გადაწყვეტილება №19654/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.08.2023
№ დოკუმენტი 19654/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19654/2/2023

17 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 8.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19654/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სალაროს გონივრული ნაშთის განსაზღვრა და უპროცენტო სესხად განხილვა;

2. ფიზიკურ პირებზე სესხის სანაცვლოდ ქონების გადაცემის საქონლის მიწოდებად განხილვა და დღგით დაბეგვრა;

3. შპს ------გან მიღებული თანხების (1 950 000 ლარი) დღგ-ით დაბეგვრა;

4. მასალების ხარჯიდან ამოღება, შედეგად დღგ-ის ჩათვლის შემცირება და მოგების გადასახადის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №002-260 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8477 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 385 017 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 669 600

დღგ - 531 638

მოგების გადასახადი - 105 242

საშემოსავლო გადასახადი -31 827

ქონების გადასახადი - 893

ჯარიმა - 436 353

საურავი - 279 064

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ძირითადი სახეა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, ხოლო დამატებითი - ბეტონის წარმოება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №333114 ბრძანება და №002-260 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8477 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრა და უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სხვადასხვა სახის ინფორმაციის (ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის, საბანკო ამონაწერების და სხვა) შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირებზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მზარდი ნაშთები. ასევე, ფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში. აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისაგან აღებული აქვს სესხები. შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითების „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) შესაბამისად, გაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა, საკასო ხარჯისა და საკასო შემოსავლების 10%-ის გათვალისწინებით, ხოლო აღნიშნულ თანხებსა და პროგრამულ ნაშთებს შორის სხვაობა ჩაითვალა სალაროს არაგონივრულ ნაშთად და შესაბამისად კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, სარგებლის განაკვეთად ჩაითვალა 20%. აღნიშნული ნაპატიები პროცენტები განხილულ იქნა სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად და დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, განმარტავს, რომ სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევა და კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მეთოდური მითითებით „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“, რომელიც 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებას დაემატა 30.12.2021 წელს, სალაროს არაგონივრულ ნაშთად ითვლება საკასო ნაშთის 10%-ს დამატებული საკასო შემოსავლების 10%-ის ზემოთ სალაროს ნაშთი. ვინაიდან, აღნიშნული ცვლილება ძალაშია 30.12.2021 წლიდან და კომპანიის შემოწმება განხორციელდა 1.03.2022 წლამდე, აღნიშნული მოთხოვნა უნდა განხორციელდეს მხოლოდ 2 თვეზე. კომპანიის 2022 წლის სალაროს მონაცემებით, მათი გაანგარიშებით, არაგონივრულ ნაშთად შესაძლოა ჩათვლილიყო 84 498 ლარი (თვის ბოლოს მონაცემებით). ხოლო 2022 წლის თებერვლის ბოლოს კომპანიას უფიქსირდება 412 ლარი სალაროს ნაშთი, შესაბამისად, კომპანიას არ უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის 1.03.2022 წლის მონაცემებით კომპანიის დამფუძნებელს, კერძოდ -------ს კომპანიის კაპიტალში შენატანის სახით უფიქსირდება 515 663 ლარი, აქედან გამომდინარე, მას შეეძლო აღნიშნული მოცულობის ფარგლებში, კომპანიის ფულადი საშუალებების განკარგვა (გატანა) ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე. სალაროს ნაშთის გაზრდა ძირითადად დაკავშირებულია დამფუძნებლის მიერ კომპანიის საჭიროებებისთვის თანხის შემოტანასთან. ანუ, დამფუძნებელს შემოაქვს თანხა, აღნიშნული შენატანი ფიქსირდება როგორც კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის მიმართ და ეტაპობრივად ხდება შემდგომ სხვადასხვა ხარჯების გაწევა. სალაროს ნაშთის სარგებლად ჩათვლა არამართებული და ალოგიკურია ასეთ პირობებში, რადგანაც დამფუძნებელს ნებისმიერი დღის ბოლოს შეეძლო დაუბეგრავად გაეტანა აღნიშნული თანხა უკან ისევე, როგორც მის მიერ კაპიტალში შემოტანილი თანხა. მაშინ როდესაც კომპანიას მისი დირექტორის (რომელიც ამავე დროს დამფუძნებელიცაა) მიმართ გააჩნია ვალდებულება, შემოწმებით სალაროს ნაშთი, რომელიც სწორედ დამფუძნებლის ვალდებულებას უკავშირდება, სრულიად გაუგებარი გაანგარიშებით, აღიარებულია ამავე დამფუძნებელზე სესხის გაცემად. ანუ გამოდის, რომ კომპანიამ ისესხა და პარალელურად შემდეგ ასესხა ერთი და იგივე პიროვნებას ფული, რაც ალოგიკურია. მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში მასზე დარიცხული თანხის სარგებლად ჩათვლა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არასამართლიანია. დანართების სახით წარმოადგენს ინფორმაციას დამფუძნებლის მიერ კომპანიაში შემოტანილი თანხების შესახებ. (1430 და 5150 საბუღალტრო პროგრამის მონაცემებიდან). აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე, კომპანიას დამატებით გადასახდელად დაერიცხა 30 324 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირებზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მზარდი ნაშთები, სალაროში ფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, ასევე, ფიზიკური პირებისაგან აღებული აქვს სესხი. შემოწმებით, სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა გაანგარიშდა მეთოდური მითითების „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) შესაბამისად, საკასო ხარჯისა და საკასო შემოსავლების 10%-ის გათვალისწინებით, ხოლო აღნიშნულ თანხებსა და პროგრამულ ნაშთებს შორის სხვაობა ჩაითვალა სალაროს არაგონივრულ ნაშთად და შესაბამისად კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად. ასევე გაანგარიშებული პროცენტი განიხილა სარგებლად. შედეგად, გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“, დაემატა 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებას და ძალაშია 30.12.2021 წლიდან, ხოლო შემოწმება განხორციელებულია 1.03.2022 წლამდე, ამდენად მოთხოვნა, რომ სალაროს არაგონივრულ ნაშთად ითვლება საკასო ნაშთის 10%-ს დამატებული საკასო შემოსავლების 10%-ის ზემოთ სალაროს ნაშთი, უნდა განხორციელდეს მხოლოდ 2 თვეზე. შესაბამისად, არაგონივრულ ნაშთად შესაძლოა ჩათვლილიყო 84 498 ლარი (თვის ბოლოს მონაცემებით). ხოლო 2022 წლის თებერვლის ბოლოს კომპანიას უფიქსირდება 412 ლარი სალაროს ნაშთი, ანუ არ უფიქსირდება სალაროს ნაშთი. 1.03.2022 წლის მონაცემებით კომპანიის დამფუძნებელს, კომპანიის კაპიტალში შენატანის სახით უფიქსირდება 515 663 ლარი, აღნიშნულიდან გამომდინარე, მას შეეძლო აღნიშნული მოცულობის ფარგლებში, კომპანიის ფულადი საშუალებების გატანა ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე. აღნიშნული შენატანი ფიქსირდება, როგორც კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის მიმართ და ეტაპობრივად ხდება შემდგომ სხვადასხვა ხარჯების გაწევა. მაშინ როდესაც, კომპანიას მისი დირექტორის (რომელიც ამავე დროს დამფუძნებელიცაა) მიმართ გააჩნია ვალდებულება, შემოწმებით სალაროს ნაშთი, რომელიც სწორედ დამფუძნებლის ვალდებულებას უკავშირდება, აღიარებულია ამავე დამფუძნებელზე სესხის გაცემად. მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში მასზე დარიცხული თანხის სარგებლად ჩათვლა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არასამართლიანია.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დამფუძნებელს, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი თანხა აქვს შეტანილი კომპანიის კაპიტალში, შეეძლო ყველანაირი სარგებლის გარეშე გაეტანა თანხა. დამფუძნებელი და დირექტორი ერთიდაიგივე პირია, დამფუძნებელს შეტანილი აქვს კაპიტალში თანხა და არ შეიძლება სალაროს ნაშთი მიიჩნიოს სარგებლად, ნებისმიერ მომენტში შეუძლია მას თავისივე თანხის გატანა, თანხები გატანილი იქნა სამეურნეო დანიშნულებით და საჭიროების მიხედვით გადიოდა სალაროდან. შემოსავლების სამსახურში ითხოვდნენ ამ გარემოებების გათვალისწინებას, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული. მიაჩნია, რომ აღნიშნულს არ უნდა მიენიჭოს სესხის კვალიფიკაცია, უნდა განიხილოს კაპიტალში შენატანად, გაზრდის მიზნით. კომპანია ფუნქციონირებდა დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხებით და დღესაც ვალი აქვს კომპანიას დამფუძნებლის მიმართ, აღნიშნული კაპიტალში შენატანია, მაგრამ თანხები რაც შედიოდა იყო ვალი, რომელიც პერიოდულად იხარჯებოდა. ნაშთი გარკვეულ პერიოდში რჩებოდა, რაშიც ეთანხმება აუდიტორს, მაგრამ არის კაპიტალში შენატანი, არის დამფუძნებლის თანხა და შეუძლია მან ისარგებლოს ნებისმიერ დროს. ამასთან, მეორე გარემოებაა, რომ მეთოდურ მითითებაში შეტანილია ცვლილება და დაემატა 30.12.2021 წელს, ამდენად იგი არ უნდა გავრცელდეს შესამოწმებელ მთლიან პერიოდზე.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანება „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ გამოსაყენებლად სავალდებულოა 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ. ამ მეთოდური მითითებით განხორციელებულია გაანგარიშება ყველა წესის დაცვით. დამფუძნებელს თუ რაიმე შენატანი ან განატანი ქონდა შემოწმების ეტაპზე სადავოდ არ მიუჩნევიათ, ისედაც გათვალისწინებულია და ნაშთში არ არის ასახული გატანა.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი მოითხოვს ფაქტობრივი გარემოებების დამატებით შესწავლას. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. ფიზიკურ პირებზე სესხის სანაცვლოდ ქონების გადაცემის საქონლის მიწოდებად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ფიქსირდება ნასყიდობის ხელშეკრულებები, განვადებით ნასყიდობები, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობები და სხვადასხვა ვალდებულებით დატვირთული ფართები. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა დაფიქსირებულია ჯამში 5 084 179 ლარი. შემოწმებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 7 517 299 ლარი. აღნიშნული ბრუნვა შედგება სამშენებლო საქონლისა და მომსახურების რეალიზაციისგან, ასევე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფართებისთვის მიღებული ავანსებისგან, გარდა 2019 და 2020 წლებში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლება გადაცემულ ბინებზე, ამ მომენტის შემდგომ, მიღებული ავანსებისა.

შესამოწმებელ პერიოდში შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა განხილულ იქნა მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება - მიწოდების კორექტირების გარემოებად. ამასთანავე, ისეთი შემთხვევები, როდესაც შესამოწმებელ პერიოდშივე განხორციელდა ქონების დაბრუნება/გამოსყიდვა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არა არსებითობიდან გამომდინარე არ იქნა მხედველობაში მიღებული. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას მისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე (ფულადი სახსრების მოძიებისთვის), ხშირად უხდებოდა საცხოვრებელი ბინების გამოყენება სესხის უზრუნველყოფის საგნად. ასეთ შემთხვევაში, კერძო პირებთან (მ.შ. კერძო იპოთეკარებთან) ფორმდებოდა შესაბამისი ხელშეკრულება ბინების გადაცემაზე და სანაცვლოდ კომპანია იღებდა ფულად სახსრებს (სესხს), რომელიც უნდა დაეფარა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირებზე (კრედიტორებზე) საცხოვრებელი ბინების რეგისტრაცია ხდებოდა შეზღუდული უფლებით, რაც გულისხმობდა იმას, რომ მათ არ ჰქონდათ აღნიშნული ქონების განკარგვის უფლება. თუ კომპანია დათქმულ ვადაში არ შეასრულებდა მის ვალდებულებას (დააბრუნებდა თანხას) მხოლოდ ამის შემდეგ მოეხსნებოდა შეზღუდვა მათზე გადაცემულ ქონებას. დათქმულ ვადაში სასესხო დავალიანების დაფარვის შემდეგ კომპანია ავტომატურად იბრუნებდა აღნიშნულ ბინებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ხელშეკრულებები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და მასში შეტანილი ყველა ცვლილება ასევე ექვემდებარებოდა რეგისტრაციას (უფლების შეზღუდვის მოხსნაც და მისი უკან დაბრუნებაც). შესამოწმებელ პერიოდში მოხვდა ამ პირობით გასხვისებული ბინები, სანაცვლოდ მიღებული თანხების გადახდა გარკვეულ საპროცენტო თანხებთან ერთად დღესაც მიმდინარეობს. ამ ნაწილში, გასაჩივრებული დღგ-ის თანხა შეადგენს 162 372 ლარს. კრედიტორები: -------- (ს/ნ --------) 28 400 ლარი; ------- (ს/ნ -------) 160 000 ლარი; ------- (ს/ნ -------) 236 000 ლარი; -------- (ს/ნ ------) 30 000 ლარი; ------- (ს/ნ ---------) 25 000 ლარი; -------- (ს/ნ -------) 90 000 ლარი; ------ (ს/ნ --------) 73 588 ლარი; --------- (ს/ნ --------) 76 000 ლარი; ------- (ს/ნ -------) 56 775 ლარი; -------- (ს/ნ -------) 143 000 ლარი; -------- (ს/ნ -------) 60 380 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა. ხოლო, საჯარო რეესტრის მონაცემებით ფიქსირდება ნასყიდობის ხელშეკრულებები, განვადებით ნასყიდობები, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობები და სხვადასხვა ვალდებულებით დატვირთული ფართები. შემოწმებით, შესამოწმებელ პერიოდში შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა განხილულ იქნა მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება მიწოდების კორექტირების გარემოებად. ამასთან, ისეთი შემთხვევები, როდესაც შესამოწმებელ პერიოდშივე განხორციელდა ქონების დაბრუნება/გამოსყიდვა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არა არსებითობიდან გამომდინარე არ იქნა მხედველობაში მიღებული.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიას მისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, ხშირად უხდებოდა საცხოვრებელი ბინების გამოყენება სესხის უზრუნველყოფის საგნად. ასეთ შემთხვევაში, კერძო პირებთან (მ.შ. იპოთეკარებთან) ფორმდებოდა შესაბამისი ხელშეკრულება ბინების გადაცემაზე და სანაცვლოდ კომპანია იღებდა ფულად სახსრებს (სესხს), რომელიც უნდა დაეფარა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირებზე საცხოვრებელი ბინების რეგისტრაცია ხდებოდა შეზღუდული უფლებით, რაც გულისხმობდა, რომ მათ არ ჰქონდათ აღნიშნული ქონების განკარგვის უფლება. თუ კომპანია დათქმულ ვადაში არ შეასრულებდა მის ვალდებულებას (დააბრუნებდა თანხას), მხოლოდ ამის შემდეგ მოეხსნებოდა შეზღუდვა მათზე გადაცემულ ქონებას. დათქმულ ვადაში სასესხო დავალიანების დაფარვის შემდეგ, კომპანია ავტომატურად იბრუნებდა აღნიშნულ ბინებს. ასეთი ხელშეკრულებები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და მასში შეტანილი ყველა ცვლილება ასევე ექვემდებარებოდა რეგისტრაციას (უფლების შეზღუდვის მოხსნაც და მისი უკან დაბრუნებაც). შესამოწმებელ პერიოდში მოხვდა ამ პირობით გასხვისებული ბინები, ამ ნაწილში, გასაჩივრებული დღგ-ის თანხა შეადგენს 162 372 ლარს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო საკითხის ნაწილში გაანგარიშების მეთოდს ეთანხმება, მაგრამ ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ბინების გადაცემა ხდებოდა ხშირ შემთხვევაში შეზღუდული საკუთრების უფლებით, რაც გულისხმობს საქონლის განკარგვაზე უფლების შეზღუდვას. ანუ ე.წ. მყიდველს არ ქონდა საქონლის განკარგვაზე უფლება, რეალურად ასეთი გარიგება დაკავშირებული იყო სესხთან. კომპანიას ხშირად უხდებოდა ასეთი ფორმით ბინების გაცემა იპოთეკარებზე და სანაცვლოდ თანხების მიღება, მაგრამ ხელშეკრულებაში ყველგან ფიქსირდებოდა, რომ მას არ ქონდა განკარგვის უფლება. თუ მოხდებოდა თანხის სრულად დაბრუნება უბრუნდებოდა ბინა კომპანიას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში შეზღუდვა იხსნებოდა და ბინა ხდებოდა იპოთეკარის. ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი და ასეთი მიწოდება არ უნდა იყოს განხილული საქონლის მიწოდებად, რადგან ზუსტად აღნიშნულს გულისხმობს შეზღუდული უფლებით გადაცემა, რომ მათ არ ქონდათ განკარგვის უფლება, მანამ სანამ კომპანია არ შეასრულებდა დადებულ პირობას და თუ კომპანია ვერ გადაიხდიდა სესხს სრულად, მერე იპოთეკარის საკუთრებაში გადადიოდა საქონელი და ეს ყველაფერი აისახებოდა საჯარო რეესტრში. მიაჩნია, რომ ეს თარიღები უნდა მიიჩნიოს საქონლის გადაცემად და არა ხელშეკრულების დადების თარიღები. ფიზიკურ პირებზე (რომელზეც წარადგინეს სია, აღნიშნული მოხსენიებულია საჩივარშიც) ყველა ხელშეკრულება და იპოთეკარი აქტიურია და მათზე გადაცემული საქონელი არ უნდა იქნეს განხილული საქონლის მიწოდებად, ვინ იყიდის ბინას ისე, თუ იცის რომ მისი არ არის, ვერ განკარგავს, ხოლო გაყიდვასა და გადაყიდვაზე ხომ საუბარი ზედმეტია. მიაჩნია, რომ ეს მომენტი ძლიერი არგუმენტია იმისათვის, რომ ასეთი ბინები ამოღებული იქნეს რეალიზაციიდან. წარმოდგენილ კრედიტორების სიაში შეიძლება ცდომილება იყოს, მაგრამ აქ პრინციპია მთავარი.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ფიზიკური პირები, რომლებიც მოხსენიებულია საჩივარში მომჩივნის მიერ, მის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში (ცხრილის სახით) განმარტებულია რა ტიპის გარიგებები ფიქსირდება თითოეული მათგანის მიმართ, ისინი რომელსაც მომჩივანი განიხილავს იპოთეკარებად, არანაირი იპოთეკარები არ არიან, არიან ჩვეულებრივი მყიდველები. არის ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებითაც გარიგებები და ასეთი არის 9 შემთხვევა: 2 კომერციული ფართი და 7 ბინა, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ჯამური თანხა შეადგენს 314 515 ლარს, მაგრამ აღნიშნულის გამოსყიდვა არ მომხდარა შემოწმების პერიოდში, დაბეგრილია ხელშეკრულების დადების მომენტში და გადასახადის გადამხდელმა იცის, რომ როცა მოხდება გამოსყიდვა შეუძლია დააკორექტიროს დარიცხული თანხები.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

3. შპს -------გან მიღებული თანხების (1 950 000 ლარი) დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

 

კომპანია დაფუძნებულია 2018 წლის 10 აგვისტოს, ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. გადასახადის გადამხდელის მიერ მრავალფუნქციური შენობების მშენებლობა მიმდინარეობს --------ში, ორ ობიექტზე: ---------ის ქუჩა №---ში (ს/კ -------) და ------- ქუჩა №---ში (ს/ნ -------). დამატებით, გადასახადის გადამხდელი ეწევა სამშენებლო მასალების და ბეტონის რეალიზაციას, ასევე აღენიშნება ბეტონმზიდის იჯარის და ტრანსპორტირების მომსახურებები. გარდა ამისა, კომპანია მშენებლობასთან დაკავშირებულ მომსახურებებს უწევს ურთიერთდამოკიდებულ პირს შპს „-------ს“. შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და საბანკო ამონაწერები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული განცხადება/ხელშეკრულებები და მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ფიქსირდება ნასყიდობის ხელშეკრულებები, განვადებით ნასყიდობები, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობები და სხვადასხვა ვალდებულებით დატვირთული ფართები. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა დაფიქსირებულია ჯამში 5 084 179 ლარი. შემოწმებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 7 517 299 ლარი. აღნიშნული ბრუნვა შედგება სამშენებლო საქონლისა და მომსახურების რეალიზაციისგან, ასევე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფართებისთვის მიღებული ავანსებისგან, გარდა 2019 და 2020 წლებში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლება გადაცემულ ბინებზე, ამ მომენტის შემდგომ, მიღებული ავანსებისა.

შესამოწმებელ პერიოდში შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა განხილულ იქნა მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება - მიწოდების კორექტირების გარემოებად. ამასთანავე, ისეთი შემთხვევები, როდესაც შესამოწმებელ პერიოდშივე განხორციელდა ქონების დაბრუნება/გამოსყიდვა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არა არსებითობიდან გამომდინარე არ იქნა მხედველობაში მიღებული. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ სამშენებლო მომსახურებისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეადგენს 1 950 000 ლარს. 1 947 069 ლარი შეადგინა გადახდილმა ავანსებმა, რომელიც იბეგრებოდა წინა თვეებში. ბუნებრივია აღნიშნული თანხით უნდა შემცირებულიყო საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურა. შემმოწმებლის მიერ არასრულად არის შემცირებული მომსახურებაზე საბოლოო გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (ეა-74 -------, ეა-74 -------- და ეა-74 -------) შემთხვევაში, აშკარაა, რომ ადგილი აქვს მექანიკურ შეცდომას. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაუდასტურებელია და მყიდველს არ მიუღია დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის არანაირი საფუძველი კომპანიას არ ჰქონია. ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, შემმოწმებლის მიერ, გადასახდელი დღგ გაზრდილია 12 753 ლარით. შპს --------ს და კომპანიას შორის გაწეულია მხოლოდ ერთხელ სამშენებლო მომსახურება, რომლის ღირებულებამ, როგორც უკვე აღნიშნა, შეადგინა 1 950 000 ლარი. თუ არ მოხდება ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაკორექტირება, მაშინ სამართლიანი იქნება თუ შემცირდება ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის პერიოდებში ავანსის თანხები, რათა ორჯერ არ მოხდეს ერთი და იმავე თანხების დაბეგვრა.

წარმოადგენს შპს --------ის მიერ კომპანიისთვის აღნიშნულ საკითხზე მოწერილ წერილს, რომელიც ადასტურებს, რომ მხარეებს შორის მხოლოდ ერთხელ მოხდა მომსახურების გაწევა 1 950 000 ლარზე და რომ სხვა შემთხვევაში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები უბრალოდ მექანიკური შეცდომაა. (ასევე წარმოადგენს შპს ---------თან გაფორმებულ ხელშეკრულებას) აღნიშნული საკითხით კომპანიას დამატებით დაერიცხა 12 753 ლარი (შეცდომებით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა რეალიზაციაში) და 19 974 ლარი (გაუნაშთავი ავანსი (1 950 000-1 819 055)/1,18*18%).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ სამშენებლო მომსახურებისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა შეადგენს 1 950 000 ლარს. 1 947 069 ლარი შეადგინა გადახდილმა ავანსებმა, რომელიც იბეგრებოდა წინა თვეებში, აღნიშნული თანხით უნდა შემცირებულიყო საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურა. შემმოწმებლის მიერ არასრულად არის შემცირებული საბოლოო მომსახურებაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (ეა-74 -------, ეა-74 ------- და ეა-74 -------) შემთხვევაში, ადგილი აქვს მექანიკურ შეცდომას. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაუდასტურებელია და მყიდველს არ მიუღია დღგ-ის ჩათვლა, ამასთან, მათი გამოწერის არანაირი საფუძველი კომპანიას არ ჰქონია. ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, გადასახდელი დღგ შემმოწმებლის მიერ გაზრდილია 12 753 ლარით. შპს --------ს და კომპანიას შორის გაწეულია მხოლოდ ერთხელ სამშენებლო მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1 950 000 ლარი და რასაც ადასტურებს შპს --------- წერილობით. თუ არ მოხდება ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაკორექტირება, მაშინ სამართლიანი იქნება თუ შემცირდება ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის პერიოდებში ავანსის თანხები, რათა ორჯერ არ მოხდეს ერთი და იმავე თანხების დაბეგვრა.

აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2023 წლის №48472-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში სადავო საკითხზე აღნიშნულია, რომ შემოწმების შედეგად, გასულ პერიოდში გადახდილ და დაბეგრილ თანხად ჩაითვალა 1 819 055 ლარი, მაშინ როდესაც ფაქტიურად მიღებულმა ავანსმა შეადგინა 1 949 807 ლარი. ყოველი პერიოდის ბოლოს დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს ავანსად მიღებული თანხების სისწორეს. საბოლოო გაანგარიშების ცხრილები გაგზავნილია გადასახადის გადამხდელთან, სადაც თითქმის სრულად არის განაშთული 1 950 000 ლარი (გასანაშთი დარჩა 193 ლარი). თავად მიღება- ჩაბარების აქტები კი არასრულად მოიცავდა მუხიანის პროექტებისთვის ჩარიცხულ თანხებს (ავანსებს). რაც შეეხება შპს -------თვის გამოწერილ ეა-74 -------, ეა-74 ------ და ეა-74 ------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს (ჯამური საკომპენსაციო თანხა დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 83 607 ლარს), საქონლის დასახელებაში მოცემული მხოლოდ შინაარსი არასაკმარისი აღმოჩნდა „ეა“ ანგარიშ-ფაქტურების ავანსად დაკვალიფიცირებისთვის. შემოწმების პროცესში დამატებითი მტკიცებულება/დოკუმენტაცია და გაანგარიშება, რომელი მყიდველების ავანსად გადახდილი თანხებისგან შედგება ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საკომპენსაციო თანხები, არ იქნა წარმოდგენილი. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გასანაშთი დამატებით დარჩა 193 ლარი და 83 607 ლარის კონკრეტულ ოპერაციასთან მიკუთვნება ვერც მოხდებოდა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს არ წარმოუდგენიათ დაფიქსირებული ინფორმაციისაგან განსხვავებული გარემოებები. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ სამშენებლო კონტრაქტი იყო დადებული შპს --------თან, რომ კომპანია მომსახურებას გაუწევდა მას, ხოლო შპს ------ის მაგივრად, თანხებს გადაიხდიდნენ მისი ბინების მესაკუთრეები, რაც რეალურად ასეც ხდებოდა, შედგინა 1 950 000 ლარი და დღეის მდგომარეობით აღნიშნული თანხა სრულად არის გადახდილი. პერიოდულად მიღებული თანხები იბეგრებოდა თვეების ჭრილში, როგორც მიღებული ავანსები, როცა მოხდა მიღება-ჩაბარების აქტების, საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა უნდა მომხდარიყო დაწყვილება და უნდა შემცირებულიყო წინასწარ დაბეგრილი თანხებით, მათი გაანგარიშებით გამოვლინდა სხვაობა. რაც შეეხება სამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, შეცდომით, არასწორადაა გამოწერილი (2021 წლის აპრილის, მარტის და სექტემბრის), შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ გაწეულია მომსახურება, მაგრამ ამ თანხების უკან არანაირი მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება არ არის, შპს ------ს წერილიც არის, რომ მოხდა შეცდომა. მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დარიცხვა უნდა გაუქმდეს.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. მასალების ხარჯებიდან ამოღება, შედეგად დღგ-ის ჩათვლის შემცირება და მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიას გააჩნია ორი მიმდინარე პროექტი, ასევე სამშენებლო მომსახურებას უწევს ურთიერთდამოკიდებულ პირს შპს ------ს. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გამოყენებული მასალებისა და მომსახურებების შეძენას გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე.

შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები, მიღებული სასაქონლო ზედნადებები და მათში მითითებული ტრანსპორტირების დასრულების მისამართები. შედეგად გამოვლინდა, რომ შეძენილი მასალები მიტანილია მშენებლობისაგან განსხვავებულ მისამართებზე, მათ შორის სხვა ქალაქებში, ხოლო ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით აღნიშნული შეძენებით გაზრდილია დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულება (1630 ანგარიში).

ვინაიდან ვერ მტკიცდება აღნიშნული მასალების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, შემცირდა შესაბამის პერიოდებში მიღებული ჩათვლების ოდენობა, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ასევე, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ 13 ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან ვერ მტკიცდება შეძენილი მასალების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, შესაბამის პერიოდებში მიღებული დღგ-ის ჩათვლების შემცირება, ასევე, მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.

ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესყიდული მასალების ნაწილში, ეკონომიკური საქმიანობისთვის შეძენილად მიჩნეულ იქნა მხოლოდ ის მასალები, რომლებიც მიტანილ იქნა ------ის ქუჩა ---ში (------ პროექტი) და -------- ქუჩა --- (------- პროექტი). მაგრამ, ამ პროექტების გარდა, კომპანია ახორციელებს -------ში პროექტს, -------ში, ამზადებდა ბეტონს და ახორციელებდა მის მიწოდებას, ან ხდებოდა ქვეკონტრაქტორებთან მასალების მიტანა მზა ნაწარმის მისაღებად. ასევე ხდებოდა მეტალო პლასტმასის ნაწარმის მიტანა ფანჯრების და ვიტრაჟების დასამზადებლად, ან რკინის ნაწარმის მოაჯირების და სხვა რკინის ნამზადების გასაკეთებლად. არის შემთხვევები, როდესაც მასალების შეძენის სასაქონლო ზედნადებში საერთოდ არ არის ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებული, ასევე გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა დროს ქონდა აღებული იჯარებით საოფისე ფართები რომელთა რემონტებზე და ადმინისტრაციული მიზნით ასევე ხდებოდა საქონლის შეძენა და ბუნებრივია ეს არ უნდა ქმნიდეს დღგ-ის ჩათვლის გაუქმების და მათი როგორც უსაფუძვლო ხარჯის სახით მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძველს. რიგ შემთხვევებში შესყიდვის სასაქონლო ზედნადებებში არასრულად არის მითითებული მისამართი, შეიძლება მასში ეწეროს მხოლოდ -------, ან --------, ან --------

ხარჯებიდან არასამართლიანად იქნა ამოღებული რიგი მასალების თანხები, რომელსაც კომპანია იყენებდა და დღესაც იყენებს ეკონომიკური საქმიანობისთვის. არის კონკრეტული მაგალითიც, შემოწმების შედეგად, კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2020 წლის სექტემბრის თვეში გაზრდილია 17 500 ლარით. აღნიშნული თანხა კომპანიამ მიიღო ფ/პ -------გან (პ/ნ -------), რომელსაც გაუწია სამშენებლო მომსახურება, კერძოდ აუშენა სახლი --------ში. აღნიშნული თანხა დაიბეგრა დღგ-ით. რატომღაც შემმოწმებელმა აღნიშნულ მისამართზე მიტანილი მასალები არ ჩათვალა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად, მასალის შეძენაზე მიღებული ჩათვლა გააუქმა და ასევე დაბეგრა მოგების გადასახადით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს აქვს ორი მიმდინარე მშენებლობა, ასევე, სამშენებლო მომსახურებას უწევს ურთიერთდამოკიდებულ პირს შპს -------ს. გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებებისა და მათში მითითებული ტრანსპორტირების დასრულების მისამართების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შეძენილი მასალები მიტანილია მშენებლობისაგან განსხვავებულ მისამართებზე, მათ შორის სხვა ქალაქებში, ხოლო ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით აღნიშნული შეძენებით გაზრდილია დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულება. ვინაიდან ვერ დადგინდა აღნიშნული მასალების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, შემოწმების მიერ შემცირდა შესაბამის პერიოდებში მიღებული დღგ-ის ჩათვლების ოდენობა, ასევე, დაერიცხა მოგების გადასახადი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ ხარჯებიდან არასამართლიანად იქნა ამოღებული რიგი მასალების თანხები, რომელსაც კომპანია იყენებდა და დღესაც იყენებს ეკონომიკური საქმიანობისთვის. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2020 წლის სექტემბრის თვეში გაზრდილია 17 500 ლარით. ააშენა სახლი ---------ში. შემმოწმებელმა აღნიშნულ მისამართზე მიტანილი მასალები, არ ჩათვალა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად, მასალის შეძენაზე მიღებული ჩათვლა გააუქმა და ასევე დაბეგრა მოგების გადასახადით.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უამრავი ბინებია, რომელიც ჩასმული იქნა რეალიზაციაში, ამ ბინებზე მიტანილი მასალები უნდა გათვალისწინებული იქნეს ხარჯებში და არ უნდა მოხდეს მოგების გადასახადით დაბეგვრა. მისამართების ჩამოთვლა გაუჭირდება, მაგრამ გარკვეული თანხები ამოღებულია ხარჯებიდან. მიაჩნია, რომ რაც გათვალისწინებული იქნა რეალიზაციაში, ამ ბინებზე გახარჯული მასალები უნდა გათვალისწინებულ იქნეს ხარჯებში. საჩივარში მითითებულია ერთი მაგალითი, ანუ ააშენა სახლი, მისამართზე მიტანილია მასალები, მაგრამ არ ჩაითვალა ხარჯად, ითხოვს ასეთი შემთხვევები გადამოწმდეს და მიტანილი მასალის ღირებულება ამოღებული იქნეს დასაბეგრი ბრუნვიდან.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რა ხარჯების გაწევაც არ კავშირდებოდა ეკონომიკურ საქმიანობასთან და შესრულებული მომსახურების ადგილთან, ასეთი შეძენებია ამოღებული, სხვა დანარჩენი, რაც რეალიზაციაშია ჩათვლილი, ასეთ ბინებზე გახარჯული მასალები ხარჯებშიც გათვალისწინებულია.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8477 ბრძანება;

3. პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. სალაროს გონივრული ნაშთის განსაზღვრა და უპროცენტო სესხად განხილვა;

2. ფიზიკურ პირებზე სესხის სანაცვლოდ ქონების გადაცემის საქონლის მიწოდებად განხილვა და დღგით დაბეგვრა;

3. შპს -გან მიღებული თანხების (1 950 000 ლარი) დღგ-ით დაბეგვრა;

4. მასალების ხარჯიდან ამოღება, შედეგად დღგ-ის ჩათვლის შემცირება და მოგების გადასახადის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირებზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მზარდი ნაშთები. ასევე, ფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში. აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისაგან აღებული აქვს სესხები. შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითების „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) შესაბამისად, გაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა, საკასო ხარჯისა და საკასო შემოსავლების 10%-ის გათვალისწინებით, ხოლო აღნიშნულ თანხებსა და პროგრამულ ნაშთებს შორის სხვაობა ჩაითვალა სალაროს არაგონივრულ ნაშთად და შესაბამისად კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად. ნაპატიები პროცენტები განხილულ იქნა სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

2. შესამოწმებელ პერიოდში შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა განხილულ იქნა მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება - მიწოდების კორექტირების გარემოებად. ამასთანავე, ისეთი შემთხვევები, როდესაც შესამოწმებელ პერიოდშივე განხორციელდა ქონების დაბრუნება/გამოსყიდვა, არა არსებითობიდან გამომდინარე არ იქნა მხედველობაში მიღებული. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

3. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ფიქსირდება ნასყიდობის ხელშეკრულებები, განვადებით ნასყიდობები, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობები და სხვადასხვა ვალდებულებით დატვირთული ფართები. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა დაფიქსირებულია ჯამში 5 084 179 ლარი. შემოწმებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 7 517 299 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა განხილულ იქნა მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება - მიწოდების კორექტირების გარემოებად. ამასთანავე, ისეთი შემთხვევები, როდესაც შესამოწმებელ პერიოდშივე განხორციელდა ქონების დაბრუნება/გამოსყიდვა, არა არსებითობიდან გამომდინარე არ იქნა მხედველობაში მიღებული. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

4. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიას გააჩნია ორი მიმდინარე პროექტი, ასევე სამშენებლო მომსახურებას უწევს ურთიერთდამოკიდებულ პირს. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გამოყენებული მასალებისა და მომსახურებების შეძენას გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. გამოვლინდა, რომ შეძენილი მასალები მიტანილია მშენებლობისაგან განსხვავებულ მისამართებზე, მათ შორის სხვა ქალაქებში, ხოლო ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით აღნიშნული შეძენებით გაზრდილია დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულება (1630 ანგარიში). ვინაიდან ვერ მტკიცდება აღნიშნული მასალების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, შემცირდა შესაბამის პერიოდებში მიღებული ჩათვლების ოდენობა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში, სადავო საკითხი მოითხოვს ფაქტობრივი გარემოებების დამატებით შესწავლას. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილებში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

დანარჩენ ნაწილში, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ა""ბ"), 97(1)"ბ", 982(1)"ბ"(3)"ზ"(8), 101(1)(2)"ბ", 136(3), 154(1)"ა", 158(1), 159(1"ა""ბ"), 163(2), 164(1), 174(1)(2);

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა")(8), 174(1"ა")(2"ა.ა");

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის N 34 ბრძანება;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.