გადაწყვეტილება №24357/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24357/2/2024
14 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა;
2. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №024-64 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24118 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 294 513,24 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 164 108
დღგ - 94 925
საშემოსავლო გადასახადი - 64 278
ქონების გადასახადი - 4 905
ჯარიმა - 76 206
საურავი - 54 199,24
გადასახდელად დარიცხული გადასახადი, რომლის გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა:
საშემოსავლო გადასახადი 3 680 ლარი.
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ვაჭრობა ---ს ტერიტორიაზე, საქონელი შემოაქვს, როგორც იმპორტით ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ასევე შეძენები უფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე. აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 2.04.2024 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 24.04.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №024-64 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24118 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რის შედეგადაც დადგინდა სმფ-ების ნაშთი. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად, კოდებით არ იდენტიფიცირდებოდა შეძენილი და რეალიზებული საქონელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების მიერ გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 156-ე, 159-ე, მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით გაიზარდა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და 2021, 2022, 2023 წლების ერთობლივი შემოსავალი. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სმფ-ის ნაშთის თვითღირებულებაც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთიდან ფასნამატის ამოღებით. ასევე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში საწყისი და საბოლოო სმფ-ის ნაშთები რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დაკორექტირების გამო. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმე რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტით, ასევე საცალოდ ადგილობრივ ბაზარზე. დოკუმენტური რეალიზაციის ხვედრითი წილი მთლიან ბრუნვაში დაახლოებით 15-20 პროცენტია დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ აქტში მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა შემოსავლები და გაიზარდა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და 2021, 2022 და 2023 წლების ერთობლივი შემოსავლები. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის მოცულობას, რადგან დოკუმენტურ რეალიზაციაზე დაყრდნობით (რომლის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ანალიზის გასაკეთებლად) გაანგარიშებული ფასნამატი - 43% მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატისგან და გაურკვეველია აუდიტის მიერ მიღებული ფასნამატის გაანგარიშება. ითხოვს ზემოაღნიშნული საკითხის ხელახალ შესწავლას უშუალო მონაწილეობით. დაიყოს კატეგორიებად დოკუმენტური რეალიზაცია და თითოეულის ხვედრითი წილის გათვალისწინებით მოხდეს კატეგორიიდან მიღებული შემოსავლის დადგენა და მხოლოდ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით მოხდეს ერთობლივი შემოსავლისა და დასაბეგრი ბრუნვის გადაანგარიშება. ამავე აქტში ასევე მითითებულია, რომ შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სმფ-ს ნაშთის თვითღირებულებაც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით კერძოდ მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთიდან ფასნამატის ამოღებით. საერთოდ გაუგებარია ზემოაღნიშნული პოზიცია და მიდგომა, რაც გამოყენებულია ზემოაღნიშნულ აქტში. არსებობს პრეცედენტული გადაწყვეტილებები როგორც შემოსავლების სამსახურის, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსი, კერძოდ შემოსავლების სამსახურს აქვს გამოცემული 6.03.2024 წლის №4951 ბრძანება, რომლის მიხედვითაც აუდიტის დეპარტამენტს „დაევალა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმების მიერ გაანგარიშებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთსა და ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობა რეალიზებულად ჩაითვალოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“ თავის მხრივ ფინანსთა სამინისტროს აქვს მიღებული 21.10.2024 წლის №23784/2/2024 გადაწყვეტილება, რომლითაც „საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებულ ინვენტარიზაციასთან მიმართებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძოდ, ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა განიხილოს დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში (ივლისის თვეში).
მომჩივანი ითხოვს ინვენტარიზაციის თარიღისთვის დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით მოხდეს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, კერძოდ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობა საბუღალტრო ნაშთსა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ნაშთს შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნეს დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების დროს ვერ მოხერხდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, ვინაიდან შეუძლებელი იყო შეძენილი პროდუქციისა და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება.
შესაბამისად, ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება და გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა კი განმარტა, რომ შეუძლია აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დაკავშირებული საქონლის მოძრაობის ანალიზი, სადაც დოკუმენტური ფასნამატი იქნება გამოანგარიშებული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ფასნამატის გაანგარიშების ნაწილში გადასახადის გადამხდელის უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, ხოლო შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობამ გადააჭარბა 100 000 ლარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს და მის ოჯახის წევრს საკუთრებაში უფიქსირდებათ, როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონება.
საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-16 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-12 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, ხოლო მის მიერ სრულად არ შესრულდა საგადასახადო ვალდებულებები, შემოწმებით ქონების გადასახადის განსაზღვრა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
პირველ საკითხში დადგენილი არასწორი გაანგარიშების შედეგად, მოხდა ერთობლივი შემოსავლის დაუსაბუთებელი ზრდა. პირველ საკითხში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ხელახალი დადგენა, მეწარმის ხელახლა განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლის გათვალისწინებით მოხდეს ქონების გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთის გამოყენება.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.
პირველ სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის მიმართ ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №024-64 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. 2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24118 ბრძანება;
3. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ფასნამატის გაანგარიშების ნაწილში ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა;
2. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასასადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად, კოდებით არ იდენტიფიცირდებოდა შეძენილი და რეალიზებული საქონელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების მიერ გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობამ გადააჭარბა 100 000 ლარს. გადასახადის გადამხდელს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაერიცხა გადასახადი.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102; 105; 201; 202; 269 (7).