გადაწყვეტილება №27812/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27812/2/2026
28 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 19.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27812/2/2026).
დავის საგანი:
შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2026 წლის №001-105 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.06.2026 წლის №14640 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 270 104,13 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 175 563
დღგ - 68 354
საშემოსავლო გადასახადი - 107 209
ჯარიმა - 87 781
საურავი - 6 760,13
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობა ჭურჭლითა და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 17.09.2025 წლიდან 1.04.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს 846 212 ლარის პროდუქცია. დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 9 243 ლარს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხების ჯამი შეადგენს 152 004 ლარს. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაცია საწარმოს მიერ არასრულყოფილად არის წარდგენილი, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურის შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაუფიქსირდა სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით 49 737 ლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 1 213 390 ლარით. ამასთან, ამავე მეთოდით საწარმოში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც დარჩენილი ფულადი სახსრების ნაშთი, 536 046 ლარი (გროსი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2026 წლის №001-105 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.06.2026 წლის №14640 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი „-------“-ის ქუჩაზე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. ყიდის საქონელს საცალოდ და აგრეთვე საბითუმოდ. ფასნამატი აქვს ძალიან მიზერული, რადგანაც მისგან წაღებულ საქონელს ყიდიან „-------“-ში და სხვადასხვა მაღაზიაში. ითხოვს დაკორექტირდეს აქტი და გადახედოს ფასნამატი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საჩივრის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში დაგეგმილი იყო 16.10.2026 წელს 15:20 საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად მომჩივანთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით 49 737 ლარის ოდენობით. ამასთან, მომჩივანმა შემოწმებას სრულყოფილად არ წარუდგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის შედეგადაც შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ იმპორტირებულ საქონელზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი. შედეგად, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში უთითებს, რომ ფასნამატი აქვს ძალიან მიზერული, თუმცა, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დასაბუთება ან მტკიცებულებები.
საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკორექტირდეს აქტი და გადახედოს ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს იმპორტირებული აქვს 846 212 ლარის პროდუქცია.დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 9 243 ლარს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხების ჯამი შეადგენს 152 004 ლარს. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაცია საწარმოს მიერ არასრულყოფილად არის წარდგენილი, რაზეც შეეფარდა სსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურის შედეგად, გადამხდელს დაუფიქსირდა სმფ-ების ნაშთი.
საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.ამასთან, ამავე მეთოდით საწარმოში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც დარჩენილი ფულადი სახსრების ნაშთი,ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.შემოწმების შედეგად, სსკ-ის 136-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში უთითებს, რომ ფასნამატი აქვს ძალიან მიზერული, თუმცა, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დასაბუთება.საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,154,163,164.