გადაწყვეტილება №18113/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18113/2/2022
22.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------- (პ/ნ -----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------------ს 2.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18113/2/2022).
დავის საგანი:
1. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;
2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 17.06.2022 წლის №EL169395 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 17.06.2022 წლის №EL169398 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21534 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 5 756 ლარი.
ჯარიმა - 1 000
ჯარიმა - 4 756
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
16.06.2022 წელს, მომჩივნის №---------/21-11 განცხადებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პირის სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ---------------) იყო განკარგული. ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე დაწყებული კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, მითითებული ავტომობილის ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 20.01.2022 წელს და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 21.03.2022 წელი. ვინაიდან ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ვადის დარღვევას და საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვას, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 17.06.2022 წლის №EL169395 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილ იქნა №EL169398 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 756 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.08.2022 წლის №21534 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეზე არსებული მასალიდან დგინდება, 2022 წლის 16 ივნისს, მომჩივანის №106695/21-11 განცხადებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პირის სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ---------------), რომლის ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 20.01.2022 წელს და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 21.03.2022 წელი, იყო განკარგული. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევას და საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა. აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლი და 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პირის პასუხისმგებლობას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც კანონის არცოდნის გამო არასწორად იქნა განკარგული, რის გამოც საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები: 2022 წლის 17 ივნისის №EL169395 ოქმი, რომლითაც დაჯარიმდა 1000 ლარით და ამავე თარიღის №EL169398 ოქმი, რომლითაც შეეფარდა ჯარიმა 4 756 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადახდილ იქნა, ასევე გადახდილ იქნა იმპორტის გადასახადი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ კანონის არცოდნის გამო დაეკისრა უსამართლოდ დიდი ჯარიმა, რამაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდო მისი ოჯახი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. ითხოვს მისი მდგომარეობის გათვალიწინებას და კანონის არცოდნიდან გამომდინარე ჩაეთვალოს საპატიოდ და მოეხსნას უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმები.
ითხოვს გათავისუფლდეს 17.06.2022 წლის №EL169395 და №EL169398 სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან და გაუქმდეს შემოსავლების 12.08.2022 წლის №21534 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 16.06.2022 წელს, მომჩივნის №----------/21-11 განცხადებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პირის სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ --------------) იყო განკარგული. ავტომობილის ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 20.01.2022 წელს და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 21.03.2022 წელი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა შემოტანილი მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება დანიშნულების საბაჟო ორგანოში არ წარადგინა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, არ განხორციელებულა სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, საბჭო მიიჩნევს, რომ დასტურდება მომჩივნის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მომჩივნის შეცდომით, რომ იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. ამდენად არ არსებობს დაკისრებული ჯარიმებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.