ბრძანება N 823
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 823
22 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის.: ---------)
2024 წლის 3 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) №86458/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 დეკემბრის №125-33 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯის განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შედეგად გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ხილ-ბოსტნეულის შესყიდვა საქართველოში და მისი ექსპორტი საქართველოს საზღვრებს გარეთ, საქონლის უდიდესი ნაწილი გატანილია ექსპორტზე ------ში. ხილისა და ბოსტნეულის შეძენა ხდება ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით. შესყიდვა სხვადასხვა დროს განხორციელებულია დაახლოებით 1 000-მდე ფიზიკური პირისაგან. საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 55 000 000 ლარს და თითოეულ შესყიდვაზე გაფორმებულია შესყიდვის აქტი, ან შეძენილია ზედნადებით კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით. აუდიტის დეპარტამენტმა შერჩევით მოახდინა რამდენიმე შესყიდვის აქტის გადამოწმება, ხილ-ბოსტნეულის გამყიდველი გლეხების გამოკითხვა. დაკითხულთა უმეტესობამ ან საერთოდ უარყო კომპანიასთან ურთიერთობა, ან დააფიქსირეს, რომ ზოგადად ყიდიან ხილ-ბოსტნეულს, მაგრამ არ ახსოვთ რამდენი გაყიდეს და რა ფასებში. აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა გამოკითხვის შედეგებით, განაზოგადა აღნიშნული შედეგები და მთლიანად უგულებელყვეს ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტები, გამოიყენეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, იხელმძღვანელეს N0256 მანუალით და ხარჯად გათვალისწინებულ იქნა შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული თანხების 75%, ხოლო დანარჩენი 25% განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდლი მიიჩნევს, რომ N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო უნდა გამოყენებულიყო მხოლოდ იმ საქონელზე, რომლის შეძენის ღირებულება არ იყო დადასტურებული, ხოლო იმ საქონელზე, რომელზეც შეძენის ღირებულება ორივე მხარის მიერ იქნებოდა დადასტურებული, გამოქვითვა უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე. აცხადებს, რომ გაუგებარია ამ თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი, ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტმა სრულად იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით და არ არის შესწავლილი დებიტორული დავალიანების არსებობის/არ არსებობის რაობა, აქედან გამომდინარე, ექსპორტის დეკლარაციაში დაფიქსირებული მომავალში მისაღები შემოსავალი არ უნდა ჩათვლილიყო მიღებულად. ამასთანავე, ვინაიდან, საქონლის უშუალოდ მიწოდებისას ხდება საქონლის დათვალიერება, ტრანსპორტირებისას დაზიანებული ან წუნდებული საქონლის გადარჩევა და თანხის ანაზღაურება ხდება უშუალოდ საბოლოო მიღება-ჩაბარების საფუძველზე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში განსხვავდება საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემებისგან. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მის მიერ განხორციელებული ექსპორტის დეკლარაციები 100%-ით მოქცეულია მწვანე დერეფანში, რაც წარდგენილი დოკუმენტაციების სანდოობაზე მეტყველებს. აცხადებს, რომ შეუძლია შერჩევითობის პრინციპით გარკვეული ექსპორტის დეკლარაციების შესაბამისი ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც შესაძლებელს გახდის დადგინდეს რეალური ფასნამატი და დადასტურდეს განხორციელებული გადახდა, რაც იგივე არაპირდაპირი მეთოდით შესაძლებელია განზოგადებულ იქნეს სხვა დანარჩენ შესყიდვებზე სანდოობის განსამტკიცებლად.
2. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ნოემბრის №28518 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 8 დეკემბრის №30868 ბრძანება და ამავე თარიღის №125-33 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 6 992 818 ლარი, მათ შორის გადასახადი 3 437 173 ლარი, ჯარიმა 1 718 587 ლარი და საურავი 1 837 058 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „------ს“ საქმიანობას წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის, კერძოდ, ხილ-ბოსტნეულის, რეალიზაცია ექსპორტის გზით. საექსპორტო პროდუქციის შეძენას ახორციელებდა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური (90%) და იურიდიული პირებისგან. 2020-2021 წლებში საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი უფიქსირდება 56 955 616 ლარი, 2020-2021 წლებში საქონლის მიწოდების ფასნამატი შეადგენს 2-3%-ს. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტერიას, რისკის მიმოხილვის ეტაპზე გამოთხოვილ იქნა შესყიდვის აქტები, რომლებიც გადამხდელმა წარმოადგინა ელექტრონული ფორმით. ფიზიკურ პირებთან, ვისთანაც გაფორმებულია შესყიდვის აქტები, მოხდა დაკავშირება, უმეტესმა მათგანმა ვერ გაიხსენა ვისზე ახდენდნენ საქონლის რეალიზაციას, რა რაოდენობით და რა თანხად. რამდენიმე მათგანმა გამორიცხა აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რისკების მიმოხილვის შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და საქონლის მიწოდების/ შესყიდვის აქტების ანალიზის საფუძველზე, №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად განისაზღვრა შეძენილი სასაქონლო მარაგების ღირებულება. ამასთან, საქონლის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს დააკლდა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები და განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაკვალიფიცირდა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი საექსპორტო პროდუქციის შეძენას ახორციელებდა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური (90%) და იურიდიული პირებისგან. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტერიას, რისკის მიმოხილვის ეტაპზე გამოთხოვილ იქნა შესყიდვის აქტები, რომლებიც გადამხდელმა წარმოადგინა ელექტრონული ფორმით. ფიზიკურ პირებთან, ვისთანაც გაფორმებულია შესყიდვის აქტები, მოხდა დაკავშირება, უმეტესმა მათგანმა ვერ გაიხსენა ვისზე ახდენდნენ საქონლის რეალიზაციას, რა რაოდენობით და რა თანხად. რამდენიმე მათგანმა გამორიცხა აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, რისკების მიმოხილვის შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და საქონლის მიწოდების/შესყიდვის აქტების ანალიზის საფუძველზე, №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად განისაზღვრა შეძენილი სასაქონლო მარაგების ღირებულება. საქონლის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს დააკლდა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები და განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ამასთან, გადამხდელს არც დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯის განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შედეგად გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის, კერძოდ, ხილ-ბოსტნეულის, რეალიზაცია ექსპორტის გზით. საექსპორტო პროდუქციის შეძენას ახორციელებდა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური (90%) და იურიდიული პირებისგან. 2020-2021 წლებში საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი უფიქსირდება 56 955 616 ლარი, 2020-2021 წლებში საქონლის მიწოდების ფასნამატი შეადგენს 2-3%-ს. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტერიას, რისკის მიმოხილვის ეტაპზე გამოთხოვილ იქნა შესყიდვის აქტები, რომლებიც გადამხდელმა წარმოადგინა ელექტრონული ფორმით. ფიზიკურ პირებთან, ვისთანაც გაფორმებულია შესყიდვის აქტები, მოხდა დაკავშირება, უმეტესმა მათგანმა ვერ გაიხსენა ვისზე ახდენდნენ საქონლის რეალიზაციას, რა რაოდენობით და რა თანხად. რამდენიმე მათგანმა გამორიცხა აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობა. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რისკების მიმოხილვის შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და საქონლის მიწოდების/ შესყიდვის აქტების ანალიზის საფუძველზე, №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად განისაზღვრა შეძენილი სასაქონლო მარაგების ღირებულება. ამასთან, საქონლის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს დააკლდა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები და განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაკვალიფიცირდა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა")(9"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ"), 105(2), 275, 269(7).