 ბრძანების (გადაწყვეტილების) განმარტების მიზნით, შემდეგ საკითხზე:

„იმის გათვალისწინებით, რომ შპს „----------“-მა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან ვერ მოიპოვა კაპიტალში შეტანილი ქონების შეფასების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა, თქვენი 2022 წლის 18 აპრილის №9656 გადაწყვეტილების შინაარსთან შესაბამისობაში იქნება, თუ არა, აუდიტის დეპარტამენტს წარვუდგინოთ სხვა, შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიცირებული შემფასებლის (რომელსაც ექნება მაგ.: „შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს“ (http://www.certification.org.ge)) მიერ მომზადებული დასკვნა?“

წერილის პასუხად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2022 წლის 18 ივლისის №18914 ბრძანებით განმარტა მისი 2022 წლის 18 აპრილის №9656 გადაწყვეტილება, კერძოდ:

„1. განიმარტოს, რომ გადასახადის გადამხდელმა ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამ მტკიცებულებების წარდგენის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ასევე წარადგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ღირებულება;

2. აღნიშნული განმარტება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აპრილის №9656 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს და შესაძლებელია გასაჩივრდეს მასთან ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ განმარტების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.“

შემოსავლების სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს (შემმოწმებელ აუდიტორს) წარუდგინა ინდივიდუალურ მეწარმე ---------- - უძრავ-მოძრავი ქონების სერტიფიცირებულ შემფასებელ აუდიტორთან გაფორმებული ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული 2022 წლის 24 აგვისტოს თარიღით შედგენილი მოძრავი ქონების შეფასების დასკვნა (დანართი №10 და №11).

აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა: 2023 წლის 31 მარტის დასკვნა, თუმცა გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით, წარდგენილი შეფასების დასკვნა, გაუგებარი საფუძვლით, გაზიარებული არ იქნა და შემოწმების შედეგები უცვლელი დარჩა.

წარდგენილ „აუდიტორის შეფასებასთან“ დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მოყვანილი მტკიცება, მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას (კონკრეტიკას), ფაქტობრივად არ არის მოცემული არანაირი მსჯელობა, გაუგებარია, რომელ „არასაკმარისად მკაფიო კრიტერიუმებისა და კორექტირებებზე“ საუბრობს აუდიტორი და რომელი „კრიტერიუმები“ და „კორექტირებები“ იქნებოდა „საკმარისად მკაფიო“.

შემფასებელი აუდიტორის ---------- მიერ ქონების შეფასება განხორციელდა ISO/IEC 17024: 2012/2014 სტანდარტის მოთხოვნათა და შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (IVS) სტანდარტების სრული დაცვით.

შეფასებისას გამოყენებულია გაყიდვების შედარების მეთოდი, მოძიებულია შესაფასებელი ობიექტის მსგავსი ანალოგები, იგივე ფუნქციური დანიშნულების მქონე დანადგარები საზღვარგარეთ, შეფასების დასკვნაში მითითებულია გასაყიდი ანალოგების შესახებ ინფორმაციები − ვებ გვერდები („ლინკები“) და ID ნომრები. შეფასებაში განმარტებულია და ნამსჯელია ყველა კორექტირებაზე, რომელიც შეტანილია ანალოგების ღირებულებაში, რათა დადგენილიყო შესაფასებელი ობიექტები საბაზრო ღირებულება.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აპრილის №9656 ბრძანებით (გადაწყვეტილებით) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა „ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“ აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ დავუშვებთ, რომ აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილი ქონების შეფასების დასკვნა საკმარისად დასაბუთებული არ არის, ეს არგუმენტი არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საკითხი სრულყოფილად შეისწავლა და შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულება კვლავ ნული ლარი გამოვიდა.

ამავდროულად, აუდიტის დეპარტამენტისათვის 2022 წლის 24 აგვისტოს ქონების შეფასების დასკვნის წარდგენის შემდეგ, 2023 წლის მარტში აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოინახულეს საწარმო და დარწმუნდნენ, რომ შეფასებული დანადგარები მართლაც არსებობს და მათი გამოყენებით პროდუქცია იწარმოება. ასევე, მათ ქონდათ რამდენიმე შეკითხვა შეფასების დასკვნაში წარმოდგენილი „ანალოგების“ საწარმოო მახასიათებლებთან (რამდენად შესადარისია შეფასებულ დანადგარებთან) და მათ ფასებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეთანხმებით, აწარმოებდნენ მიმოწერას შეფასების დასკვნაში წარმოდგენილი „ანალოგების“ (დანადგარების) მწარმოებლებთან, დასკვნაში წარმოდგენილი დანადგარების საწარმოო მახასიათებლებისა და ფასების შესახებ, რათა მწარმოებლებისგან მიღებული პასუხების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები დარწმუნებულიყვნენ შეფასების დასკვნაში წარდგენილი მონაცემების სანდოობაში. ამასთან, ყველა გაგზავნილ და მიღებულ ელექტრონულ შეტყობინებას გაგზავნის/მიღებისთანავე უგზავნიდნენ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელს ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუმცა, მწარმოებლის მიერ კომპანიისთვის საინტერესო დანადგარების მინიმალური ფასების მიწოდების შემდეგ, მოულოდნელად, აუდიტის დეპარტამენტმა წარუდგინა 2023 წლის 31 მარტის დასკვნა (საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე), სადაც როგორც აღინიშნა, არ იქნა გათვალისწინებული წარდგენილი 2022 წლის 24 აგვისტოს შეფასების დასკვნა და შემოწმების შედეგები დარჩა უცვლელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის დასკვნაში ასახული პოზიცია, რომლითაც შემოწმების შედეგები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს არ შეუსრულებია შემოსავლების სამსახურის 18 აპრილის №9656 ბრძანებით მიღებული დავალება − „ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“

მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ღირებულებად მიიჩნიონ წარდგენილი, 2022 წლის 24 აგვისტოს თარიღით შედგენილ მოძრავი ქონების შეფასების დასკვნაში მითითებული თანხები და მათი გათვალისწინებით გადაიანგარიშოს შემოწმების შედეგები.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, 2023 წლის 4 მაისის საჩივარში ხაზგასმული იყო მოთხოვნა, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა აუცილებლად წარმართულიყო გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. შემოსავლების სამსახურმა, მიუხედავად მათი მოთხოვნისა („საჩივრის განხილვა დავის განმხილველ ორგანოში აუცილებლად წარიმართოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით“) განიხილა საჩივარი მომჩივნის დაუსწრებლად და 2023 წლის 13 ივლისის №17037 ბრძანებით (გადაწყვეტილებით), გაუგებარი საფუძვლით, საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები და საჩივარი არ განუხილავს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი „სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების“ დაცვით, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივლისის №17037 გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი, რატომ არ იზიარებს შემოსავლების სამსახური საჩივარში წარდგენილ არგუმენტაციას და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას ეყრდნობა მხოლოდ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ასახული არ იყო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის დასკვნაში. შესაბამისად, არ მიეცათ შესაძლებლობა, აღნიშნულ „ინფორმაციასთან“ დაკავშირებით მოსაზრების დაფიქსირების, როგორც წერილობით (საჩივარში), ისე, ზეპირსიტყვიერად − უშუალოდ საგადასახადო დავის მიმდინარეობის დროს (სხდომაზე).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და რომ 18.04.2022 წლის №9656 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ღირებულება;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს (2022 წლის 16 მარტის №---------- წერილი) მიერ, ვერ მოხდა ექსპერტიზაზე წარდგენილი, კუსტარულად დამზადებული დანადგარების შეფასება და საქმე დაუბრუნდა მომჩივანს შეუსრულებლად, შემოსავლების სამსახურმა, მომჩივნის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გამოსცა 2022 წლის 18 ივლისის №18914 ბრძანება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აპრილის №9656 ბრძანების განმარტების თაობაზე, რომლითაც განიმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს, შეეძლო აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და რომ ამ მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილი იყო, ასევე წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრებოდა კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ღირებულება.

ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.04.2022 წლის №9656 და 2022 წლის 18 ივლისის №18914 ბრძანებების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, დარჩა უცვლელი, ხოლო აღნიშნულის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ შედგენილი ქონების შეფასების დასკვნა (24.08.2022წ.) რომლის მიხედვითაც, საწარმოო დანადგარების ღირებულება 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 1 210 500 ლარს. წარდგენილი დასკვნის და შეფასების შედეგის შესწავლით დადგინდა, რომ დანადგარების ღირებულების განსაზღვრა განხორციელდა არასაკმარისად მკაფიო კრიტერიუმებისა და კორექტირებების გათვალისწინებით, რის გამოც შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში, ზემოაღნიშნულზე დამატებით დაფიქსირებული, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადაანგარიშება არ განხორციელდა შემდეგი გარემოებების გამო:

1. განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დასკვნის შესწავლა/ანალიზი, აგრეთვე, დანადგარების და მათი სამუშაო პროცესის ვიზუალური დათვალიერება, გასაუბრება კომპანიის დირექტორთან და შემფასებელთან საწარმოს საქმიანობის ადგილზე. დასკვნის მიხედვით 8 სახეობის დანადგარი შეფასებულია ბაზრის მოკვლევის საფუძველზე (უცხოურ ბაზარზე ერთგვაროვანი ანალოგიური ობიექტების შერჩევით), ხოლო 2 სახეობის ძირითადი საშუალება არ არის ხსენებული და შეფასებული. დასკვნის მიხედვით, 8 სახეობის ძირითადი საშუალების ღირებულება განსაზღვრულია 1 210 500 ლარით, ნაცვლად ბუღალტრული მონაცემებით ნაჩვენები 10 სახეობის ძირითადი საშუალების ღირებულების - 1 171 000 ლარისა;

2. 5 სახეობის დანადგარისთვის ინტერნეტსაიტის მეშვეობით შერჩეულია თითოეულზე ჩინური წარმოების სამი ანალოგი, რომელთა ღირებულებაზე დამატებულია ტრანსპორტირების და განბაჟების ღირებულება, გაკლებულია სავაჭრო დილერის ფასნამატი (10%) და 20% (მეორადი ნაწილებისგან კუსტარულად დამზადებული ხაზის ღირებულებაზე დაყვანის მიზნით). დარჩენილ ღირებულებებზე, მეტნაკლები მსგავსების მიხედვით, მიყენებულია შესწორების სხვადასხვა კოეფიციენტი;

3. წარდგენილი დასკვნის მასალებით და ვიზუალური დათვალიერებით დადგენილია, რომ შეფასებული დანადგარების შემადგენელი ელემენტები კუსტარულად არის დამზადებული, ნაწილობრივ გამოყენებულია მეორადი ნაწილები. დასკვნაში შედარებულ უცხოური ანალოგებისგან განსხვავებით არ გააჩნია შრომის უსაფრთხოების ელემენტები, არ არის პასპორტიზირებული/სერტიფიცირებული კომპეტენტური პირის/პირების მიერ, რაც შეუძლებელს ხდის მათი ფუნქციური მახასიათებლების შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მოპოვებას. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად ვერ შეძლო კუსტარულად დამზადებული დანადგარების ღირებულების შეფასება;

4. შესადარისი ჩინური ერთგვაროვანი ანალოგების შერჩევა განხორციელდა დირექტორის რეკომენდაციით, რომელიც შერჩევის პროცესში საკუთარი დანადგარების მისთვის ცნობილი მახასიათებლებით ხელმძღვანელობდა, თუმცა ამ მახასიათებლების შესახებ არ მოიპოვება რაიმე ინფორმაცია წარდგენილ დასკვნაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემფასებლის მხრიდან შესადარისი უცხოური ანალოგების გამოყენება და მათი რანგირება კომპანიის კუთვნილი დანადგარების მახასიათებლების მკაფიო განსაზღვრის გარეშე არამართებულია;

5. გაურკვეველია დანადგარების ღირებულების განსაზღვრისას/გაანგარიშებისას სატრანსპორტო და განბაჟების ხარჯებით ღირებულების გაზრდა. ვინაიდან დანადგარები დაპროექტებულია და წარმოებულია საქართველოში, შესაბამისად, ღირებულების შეფასებისას მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო გამოყენებული/შესწავლილი საქართველოში ასეთი დანადგარების საწარმოებლად საჭირო დანახარჯების შესახებ ინფორმაცია.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, აღნიშნავს, რომ წარდგენილ „აუდიტორის შეფასებასთან“ დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მოყვანილი მტკიცება მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას, არ არის მოცემული არანაირი მსჯელობა, გაუგებარია, რომელ „არასაკმარისად მკაფიო კრიტერიუმებისა და კორექტირებებზე“ საუბრობს აუდიტორი და რომელი „კრიტერიუმები“ და „კორექტირებები“ იქნებოდა „საკმარისად მკაფიო“. შემფასებელი აუდიტორის მიერ ქონების შეფასება განხორციელდა ISO/IEC 17024: 2012/2014 სტანდარტის მოთხოვნათა და შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (IVS) სტანდარტების სრული დაცვით. შეფასებისას გამოყენებულია გაყიდვების შედარების მეთოდი, მოძიებულია შესაფასებელი ობიექტის მსგავსი ანალოგები, იგივე ფუნქციური დანიშნულების მქონე დანადგარები საზღვარგარეთ, შეფასების დასკვნაში მითითებულია გასაყიდი ანალოგების შესახებ ინფორმაციები − ვებ გვერდები („ლინკები“) და ID ნომრები. შეფასებაში განმარტებულია და ნამსჯელია ყველა კორექტირებაზე, რომელიც შეტანილია ანალოგების ღირებულებაში, რათა დადგენილიყო შესაფასებელი ობიექტები საბაზრო ღირებულება. თუ წარდგენილი ქონების შეფასების დასკვნა საკმარისად დასაბუთებული არ არის, იგი არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საკითხი სრულყოფილად შეისწავლა და შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულება კვლავ ნული ლარი გამოვიდა. აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეთანხმებით, აწარმოებდა მიმოწერას შეფასების დასკვნაში წარდგენილი „ანალოგების“ (დანადგარების) მწარმოებლებთან დასკვნაში წარდგენილი დანადგარების საწარმოო მახასიათებლებისა და ფასების შესახებ, რათა მწარმოებლებისგან მიღებული პასუხების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები დარწმუნებულიყვნენ შეფასების დასკვნაში წარდგენილი მონაცემების სანდოობაში. ამასთან, ყველა გაგზავნილ და მიღებულ ელექტრონულ შეტყობინებას გაგზავნის/მიღებისთანავე უგზავნიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელს ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუმცა, მოულოდნელად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული წარდგენილი 2022 წლის 24 აგვისტოს შეფასების დასკვნა და შემოწმების შედეგები დარჩა უცვლელი. შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი, რატომ არ იზიარებს შემოსავლების სამსახური საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტაციას და ეყრდნობა მხოლოდ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ასახული არ იყო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის დასკვნაში. ამასთან აღნიშნავს, რომ ითხოვდა საჩივრის განხილვას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მაგრამ მიუხედავად მათი მოთხოვნისა საჩივარი განიხილა მომჩივნის დაუსწრებლად.

აუდიტის დეპარტამენტი 7.08.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული ინფორმაციაზე დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან ქონების შეფასება გაკეთებულია არამკაფიო კრიტერიუმების და კორექტირებების გამოყენებით, შემოწმების აქტით დამატებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. ვინაიდან, ფაქტია რომ შპს „----------“-ის დანადგარები დაპროექტებულია და წარმოებულია საქართველოში, მიაჩნია რომ ამ დანადგარების ღირებულების შეფასებისას/დადგენისას მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო გამოყენებული/შესწავლილი საქართველოში ასეთი დანადგარების საწარმოებლად საჭირო დანახარჯების შესახებ ინფორმაცია, მითუმეტეს რომ ასეთი სახის ინფორმაციას ფლობს დირექტორი და ერთადერთი დამფუძნებელი ----------. ხოლო თუ შეფასებისთვის მაინცდამაინც უცხოური შესადარისი ანალოგების გამოყენებაა საჭირო, ამ შემთხვევაში პირველ რიგში დამოუკიდებელი კომპეტენტური პირის მიერ მკაფიოდ დადგენილი უნდა იყოს შპს „----------“-ის დანადგარების მახასიათებლები. სასურველია რომ საექსპერტო დასკვნით ყველა სადაო ძირითადი საშუალება იყოს შეფასებული და არა მხოლოდ ნაწილი.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის და მისი არგუმენტების აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი ინფორმაციასთან შეჯერების გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17037 ბრძანება;

3. საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 18.04.2022 წლის №9656 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, აღნიშნავს, რომ წარდგენილ „აუდიტორის შეფასებასთან“ დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მოყვანილი მტკიცება მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას, არ არის მოცემული არანაირი მსჯელობა, გაუგებარია, რომელ „არასაკმარისად მკაფიო კრიტერიუმებისა და კორექტირებებზე“ საუბრობს აუდიტორი და რომელი „კრიტერიუმები“ და „კორექტირებები“ იქნებოდა „საკმარისად მკაფიო“. შემფასებელი აუდიტორის მიერ ქონების შეფასება განხორციელდა ISO/IEC 17024: 2012/2014 სტანდარტის მოთხოვნათა და შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (IVS) სტანდარტების სრული დაცვით. შეფასებისას გამოყენებულია გაყიდვების შედარების მეთოდი, მოძიებულია შესაფასებელი ობიექტის მსგავსი ანალოგები, იგივე ფუნქციური დანიშნულების მქონე დანადგარები საზღვარგარეთ, შეფასების დასკვნაში მითითებულია გასაყიდი ანალოგების შესახებ ინფორმაციები − ვებ გვერდები („ლინკები“) და ID ნომრები. შეფასებაში განმარტებულია და ნამსჯელია ყველა კორექტირებაზე, რომელიც შეტანილია ანალოგების ღირებულებაში, რათა დადგენილიყო შესაფასებელი ობიექტები საბაზრო ღირებულება. თუ წარდგენილი ქონების შეფასების დასკვნა საკმარისად დასაბუთებული არ არის, იგი არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საკითხი სრულყოფილად შეისწავლა და შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულება კვლავ ნული ლარი გამოვიდა. აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეთანხმებით, აწარმოებდა მიმოწერას შეფასების დასკვნაში წარდგენილი „ანალოგების“ (დანადგარების) მწარმოებლებთან დასკვნაში წარდგენილი დანადგარების საწარმოო მახასიათებლებისა და ფასების შესახებ, რათა მწარმოებლებისგან მიღებული პასუხების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 8 თანამშრომლები დარწმუნებულიყვნენ შეფასების დასკვნაში წარდგენილი მონაცემების სანდოობაში. ამასთან, ყველა გაგზავნილ და მიღებულ ელექტრონულ შეტყობინებას გაგზავნის/მიღებისთანავე უგზავნიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელს ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუმცა, მოულოდნელად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული წარდგენილი 2022 წლის 24 აგვისტოს შეფასების დასკვნა და შემოწმების შედეგები დარჩა უცვლელი. შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი, რატომ არ იზიარებს შემოსავლების სამსახური საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტაციას და ეყრდნობა მხოლოდ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ასახული არ იყო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის დასკვნაში. ამასთან აღნიშნავს, რომ ითხოვდა საჩივრის განხილვას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მაგრამ მიუხედავად მათი მოთხოვნისა საჩივარი განიხილა მომჩივნის დაუსწრებლად. აუდიტის დეპარტამენტი წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული ინფორმაციაზე დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან ქონების შეფასება გაკეთებულია არამკაფიო კრიტერიუმების და კორექტირებების გამოყენებით, შემოწმების აქტით დამატებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. ვინაიდან, ფაქტია რომ კომპანიის დანადგარები დაპროექტებულია და წარმოებულია საქართველოში, მიაჩნია რომ ამ დანადგარების ღირებულების შეფასებისას/დადგენისას მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო გამოყენებული/შესწავლილი საქართველოში ასეთი დანადგარების საწარმოებლად საჭირო დანახარჯების შესახებ ინფორმაცია, მითუმეტეს რომ ასეთი სახის ინფორმაციას ფლობს დირექტორი და ერთადერთი დამფუძნებელი. ხოლო თუ შეფასებისთვის მაინცდამაინც უცხოური შესადარისი ანალოგების გამოყენებაა საჭირო, ამ შემთხვევაში პირველ რიგში დამოუკიდებელი კომპეტენტური პირის მიერ მკაფიოდ დადგენილი უნდა იყოს კომპანიის დანადგარების მახასიათებლები. სასურველია რომ საექსპერტო დასკვნით ყველა სადაო ძირითადი საშუალება იყოს შეფასებული და არა მხოლოდ ნაწილი. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 982(3 „ზ“); 275;