ბრძანება N 24057

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2024
№ დოკუმენტი 24057
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24057

13 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.:---) 2024 წლის 30 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №119) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 30 ოქტომბრის №92616/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ოქტომბრის №005-150 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმებით სარეალიზაციო საქონელი დაიყო სამ ჯგუფად, რომლებზედაც გავრცელდა საცალო აუდირებული ფასნამატი. განმარტავს, რომ კომპანია არ ახორციელებს საცალო რეალიზაციას, რაც დასტურდება დღგ-ის დეკლარაციებით და იმპორტის ოპერაციებით, კერძოდ, 2021 წლის აპრილის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით კომპანიას იმპორტირებული აქვს 1 671 009 ლარის საქონელი, რომელიც სრულად აქვს რეალიზებული ამავე წლის აპრილის თვიდან სექტემბრის თვის ჩათვლით პერიოდში. აცხადებს, რომ შეუძლებელია საცალოდ რეალიზაციის პირობებში აღნიშნული რაოდენობის საქონლის გაყიდვა. ამასთან, განმარტავს, რომ იმპორტირებული საქონლით ვაჭრობა ხორციელდება 15-20%-იანი ფასნამატის ფარგლებში, ხოლო სეზონის დასრულების დროს 3-5%-ის ფარგლებში, ასევე, საქონლის რეალიზაციის საფრთხიდან აცილების მიზნით იმპორტირებული ტანსაცმლის რეალიზაცია ხორციელდება თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. აღნიშნავს, რომ გაუგებარია კონკრეტულად რომელი საქონლის ფასნამატი აქვს გამოყენებული შემმოწმებელს, რადგან აქტის მიხედვით გამოყოფილია საქონლის მხოლოდ სამი ჯგუფი, ხოლო იმპორტირებული საქონელი არის მრავალფეროვანი. ასევე, მიუთითებს, რომ უცნობია თუ რომელი კომპანიის ფასნამატი გამოიყენა შემმოწმებელმა, სად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და რამდენად იდენტურია აღნიშნული კომპანიის საქმიანობა გადასახადის გადამხდელის საქმიანობასთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №16031 და 16 აგვისტოს №18976 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 26 მარტიდან 2024 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის პირველ ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 10 ოქტომბრის №22091 ბრძანება და ამავე თარიღის №005-150 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 594 556 ლარი, მათ შორის, გადასახადი 332 614 ლარი, ჯარიმა 166 305 ლარი, საურავი 95 637 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. სარეალიზაციო საქონელი (ტანსაცმელი) იმპორტირებულია თურქეთიდან და მიწოდებულია საცალოდ. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შემოწმებით დადგინდა, რომ დეკლარირებული ფასნამატი არ აღემატება 1%-ს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა შეუძლებელია, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ფასნამატის მეთოდით. შემოწმებით დადგინდა, რომ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით შეუძლებელია დოკუმენტური ფასნამატის კოეფიციენტის დადგენა, რადგან საქონელი არაიდენტიფიცირებადია. ფასნამატის კოეფიციენტად გამოყენებულია მსგავსი საქონლის აუდირებული ფასნამატი საცალო მიწოდებაზე ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. სარეალიზაციო საქონელზე შედგა რამდენიმე ჯგუფი და განისაზღვრა შესაბამისი ფასნამატი: ბავშვის ტანსაცმელი 63.57%, მოზრდილის ტანსაცმელი 47.06% და სხვა 47.06%. დადგინდა თითოეული ჯგუფის რპთ, რომლიდანაც გამოიყო დოკუმენტური რეალიზაციის რპთ და საცალო რეალიზაციის რპთ-ზე გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის ფასნამატები. მიღებული დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. შემოწმებით დადგენილი დღგ-ის ბრუნვა 848 393 ლარით მეტია დეკლარირებულზე. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით გაირკვა, რომ საწარმოს სალაროში 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით უნდა ერიცხებოდეს ნაღდი ფულის ნაშთი 719 624 ლარის ოდენობით. სხვაობა გაანგარიშდა შემდეგნაირად: არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავალს გამოაკლდა ხარჯები, მათ შორის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, ხელფასი და ბიუჯეტში გადახდილი თანხა. შესაბამისად, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა შეუძლებელია, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ფასნამატის მეთოდით.

შემოწმებით დადგინდა, რომ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით შეუძლებელია დოკუმენტური ფასნამატის კოეფიციენტის დადგენა, რადგან საქონელი არაიდენტიფიცირებადია. შესაბამისად, ფასნამატის კოეფიციენტად გამოყენებულია მსგავსი საქონლის აუდირებული ფასნამატი საცალო მიწოდებაზე ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. სარეალიზაციო საქონელზე შედგა რამდენიმე ჯგუფი, დადგინდა თითოეული ჯგუფის რპთ, რომლიდანაც გამოიყო დოკუმენტური რეალიზაციის რპთ და საცალო რეალიზაციის რპთ-ზე გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის ფასნამატები. მიღებული დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. ამასთან, ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგინდა ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, საცალო მიწოდებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, სარეალიზაციო საქონლის თითოეული ჯგუფის რპთ-ს დადგენა, აღნიშნულიდან დოკუმენტური რეალიზაციის რპთ-ს გამოყოფა და საცალო რეალიზაციის რპთ-ზე შესაბამისი ჯგუფის ფასნამატების გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით შეუძლებელია დოკუმენტური ფასნამატის კოეფიციენტის დადგენა, რადგან საქონელი არაიდენტიფიცირებადია. ფასნამატის კოეფიციენტად გამოყენებულია მსგავსი საქონლის აუდირებული ფასნამატი საცალო მიწოდებაზე. მიღებული დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად.შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154.